"ეს მასობრივი მკვლელობაა" - კვირის პალიტრა

"ეს მასობრივი მკვლელობაა"

"ასეთ პირობებში ელექტრომეტალურგიული ქარხნის არსებობა ნიშნავს ატომური ბომბის ჩამოგდებას რიკოთის უღელტეხილზე!"

"ხალხს ავადმყოფობისა და სიკვდილისათვის სწირავენ!"

"ეს არის ბენდუქიძის იდეოლოგიის შედეგი, რომელმაც სისტემა გამოხრა!"

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს ქუთაისის ელექტრომეტალურგიული ქარხნის მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მუშები კუთვნილ ხელფასს, ელემენტარულ სამუშაო პირობებს, ხელთათმანებსა და ჩაფხუტებს ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ უმოწყალოდ დაარბია, ხოლო ორგანიზატორები დააპატიმრეს კიდეც. თუმცა, უხელთათმანობა, უჩაფხუტობა და 150 ქართველი მუშის გასაჭირი არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რაც ქვეყანაში შექმნილმა ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა კონცეფციამ და მეტალურგიაში შექმნილმა უკონტროლო ვითარებამ მოიტანა. მეტალურგების განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არასერტიფიცირებულ ჯართს ამუშავებენ, რაც სასიკვდილო საფრთხეა არა მხოლოდ იქ მომუშავე, არამედ 50 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც.

გენო უშვერიძე, მეტალურგი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: ძალზე საგანგაშო ვითარებაა, რადგან ჯართის სერტიფიცირების საკითხი პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიცოცხლესაც კი. ამ საკითხით ცოტა ხნის წინ თავადაც დავინტერესდი და შოკის მომგვრელი რეალობის წინაშე დავდექი. საქართველოში ჯართის გადამუშავება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ჯართს, რომელიც გადასამუშავებლად მიდის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, ანუ უნდა მოჰყვებოდეს სპეციალური ცნობა, სადაც მითითებული იქნება, სად იყო გამოყენებული ეს მასალა.

რკინის დნობის ტემპერატურა 1470 გრადუსია, მაგრამ ჯართს მოყოლილი მავნე ნივთიერებები გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე იწყებს აორთქლებას. მაგალითად, დაუშვებელია შეღებილი ჯართის გაურეცხავად წარმოებაში გაშვება. საღებავში დიდი რაოდენობით გოგირდი, ფოსფორი და უამრავი მომწამვლელი ნივთიერება შედის. საღებავები კი 300 გრადუსიდან აორთქლებას იწყებენ. გაცხელებისას გოგირდი თანმხლები ელემენტებით იჟანგება და გოგირდის ოქსიდს გამოყოფს. საღებავში ასევე შედის მძიმე ლითონები, მათ შორის - ტყვია, რომელიც ხვდება ჰაერში, ჰაერიდან კი გარემოში.

ვერც ერთი ფილტრი ამას ვერ აკავებს. ეს ნივთიერებები, თუკი რაიმე უკურნებელი სენი არსებობს, ყველაფრის გამომწვევად ითვლება: სიმსივნის, ლეიკემიის, სარკომის, ალერგიის... ძველი მილები, შეღებილი ჯართი, კანალიზაციაში გამოყენებული მასალა, რადიაციულ არეში ნახმარი რკინა - ამ მასალის გადამუშავება სპეციალური დამუშავების გარეშე ნიშნავს, რომ მასობრივ მკვლელობას სჩადიან! საბჭოთა კავშირში ერიდებოდნენ ასეთი ჯართის გადამუშავებას. ფოლადს უმეტესწილად მადნისგან იღებდნენ. მეტალურგიულ ქარხნებს კი სპეციალური საიდუმლო ბრძანება ჰქონდათ, რომლის მიხედვით დაუშვებელი იყო სხვა მიზნებისათვის სუფთა, ანუ მადნისაგან მიღებული ჯართის გაცემა. ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო. თუ მოსახლეობიდან შემოდიოდა ჯართი, მის დასახარისხებლად და გადამუშავების კონდიციამდე მისაყვანად სპეციალური ბრიგადები იყო მობილიზებული. მათ ევალებოდათ ჯართისთვის საღებავების მოცილება და გარეცხვა. შემოსულ ჯართს სერტიფიცირების გარეშე ვინ გაუშვებდა გადასამუშავებლად?

