"უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მინისტრი" - კვირის პალიტრა

"უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მინისტრი"

"მკვლელის სახელიც მაქვს, თითქოს ეროსი მე მოვკალი..."

"ქუჩაში მესალმებიან, ოფიციანტები მეძახიან, - რობერტო!"

ჩვენი თეატრალური ცხოვრების ბოლო ათწლეულს რომ გადავხედე, ეს იყო სწორი ხაზი, რომელიც ნელ-ნელა დაბლა მიდიოდა... თანდათან საზოგადოების დიდი ნაწილისათვის განურჩეველი გახდა, რა იყო თეატრი და რა - შოუ. თითქოს ინერცია სადღაც მიაქანებდა მაყურებელსაც და თეატრსაც... და უცებ რაღაც მოხდა... ჯერ რეალურ ცხოვრებაში, მერე სცენაზეც... ამ მნიშვნელოვანი ამბების უკან ორივეჯერ დიდი რეჟისორი რობერტ სტურუა იდგა. მისმა რეალურმა შეფასებებმა და მისთვის არარეალურის დაბრალებამ, რასაც შედეგად რეჟისორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება მოჰყვა, შეძრა ქვეყანა. მისი ბოლო პრემიერა, თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმული "ნადირობის სეზონი" კი ყველაფრის გვირგვინი გახდა. ეს მართლაც შეუდარებელი რეჟისორული ნამუშევარი ახალი ეტაპის დასაწყისია არა მარტო სტურუას შემოქმედებაში, მგონი, ზოგადად თეატრშიც... გამიჩნდა შეგრძნება, რომ რობერტ სტურუა თავად არის ადამიანი-თეატრი, რომელმაც თავისი ცხოვრებითაც და რეჟისორული მიგნებებითაც ადამიანები თავისკენ - თეატრისკენ მოაბრუნა, ოღონდ ერთი პატარა ნიუანსის გათვალისწინებით: ის მხოლოდ გამტარია დიდი სიმართლისაკენ, რომელიც სცენაზე ცოცხლდება.

ამ წერილის გამოქვეყნებისას რობერტ სტურუა საქართველოში აღარ იქნება, კიევში ცნობილი მსახიობის - ბოგდან სტუპკას 70 წლის იუბილეზეა მიწვეული. მერე მოსკოვში წავა და კალიაგინს საიუბილეო სპექტაკლს დაუდგამს. ეს შარშან დაიგეგმა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საქართველოში "გაათავისუფლებდნენ"... მაშინვე სთავაზობდნენ მიწვეული მთავარი რეჟისორის თანამდებობას... წელსვეა მიწვეული ინგლისში თვე-ნახევრით, ლონდონის თეატრები უნდა გაიცნოს, აირჩიოს თავისთვის საინტერესო და 2012 წელს დადგას სპექტაკლი... ზაფხულში კი არგენტინაში ელიან, რეჟისორებისთვის ოთხთვიანი კურსებია დაგეგმილი, სადაც მასტერკლასები უნდა ჩაატაროს, ასე რომ, ბევრი ქვეყანა ელოდება, მისი პროგრესული აზროვნება, პროფესიონალიზმი სჭირდებათ...

- მსოფლიო ვერ შეაშინა თქვენზე მოკერებულმა ქსენოფობის მარკამ, როგორც ჩანს, - ვუთხარი დიდ რეჟისორს აეროპორტში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე...

- მართალია, ძალიან ცდილობენ, სახელი გამიტეხონ, მაგრამ, საბედნიეროდ, არავის სჯერა.

- ბოლოს, როცა რასისტობაც დაგწამეს, თავად გისმენდით და აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდით. ამბობდით, კაცობრიობას ეს სენი სჭირს, მაგრამ ექიმი სჭირდება, უნდა ვაღიაროთ სენის არსებობა, რომ მკურნალობა შევძლოთო... რატომ არსად ამბობთ, რომ ეს ფრაზა რასისტულ გამონათქვამად მონათლეს, სინამდვილეში კი ფაქტის დამახინჯებაა...

