მზის სხივის მადევარი - კვირის პალიტრა

მზის სხივის მადევარი

"ზოგჯერ იყურები ვიტრინაში და შენს თავს ვერ ცნობ... ვიღაც ჭაღარა კაცი გიყურებს იქიდან, რომელიც

როსინანტივით სამშობლოში ბრუნდება"

"ხშირად ვფიქრობ განვლილ გზაზე, ჩემს შეცდომებზე - ვინ ვიქნებოდი ამის გარეშე?!"

როცა საკუთარი მეხსიერების ჰორიზონტს უყურებს, ერთი დღე ცოცხლდება ფილმის კადრებივით... პატარაა, იმდენად პატარა, რომ სიარულიც არ შეუძლია. ზის იატაკზე და ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივს "დასდევს"... პატარა ხელებით ამ უცნაური მანათობლის დაჭერა უნდა. რამდენჯერაც მუჭში მოიქცევს, იმდენჯერ ხელის მტევნის ზედაპირზე აუციაგდება... ახლა მეორე ხელს იშველიებს, - იგივე მეორდება. სავარძელში კი ბებია ზის და იცინის. სამაგიეროდ, პატარას სულაც არ ეცინება, ჯერ არაფერი იცის ამქვეყნიური ავ-კარგისა, მაგრამ ზუსტად ხვდება, რომ უნდა მზის სხივი დაიჭიროს.

ბევრი წელი გავიდა ამ დღიდან. ის პატარა ბიჭი, ახლა ცნობილი რეჟისორი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, იგივე დარჩა: ისევ მზის სხივის დევნაშია...

ჩემი დილა

ძალიან ადრეული მოგონებიდან  მახსოვს: შავი რადიოა ჩართული. ხმა აცხადებს: ომი დამთავრდა, ჩვენ გავიმარჯვეთო. ამ დროიდან იწყება ჩემი აღქმა.  დედა მხატვარი იყო, სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა, მამა - მშენებელი. ბებია - თამარ თუმანიშვილი სულით ხორცამდე ინტელიგენტი, თანაც ძალიან ლამაზი, მეფერებოდა და მკაცრიც იყო... ხალიჩის საბერტყიც მომხვედრია. ერთხელ დამიწითლდა მონარტყამი. ყველას ვაჩვენებდი ეზოში და კანფეტს მაძლევდნენ. მერე გამიარა სიწითლემ და გული დამწყდა.

ცუდად ვსწავლობდი.  ცხრა ორიანი მქონდა, სამი - ხუთიანი. ახლაც ასე ვარ, ან ბოლომდე ვაკეთებ, ან საერთოდ არ ვაკეთებ არაფერს...  რუსული სკოლა დავამთავრე, დირექტორი ბიძაჩემის, მიშა თუმანიშვილის კლასელი იყო.  კლასში  რომ უნდა დავეტოვებინე, გამომიძახებდა და - შემდეგ კლასში გადაგიყვანთ, თუ ღონისძიებაზე ლექსებს წაიკითხავო...

ბავშვობიდან მახსოვს არაჩვეულებრივი მარიონეტების წარმოდგენები ჩემი მეორე ბიძის - გივი თუმანიშვილის სახლში. იმ სახლში სულ პატარა შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს - მარინა ციციშვილს. ათი წლის ვიყავი, მარინა - ექვსისა იყო.  რომ დავინახე ეს პუტკუნა გოგონა, მომეწონა. დედას ვუთხარი თურმე: ეს გოგო ცოლად მინდა მოვიყვანო-მეთქი. 23 წლისამ  ჩემს დაბადების დღეს - 30 ოქტომბერს ვიქორწინეთ...

უნივერსიტეტში უნდა შემეტანა საბუთები. მე და ჩემი მეგობრები მატარებლის სახურავზე დავსხედით და ზღვაზე ამოვყავით თავი. 4 თვე არ ჩამოვსულვართ იქიდან. მეორე წელს ბებიამ  მომთხოვა: ჩააბარე უმაღლესში, თორემ თავს მოვიკლავო. მამას მეგობარი იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, მასთან ერთად წავედით ლისის ტბაზე საქეიფოდ. იქვე რაღაც ჩხუბი ატყდა. მე ვაშველებდი, დამარტყეს და თვალი ჩამილურჯდა. მეორე დღეს დეკანმა კოლეგები გააფრთხილა, "სინიაკიანს" არ დაუწეროთ ორიანიო. ასე მოვხვდი აღმოსავლეთმცოდნეობაზე. ვახუშტი კოტეტიშვილი იყო ჩემი ლექტორი. შეუდარებელი თამადა, სპარსულ ლექსებს უბადლოდ კითხულობდა. ასე ვისწავლე სპარსული ლექსები და ქართული, ძარღვიანი სადღეგრძელოები. სამი წლის შემდეგ დეკანმა მამას დაურეკა: წაიყვანე შენი შვილი, გასარიცხია, არც ერთ ლექციას არ ესწრება, წერა-კითხვა არ იცისო.

