სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში

წავიკითხე თქვენი ახალი რუბრიკა და მეც გამიჩნდა სურვილი მომეწერა.

ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მალევე გავთხოვდი. შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით... მოგვიანებით კი თავი იჩინა უსიამოვნო ფაქტმა - შვილი არ გვიჩნდებოდა. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ უშვილობის მიზეზი ვერ დაგვიდგინეს. ძალიან ვდარდობდით, მაგრამ... ასე გავიდა 11 წელი. ბოლოს, იმედგადაწურულებმა გადავწყვიტეთ ბავშვი აგვეყვანა. ჩასაფრებული ვიყავით, თუ სადმე გასაშვილებელი ბავშვი გამოჩნდებოდა, მაშინვე მივდიოდით, მაგრამ, მოგეხსენებათ, ბავშვის აყვანა ასე იოლი არ არის... ერთხელ ჩემმა ნათესავმა მკითხა, ჯვარი თუ გაქვთ დაწერილიო? არ გვქონდა. მირჩია, დაგვეწერა...

ამის შემდეგ კი მოხდა სასწაული - 4 თვეში დავფეხმძიმდი! ჩემი ვაჟი ივლისში გაჩნდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიხარული სუფევდა ჩვენ გარშემო... გიორგი ჯანმრთელი დაიბადა და იზრდებოდა როგორც ყველა ბავშვი, ერთი განსხვავებით - სულ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული და ნახატებს ათვალიერებდა. ისეთ შეკითხვებს სვამდა, გვიკვირდა. 2 წლის იყო, როცა მკითხა:  - პირველი ადამიანი როგორ გაჩნდა და ვინ იყოო. როდესაც გიორგის 7 წელი შეუსრულდა, უამრავი სტუმარი დავპატიჟეთ... გვიან დავწექი და დაქანცულს მალევე ჩამეძინა... ვხედავ, საწოლის თავთან მელნისფერ სამოსში გამოწყობილი კაცი დგას. ცოტა ხანს მიყურა, მერე გიორგისთან მივიდა, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. - სად მიგყავს-მეთქი, ვკითხე. - გიორგი ჩემთან იქნებაო, მიპასუხა და წაიყვანა... ძილშივე უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. მერე  გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. მას შემდეგ სულ შიში მქონდა, ჩემს შვილს რამე არ შემთხვეოდა. ამ განცდით გავატარე 14 წელი... გიორგიმ ინსტიტუტი დაამთავრა. როგორც ბავშვობაში, თავი ისევ სულ წიგნებში ჰქონდა ჩარგული, ოღონდ ახლა სასულიერო ლიტერატურას ეცნობოდა დიდი ინტერესით. ერთ საღამოს კი გამოგვიცხადა, რომ მონასტერში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. გულმა რეჩხი მიყო, ვკითხე, რამდენი ხნით-მეთქი, სამუდამოდო და თავი ჩაღუნა. ხმა ვერ ამოვიღეთ. მერე ტირილი დავიწყე და ოთახიდან გავედი. ვერ ვეგუებოდი გიორგის გადაწყვეტილებას. ჩემი მეუღლეც დადარდიანდა. გვინდოდა რძალი, შვილიშვილები, მაგრამ ამას პირი არ უჩანდა... გიორგი მონასტერში წავიდა. რა გაეწყობოდა, შევეგუეთ ამ ფაქტს. იმ დღიდან გიორგი შინ აღარ დაბრუნებულა და როდესაც პირველად, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს ჩავაკითხეთ, გაოცებისგან შევკივლე - წინამძღვარს, რომელიც წირვას ატარებდა, სწორედ ისეთი მელნისფერი შესამოსელი ეცვა, წლების წინ სიზმარში რომ ვნახე... მან ჩემი გიორგი წაიყვანა...

დილით ღამის ცვლიდან პირდაპირ სახლში წავედი. მინდოდა ბაზარში გავლა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი. მეუღლემ ჩვენი 2 წლის ანანო კარშივე მომაჩეჩა და თვითონ სამსახურში წავიდა. ბავშვი ვასაუზმე, მერე სათამაშოები დავუყარე და იქვე სავარძელში ჩავჯექი. ვიფიქრე,  ცოტას მაინც დავისვენებ-მეთქი. ჩამეძინა. არ ვიცი რა დრო გავიდა. უცებ მამაკაცის ხმა ჩამესმა - ჩქარა! აივანზე! ანანო! გამეღვიძა, ანანო ოთახში აღარ დამხვდა. გავვარდი აივანზე და ვხედავ ბავშვი მოაჯირიდან ნახევრად გადაწეულია. არ მახსოვს, როგორ მოვახერხე და მოვასწარი ხელი მეტაცა მისთვის. ბავშვი გულში ჩავიკარი და ტირილი ამივარდა, სულ ვცახცახებდი. მერე ვიგრძენი, რომ გული მიმდიოდა. ვიფიქრე, ეს რომ დამემართოს ბავშვს რა ეშველება-მეთქი და თავი დავძლიე, როგორღაც მაცივრამდე მივედი და სახეზე ყინულები მივიდე. მერე დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო. რამდენიმე დღე დამჭირდა, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის...

ახლა ანანო 3 შვილის დედაა. არ ვიცი, რა იყო მაშინ, გამოცხადება თუ სასწაული, მაგრამ მან ჩემი ერთადერთი ანანო გადამირჩინა.

მოგვწერეთ თქვენი ცხოვრების სასწაულები, თავს გადახდენილი დაუჯერებელი ამბები, ჩვენ კი სიამოვნებით დავბეჭდავთ.

წერილები მოგვწერეთ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით ან რუბრიკის ავტორს გაუგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: Lukaieni@yahoo.com