- არ მიყვარს თავის მართლება. შიგნით რაღაც მიზის ჭინკასავით და ამის საშუალებას არ მაძლევს... მთავარი ის არის, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა, სიმართლე გაიგოს. ჩემი მოხსნის მიზეზი არ აქვთ, ამიტომაც ხელსაყრელია ეს სიტუაცია.

- თუ გრძნობდით, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ასე დასრულებულიყო?

- ვხვდებოდი და მანამ, ვიდრე პრეზიდენტზე ვიტყოდი რამეს... ძალიან გვჩაგრავდნენ, არ გვაძლევდნენ სადადგმო ფულს, მხოლოდ ხელფასების თანხას გვირიცხავდნენ, თუ, ცხადია, მე არ მატყუებდა თეატრის დირექტორი ზალიკო ჩიქობავა. მარჯანიშვილის თეატრზე ნაკლები დოტაცია გვქონდა.

როცა რურუა მოვიდა, მას მერე ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა... ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს მე რურუას ხელფასის მომატება ვთხოვე... უბრალოდ, გავიგე, რომ წულაძეზე, საყვარელიძესა და დოიაშვილზე ბევრად ნაკლები ხელფასი მქონდა და ზალიკოს ვთხოვე მომატება... მან უთხრა მინისტრს. შარშანწინ აგვისტოში გამიზარდეს...

- ამბობენ, რუსთაველის თეატრში საუკეთესო პირობებს შეგიქმნიან და შეგიძლიათ დადგათ სპექტაკლები. რას ფიქრობთ, დადგამთ?

- ვერ გეტყვით... ჩემი გათავისუფლებიდან მესამე დღეს ზალიკომ მითხრა, მინისტრმა - წელიწადში ორ დადგმას და უკეთეს ანაზღაურებას მივცემთო... ეს ამბავი მოვყევი ინტერნეტში. მინისტრმა უარი თქვა, - მსგავსი არაფერი მითქვამსო. ზალიკომაც - ეს მინისტრის კი არა, ჩემი აზრი იყოო. ჩანს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მინისტრი და ამ წინადადებაზე უარი თქვა, ზალიკოც გალანძღა, ეტყობა და ამიტომაც შეშინებული იმეორებს, - ეს ჩემი იდეა იყოო...

- ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდით...

- მაგრამ ამას ერთი დადებითი მხარე აქვს: რაღაც შანსი მომცა ბედისწერამ, იქნებ შევიცვალო, სხვანაირად დავიწყო მუშაობა, მით უმეტეს, რომ ბოლო სპექტაკლში შეცვლის ელემენტები არის. რომ მოვშორდები მიჩვეულ მდგომარეობას, იქნებ ეს უფრო გაძლიერდეს, მართალია, გამიჭირდება ჩვენი მსახიობების გარეშე... რუსული თეატრი ცოტა უფრო ყოფითია, ჩემს დადგმულ "ქარიშხალში" ზოგი ისე თამაშობს, როგორც რუსულ სპექტაკლს მოუხდებოდა, არადა, მე სხვა მჭირდება. შექსპირის "ჰამლეტს" რომ ვდგამდი ლონდონში, კლაუდიუსს ძალიან ცნობილი მსახიობი თამაშობდა. პრემიერაზე  მითხრა, - ახლაღა მივხვდი, რა სტილი გაქვთო... ზოგს ესმის, ზოგს - არა. სიტყვით გადმოცემა ძალიან ძნელია, მსახიობი მოქმედებაში უნდა მიხვდეს ყველაფერს, ჩვენს მსახიობებს ეს შეუძლიათ... ქართული ბუნებაც უფრო თეატრალურია. მახსოვს ერთი ამბავი: ჩვენს თეატრში ტოვსტონოგოვი დგამდა გორკის "მდაბიონს", ერთი კვირა იმუშავა, მერე დატოვა ძალიან კარგი რეჟისორი როზა სიროტა, გადააბარა რეპეტიციები...