ასე დასრულდა პირველი სტუდენტობა... მერე  ჯარში გამიწვიეს. თბილისში 6 თვე ვმსახურობდი. მერე რაღაც ჩავიდინე და... ჰოსპიტალში გადამიყვანეს. დამაწვინეს ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომ ჯარიდან გავთავისუფლებულიყავი და ოჯახში ისევ დადგა საკითხი, სად მესწავლა.  ჩემმა მეგობარმა  ომარ გვასალიამ - წადი აკადემიაშიო. შენ კინოს მხატვარი გამოდი, მე რეჟისორი ვიქნები და ერთად ვიმუშავებთო. ისევ ვაცდენდი ლექციებს. დიპლომი გოგი მიქელაძემ დამიხატა. ხუთიანი დამიწერეს, თვითონ გოგის თავის სადიპლომოში 4 დაუწერეს.

ჩემი შუადღე

აკადემია რომ დავამთავრე, საქმე არაფერი მქონდა. დედამ მითხრა, სარეჟისორო ფაკულტეტის დაუსწრებელი გაიხსნა და იქნებ სცადო ბედიო. იმ დროს ბიძაჩემი იყო ამ ფაკულტეტის დეკანი. ვკითხე, მართლა თუ გაიხსნა-მეთქი. რა სისულელეა, არაფერი გახსნილაო. დედამ დარეკა თეატრალურ ინსტიტუტში და მიღება ნამდვილად არის დაუსწრებელზეო, - უთხრეს. მაშინვე შეიტანა საბუთები. წავედი მისაღებ გამოცდაზე. ვხედავ, მაგიდასთან კომისია ზის, ბიძაჩემი კომისიის თავმჯდომარეა. რომ დამინახა, დაყარა საბუთები და გავარდა. იმ წელს უარი თქვა კომისიის თავმჯდომარეობაზე.

KvirisPalitra.Geპირველი ფილმი რომ გადავიღე, 33 წლის ვიყავი. ბიძაჩემმა დამირეკა, ფილმი ვერ ვნახე, მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოვკარი თვალი, მაგრამ ბებია რომ ცოცხალი ყოფილიყო, შენით იამაყებდაო. მერე ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, ნახა კი არა, ორჯერ ნახა და მოეწონაო. მერე ჩემმა ფილმმა - "პრემიერამ" პრიზი მიიღო და გავნებივრდი.

რაღა მინდოდა ინსტიტუტში, "ვთამაშობდი დაღლილ გენიოსს". სხვათა შორის, ეს ფრაზა ძია მიშას უწერია დღიურში: "ისე მრცხვენია, დღეს ვთამაშობდი დაღლილ გენიოსსო". სულ ვკამათობდით. სინამდვილეში, დიდი სითბო იყო ჩვენ შორის. მერე, როცა მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადავწყვიტე, ეს დამოკიდებულება აისახა: პირველ კადრში მე ვეკითხები: ძია მიშა, შენზე ფილმის გადაღებას ვიწყებ და მინდა დავარქვა "გამჭოლი მოქმედება". მოგწონს ეს სათაური?

- არა! - მპასუხობს. იწერება ფილმის სათაური - "გამჭოლი მოქმედება". ასეთი იყო ჩვენი ურთიერთობა. ბოლოს "ათოვდა ზამთრის ბაღებს" გადავიღე და შემაქო. ძირითადად, რის გამოც მიბრაზდებოდა, ჩემი ცხოვრების წესი იყო...

ახალგაზრდობაში თითქოს გაორებული ვიყავი. ერთი მხრივ, ვიყავი არისტოკრატთა ოჯახის შვილი და მეორე მხრივ - ვერის, ქუჩის ტრადიციების მიმდევარი. ამან კინაღამ დამღუპა, ლოთობას მივეჩვიე. ჩხუბები, გარჩევები - ეს იყო თბილისური დეგენერატული მენტალიტეტი.

