ახალი ერა ბერასგან?! - კვირის პალიტრა

ახალი ერა ბერასგან?!

რას მოიტანს "კლიპების ომი" ქართულ შოუბიზნესში?!

'"პუბლიკა შოკშია", - ბერა ივანიშვილის ახალ მუსიკალურ კლიპში გაჟღერებული ეს ფრაზა ზედმიწევნით ასახავს იმ ემოციას, რომელიც ივანიშვილების პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას მოჰყვა საქართველოში. ხარობს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგა ხანია უპირისპირდება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს. ბრაზობენ ხელისუფლების მომხრეები, ისინი, ვისთვისაც მიშა კვლავინდებურად მაგარია. თინეიჯერი ბერა ივანიშვილი კი, მილიარდერი ბიზნესმენის ერთ-ერთი ვაჟი, ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს: "ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული, ეს ოცნებაა ქართული". შეკრავენ თუ არა ივანიშვილები ერს და დაიწყება თუ არა ახალი პოლიტიკური ერა საქართველოში? ახალი ერა უკვე დაიწყო - მუსიკალური კლიპის გაშვება დაიბლოკა ქართულ ტელევიზიებში. სამაგიეროდ, მასშტაბური პრეზენტაცია შესაძლებელი გახდა "ფეისბუკში". ივანიშვილები კი ახალ ერას ბრძოლის ახალი მეთოდებითა და ახალი ტექნოლოგიებით იწყებენ. მოწინააღმდეგეს აფრთხილებენ, რომ მოდიან დიდი ხნით: "გირჩევ, შემეგუო, მოვედი დიდი ხნით", -  ამბობს ბერა. აშკარაა, როგორც სიმღერის ტექსტი, ასევე კლიპის შინაარსი ახალგაზრდა ელექტორატზეა გათვლილი. ივანიშვილები ერის გაერთიანებასა და ქართული ოცნების ახდენას ახალი თაობიდან იწყებენ. გამაერთიანებელი სიმბოლო - შავი მაისური წარწერით: "ქართული ოცნება" კლიპის პრეზენტაციისთანავე გახდა აღფრთოვანებული მსმენელისთვის სანატრელი. "მოგვეცით ეს მაისურები, დაარიგეთ ან გაყიდეთ, გადავიხდით, იქნებ საზღვარგარეთ როგორმე მომაწოდოთ "ოცნება ქართული", - ასეთი შინაარსის კომენტარები ერთვის სოციალურ ქსელებში კლიპს. "ეს მაისურები უნდა დარიგდეს თბილისში, ასიათასობით კაცმა უნდა ჩაიცვას და ერთად გამოვიდეთ, მიშას გული გადაუქანდება", - ვკითხულობთ ერთგან.

სავარაუდოდ, არც მოწინააღმდეგე ბანაკი დარჩება ვალში. ბერას კლიპს და ქუჩაში "ქართული ოცნებით" გაერთიანებულთა გამოჩენას შესაძლოა ანალოგიური მეთოდით დაპირისპირება მოჰყვეს. დაიწყება "კლიპების ომი". "მიშა მაგარია" ახალი ტექსტით, მელოდიით და, რაღა თქმა უნდა, ახალი კლიპით გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, "კლიპების მარათონი" სხვას თუ არაფერს მოიტანს, ქართულ შოუბიზნესში ცეცხლს მაინც დაანთებს.

"თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე თვითონ, გაიხსენე ის დრო. ბავშვობა გავწირე, ყველა ჩემი იარაღი იარაღად ვაქციე..." - მღერის ბერა და ამ ტექსტში უფრო ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია იკითხება  და, ალბათ, მოწოდებაც, რომ ახალ თაობას შეუძლია თავისი ოცნებების ასრულებაც. ზოგს მიაჩნია, რომ ბერაც წირავს ბავშვობას, რადგან როგორც  შოკირებული პუბლიკის ერთი ნაწილი აღნიშნავს, ივანიშვილმა წარმატების მისაღწევად გაწირა არა მარტო საკუთარი ბავშვობა (გულისხმობენ სიყრმის დროინდელ ხელმოკლე ცხოვრებასა და თავდადებულ შრომას), არამედ წირავს საკუთარ შვილებსაც. ბიძინა ივანიშვილს ბერას პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას აბრალებენ. ბერა კი ცდილობს მისი თაობა, საქართველოს მომავალი აიყოლიოს: "პატარა ქართველი - ნახე რა დიდი ვარ... წამართვი მიწა, ვერ წამართვი ღირსება, სანამ ვარ ქართველი, საქართველო იქნება, გპირდები, ეს ყველაფერი მორჩება, როგორ გავჩერდე, მთელი თაობა მომყვება. მოვიდა დრო, მომავალი ჩვენია, ერთად დავდგეთ, ავიხდინოთ ქართული ოცნება".”ბერას ოცნებაა, მოიპოვოს "გრემი" და ქართული აქცენტით თქვას დაჯილდოებაზე "თენქიუ". ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე კი, რომელიც სიმღერის ტექსტშიც არის გამოყენებული: "შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა და იწყება ოცნება ქართული, ყველაფერი ქართული, კაცობა ქართული, გაგება ქართული". თუ მნახველ-მომწონებელთა რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, "ქართულმა ოცნებამ" "შეკვრა" დაიწყო. ქვეტექსტში აშკარად იკითხება ილია ჭავჭავაძის ლელთღუნიასეული ქართული ოცნება: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს".

"ქართული ოცნება" სიმღერის ტექსტი

ერთად დადგომა რომ შევძლოთ,

ყველა იმედი არ არის წასული,

მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ, ეს ოცნებაა ქართული.

გირჩევ შემეგუო, მოვედი დიდი ხნით.

შურს და ბოღმას ვპასუხობ ღიმილით,

თუ რამე ვისწავლე, ვისწავლე ტკივილით,

საქართველოს ვუყვარვარ დედისერთა შვილივით.

თბილისი ძველი ფილმია, შეაფასე კადრები,

რეჟისორი გვატყუებს ცხოვრებაა შავ-თეთრი,

არ მიცნობს არც ერთი, გონიათ მეც როლში ვარ,

სცენარი შევცვალე, პუბლიკა შოკშია.

ყველაფერი ქართული, ნამდვილი ქართული,

გაგება ქართული, კაცობა ქართული,

Mr.dreamმოვლენა - ქართული,

Georgian Dreamოცნება - ქართული,

მესმის ქართულად, მიყვარს ქართულად,

ვგრძნობ და განვიცდი, ქართულად, ქართულად,

ნებისმიერ მწვერვალზე ასული დავრჩები,

თავიდან ფეხებამდე - ქართული.

ქართული, ქართული, მხედავ კლიპებში, პრესაში

ფიქრობ, მიცნობ, თუ რამეს მივაღწიე,

მივაღწიე თვითონ, გაიხსენე ის დრო,

ბავშვობა გავწირე, ყველა ჩემი იარა

იარაღად ვაქციე, წაიკითხე თვალებში

ცხოვრებამ რა დამაწერა, ყველაფერი წამართვეს,

სიყვარულის აღარ მჯერა და როცა წავიქეცი,

არავინ არ ამაყენა და როცა დავდექი, ვერავინ ვერ გამაჩერა, მახსოვს გიყვები ნამდვილს, არავინ არ მგავს, არაფერი არ მცვლის.

ვიცი საიდან მოვდივარ, ვიცი საით მივდივარ,

პატარა ქართველი, ნახე რა დიდი ვარ.

მოვინდომე ქართულად, მოვიპოვე ქართულად,

ყველა ჩემი მტერი, ჩამოვიტოვე ქართულად.

ვაშენებ მომავალს, ვამაყობ წარსულით, თავიდან ფეხებამდე ქართული...

ქართული, ქართული წამართვი მიწა,

ვერ წამართვი ღირსება სანამ ვარ ქართველი, საქართველო იქნება,

გპირდები, ეს ყველაფერი მორჩება,

როგორ გავჩერდე, მთელი თაობა მომყვება,

საერთოდ არ ვაკეთებ ან ვაკეთებ ქართულად,

მოვედი კაცურად, წავალ კაცურად,

რა უნდათ, არ მიცნობს არც ერთი,

ავიღებ გრემის, ვიტყვი "თენქიუ" ქართული აქცენტით..

მოვიდა დრო.. ერთად დავდგეთ.. მომავალი ჩვენია..

ავიხდინოთ ქართული ოცნება.. ქართული ოცნება.

(კლიპი იხ. palitratv.ge–ზე)

KvirisPalitra.Ge