აქ პატარები სიკვდილს ებრძვიან... - კვირის პალიტრა

აქ პატარები სიკვდილს ებრძვიან...

"სპექტაკლში ერთ თოჯინას ფეხზე არ ეცვა და პატარამ ფეხსაცმელი გაიხადა, - აჰა, ჩააცვითო..."

ონკოლოგიურ საავადმყოფოში მისვლის ყველას ეშინია, მაგრამ შეხვალ თუ არა, შიში მაშინვე ქრება. უცებ ხვდები, რატომაც, - ხელის გაწვდენაზე უახლოვდები მას, რაც ასე გაშინებდა და რაც ახლოდან ისე საშიში აღარ არის, როგორც შორიდან ჩანს. ცხოვრება ამ საავადმყოფოს ზღურბლთან იმ საშინელი დიაგნოზის დასმის შემდეგაც არ მთავრდება, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქვია. პირიქით, აქედან უკვე ბრძოლა იწყება. ყველამ, ვინც ამ საავადმყოფოში წევს, ეს კარგად იცის, ბავშვებმაც კი, რომლებსაც იმდენი არ უცხოვრიათ, ამის ცოდნა მოეთხოვებოდეთ.

KvirisPalitra.Geმე ბავშვებთან  მივდივარ, - საავადმყოფოს მეორე სართულზე. მაგრამ მანამდე ახალგაზრდა ქალი უნდა ვნახო, რომლის ხმასაც ტელეფონით ვიცნობ, ხოლო გულს - წერილით, რომელიც ხელში მიჭირავს: "გამარჯობათ. მე ვარ ნინო ფირცხალაიშვილი. წელიწადზე მეტია, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. აქამდე ვერ დავდიოდი,  ახლა ცოტ-ცოტას დავდივარ და ლიფტით ჩავდივარ ხოლმე ბავშვების განყოფილებაში. ვცდილობ, რამეში დავეხმარო. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა პროცედურაზე ვისმენდი, როგორ ტიროდნენ. მაშინ ვთქვი, ვიდრე ვიცოცხლებ, აუცილებლად ამ ბავშვებს რამე უნდა გავუკეთო-მეთქი. იმის შემდეგ ვაწყობ საქველმოქმედო საღამოებს საავადმყოფოში. თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. უბრალოდ რომ მოინახულოთ, ესეც გაუხარდებათ."

...აი, ნინოც. ფარდით გადატიხრულ დერეფანში დადგმულ საწოლზე ბალიშზეა მიყრდნობილი. მოდიო და გულში მიკრავს, " რახან მოხვედი, მთელი დღე კარგად ვიქნებიო. დერეფანში რატომ წევხარ-მეთქი? მეტი ადგილი არ არის, მაგრამ ეგ არაფერი, ამაზე კარგად არც შინ ვარ მოწყობილიო. ფარდის იქით ვინმე წევს-მეთქი?  ცნობილი კაცია, მაგრამ ვინ, ვერ გეტყვი... მთელი ღამე კვნესის და ცოტა რომ გამეხარებინა, აი, რა დავუხატეო და ლეიბის ქვეშიდან ფანქრით დახატული დონ კიხოტი ამოიღო. ოღონდ დონ კიხოტს ხელში ხმალი კი არა, ნემსი ეჭირა. კიბოს ებრძვისო, - ნინომ. მერე მეორე ნახატიც ამოიღო. ხმა ჩამიწყდა, - ნახატში წელში მოხრილი პატარა, თმაგაცვენილი ბიჭი იჯდა.  წამო, ასეთ ბიჭებს კიდევ გაჩვენებ, ისეთი საყვარლები არიან, აღარ შეგეშინდებაო.

ლიფტში ექიმი შეგვხვდა, ხელში ვერცხლისფერი ფოლგით. ჩვენმა ბავშვებმა მაჩუქეს, - ნატვრის ხეა, თუ გინდა, რამე ინატრე და შეგისრულდებაო. მერე ლიფტი გაჩერდა და ნინო ეტლით გაგორდა დერეფანში. შორიდან ცალთვალა ბიჭი გამოიქცა, ასე, ორი წლისა. თვალში სიმსივნე ჰქონდა და იმიტომ ამოუღესო, - ნინომ და ბიჭი ჩაიხუტა. მერე გოგოც ჩაიხუტა, მერე კიდევ ერთი გოგონა...

KvirisPalitra.Geმერე ერთი პატარაც მოიყვანეს ეტლით - კიკინიანი თავი გადასწია და სერიოზულად დაგვაკვირდა. ამ ანგელოზს რას სჭირს-მეთქი, ვკითხე დეიდამისს ჩუმად, თითქოს ვინმე ლაპარაკს მიშლიდა. მანაც -  ერთი თვის წინ ამოჭრეს თირკმლიდან კილოგრამი სიმსივნე და ერთ თვეში ისევ კილომდე გაეზარდაო.

