განათლების გ(აუხსნელი) "ფანჯრები" - კვირის პალიტრა

განათლების გ(აუხსნელი) "ფანჯრები"

თქვენ მოჰკალით ძერა? უი, უკაცრავად, То есть კენედი? "სისულელეზე კომენტარს არ ვაკეთებ, კაცო! პრესა წერს, რომ მე კენედი მოვკალი, ვაღიარებ ამას! შეგიძლია დაწერო ხვალ გაზეთში, გამოვიდეს პირველი, რომ შაშკინმა მოკლა კენედი!" - ასე უპასუხა ჩემს კოლეგას განათლების მინისტრმა, როდესაც მან "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან რამდენიმე კითხვა დაუსვა."სისულელე" კი მინისტრის აზრით ის არის, რომ ინგლისური ენის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომლითაც ქართველი ბავშვები სწავლობენ, რუსეთის ბაზრისთვის არის შექმნილი (ამის შესახებ თავად სახელმძღვანელოს ბოლოსწინა გვერდზეა აღნიშნული) და დაპირებული 10 ლარის ნაცვლად 25 ლარი ღირს.

პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების ნაცვლად?

სამწუხაროდ, ჟურნალისტურმა მოკვლევამ ბევრი ასეთი "სისულელე" გამოააშკარავა. მათ შორის ის, რომ წელს გამომცემლებმა სასკოლო სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი განათლების სამინისტროს მოთხოვნით სტამბა "24 საათში" დაბეჭდეს. აღნიშნულ სტამბას წიგნის ბეჭდვის რესურსი არ გააჩნია, ამიტომ მან მხოლოდ შუამავლის როლი შეასრულა და წიგნების ბეჭდვა უცხოურ სტამბებს დაუკვეთა. არადა, გამომცემლობებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და დიდი ხანია, რაც ადგილობრივ თუ უცხოურ სტამბებთან შუამავლების გარეშე თანამშრომლობენ. შესაბამისად, ეს შუამავალიც არაფერში სჭირდებოდათ. განათლების სამინისტროს ხელდასხმულმა შუამავალმა კი გამომცემლებს ხარჯები მნიშვნელოვნად გაუზარდა. თითო სახელმძღვანელოს ბეჭდვა გამომცემლობებს, სულ ცოტა, 20.000 ლარით უფრო ძვირი დაუჯდათ. ზოგმა ორჯერ და სამჯერ მეტიც იზარალა. წიგნების დაბალი პოლიგრაფიული ხარისხი ბეჭდვის ძვირ ფასს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის, შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ მავანმა ელიტური კორუფციის ამ სქემით ხელი გვარიანად მოითბო. სამაგიეროდ, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა 10-მდე ადგილობრივი სტამბა, რომლებიც სასკოლო სეზონისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ და ბანკიდან კრედიტებიც კი ჰქონდათ აღებული, რომ ბეჭდვისთვის საჭირო დანადგარები და პოლიგრაფიული მასალების მარაგები ჰქონოდათ.

სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ამ სტამბების რამდენიმე ასეული თანამშრომელი და შესაბამისად "ვიღაცამ" პირადი ინტერესების გამო, კიდევ ერთი ბიძგი მისცა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ბიზნესმა შესაბამისად ვერც შენატანი (საშემოსავლო, მოგების გადასახადი) გააკეთა სახელმწიფო ბიუჯეტში და არც დღგ გადაიხადა სხვადასხვა პოლიგრაფიულ მასალაზე, იმიტომ, რომ მათი შემოტანა აღარ დასჭირდა. მზა წიგნების იმპორტი კი დღგ-თი არ იბეგრება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა - რამდენიმე ჩინოვნიკის კეთილდღეობას ახლა უკვე სახელმწიფო ინტერესიც ემსხვერპლა. სახელისუფლებო მონოპოლისტის დამკვიდრების რეალური საშიშროება - "ძალა აღმართს ხნავს" პრინციპით, კიდევ ერთ ბიზნესსფეროში გაჩნდა.

