გაიცანით ნიკა - ცელქი, მოუსვენარი, მებრძოლი სულის პატარა ბიჭი - კვირის პალიტრა

გაიცანით ნიკა - ცელქი, მოუსვენარი, მებრძოლი სულის პატარა ბიჭი

"პატრიარქმა ნიკას ჯვარი აჩუქა. სულ ეფერება, - ნიკოლოზ, რა გახარებული სახე გაქვსო

და გულში იხუტებს"

ნიკოლოზ ჩლაიძე 10 წლისაა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბიჭია, გულღია და ღიმილიანი.  "აგვისტოს 5 დღეში" არის ეპიზოდი, როდესაც ქორწილის დროს ბომბი ფეთქდება, ნიკას ფეხებს ჰგლეჯს და სისხლისაგან იცლება. ამ ფილმში მისი მოხვედრა ექიმ გუტა ვაშაძის დამსახურებაა. რენე ჰარლენს ეპიზოდისთვის კიდურებმოწყვეტილი ბავშვი სჭირდებოდა...

სოფო გულიკაშვილი, ნიკას დედა: "ფეხმძიმობის მეექვსე თვეში მუცელი მომეშალა. საკეისროთი მამშობიარეს. ნიკა ტყუპისცალია. მის ტყუპისცალს ფილტვები არ გაეხსნა და სამი დღის მერე დაიღუპა. Nნიკა თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა. მუხლის სახსრები, ძირითადი წვივისა და ქუსლის ძვლები არ ჰქონდა. წლინახევრის იყო, როდესაც გადავწყვიტე, მისთვის ფეხების ამპუტაცია გამეკეთებინა. მარწმუნებდნენ, 13 წლამდე დაველოდოთო, მაგრამ არ მინდოდა ჩემს შვილს ხსომებოდა, რომ დაიძინა, გაიღვიძა და ფეხები არ ჰქონდა. წამითაც არ ვნანობ. მინდოდა ჩემი შვილი უკომპლექსო გაზრდილიყო და ცხოვრების ყველა ეტაპი გაევლო...

KvirisPalitra.Geსამი წლის იყო, როდესაც წითელ ჯვარში დაუმზადეს პროთეზი. მძიმე განცდა მქონდა, რომ დავინახე - ტერფები უკან ჰქონდა. როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს, თურმე ასეთი პროთეზი მზადდება. ნიკამ უფორმო რაღაც რომ დაინახა, ატირდა. ორი კვირა არ გაეკარა. მერე როგორც იქნა, ჩავაცვი, მაგრამ ძალიან უხეში იყო და ფეხები დაუსისხლიანა. "ორთოჯორჯიაში" რომ მივედით, ველოდი, რომ პროთეზი ისეთივე იქნებოდა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლებოდა ძველ პროთეზთან. მათ ახალი ბოტასები უყიდიათ, პროთეზისთვის მოურგიათ და ისე მოიტანეს. ეს ჩემიაო, შესძახა ბავშვმა და სიხარულისაგან ატირდა. ეს პროთეზი გაცილებით მსუბუქია. ამიტომ ნიკა იოლად შეეჩვია".

გუტა ვაშაძე, კლინიკა "ორთოჯორჯიის" დირექტორი: "6 წელია ნიკა ჩვენთან დადის. მას ძვირად ღირებული გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული სილიკონიანი პროთეზები უკეთდება. ორივე ფეხის პროთეზი 13 ათასი ლარი ღირს. რადგან მოზარდია, ყოველწლიურად სჭირდება პროთეზის და ცალკეული დეტალის გამოცვლა. ბავშვი იმდენად აქტიურია, ხშირად უფუჭდება დეტალები. ზოგს ჩვენ ვუკეთებთ. ძალიან ეხმარება ქალაქის მერია, მამუკა ქაცარავაც, რომელსაც ჩვენსავით ნაშვილები ჰყავს ნიკა. სულ ვეძებთ სპონსორებს ნიკასთვის. ახლა სჭირდება პროთეზის ხშირად გამოცვლა, თორემ ზრდასრული რომ გახდება, მერე რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი პროთეზი ექნება".