ისე მოხდა, მეც რეპეტიცია მქონდა მცირე დარბაზში, მასაც... გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. რეპეტიციის მერე შევხვდი. უგუნებოდ გამოვიდა. როზა აბრამოვნა, რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე. თქვენმა მსახიობებმა არ იციან, როგორ უნდა დალიონ ჩაიო. ეგ რას ნიშნავს-მეთქი... არ იციან, როგორ აიღონ ჭიქა, როგორ მოურიონ კოვზით, როგორ გადაიღონ მურაბაო... ჩვენებმა მართლა არ იციან ყოფითი რაღაცების თამაში, მაგრამ სანაცვლოდ ჩაის ჭიქისა და კოვზის გარეშე შეუძლიათ ისე ითამაშონ, რომ შთაბეჭდილება დაგრჩება, ჩაის სვამენ-მეთქი... ასე რომ, სხვაობაც არის და სირთულეებიც რუს მსახიობებთან, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან დიდი სკოლაა... 1937 წელს ყველა გაანადგურეს - მეიერხოლდი, ვახტანგოვი, ტაიროვი... ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს...

- გამახსენდა, სრულიად ახალგაზრდას სოციალისტურ თემაზე სპექტაკლის დადგმა რომ მოგთხოვეს, "იზუზუნე, ფუტკარო" ერქვა. სითამამე გქონდათ და უარი თქვით. ასე რომ, თქვენგან თამამი გადაწყვეტილებები არავის უნდა გაუკვირდეს.

- "ყვარყვარე" რომ დავდგით, რამაზ ჩხიკვაძესა და მე ერთნაირად გვეშინოდა, რომ წაგვიყვანდნენ, სადაც ჯერ არს... თბილ ნივთებს არ ვაგროვებდით, მაგრამ გვარიანი მოლოდინი გვქონდა. უკან მაინც არ დავიხიეთ...

- ეს ხასიათია...

- ხასიათი, ბუნება და მრწამსი...

- ამიტომაც არ სჯერათ, რომ ხასიათს, ბუნებას და მრწამსს უღალატებთ და დაგვტოვებთ... ამბობენ, გავუხსნათ რობიკოს თეატრიო...

- ჩვენთან თეატრს ვერ გახსნი, რადგან შენობა არ არის, არც არავინ ააშენებს. აზერბაიჯანში ხუთი ახალი თეატრი აიგო, მოსკოვში ყველა ცნობილ რეჟისორს გაუხსნეს თეატრი - კალიაგინს, ფომენკოს...

ჩვენთან ურჩევნიათ, ხიდები აშენონ, რომელსაც მეორე დღეს წაიღებს წყალი, ან ოპერის შენობა, რომელიც შუშითაა გადახურული და მეოთხე დღეს ჩამოინგრევა სახურავი...

- "ნადირობის სეზონში" თეთრებში ჩაცმულ პრეზიდენტებს ხელებზე ფეხსაცმელი აცვიათ. ხელები, რითიც საქმე უნდა გაკეთდეს, იმ იარაღად იქცა, რომლითაც თავზე გადავლა შეიძლება?...

- ეს სცენა როგორ მოვიგონე, არ ვიცი, უცებ გამიჩნდა აზრი, - მოდი, ფეხსაცმელი ხელზე ჩაიცვით-მეთქი. კარგად თამაშობენ. ვამჩნევ, რომ მაყურებელი განაბულია.

- თქვენ ხართ რეჟისორი, რომელსაც სჭირდება სკანდალი სცენაზე და ცხოვრებაში...

- ასე არ არის! მაგრამ თეატრს აქვს თვისება: რაღაც დარტყმა უნდა მიაყენოს მაყურებელს. ტყუილად არ ამბობენ, ბომარშეს "ფიგაროს ქორწინებამ" საფრანგეთის რევოლუცია მოახდინაო. ხალხი აჯანყდა, ეს ბოლო წვეთი იყო... სერიოზული აზრი უნდა გამოთქვა ცხოვრებაზე, სამყაროზე, ამით მოულოდნელობას იწვევ...

