ფრაზა, რომელმაც დიდი ხნის საიდუმლო გაამჟღავნა - კვირის პალიტრა

ფრაზა, რომელმაც დიდი ხნის საიდუმლო გაამჟღავნა

სისხლის ყივილმა წაშლილი ნაკვალევი აღადგინა

"ერთმა ისიც მითხრა, -  სად მიდიხარ, საქართველოში ხალხს ხოცავენო. სულაც რომ მოვკვდე,

მაინც უნდა წავიდე-მეთქი..."

რამდენიმე დღის წინ ახლობელმა ნიკა სიფრაშვილმა ისეთი კარგი რამ მიამბო, თვალები მასაც უბრწყინავდა და მეც. თხრობა რომ დაასრულა, ვთქვი: არაფერი უნდა გაგიკვირდეს, ღმერთს რაც უნდა, თავისით ხდება-მეთქი. ასე რომ არ იყოს, როგორ შეიძლება ბებიის ერთმა ფრაზამ სადღაც,  გადაკარგულში უახლოესი სისხლი აღმოგაჩენინოს, მერე ამ სისხლისა და ხორცისკენ გაიწიო, გულმა გული იცნოს, სამშობლო აპოვნინო, შეიყვარო და თავიც შეაყვარო. შემდეგ კი, ვიდრე იცოცხლებ, ეს სიყვარული ატარო და ერთ დროს სევდიანი ისტორია დღესასწაულად აქციო. ახლა ყველაფერს მოგიყვებით, მანამდე კი ნიკას დიდი ბაბუის საუკუნის წინანდელი სახლი შევაღოთ ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორში...

KvirisPalitra.Ge- იმით ხომ არ დაგვეწყო, ზუსტად საუკუნის წინ 1911 წელს, მსხალგორში შენი დიდი ბაბუა რომ დაიბადა?

- და როგორც საუკუნის შემდეგ  მითხრეს, მართლა კარგი დიდი ბაბუა მყოლია, გრიგოლ სამხარაძეს "ნიჭიერა გრიგოლს" ეძახდნენო. მაგრამ ხომ იცით, ნიჭიც და ბედნიერებაც ხშირად ერთად არ ეძლევა კაცს. ჯერ თურმე რომელიღაც დაავადებამ 5 და-ძმა დაუხოცა და თავად ცალი თვალით დააბრმავა. მოკლედ, ერთ დილას გრიგოლის ქალიშვილმა, დედაჩემის დედამ, ჩემმა 80 წლის ვენერა ბებიამ გაიღვიძა და თქვა, - ციმბირში და-ძმა უნდა მყავდეს, ბიჭი 23 წლით უმცროსი უნდა იყოს ჩემზე, გოგო - 21-ით, ბიჭს როსტომი უნდა ერქვას, გოგოს - ლამარაო. სახტად დავრჩით, როგორი ამბავია?! მოკლედ, დაჯდა კომპიუტერთან ბიძაჩემი და ეძება "სამხარაძე" "ოდნოკლასნიკებში". 26 წლის რუსი გოგონა გამოეხმაურა კნასნოიარსკიდან, - როსტომის შვილის ყოფილი ცოლი ვარ, დავშორდით, მაგრამ იმდენად შემიყვარდა ქართველები, შვილს ქართველად ვზრდი და ქართული გვარიც დავიტოვე, მეც ხომ ჩამთვლით ნათესავადო. ბიძაჩემმა - აბა, რას ვიზამთ, თანაც ჩვენი გვარის გამგრძელებელი  გვყოლიაო. ამ გოგონამ მიგვაგნებინა ამ ხალხისთვის.

- ბებიამ რატომ არ გაამხილა ეს ამბავი ამდენ ხანს?

- ბებიაჩემი ძლიერი ქალია, ამ ამბავსაც დიდხანს ინახავდა გულში...

ერთი სიტყვით, გრიგოლ სამხარაძეს ახალგაზრდობის მიუხედავად, სოფელში ყველა ჭკუას ეკითხებოდა. ასეთი 37 წელში ვის რად სჭირდებოდა და ციმბირში უკრეს თავი. 26 წლის კაცს ცოლი და  ქალიშვილი უპატრონოდ დარჩა. ათი წლის შემდეგ გრიგოლი დაბრუნდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ გადაასახლეს, ამჯერად სამუდამოდ...

ძნელი დასაჯერებელი კია, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო, რომ კრასნოიარსკში ეს პატიმარი კაცი ლიმონათის ქარხნის დირექტორად დაუნიშნავთ და მასთან ჭკუის საკითხავად იქაც მთელი ქალაქი დადიოდა თურმე. მერე გრიგოლმა კრასნოიარსკში გერმანელი ქალი შეირთო ცოლად და როსტომი და ლამარაც დაიბადნენ.

