გუსტავ ფლობერი - დიდი მწერალი და დიდი მწერლების მასწავლებელი - კვირის პალიტრა

გუსტავ ფლობერი - დიდი მწერალი და დიდი მწერლების მასწავლებელი

ემილ ზოლა, ძმები გონკურები, ალფონს დოდე, გი დე მოპასანი... სულაც რომ არაფერი დაეწერა გუსტავ ფლობერს, მხოლოდ ამ დიდი მწერლების მასწავლებლობა ეყოფოდა სადიდებლად. ეს მხოლოდ ისინი არიან, ვისაც უშუალოდ მოძღვრავდა, ვის ნაწერებშიც თითოეულ სიტყვასა და ფრაზას ჩაჰკირკიტებდა. ისინიც ღრუბელივით ისრუტავდნენ "კალმის მაესტროს" გაკვეთილებს.

აღარას ვამბობთ იმათზე, ვინც, ასე ვთქვათ, "დაუსწრებლად" მიიჩნევდა თავს ფლობერის შეგირდად. მათგან მხოლოდ ჯეიმს ჯოისისა და მარსელ პრუსტის დასახელებაც საკმარისია.

თვით დიდი ოსკარ უაილდი კი, თავის რომანში "სალომეა", პირდაპირ იწერდა ფრაგმენტებს ფლობერის ნაწარმოებებიდან!

ფრანგული რომანის დიდოსტატისთვის - ანატოლ ფრანსისთვისაც "შეუმჩნევიათ" კრიტიკოსებს "საეჭვო მსგავსება" ფლობერის სტილისტიკასთან.

ფერწერის ბევრი თეორეტიკოსი კი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ფლობერისეულმა სურათის აღწერის ტექნიკამ თვით მხატვარ-იმპრესიონისტებზეც იქონია გავლენა.

ადრე, "50 წიგნის" პროექტის ერთ-ერთი წიგნის საპრეზენტაციო წერილში გურამ დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" გავიხსენეთ. ახლაც მკითხველსა და ავტორთან ბოდიშის მოხდით, კიდევ ერთხელ საკმაოდ დიდი დიალოგი უნდა მოვიყვანო ამ ბრწყინვალე მოთხრობიდან:

"- ჰოო, აი, ხომ ხედავთ, აპარატიც კი ჩაგრჩათ გულში და... - ისევ დაფიქრებული მიმზერს. - და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე, აი, მაგალითად, თუ წაგიკითხავთ... რომელი ერთი გკითხოთ, უცებ დავიბენი... რომელი ვკითხოთ, კლიმ?

- მადამ ბოვარი, - მოწიწებით წარმოთქვამს კლიმი.

- ჰო, აი, თუნდაც, ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკითხავთ?

- ეეე... არა, - ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ისე შემომცქერის და მეკითხება:

- მაგ პასუხისთვის რომ შეგაქოთ, ხომ არ ვიქნები გულწრფელი?

- არა.

- ჰოდა, მაშინ, არაფერს გეტყვით.

ის ციცქნა კლიმიც კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი, და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი, ვწითლდები:

- აუცილებლად წავიკითხავ.

- ოო, - ამბობს და მხარზე მადებს ხელს, ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის, მოკლედ, შევაყვარე თავი".

აი, ბატონო! კაცმა, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟთაგან თვითონ არის მხატვრული ლიტერატურის ყველაზე დიდი ექსპერტი, უწიგნური ინტერვიუერის "დაკითხვის" დაწყება "მადამ ბოვარით" გადაწყვიტა.

ასე რომ, ჩვენმა მკითხველმაც, რომელმაც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და ფლობერის ეს რომანი ორმოცდაათეულის ლიდერთა შორის შეიყვანა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი დახვეწილი გემოვნება.