მომავალ წელს, ახალი სასწავლო გეგმის ფარგლებში, VII-XII კლასების სახელმძღვანელოების გრიფირება მოხდება და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი სახელმძღვანელოს დაბეჭდვის საჭიროება დადგება. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ კორუფციულ სქემას მომავალი წლისთვისაც სარფიანად გამოიყენებენ "ძლიერნი ამა ქვეყნისა" და თუ ვინმე მათზე "ძლიერმა ამა ქვეყნისამ" არ დაუშალა, ფრთებს კიდევ უფრო ფართოდ გაშლიან.

იყო შენი, გახდება ჩემი!

ჩემი პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ გამომცემლები აქამდე ტაბუდადებულ თემებზე ალაპარაკდნენ. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ყოფილი "ციხის უფროსისგან" უკვე აღარაფერი უკვირთ და სამინისტროს მხრიდან მათ ბიზნესში პირდაპირ "ინტერვენციასაც" ელოდებიან. როგორც ერთ-ერთმა გამომცემელმა მიამბო,

"საქართველოს ფოსტის" ერთ-ერთ თანამდებობის პირს (მოგეხსენებათ, რომ "საქართველოს ფოსტამ" სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ფუნქციაც შეითავსა) ცოტა ხნის წინ ისიც კი უკითხავს: ავტორი წიგნს წერს, სტამბა ბეჭდავს და ეს გამომცემლობები რაღა საჭიროაო. მეორემ კი, მას შემდეგ, რაც ერთი მსხვილი გამომცემლობის სახელმძღვანელოებით სავსე საწყობი იხილა, დაუფარავად აღნიშნა: რა კარგი საწყობი გქონიათ, მომავალ წელს ეს ჩვენი იქნებაო.

"სისულელეზე კომენტარს არ ვაკეთებ, კაცო!"

გამომცემლები იმასაც ამბობენ, რომ ბატონი მინისტრი ქართველ ავტორებს კალამს ხშირად უწუნებს. მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმძღვანელოების შექმნა იგეგმება. ერთ-ერთი გამომცემლობის წარმომადგენელი ასეთ ამბავსაც მომიყვა, რომელიც თავდაპირველად დაუჯერებლადაც მომეჩვენა:

"გამომცემლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მინისტრმა გვკითხა, თუ როგორ ვაპირებდით სახელმძღვანელოების დაწერას არაქართველი მოსახლეობისთვის. ჩვენც მოსალოდნელი პასუხი გავეცით, რომ ჩვეულებრივ, სტანდარტულად ვთარგმნიდით წიგნებს. მინისტრის პასუხმა შოკში ჩაგვაგდო: არაქართველმა მოსახლეობამ ქართული რომ ისწავლოს, წიგნები განსხვავებული მეთოდით უნდა თარგმნოთ - ერთ წინადადებაში სიტყვების ნახევარი ქართული იყოს, ნახევარი კი, მაგალითად, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე დაწერეთო.(?!) ამან გამომცემლები ისე დააბნია, რომ ბევრმა უარიც კი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე".

KvirisPalitra.Geაქ კი მინისტრს უნდა დავესესხო და ეს ამბავი თავიდან მართლა სისულელე მეგონა, მაგრამ ეს ინფორმაცია სხვა გამომცემლობებშიც დამიდასტურეს და დაამატეს: "თავიდან გვეგონა, მინისტრი ბილინგვურ მეთოდს გულისხმობდა, როდესაც ერთდროულად ორენოვანი ტექსტია მოცემული მცირე განმარტებებით, მაგრამ შემდეგ დაგვიკონკრეტა, რომ უნდოდა დაახლოებით ისე შეგვედგინა წინადადებები, როგორც თავად საუბრობს. ასე უფრო იოლად ისწავლიან ეთნიკური უმცირესობები ქართულსო, გვიმტკიცებდა. სახელმძღვანელოების წერა არაქართველი მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ ორი თვის წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ მინისტრის ამ ახირების გამო გაჩერებული ვიყავით. ბოლო ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებმა ძლივს გადაარწმუნეს მინისტრი, უარი ეთქვა ამ უცნაური მეთოდის გამოყენებაზე". თუ სწორად მივხვდი, მინისტრს დაახლოებით ისე სურდა შეედგინათ ავტორებს წინადადებები ტექსტებში, როგორც მე დავწერე დასაწყისში, ოღონდ აზერბაიჯანული, სომხური და სხვა ენების გამოყენებით. ნეტავ ამ სისულელეზე ვინ გააკეთებს კომენტარს?