- მერე  აღარასოდეს დაბრუნებულა?

-დაბრუნდა. მეტიც, როსტომისთვის მოუკიდია ხელი და ბებიაჩემთან ჩამოუყვანია, - დაგიტოვებ, ვენერა, შენს ძმას, მინდა, ქართველად გაიზარდოს, როცა გამათავისუფლებენ, მეც სამუდამოდ ჩამოვალო.

- ბებიამ არ მიიღო?

- ვერ მიიღო. რომ ვეკითხებით, რატომ მოიქეცი ასეო, ორ მიზეზს ასახელებს, - ჯერ ერთი, უკვე ძმის ტოლი შვილები მყავდა, და მეორეც: თუ მამაჩემს ვჭირდებოდი, სხვანაირად უნდა მოქცეულიყოო... მოკლედ, ვერ  აპატია ბებიაჩემმა მამამისს მეორე ოჯახის შექმნა. თუმცა, მოგვიანებით სინანულის გრძნობა გაუჩნდა, ამიტომაც ყველაფერს ფარდა ახადა და საიდუმლო გაგვიმჟღავნა. საქმე ის არის, რომ 1965-წელს და-ძმას მაინც მოუწერია წერილი ბებიასთვის. მას კი წაუკითხავად დაუხევია, მაგრამ კონვერტი შეუნახავს, ეტყობა, - მისამართისთვის... ახლა კი, როცა ბებიაჩემის და-ძმა ჩამოვიდა,  ბებიამ როსტომი ჩაიხუტა და ატირდა. რუსული ხომ არ იცის, მაგრამ ქართულად ელაპარაკებოდა, - ვიცი, ჩემზე ნაწყენი ხარ, თავის დროზე ხელი რომ გკარი, თუ შეგიძლია, მაპატიეო...

- დანარჩენები როგორღა შეხვდით ამ ხალხს?

- როგორ უნდა შევხვედროდით? ტრაპზე რომ დავინახე უცნობი ქალი ჩამოდის და ბებიაჩემს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, ოღონდ უფრო ახალგაზრდაა, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა? თანაც ლამარას ზუსტად ბებიაჩემისნაირი ხასიათი აღმოაჩნდა - ძლიერია, ნიჭიერი და ენერგიული. კრასნოიარსკში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის უფროსია. ეტყობა, თავისი ხასიათით მართავს ამხელა კომპანიას, თორემ ეს საქმე ქალისთვის იოლი არ არის... როსტომი ჰესებს აშენებს. მას ქალ-ვაჟი ჰყავს, ლამარას - ვაჟი. მამას ერთადერთი თხოვნა ვერ შევუსრულეთ, ქართულად ვერ ვლაპარაკობთ, მაგრამ ისე შეგვაყვარა საქართველო, დღე არ ჩაივლიდა, საქართველოზე არ გვეფიქრაო...

...და ლამარაც მოვიდა რედაქციაში.

KvirisPalitra.Ge- ფიქრით სულ საქართველოში ვიყავი. ისე მინდოდა ჩემი დის გაცნობა, შეუძლებელი იყო, უფალს ეს სათხოვარი არ შეესრულებინა. კრასნოიარსკში ქართველი მოძღვარი მყავს. ეკლესიაში რომ მივედი და მისი ქართული აქცენტი შემომესმა, არც მიფიქრია, ისე მივუახლოვდი, - ქართველი ხართ-მეთქი? მან დამლოცა წამოსვლის წინ... ბევრი მეუბნებოდა, სად მიდიხარ, რა საფრთხეში იგდებ თავსო. ერთმა ისიც მითხრა, - ფრთხილად იყავი, საქართველოში ხალხს ხოცავენო. სულაც რომ მოვკვდე, მაინც უნდა წავიდე-მეთქი. აქ რა მომკლავს, რომ მოვდიოდი, მარტო დის სახელი ვიცოდი და იმდენი ჩემიანი ვნახე, ბედნიერი მივდივარ, ვერ ავწერ, რა სითბო და სიყვარული მიმაქვს... დამშვიდობებისას შემთხვევით შევესწარი - ჩემი და მარტო იჯდა და ტიროდა. დამინახა და გაჩერდა - კარგი, შენ რომ წახვალ, მერე ვიტირებო.

P.S. ...და სამხარაძეები უკვე წავიდნენ. ისევ გადასერეს სამსაათიანი ცა, რომლის ქვეშ დარჩა ნამდვილი სამშობლო და სისხლი, რომელიც მუდამ გეძახის...