გუსტავ ფლობერი 1821 წელს დაიბადა რუანში. მამამისი იმ მხარეში ცნობილი ექიმი იყო... გუსტავს უფროსი ძმა და უმცროსი და ჰყავდა. ოჯახი საავადმყოფოს შენობაშივე ცხოვრობდა, დიდ ბინაში. ბავშვობიდანვე ცნობისმოყვარე და უცნაური მომავალი მწერალი, ღამღამობით თურმე მაღალ ფანჯარაზე ძვრებოდა და საავადმყოფოს პროზექტურაში გვამების გაკვეთას უთვალთვალებდა. ყმაწვილობისას კი ბევრ დროს ატარებდა იმავე საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტებთან, რომლებსაც განსაკუთრებით ჰყვარებიათ იგი.

აი, ასეთი უცნაური იყო ექიმ ფლობერის ვაჟი და არავის გაჰკვირვებია, როდესაც რუანის სამეფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ პარიზში სამართლის შესასწავლად წასულმა სწავლა მიატოვა და მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. მით უმეტეს, რომ მიზეზიც სერიოზული ჰქონდა - მას იშვიათი ფორმის ეპილეფსია აღმოაჩნდა და ექიმებმა ხშირი აბაზანები, ჰაერის გამოცვლა და მშვიდი ცხოვრება ურჩიეს.

მამამისს საექიმო პრაქტიკითაც საკმაო შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ უზრუნველად ცხოვრების ძირითად წყაროს საგვარეულო მამული წარმოადგენდა. სწორედ იქ დასახლდა გუსტავ ფლობერი, თუმცა ჯერ სამოგზაუროდ წავიდა - სამხრეთ საფრანგეთი და იტალია მოინახულა. ზოგადად, მოგზაურობა არ უყვარდა - მამის სიკვდილის შემდეგ, 1846 წელს, საბოლოოდ დასახლდა თავის მამულში დედასთან ერთად და მხოლოდ ერთხელ დატოვა იგი, როდესაც მეგობრის დაჟინებული თხოვნით ეგვიპტეში იმოგზაურა.

"მადამ ბოვარი" ფლობერის პირველი რომანია. თავიდანვე უცნაური ბედი დაჰყვა ამ გენიალურ ნაწარმოებს: 1856 წელს ის ლიტერატურულ ჟურნალში ("რევიუ დე პარი") დაიბეჭდა და მისი ავტორი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა: მას "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფას" აბრალებდნენ.

ნათქვამია, "ზოგი ჭირი მარგებელიაო"  - ფრანგებმა ყოველთვის იცოდნენ ღირებული ნაწარმოებების დაფასება, ოღონდ ცოტა აგვიანებენ ხოლმე. ამ ხმამაღალმა სასამართლო პროცესმა კი (რომელმაც, სხვათა შორის, გაამართლა მწერალი) იმხელა რეკლამა გაუკეთა რომანს, რომ სასამართლოდან ორიოდე თვეში ცალკე წიგნად გამოიცა.

თუმცა ფლობერისთვის არც დიდი ტირაჟის წყალობითY შემოსული ფული ნიშნავდა რამეს (მამულის შემოსავალი ჯერ კიდევ სწვდებოდა ყველა ხარჯს და ნათესავებსაც ეხმარებოდა) და არც დადებითი რეცენზიები. მან თავიდანვე შეიძულა ბურჟუაზია და ცდილობდა ყოველნაირად გამიჯვნოდა მას.

თვით ემა ბოვარის თავგადასავლით, როგორც შემდეგ მოპასანს უთქვამს, მან ფრანგებს დაანახა თავიანთი საზოგადოება და ისიც, რომ გამოსავალი არ არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ განდეგილად ცხოვრობდა და ძალიან იშვიათად ჩადიოდა პარიზში, არასოდეს მოსწყვეტია ლიტერატურულ პროცესებს და როგორც უკვე ვთქვით, ბევრი მომავალი მწერალიც დაემოწაფა.

თუმცა ბევრი მისი ბიოგრაფი დარწმუნებულია, რომ სწორედ ცხოვრების ორომტრიალისთვის თავის არიდება გახდა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად "სალამბოსი" და კიდევ რამდენიმე რომანისა, ახალგაზრდობაში შექმნილი "მადამ ბოვარი" მაინც საუკეთესოდ დარჩა მის პროზაში.