"ფანჯარაში" დაკარგულები

ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში მინისტრი ამბობდა, რომ 8 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად. შესაბამისად, შაშკინის დაპირებისამებრ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის მოსწავლე საქართველოს მთავრობისგან უფასოდ მიიღებდა სახელმძღვანელოებს. "ეს სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის და მივაღწევთ იმას, რომ მიუხედავად ოჯახის შემოსავლისა, ყველა ბავშვს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრულყოფილი განათლება", - ამბობდა მინისტრი.

ჩემი საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დამიკავშირდნენ და შემომჩივლეს, რომ დაპირებული სახელმძღვანელოები ჯერაც არ მიუღიათ.

ლალი ცქვიტიშვილი, ახალგორიდან დევნილი: "წეროვანის კომპაქტური დასახლების სკოლაში სულ სამი პირველი კლასია და 75 ბავშვი სწავლობს. აქედან 13 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის, მათ შორის ჩემი შვილიცაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეადგინეს სკოლაში სიები, თუ ვინ ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და გვპირდებოდნენ, რომ სახელმძღვანელოებს უფასოდ დაგვირიგებდნენ. ახლა კი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს: ბაზაში აღარ ხართ და წიგნებს ვეღარ მოგცემთო. 13 ბავშვიდან სახელმძღვანელოები მხოლოდ სამს მისცეს, დანარჩენები კი თურმე ვეღარ მოიძიეს ბაზაში. უფროსკლასელი შვილიც მყავს და ყოველ წელს უფასოდ ურიგებდნენ სახელმძღვანელოებს. სასწავლო წლის დასრულებისას სკოლის ბიბლიოთეკაში ვაბარებდით ამ სახელმძღვანელოებს და მომავალ წელს სხვა ბავშვს გადასცემდნენ ხოლმე. წელს კი გასული წლის სახელმძღვანელოები აღარ გამოდგებოდა, რადგან ახალი, გრიფირებული წიგნები დაიბეჭდა.

სკოლის დირექტორმა გვითხრა, წიგნები მხოლოდ სამ ბავშვზე მოვიდაო. ჩემი შემწეობა სულ 78 ლარია, სხვა შემოსავალი არა მაქვს. წიგნების კომპლექტი კი 75 ლარი ჯდება. ტელევიზიით კი გამოცხადდა, რომ პირველკლასელის სრული კომპლექტი 46 ლარი ღირს. ვისთვის ღირს 46 ლარი, საინტერესოა? რატომ არ მოგვცეს წიგნები, არავინ იცის. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა წლის ბოლოს დაგვირიგონ, მანამ კი ვერავინ გვცემს პასუხს, რით უნდა ისწავლონ უწიგნოდ დარჩენილმა ბავშვებმა. ეს რომ მცოდნოდა, იმ ჩემი შემწეობიდან დანაზოგს გავაკეთებდი, თუნდაც ხუთ ლარს გადავდებდი თვეში და ბავშვს ამ დღეში არ ჩავაგდებდი. ჩანთები და სკოლის ფორმა დაურიგეს სკოლაში, რომელიც მეოთხე კლასში თუ ექნება კარგად. წლების წინ შეკერილი ფორმებია. ეტყობა, მაშინ ვერ გაასაღეს და დევნილები ახლა ძონძებით მოიმადლიერეს. ან ვის რაში სჭირდება სკოლის ფორმა, როცა მისი ტარება სავალდებულო არ არის".

ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში კი უკვე დარიგებული წიგნები უკან დააბრუნებინეს უმწეოებს. "სამი შვილი მყავს და სამივე სკოლის მოსწავლეა. სამი წელია, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს და ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო, სახელმძღვანელოების ყიდვა რომ არ მომიწევდა. ასეც მოხდა, 15 სექტემბერს წიგნები სამივე ბავშვს უფასოდ გადასცა სკოლამ, ორი კვირის შემდეგ კი სკოლის დირექტორმა გამოგვიცხადა, რომ სახელმძღვანელოები უკან უნდა დაგვებრუნებინა. როგორც ამიხსნეს, რაღაც ტექნიკური შეცდომა ყოფილა, თქვეს "თქვენი ფანჯარა არ გაიხსნაო", წადი და გაარკვიე, რას გულისხმობდნენ. ფაქტია, რომ სახელმძღვანელოები ჩამოართვეს ბავშვებს. ზოგმა აღარ დააბრუნა უკან და სკოლის დირექციამ თქვა, ეს ფული ახლა ჩვენი გადასახდელი იქნებაო. თვითონაც ძალიან ნერვიულობდა სკოლის დირექტორი, მაგრამ ასეთ დღეში ბევრი მისი კოლეგა ყოფილა. წიგნები არასაკმარისი რაოდენობით მოვიდა თურმე განათლების სამინისტროდან და ახლა პასუხს სკოლის დირექტორებს სთხოვენ: სიები არასწორად გადმოგვეცითო. მე ახლა ის მაწუხებს, ბავშვებს წიგნები როგორ უნდა ვუყიდო. დაახლოებით 300 ლარი მაინც მჭირდება, რომ ყველა წიგნი შევუძინო შვილებს. ოჯახში არავინ ვმუშაობთ და მხოლოდ სოციალური დახმარების ხარჯზე ამის გაკეთება წარმოუდგენელია", - მითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი პრობლემები საქართველოს მასშტაბით სხვა სკოლებშიც არის. როგორც ჩანს, განათლების სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმძღვანელოების არასაკმარისი რაოდენობა შეისყიდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად წავიდა და რაში დაიხარჯა წიგნების შესაძენად გამოყოფილი 8 მილიონი, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმძღვანელოების გარეშეა დარჩენილი? კონფიდენციალური წყაროს ცნობით, განათლების სამინისტრო ახლო მომავალში დანაშაულის გადაბრალების მარტივ ხერხს მიმართავს - ხელს სკოლის დირექტორებს შეახოცავენ და სამსახურიდან გათავისუფლებით სამაგალითოდ დასჯიან.

ვინ შეჭამა 8 მილიონი

მანანა ნიკოლაიშვილი, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განათლების საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი: "როგორ შეიძლება, რომ მთელ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარო. განა ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ყველა სახელმძღვანელოს ერთი და ზოგჯერ მეტი დამხმარე რვეული მოჰყვება, რაც ჯამში 10 ლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ყველა საგანშია დამხმარე რვეული და ეს ისეთივე აუცილებელია, რომ მის გარეშე სახელმძღვანელო გინდ გქონია და გინდ არა. განათლების სამინისტროს დემაგოგიური განცხადებების შემდეგ, რომ წელს წიგნის ფასი სხვა წლებთან შედარებით იაფია, ავდექი და შევისწავლე ახალი და ძველი სახელმძღვანელოები, მათი ფასები. გაოგნებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სახელმძღვანელოები უბრალოდ აიღეს და გაჭრეს შუაზე, რომ ერთი წიგნის ფასი 10 ლარზე მეტი არ ყოფილიყო. ფაქტობრივად, ორი ყდა გაუკეთეს. ერთსა და იმავე საგანში პირველ სემესტრში ერთი წიგნით რომ ისწავლის ბავშვი და ღირს, მაგალითად, 8,50 ლარი, მეორე სემესტრში მეორე წიგნი აქვს საყიდელი და იგივე ფასი უნდა გადაიხადოს. მაგალითად, მაღლაკელიძის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოს ერთი სრული კომპლექტი III-IV კლასელებისთვის 33 ლარი ჯდება. არც ერთ წელს სასკოლო სახელმძღვანელოები ასეთი ძვირი არ ყოფილა, როგორც წელს! თითო ერთეულზე ფასი საშუალოდ 2-3 ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება ინგლისური ენის "მაკმილანის" სახელმძღვანელოს, სრული კომპლექტისთვის საჭიროა, რომ სახელმძღვანელოს ახლდეს სამუშაო რვეული, გრამატიკა, ლექსიკონი, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, აუდიო, ჩD-დისკი და პოსტერების რვეული. ინგლისური ენის სკოლის მასწავლებლებს ვესაუბრე. მათ დაჰპირდნენ, რომ ყველა საჭირო მეთოდური სასწავლო მასალით უზრუნველყოფდნენ, მაგრამ მოატყუეს. პედაგოგები, რომლებსაც უმაღლესი ქულები მიანიჭეს სასერტიფიკაციო გამოცდებზე, ამბობენ, რომ ინგლისური ენის გაკვეთილზე ბავშვებთან, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით უწევთ მუშაობა.

ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი მონოპოლიურად, ერთ სტამბას - "24 საათს" უნდა დაებეჭდა. რა თქმა უნდა, გამიჩნდა ლოგიკური კითხვა, რომ სტამბა, რომელსაც მხოლოდ გაზეთის ბეჭდვის სიმძლავრეები აქვს, წიგნებს როგორ დაბეჭდავდა? ასეც ვიცოდი, რომ ეს დამატებითი თავსატეხი გახდებოდა გამომცემლობებისთვის და მათ დამატებით ხარჯებს "შეაწერდნენ". იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს წიგნების ბეჭდვის სუბსიდირება მოეხდინა, ფაქტობრივად, მოგების წილში ჩაუჯდა გამომცემლებს და ფულის კეთება გააჩაღეს სასკოლო სახელმძღვანელოებზე.

შედეგად მივიღეთ ის, რომ წიგნი გაიაფების ნაცვლად გაძვირდა. გაუგონარი ამბები მესმის მას შემდეგ, რაც სასწავლო წელი დაიწყო. სოციალურად დაუცველებს წიგნები ან არ მისცეს, ან მისცეს და შემდეგ ისევ წაართვეს: არ გეკუთვნოდათო. რამდენიმე შემთხვევის გამო მე პირადად დავურეკე განათლების სამინისტროს, მაგრამ პასუხი ფაქტობრივად ვერ მივიღე. ამბობენ, მონაცემები ბაზიდან ამოვარდაო. როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მონაცემები ბაზიდან გაქრეს. არნახული ელიტური კორუფციაა განათლების სამინისტროს სისტემაში გამეფებული. სოციალური პროგრამები ფულის კეთების საუკეთესო საშუალებაა. ვინ არის გამკითხავი, ვინ იცავს ამ ბავშვების უფლებებს?! ეტყვიან, არ გაძლევთ წიგნებს და მორჩაო.

მშობლებმა პრეზიდენტსაც კი მისწერეს წერილი, რომ მათი შვილები სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ. დარწმუნებული ვარ, წერილი პრეზიდენტამდე არც მიაღწევს. თუ არ შეისყიდეს ეს წიგნები, სად არის ის 8 მილიონი? თუ იყიდეს, მაშინ წიგნები სად არის? ვინ მიითვისა ეს ფული?

თქვენ იცით, რომ წარჩინებული მოსწავლეების დიდ ნაწილს საპრეზიდენტო პროგრამით - "ჩემი პირველი კომპიუტერი" - გათვალისწინებული  პორტატიული კომპიუტერიც არ მისცეს?

ხელისუფლება ისე ამაყად ამბობს, ჩვენთან კორუფცია არ არისო, რომ არც კი რცხვენია. განათლების სისტემაში მხოლოდ მისაღები გამოცდების დროს კეთდებოდა ფული? კარგად მოიკითხოს პრეზიდენტმა, რა ხდება განათლების სამინისტროში, თორემ ისე მოუვა, - მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენაო".

P. S. რაც დრო გადის, მით მეტი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. განათლების სამინისტროსთან დაკავშირება არაერთგზის ვცადეთ, კითხვები წერილობითაც გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ამ ბოლო დროს კი ჩვენს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ. ან რა უნდა გვიპასუხონ, როცა ისედაც ყველაფერი ნათელია!