ცივილიზებულ ქვეყნებში ჯართის გადამუშავებას კანონი მკაცრად აკონტროლებს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესთან. უკონტროლობამ ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს, მოსახლეობის მძიმედ დაავადებისა და სიკვდილიანობის ჩათვლით. 50 კილომეტრის რადიუსში ეს ქარხანა მთელ მოსახლეობას დააავადებს, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანობა მაღალია.

ასეთ პირობებში ელექტრომეტალურგიული ქარხნის არსებობა ნიშნავს ატომური ბომბის ჩამოგდებას რიკოთის უღელტეხილზე! ჩავიდნენ და ნახონ, რა შედეგი მოიტანა უკრაინასა და ყაზახეთში ამგვარმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ. ამ ქვეყნებში მოსახლეობის 48% კიბოთია დაავადებული. ჩვენ მთავრობა კი არა, მავნებლები გვყავს. მახსოვს, 1996 წელს ბაკურ გულუასთან ვიყავი მისული საქმეზე. მოსაცდელში ველოდებოდი. გულუას კაბინეტიდან ერთი კაცი გამოვიდა. გულშემოყრილმა აღშფოთება ვერ დამალა:

ახლა შევარდნაძემ დარეკა, გულუამ მითხრა, შევარდნაძე დღეში ათჯერ რეკავს და მეუბნება, ეს საფურაჟე ხორბალი რომ შემოიტანეს, გააზავეთ ნორმალურში, ერთბაშად ხომ არ მოვწამლავთ ხალხსო?

მე მეტალურგი ვარ და ვიცი, ამ სფეროში რაც ხდება. მოშლილია კონტროლის მექანიზმი, ფილტრებსაც კი არ უყენებენ ქარხნებს.

ინდოეთში სერტიფიცირების გარეშე ჯართის გადამუშავება კატეგორიულად აკრძალულია.

ინდოეთს მილიარდ-ნახევარი მოსახლეობა ჰყავს და ის უფრთხილდება ხალხს. შენ რაღაც სამმილიონ-ნახევარი კაცი ძლივს გყავს და იმასაც სასიკვდილოდ იმეტებ?

ვინ მოგცათ ამის უფლება? თუ გგონიათ, სამმეტრიანი მდიდრული გალავნები დაგიცავთ, ცდებით! პირველად თქვენ გახდებით ამ უპასუხისმგებლობისა და მავნებლობის მსხვერპლი!"

ამ საკითხების გასარკვევად გადავწყვიტეთ "ჰერკულესის" ქარხნის მუშებს გავსაუბრებოდით, რათა გაგვეგო, თუU დამუშავების რა ეტაპებს გადის ჯართი ღუმელში მოხვედრამდე, მაგრამ საუბარი არც ერთმა არ ისურვა.

თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგების პროფკავშირების თავმჯდომარე: "ისე დააშინეს ხალხი, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყველა კატეგორიულ უარს აცხადებს. მოგეხსენებათ, როგორ დაარბიეს და დააპატიმრეს მუშები, რომლებიც ხელფასსა და ელემენტარულ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ. ვიცი, რომ ქუთაისის ქარხანა "ჰერკულესში" ჯართს ხელით არჩევენ. ღუმლიდან გავარვარებული ლითონის გადმოღვრა ამ ქარხანაში ჩვეულებრივი ამბავია. ღუმელში პირდაპირ ყრიან მანქანის ამორტიზატორებსა და დახურულ ცილინდრებს, რომლებიც გახურებისთანავე სკდება, რასაც გავარვარებული ლითონის გადმოღვრა და მუშების დაშავება მოჰყვება ხოლმე. აგვისტოში შვიდი ინდოელი დაიწვა ამორტიზატორის აფეთქების გამო. რომელ სერტიფიკატზეა ლაპარაკი, როცა მუშებს ხელთათმანი, ჩაფხუტი და ჩექმაც კი არა აქვთ! ეს ქარხანა ისეა ჩაკეტილი, ინფორმაციის მიღება წარმოუდგენელია, მაგრამ ისედაც შეიძლება მიხვდე - როცა ჯართში შედის მანქანის ამორტიზატორი, პროპანის ან ძველი ჟანგბადის ბალონი (რომელიც ასევე სკდება ხოლმე), გამოდის, ჯართს არც სათანადო წესით ამუშავებენ და არც სერტიფიკატი აქვს. დიდი ხანია ვითხოვთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მაგრამ გვეუბნებიან, ეს ინვესტიციების მოზიდვას შეუშლის ხელსო! თურმე ნუ იტყვით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიღებული ელემენტარული რეგულირებები, ჯართის სერტიფიცირება იქნება თუ უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ინვესტორს არ მოსწონს! ხელისუფლება ამტკიცებს, ეს რომ მოვთხოვოთ, ინვესტორი  იძულებული იქნება, გაიტანოს ინვესტიცია საზღვარგარეთო. ინვესტიცია რისთვის არის საჭირო, თუ ხალხის კეთილდღეობას არ ემსახურება?