სოფო გულიკაშვილი: "პირველი კლასი ნიკამ სასულიერო გიმნაზიაში გაიარა. ტრანსპორტში ხშირად 40-45 წუთის განმავლობაში ფეხზე მდგარა. ახლა სახლთან კერძო სკოლაში დადის, მეხუთე კლასშია. მე არ ვმუშაობ და წელს ყველა წიგნი ვერ ვუყიდეთ. ერთი სახელმძღვანელოც არ მიუცია განათლების სამინისტროს, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები ვართ.   PSP-მ ნიკას კომპიუტერი აჩუქა და რადგან სახლში ეს ნივთი ნახეს, მაღალი ქულები ამიტომ დაწერეს. ახლა ეს კომპიუტერი გაფუჭდა, მაგრამ სანამ მეორე შემოწმება არ იქნება, ნიკა წიგნებს საჩუქრად ვერ მიიღებს.(?!)

რამდენიმე წლის წინ პროთეზის დეტალები დაუპატარავდა და ბავშვს ბარძაყის ძვალი სტკიოდა. დახმარება "სოკარს" ვთხოვეთ. 3 ათასი ლარი გადმოგვირიცხეს და დეტალი გამოვცვალეთ. ერთხელ პატრიარქი დაგვეხმარა პროთეზის დეტალის შეცვლაში. ნიკა ისეთი აქტიურია, როდესაც პროთეზი გაუფუჭდება ან დაუპატარავდება "ფეხების" გარეშეც ჩადის სტადიონზე და ფეხბურთს თამაშობს. ისეთი მოუსვენარია,  ხან ბურთს თამაშობს, ხან ხელების დაუხმარებლად დარბის. მეხვეწება, მკლავჭიდზე მატარეო. სულ ძნელად მისაღწევ რამეებს ეჭიდება, ძალიან მებრძოლი ბუნებისაა. ახალ სკოლაში რომ გადაგვყავდა, მასწავლებელს ვუთხარი, ნიკა განსაკუთრებულ პირობებში არ ჩააყენოთ, ისევე დასაჯეთ, როგორც სხვები. არ მინდა ვინმეს ებრალებოდეს-მეთქი. ხშირად ავად ვარ და ნიკა მეხმარება. მაღაზიაში მეგზავნება, სადილსაც იმზადებს, თავისი კუთხე მუდმივად მოწესრიგებული აქვს.  სამებაში ყოველ კვირას დავდივართ. ნიკა საკურთხეველში შეჰყავთ და პატრიარქი ლოცავს".

ნიკასთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯვარი უჩუქებია. ნიკა მიმხელს: "უწმინდესმა მითხრა, მეცნიერი გამოხვალო. მათემატიკა მიყვარს, რუსული ტელევიზორით ვისწავლე. მხატვარიც მინდა გამოვიდე, მკლავჭიდის მასწავლებელიც და მზარეულიც. ოთხივე გამოვალ, თუ შევძლებ".

სოფო გულიკაშვილი: "ნიკა ერთხანს ამბობდა, გუტა ექიმი მინდა გამოვიდე, ბავშვებს ფეხები უნდა გავუკეთოო. ბატონი გუტაც ჰპირდება, ჩემს ადგილს შეგინახავო.

KvirisPalitra.Geქუჩაში თუ ვინმეს ჩემი შვილისთვის თბილად შეუხედავს, ყველას თვალები მახსოვს. თვითონაც ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. მიხარია, როდესაც ნიკაზე ამბობენ, რა ლამაზი ბავშვიაო. წლების უკან რომ დამაბრუნონ, არაფერს შევცვლიდი. უფლის ნება იყო ყველაფერი. როგორც დედა, ვატარებ ამ ჯვარს. პატრიარქი სულ ეფერება, - ნიკოლოზ, რა გახარებული სახე გაქვსო და გულში ჩაიხუტებს ხოლმე.

