"ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე" გარდაიცვალა... - კვირის პალიტრა

"ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე" გარდაიცვალა...

გემმა ღუზა ჩაუშვა იქ, სადაც ყოველთვის უნდოდა ყოფნა - საქართველოში

რამაზ ჩხიკვაძე: "მე რომ თბილისს ვიხსენებ, სხვანაირი იყო... ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა"...

საქართველოს კულტურის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დასრულდა. თანამედროვეობის უდიდესი არტისტი, როგორც უწოდებენ ხოლმე, "ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე" გარდაიცვალა...

გემმა ღუზა ჩაუშვა იქ, სადაც ყოველთვის უნდოდა ყოფნა - საქართველოში. ახლობლებმა იცოდნენ, მაშინაც კი, როცა დასასვენებლად მიდიოდა მეუღლესთან ერთად ჩეხეთში ან სადმე სხვაგან, გული აქ რჩებოდა, არც კი უნდოდა ხოლმე სამშობლოს საზღვრის გადაკვეთა - ჩემი დასვენება აქ არის, აქ მირჩევნიაო...

გემი შემთხვევით არ მიხსენებია... ვილა "ბერიკაში", სადაც თავისი პატარა სამყარო ჰქონდა შექმნილი, იყო ერთი ოთახი, რომელიც ძალიან ჰგავდა გემის კაიუტას. კედელთანაც გემების ულამაზესი მაკეტები იყო ჩამწკრივებული... ეს აფრიანი გემები ოცნებებს ჰგავდნენ... აბა, რომელ ბიჭს არ უოცნებია შორეულ ნაოსნობაზე და ასეთ გემებზე?!  არც რამაზ ჩხიკვაძე იქნებოდა გამონაკლისი. მერე მისი გემი იმდენად შორეულ ნაოსნობაში აღმოჩნდა, რომ მსოფლიო შემოიარა და სადაც კი მოხვდა, ყველგან წარუშლელი კვალი დატოვა.

ყველგან აღფრთოვანებული ტაში ხვდებოდა. გაზეთები ეპითეტებს არ იშურებდნენ:

KvirisPalitra.Ge"აზდაკს თამაშობს დიდი რამაზ ჩხიკვაძე. ამბობენ, რომ თბილისში, განახლებულ სპექტაკლში, რეჟისორმა შედარებით ახალგაზრდა მსახიობები შეიყვანა, მაგრამ მოსკოვური გასტროლების ხათრით ჩხიკვაძემ და მასთან ერთად პრემიერის სხვა მონაწილეებმაც ასაკი დაივიწყეს და სცენაზე გამოვიდნენ. ყოველ შემთხვევაში, აზდაკი-ჩხიკვაძის გარეშე "ფოკუსი" არ გამოვიდოდა და "კავკასიური ცარცის წრე" ჩვენზე შთაბეჭდილებას დატოვებდა კეთილშობილი და მიმზიდველი ბერიკაცისა, რომელსაც პატივი უნდა სცე, ყური მიუგდო მის სიტყვას, თუმცა კი აღარ ძალუძს, გაგაოგნოს. მაგრამ რამაზ ჩხიკვაძე გამოვიდა და ძველმა სპექტაკლმა "ძველი მსახიობებით" ამოისუნთქა, გაქანდა, ხულიგნურად ჩაუპაჭუნა თვალი მაყურებელს, ქუდი ჰაერში ისროლა და სასწაული დაატრიალა".

"კომერსანტი"

"ალბათ, ძნელია, დააჯერო ვინმე, რომ ორსაათიანი წარმოდგენა უცხო ენაზე შეიძლება იყოს არა მარტო სავსებით გასაგები, არამედ აღაფრთოვანოს, მოაჯადოოს მაყურებელი, წარუშლელი კვალი დატოვოს ადამიანის სულსა და ხსოვნაში... ლირის, რიჩარდის და აზდაკის როლებს ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე თამაშობს. დიდებულია მისი თვალები, უნატიფესია მსახიობის ტექნიკა. მის თამაშს სულგანაბული ადევნებ თვალყურს".

"გარდიანი"

დიდებასა და აღიარებას ბევრი უარყოფითი თანამდევი აქვს, იყო შურიც, ცილისწამებაც, გაკილვაც... ყველაფერს იუმორით უმკლავდებოდა, თითქოს თამაშს ცხოვრებაშიც აგრძელებდა. ფეიერვერკივით თვალში საცემი იყო მისი მონაყოლი ნებისმიერი ამბავი, თავგადასავლებიც კი... და მისი გემი აზვირთებულ ტალღებსაც მშვიდობიანად მიაპობდა... რას აღარ გაუძლო, რა აღარ გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, უკუგებაც ღირსეული ჰქონდა...