მერე ოთახში შევედით. იქ უკვე დედებიც იყვნენ, ერთი სუფრას ქსოვდა - დავარღვევ-მოვქსოვ, მოვქსოვ-დავარღვევ, ასე ვიწყნარებ თავსო. რა კარგია, ტელევიზორი გქონიათ-მეთქი. ჰო, ეგ ნინომ გვიყიდა, განა არ გითხრათო? ნინომაც - მე კი არა, სანდრა რულოვსმაო და მოჰყვა:

- პირველად ცუდად როცა გავხდი, მაშინ წავედი სანდრა რულოვსის  უფასო ცენტრში. იქ მითხრეს, ცუდ დღეში ხარ, ონკოლოგიურში წადიო. აქ ბავშვები ვნახე და სანდრას მივწერე, - მე არაფერი მინდა, მაგრამ ბავშვები ძალიან მოწყენილები არიან, ტელევიზორს ხომ არ აჩუქებთ-მეთქი. ერთ კვირაში თავად დამირეკა, - ტელევიზორი წაიღე, შენი მკურნალობის ფულსაც მე გადავიხდიო.

- თავად არაფერი სახსარი გქონდა?

- არა. ბინა გავყიდე და ცხრა კვადრატული ოთახი დავიქირავე. მე მომწონს, მზიანია და ვხატავ. მოსკოვში სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ჩემი მეგობრები ყიდიან ნახატებს. მშიერი არ ვარ. ვინც გამიცნობს, საჭმელი ყველას მოაქვს. მე რა, ცუდი ის არის, ბავშვებს უჭირთ ძალიან. მართალია, უფასოდ მკურნალობენ, მაგრამ აქ მაინც ყველას უჭირს. მოვიარე ფონდები, 35 ბავშვის სია დამქონდა. პირველ ივნისს საქველმოქმედო საღამო მოვაწყვეთ. იმდენი ხილი მოიტანეს, ვედროებით სამზარეულოში დავდგით... ვიფიქრეთ, სტუმრები როცა წავლენ, მაშინ დავარიგებთო, მაგრამ პატარები მისულან და ჯიბეებში ჩაუყრიათ, თან ჩემკენ იხედებოდნენ, - ნინო დეიდამ არ დაგვინახოსო, რცხვენოდათ. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი აკლიათ, - ტკივილის გარდა, მაგრამ თუ რაიმეთი გაახარებ, ტკივილი ავიწყდებათ. თოჯინების თეატრში დავპატიჟეთ. სპექტაკლში ერთ თოჯინას ფეხზე არ ეცვა და იმ პატარამ, თვალი რომ არ აქვს, ფეხსაცმელი გაიხადა, - აჰა, ჩააცვითო... ჩემ გვერდით პ[ალატაში ერთი გოგონა მთელი ღამე ტიროდა, მე  კი მთელი ღამე ვფხიზლობდი, რამდენჯერაც მის ხმას გავიგებდი, მისთვის ვლოცულობდი...

KvirisPalitra.Geაქ იწვა მამა ანდრია, სულ 18 წლის ბერი იყო, საავადმყოფოში აღკვეცეს.

11 წლისას უთქვამს დედისთვის, - უფლის გზით უნდა ვიაროო. უფროსების პალატაში არ გადავიდა - ბავშვებთან დამტოვეთო.  ხელს ვერ დააკარებდი, ყველგან სტკიოდა, დედას უთხრა, - რომ აღარ ვიქნები, ამ ბავშვებზე იზრუნეთო. ბოლო წუთებში ცალ ხელში დედის ხელი ეჭირა, მეორეში - ჯვარი და უფალს მადლობას ეუბნებოდა. დედა ეჩურჩულებოდა, - ნუ გეშინია, შვილო, ღვთისმშობელი შეგხვდება და წაგიყვანსო. აი, ასე ხდება აქ, - თქვა ნინომ და ბავშვთა ექიმიც შემოვიდა. ვთხოვე, რამე კარგი მითხარით-მეთქი. მან, - როცა  საავადმყოფოში მუშაობა დავიწყე, ჩემი პირველი პაციენტი უმძიმესი სიმსივნით დაავადებული ბიჭი იყო. გავიდა წლები, დადგა ერთი ზაფხული, ამოვიდა ის ბიჭი საღ-სალამათი და... რეზო ექიმო, მომილოცეთ,  სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხეო...

გულდამძიმებული ვტოვებ აქაურობას, ვტოვებ ნინოსაც, თავისი ეტლით და ნატვრით, რომ ბავშვებს აღარ ეტკინოთ. და თუ ამ ფიქრმა მისი დაავადებული გული გაათბო, იქნებ ჩვენც საკუთარი პრობლემები დავივიწყოთ და მათზე წუთით ვიფიქროთ (თიბისი ბანკი. ბანკის კოდი TBCBGE22. ანგარიში GE37TB1187736512500017. მიმღები ნინო ფირცხალაიშვილი. ტელ: 592 31-00-14 ). ეს წუთი ის კი სასწაული იქნება, რომელიც მათ ტკივილებს ცოტა ხნით მაინც დაავიწყებს.

მწამს, რომ ადამიანი გულით ხარობს, ოდეს სიკეთეს სჩადის

ტომას ჯეფერსონი