ბორჯომში ვიყავით ინვალიდ ბავშვებთან ერთად. ტაძარში ერთი ბერის საფლავთან მივედით სალოცავად. Mნიკამ მთხოვა, დედა, ყველასთვის ილოცე და მერე ჩემთვისო. რადგან ნიკას გადაადგილება უჭირს, Mმანქანის მართვა ვისწავლე, იქნებ ოდესმე ავტომობილი შევიძინოთ და ჩემი შვილის მძღოლი ვიქნები-მეთქი. გამოცდაზე რომ გავედი, თავს ვუთხარი, სოფო, ამას ნიკასთვის აკეთებ-მეთქი. ისე გავატარე მანქანა, რომ პირველ ცდაზევე მითხრეს, ჩაბარებული გაქვთო. ნიკა ძალას მაძლევს, ის რომ არა, ასეთი ვერ ვიქნებოდი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შესთავაზა და ნიკას სტიქაროსნობა უნდა. თავიდან თქვა, ჯერ მზად არა ვარო. რომ ჩავეკითხე, რას გულისხმობდა, სტიქაროსანი რომ ვიქნები, არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეო.  ნიკა ყოველ საღამოს ლოცვებს კითხულობს და მე და ჩემს მეუღლეს პატრიარქის ნაჩუქარ ჯვარზე გვამთხვევინებს ხოლმე. ამას წინათ უწმინდესმა უნარშეზღუდული ბავშვები დალოცა. Mნიკამ მაშინ მითხრა, მგონი, უკვე დროა, სტიქაროსანი გავხდეო.

ხშირად ავად ვარ, მაგრამ სულ ვფიქრობ, უფალი არ გამწირავს, რადგან ნიკას ვჭირდები-მეთქი. ერთხელ ისიც კი მითხრა ნიკამ, უშენოდ ვერ ვსუნთქავო. მართლაც ასეა. წუთითაც არ ყოფილა ჩემ გარეშე.

"აგვისტოს 5 დღის" გადაღებისას ეპიზოდს, სადაც ნიკა მონაწილეობდა, 4 საათი იღებდნენ. ძალიან ციოდა, ნიკა კი ამ ხნის განმავლობაში იწვა ჩაუცმელი და "გასისხლიანებული". რენე ჰარლენს უთქვამს ნიკასთვის, გაოცებული ვარ. შენგან ძალიან კარგი მსახიობი დადგებაო და 100 ლარი მიუცია.

ნიკასთვის დედმამიშვილი ორივე კიდურის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ გაჭირვების გამო ვერ გავაჩინე მეორე. არც შემოსავალი გვაქვს და არც ბინა. ნიკას საწერი მაგიდაც არა აქვს, ჟურნალების მაგიდასთან ამზადებს დავალებებს".

გუტა ვაშაძე: "თქვენს გაზეთში დაბეჭდილს ყოველთვის დიდი რეზონანსი აქვს. როდესაც არმაზელი ბავშვებისთვის კორსეტი და ორთეზი დავამზადეთ, ვინ აღარ დამირეკა... ნიკაზე რომ დაიწერება, იმედი მაქვს, ანგარიშზე თანხას ჩაურიცხავენ. Mნიკას ოჯახი მერვე სართულზე ცხოვრობს სხვის ბინაში. სადარბაზოში ხშირად ლიფტი არ არის, ბავშვი ფეხით ადი-ჩამოდის. იქნებ ნიკას ვინმე დაეხმაროს, რომ მის ოჯახს პირობები გაუუმჯობესდეს".

მიმღების ბანკი: საქართველოს ბანკი;

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: ჩლაიძე ნიკოლოზი

მიმღების ნომერი: GE26BG0000000482130500