ერთ დილით დავთვერი, სავარძელში ჩამეძინა. გამოღვიძებულს მესმის საუბარი. ომარ გვასალია ეუბნებოდა დედას, - უნდა დაიჯეროთ, რომ გოგი განწირულია... დედა ამბობდა: ვიცი, მაგრამ ბავშვს რა ვუყოთ, ბავშვია ცოდოო. ომარმა - ჩემი ნათლულია, მე დაგეხმარებით და გავზრდითო. მარინა ტიროდა. მივხვდი, რომ მათთვის აღარ ვარსებობდი (მერე გავიგე, რომ ეს "სპექტაკლი" ომარმა დადგა). მერე ჩემი ფეხით წავედი საავადმყოფოში, ორთვე-ნახევარი დავყავი იქ.

ყველაზე მეტად რომელი ფილმის გადაღება გამიჭირდა? - "ბედნიერთა სოფელი" ჰქვია, ინგლისში გადავიღე. ფილმი საგიჟეთზეა.  ფილმზე მუშაობისას დაიწყეს ჩემი "კალაპოტში ჩასმა", შეზღუდული დროის მოცემა... ჩვენ, ქართველებს, ეს არ შეგვეძლო, არ ვფიქრობდით დროზე.

პირველად 1988 წელს წავედი ინგლისში. მოსკოვმა ჩამსვა 5-კაციან ჯგუფში.  მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში იყო თემატური კონფერენციები: "დადებითი გმირის სახე საბჭოთა კინოში". ასეთ მოხსენებებზე გვეძინა ან საერთოდ გავრბოდით და რუს გოგონებთან ვერთობოდით. ჩავედით ინგლისში და იქ არ დამხვდა საკონფერენციო თემა: "დადებითი გმირის სახე საერთაშორისო ტელეკინოში?" ეს რომ გავიგე, უკანმოუხედავად გავიქეცი... მეორე დღეს მოვიდა ჯონ რობერტსი, ვინც აწყობდა ამ კონფერენციას. რატომ არ მოხვედითო, მკითხა. არ მაინტერესებს-მეთქი. მეორე დღეს, სასტუმროს ნომრიდან რომ ჩამოვდიოდი კიბეზე, დამხვდა 30 ჟურნალისტი. მათთვის უთქვამთ, ერთმა საბჭოთა რეჟისორმა პროტესტი გამოაცხადაო. რომ დავინახე ამდენი ჟურნალისტი, შემეშინდა. მაშინ უთქვამს დეივიდ როუზს - ტელევიზიის მეოთხე არხის სამხატვრო ხელმძღვანელს, მომიყვანეთ ეს გიჟიო. წარმადგინეს. მან - საერთოდ  რა გაინტერესებსო. ვუთხარი, 4 რეჟისორი ვართ ჩამოსული, მოგვეცით ოთხი ოპერატორი და კამერა, გარეუბანში წაგვიყვანეთ და დაგვტოვეთ. წამოვალთ ოთხი სხვადასხვა მხრიდან  ცენტრისკენ და თქვენს ტელევიზიასთან მოვალთ. ამ მოგზაურობას გადავიღებთ, ღამით დავამონტაჟებთ, ხვალ კი ეთერით გაუშვით-მეთქი. კარგიაო, - მომიწონა, - მაგრამ ამას ექვსი თვით ადრე უნდა დაგეგმვაო. მერე ისევ მკითხა, რა იდეა გაქვთ კიდევო. გამახსენდა, "დონ კიხოტს" იღებდნენ ქართველები ესპანეთში და უცებ მომივიდა იდეა: ვითომ დონ კიხოტის ცხენი "როსინანტი"  წაყვანილი ჰყავდათ საქართველოდან. რომ დამთავრდა გადაღება, ძალიან ძვირი დაჯდებოდა მისი უკან დაბრუნება და დატოვეს ბებერი ცხენი ევროპაში. მარტო დარჩენილი საბრალო ცხენი საქართველოსკენ მიმავალ გზას დაადგა. გადავიღებდი "როსინანტის დაბრუნებას"-მეთქი. მოეწონა. ზეგ მოდი, ფინანსურ კომიტეტთან შეგახვედრებო. ამ შეხვედრაზე რომ მივდიოდი, გზაში ვიფიქრე, ვინ გადამაღებინებს 10-მილიონიან ფილმს, ჯობია, უფრო იოლი რამე შევთავაზო, რომ დამაფინანსონ-მეთქი. შემიყვანეს დიდ ოთახში, სადაც 30-მდე კაცი იჯდა. რომ მითხრეს, თქვენი გეგმა გაგვაცანითო, მარჯორი უორდროპზე გადავიღებ-მეთქი ფილმს. დეივიდმა როსინანტზეო, - მიმითითა...