თეატრის დიდი მნიშვნელობა რომ იცოდა, იმიტომაც კრძალავდა სტალინი, მაგალითად, შექსპირის დადგმას. "ჰამლეტის" თარგმნა პასტერნაკს შეუკვეთეს, მხატში უნდა დადგმულიყო. ეს იცოდა სტალინმა და ერთ-ერთ წვეულებაზე მხატის მსახიობებს ჰკითხა, რას აკეთებთ, რაზე აპირებთ მუშაობასო. ლივანოვმა - "ჰამლეტს" ვდგამთო, ჰამლეტის როლს მე ვითამაშებო... ჰამლეტი, ჰამლეტი... ეს ხომ ჩვენი გმირი არ არისო, - სტალინმა. სანამ არ მოკვდა, ჰამლეტი არც დადგმულა. აკრძალული იყო "რიჩარდიც". არარეკომენდებულ სპექტაკლთა სიაში იყო "მაკბეტიც".

"ოტელო" დაშვებული იყო, როგორც სიყვარულის ამბავი. ჩვენთან "რიჩარდ III" ვასო ყუშიტაშვილმა დადგა მარჯანიშვილის თეატრში 1956 წელს. რიჩარდს გოძიაშვილი თამაშობდა. "ჰამლეტი" დოდო ალექსიძემ დადგა სტალინის სიკვდილის შემდეგ.

- ვასო ყუშიტაშვილი, მგონი, თქვენი პედაგოგი იყო.

- ერთი სემესტრი გვასწავლიდა. მერე თქვა, უკვე მოვხუცდი, სწავლება დიდ ენერგიას მართმევს, მირჩევნია, სპექტაკლები დავდგაო და დაგვტოვა. როცა პარიზში ცხოვრებაზე ჰყვებოდა, ნახევარი არ გვჯეროდა. მერე  პარიზიდან ის თეატრი ჩამოვიდა, რომლის დაარსებაშიც წვლილი ჰქონდა შეტანილი. მსახიობებმა მოიკითხეს, - სად არის მუსიე ყუშიტაო... მაშინღა მივხვდით, სრულ სიმართლეს გვიყვებოდა, საოცარი ადამიანი იყო. პირდაპირ ამბობდა, რასაც ფიქრობდა, თან ისეთი ნიღაბი ჰქონდა, თითქოს იმდენად გულუბრყვილოა, რომ დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერსო...

- დაახლოებით თქვენნაირი ნიღაბი ჰქონია...

- დაახლოებით... ძალიან ინტელიგენტი და საყვარელი ადამიანი იყო...

- ბოლო დროს ალაპარაკდნენ თქვენი და მიხეილ თუმანიშვილის კონფლიქტზე, რომ თქვენ ის თეატრიდან გააძევეთ...

- ეს იყო 1970 წელი. მე არც ისეთი ავტორიტეტი მქონდა, რომც მნდომოდა, ვინმეს შევიწროება შემძლებოდა... მხოლოდ 7 წელი მქონდა ნამუშევარი რუსთაველის თეატრში. დადგმული მქონდა "სეილემის პროცესი" და "ხანუმა" ("ხანუმას" გამო მიშაც მლანძღავდა, - რა არის, როგორ არ გრცხვენია, ძალიან იაფფასიანიაო. მეც ასე ვფიქრობდი... თვლიდნენ, რომ ვოდევილი არ უნდა ყოფილიყო რუსთაველის თეატრის სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ 1900 წლის 2 იანვარს ეს თეატრი "ხანუმათი" გაიხსნა)...

მაშინ მიშა, ვფიქრობ, თეატრალურმა სამყარომ შეავიწროვა, მტრები გაუჩნდა, კულტურის მინისტრის დანაშაული იყო, რომ ვერ დაიცვეს. მახსოვს, მოვიდა მინისტრი, მცირე დარბაზში გაიმართა სხდომა. თუმანიშვილის დასაცავად გამოვიდნენ რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, მეც ვთქვი სიტყვა... მათ არ მოუსმინეს და მე  ვინ მომისმენდა!

- რატომ გავრცელდა ხმა, თითქოს თქვენ გქონდათ კონფლიქტი თუმანიშვილთან?

- არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ასე მკვლელის სახელიც მაქვს, თითქოს ეროსი მე მოვკალი... მასთან მართლაც იყო კონფლიქტი...  გასტროლები გვქონდა გერმანიაში, "კავკასიური ცარცის წრე" წავიღეთ. ამ გასტროლის მომწყობმა დაჟინებით მოითხოვა, აზდაკის როლი მხოლოდ რამაზს ეთამაშა. ეს თეატრის დაუწერელი წესია. გასტროლებზე თამაშობს პირველი შემსრულებელი და არა მეორე მსახიობი... მე და ეროსი შევრიგდით მექსიკაში, "სამანიშვილის დედინაცვალში" რომ შევიყვანე... მსგავსი კონფლიქტები სულ ხდება თეატრში.

- ბრეხტი თქვენი იღბლიანი არჩევანი გამოდგა...

- ბრეხტი პრიმიტიულად ესმოდათ. მართლაც, რომ წაიკითხავ, ვერ მიხვდები ვერაფერს. ის ეშმაკურად მოექცა თეატრს, რომელიც დაყოფილი იყო განცდისა და წარმოდგენის ორნაირ თეატრად. ბრეხტმა მსუბუქ, წარმოდგენით თეატრს შეუქმნა სერიოზული, თითქმის ფილოსოფიური საფუძველი და ეს ღიმილით გააკეთა...

- მისი პიესები მართლაც სათქვენო პიესებია.

- დიახ, ასეა. ჭკვიანი და მხიარული კაცი იყო... მე ვიყავი მის თეატრში, აღმოსავლეთ გერმანიაში. სხვათა შორის, ამ თეატრის გვერდით ცხოვრობდა ქართველი ექიმი, გვარად წულუკიძე. დედა ჰყავდა მეგრელი... პირველი ემიგრაციისას მოხვედრილიყვნენ ევროპაში. მიმიწვიეს თავისთან. რომ შევედი, ვნახე პარალიზებული, ძალიან ლამაზი ქალბატონი... ჩამეხუტა და დაიწო მეგრული "ნანას" სიმღერა. ამ ექიმმა მიამბო:

რეპეტიციაზე ბრეხტი გამხდარა ცუდად. მოცვივდნენ ჩემთან და წამიყვანეს. გული ჰქონდა ცუდად. ვუთხარი, უსათუოდ უნდა დაისვენოთ ერთი თვე-მეთქი. სიცილი აუტყდა, - თეატრში როგორ დავისვენოო... რომ წასულიყო და დაესვენა, ვერ შეძლო... ზუსტად ერთ თვეში მოკვდაო.

- თქვენთვის ადვილია წასვლა?

- როცა სამუშაოდ მივდივარ, 10 საათიდან 6 საათამდე რეპეტიციები მაქვს. საოცრად ვიღლები. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მიყვარს სხვა კულტურასთან ურთიერთობა, შენში რაღაც იცვლება ამ დროს. გატაცებული ვარ არგენტინით, ბუენოს-აირესში 5 სპექტაკლი დავდგი, ქუჩაში რომ გამოვდივარ, ძალიან თბილად მექცევიან, მესალმებიან, ოფიციანტები მეძახიან, - რობერტო! ბუნებრივია, ეს ძალიან მახალისებს...

- იმის თუ გეშინიათ, რომ შეიძლება მარტო დარჩეთ...

- მარტოობაც მიყვარს, შემიძლია სრულიად მარტო ვიყო სადმე დიდხანს, მით უმეტეს, თუ მაქვს იმის იმედი, რომ დავბრუნდები. ხშირად მიფიქრია, ვინც გაიქცა, ვინც ომში დაატყვევეს და დარჩა უცხოეთში, რომ ვერ ბრუნდებოდნენ, როგორ აგრძელებდნენ ცხოვრებას-მეთქი... ასე რომ დამემართოს, გავგიჟდები! პირველად ეს ვიგრძენი, როცა კიევში წავედით მე და ჩემი ბიძაშვილი. მატარებლით ვბრუნდებოდით, ჯვარი რომ დავინახე, ცრემლი მომერია... თავისთავად მოხდა, თორემ არაფერზე მიფიქრია. ძლიერად ნოსტალგიური ხალხი ვართ ქართველები...

"ჩემი ერთადერთი ძალა შეუპოვრობაა"

ლუი პასტერი