ჯართის უკონტროლოდ გადამუშავება ძალიან საშიშია. გახსოვთ, ალბათ, როცა კუსტარულად აგროვებდნენ მოქალაქეები ჯართს, ხშირად უპოვიათ რადიაციული, ასაფეთქებელი ნივთიერებები. ვინ არის დაზღვეული, რომ ჯართი, რომელიც დღეს ამ საწარმოში გადამუშავდება, ასეთ ნივთიერებებს არ შეიცავს? შრომის ინსპექცია აღარ არსებობს, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, რომლებიც შრომის უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ, გაუქმებულია! ამას სავალალო შედეგი უკვე მოჰყვა.

ყოველწლიურად იზრდება საწარმოო შემთხვევების გამო დაღუპულთა რიცხვი. 2010 წელს 80 კაცამდე გაიზარდა, 300-ზე მეტი კი დაინვალიდებულია. ეს კატასტროფაა, მაშინ, როცა 80-მილიონიანი იტალიისთვის საწარმოო შემთხვევების გამო 5 კაცის გარდაცვალება წელიწადში დიდი განგაშის საფუძველია!

ამ ქარხნის მეპატრონე ინდოელი მანაქსიების ოჯახია. მეტალურგიული ქარხნები ისეთ ქვეყნებში აქვს, როგორიცაა განა, ნიგერია, საქართველო, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც რეგულირების მექანიზმები, ფაქტობრივად, არ არსებობს. იგივე შემიძლია ვთქვა ჯინგალების ოჯახზე, რუსთავში ქარხანა შპს "ჯეოსტილის" მეპატრონეზე. ისიც ცდილობს ინვესტიციები ჩადოს სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც რეგულირების მექანიზმები მოშლილია. სადაც არ გჭირდება სერტიფიკატი, არავინ გიმოწმებს ჯართს, ბუნებრივია, ფულიც არ გეხარჯება  ჯართის გარეცხვა-გასუფთავება-დამუშავებაში...

ქარხანა "ჰერკულესის" ახლომახლო უბნები შავ ნისლშია გახვეული. როცა ეს საკითხი დავაყენე და ვთქვი, რომ აუცილებელი იყო ზომების მიღება, ანდრია ურუშაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა და სოციალური პარტნიორობის სამხარეო კომისიის თავმჯდომარემ, თქვა, ეგ კიდევ საკითხავია, მავნებელია თუ არა ეს კვამლი მოსახლეობისთვისო(?!). რომელ მექანიზმებსა და დაცვაზეა ლაპარაკი, როცა ხელისუფლება თავად ლობირებს ამ უმსგავსობას!"

გია ხუხაშვილი: "ეგრეთ წოდებული ლიბერტარიანული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ არაფერი არ უნდა რეგულირდებოდეს, მათ შორის - არც სანიტარიული და არც სხვა ნორმები. როგორც ბენდუქიძე ამტკიცებს, ამას თურმე ბაზარი დაარეგულირებს. იმასაც ამბობდა, რომ რესტორნის სამზარეულოში არ უნდა რეგულირდებოდეს სანიტარიული ნორმები, - ერთხელ რომ მოიწამლება ვიღაც, მეორედ აღარ შევაო. ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდათ? ეს არის ბენდუქიძის იდეოლოგიის შედეგი, რომელმაც სისტემა გამოხრა!", ხოლო როგორ დაარეგულირებს ბაზარი მასობრივი დაავადების და სიკვდილიანობის საფრთხეს, ეს ბენდუქიძეს მოჰკითხეთ!"