არა, რა დროს ცხენია-მეთქი, დეივიდი გადაირია, - ჯორჯ, ჩვენ ვლაპარაკობთ როსინანტზე! არა, გადავიღოთ უორდროპზე, - აღარ დავიხიე უკან. ფინანსური ჯგუფის წევრები ადგნენ და გავიდნენ.  დეივიდმა, ეს რა ჩაიდინე, მართლაც გიჟი ყოფილხარო, - გაცეცხლდა. თურმე შეთანხმებია კომისიის წევრებს, მე კი დავარღვიე დასავლეთის ურყევი, მთავარი კანონი - წინასწარ შეთანხმებული თემა შევცვალე. მაშინ კი ძალიან გამიბრაზდა დეივიდი, მაგრამ შემდეგ მამასავით ზრუნავდა ჩემზე და მაინც გადამაღებინა ფილმი მარჯორი უორდროპზე, გავიდა 3 წელი, გამითავდა კონტრაქტი მეოთხე არხთან. ერთ დღესაც სამსახურში არ შემიშვეს. გავყიდე ბინა თბილისში და  გავხსენი რესტორანი. დუდა - ჩემი ვაჟი აცხობდა ხაჭაპურს, მარინა სტუმრებს იღებდა, ჩემი რძალი ოფიციანტი იყო, მე - მომმარაგებელი.  ნელ-ნელა სხვა საქმესაც მოვკიდეთ ხელი. 1995 წელს გავხსენით ქართულ-ინგლისური ცენტრი ინგლისში. ამ ცენტრისთვის ინგლისში დაგვითმეს ყოფილი მერიის შენობა. ვიდრე საელჩო გაიხსნებოდა, მე და მარინა სახალხო კონსულებივით ვიყავით, მინისტრებს ვმასპინძლობდით, საქართველოდან ცეკვის ანსამბლები ჩამოგვყავდა, თუმანიშვილის თეატრიც მივიღეთ, ქართველი მხატვრების გამოფენებსაც ვაწყობდით. შემდეგ მოსკოვში გავხსენით წმინდა გიორგის გიმნაზია, სადაც ქართველებიც სწავლობდნენ და მდიდარი რუსებიც.

ჩემი საღამო

ფილმს, რომელსაც ახლა ვიღებ, "სიბრძნე სიბერისა" ჰქვია. ბრძენი არ ვარ და ვერც ვიქნები. სიბერესაც ვერ ვგრძნობ, მაგრამ სიბერის "მოკარნახეები" გამიჩნდნენ, მაგალითად, ვიტრინები. ზოგჯერ იყურები ვიტრინაში და შენს თავს ვერ ცნობ... ვიღაც ჭაღარა კაცი გიყურებს იქიდან, რომელიც როსინანტივით სამშობლოში ბრუნდება. რაც მთავარია, არ მეშინია, რადგან რაც გადავიტანე და უფალმა მაპატია, საკმარისია,  რომ ბედნიერი ვიყო.

გზავნილები

შვილი მკაცრად უნდა გაზარდო. თვალი არ უნდა დახუჭო მის მანკიერებაზე. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გქონდეს სამშობლოსთან - გიხაროდეს მისი წარმატება, მაგრამ ნაკლსაც უნდა ხედავდე და მის გამოსწორებას ცდილობდე.

ვხედავ, რა ხდება დღეს, სახელმწიფოს ჩანასახი გაჩნდა, მაგრამ გულუბრყვილო შეცდომებსაც ვუშვებთ.  დაუღალავი შრომაა საჭირო და არა სიტყვების რახარუხი.  კახეთში შევიძინე მიწა და სახლები. ვაშენებ ტურისტებისთვის საინტერესო ეკოსოფელს, რომელსაც დავარქვი ჩემი ბოლო ფილმის სახელი  - "ბედნიერთა სოფელი"...