პატარა ექსკურსი რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებაში მისივე მონათხრობით: "მადლობა უფალს, რომ საქმე სულ მქონდა, ამით განებივრებული ვიყავი. ვთამაშობდი და ვთამაშობდი მთავარ როლებს, ეპიზოდებიც მიყვარდა. მიშა თუმანიშვილი იყო ჩემი რეჟისორი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძესთანაც ვითამაშე "სამანიშვილის დედინაცვალი". მერე რობიკოს სპექტაკლებით მსოფლიო შემოვიარე. მამა ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ასეთ საინტერესო ხალხს შემახვედრა... ძალიან დატვირთული და შეიძლება ითქვას, მუშაობისაგან "ოფლიანი" ცხოვრება გავიარე, მაგრამ კარგი ცხოვრება მქონდა და დაღლას ვერ ვგრძნობდი.

მე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე, გურამ საღარაძე, ვანიჩკა ჯინჯიხაძე, მათე შაიშმელაშვილი, ლაზარე ყაზბეგიშვილი... ან ვშრომობდით, ან ვქეიფობდით.

ომის შემდეგ საქართველოში ახალგაზრდობამ აღარ იცოდა ღვინის დალევის წესი. საჭმელი არ იყო, მაგრამ ღვინო იყო. სარდაფებში ჩავდიოდით. იქ კასრებით იდგა, ჭიქებიც კი არ იყო, ქილებით - ნახევარლიტრიანი "ბანკებით" ვსვამდით ღვინოს. ვაზებით, სურებით, აირწინაღებით სვამდნენ. სუფრაზე ვაზიდან გადაყრიდნენ ხილს, გააპიპინებდნენ ღვინით და იალა! მეც დავლიე აირწინაღით ერთხელ... პირში ჩაგიდებდნენ შლანგივით რომ აქვს და... ასხამდნენ ზემოდან ღვინოს. 3-4 ლიტრს ისე დავლევდი, ვითომ არაფერი. აზარტში შევდიოდით... ვიკლავდით რა, თავს! მადა კარგი გვქონდა და ვსვამდით და ვჭამდით. მერე მსოფლიო შემოვიარე, ღვინის ქვეყნებში ვნახე, ჭიქას ერთბაშად არავინ ცლის, მოსვამენ, დადგამენ... ჩვენი წინაპრებიც პატარა ჭიქებით სვამდნენ... ჩვენთან ბევრი ღვინის სმის მოდა შემოვიდა და იმსხვერპლა კიდეც უამრავი. ბევრი მეგობარი გამომეცალა უდროოდ - არასწორმა სმამ და ჭამამ გახადა ავად. მე ღმერთმა გადამარჩინა.

ნადირობა არ მიყვარს, ძველი ფეხბურთელი იყო - სპარტაკ გეგენავა, იმან წამიყვანა ერთხელ მთაში სანადიროდ, განთქმულ მონადირეებთან - ქირიკაშვილებთან ერთად. ჩემთვის პატივისცემა უნდოდათ. ქირიკაშვილმა, - ზევით ჯიხვის ჯოგიაო, მოვუვლი, გადმოვრეკავ და შენ ესროლეო. წამოვიდნენ ჯიხვები. მოფრინავდნენ პირდაპირ.  მიჭირავს "ვინტოვკა". ათი მეტრი მაშორებს, მაგრამ ვერ ვესროლე. საოცარი სილამაზე იყო. დამიძახეს იქიდან, - რატომ არ ესროლე, დაგვღუპე, კაცოო?.. გაიჭედა ტყვია-მეთქი. ქირიკაშვილს ერთი დაუჭრია და იმის კვალს მიჰყვა, მოკლა და მოიტანა. ჯიხვის ცრემლიანი თვალი რომ ვნახე, ისე ცუდად გავხდი, იმის მერე სანადიროდ არ წავსულვარ.

თევზაობა უფრო მიყვარდა. ბავშვობაში ხელაობა ვიცოდით, იმერეთში ხელით ვიჭერდით თევზს...

გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამი (საღარაძე.- ლ.ჯ.) მივდიოდით ოდესაში. ნატაშა, რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია...  ზოგი იმასაც ამბობს თურმე, რამაზ ჩხიკვაძის ცოლი ვიყავიო... არა, ღმერთმანი, საცოლეც არ მყოლია ცხოვრებაში, ნატაშას გარდა. მერე აირ-დაირია ყველაფერი, ჩემს მშობლებს ბევრი ცუდი რამ უთხრეს და გული ატკინეს... ურთიერთობა დაგვეძაბა... ეს ყველაზე მძიმე მოსაგონარია... 30 წლის კაცი ვიყავი, ცოლი რომ შევირთე...  შინიდან წამოვედით. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად.  სარდაფშიც ვცხოვრობდით, სხვენშიც, მერე ეროსისთან ვიყავით ცოტა ხანი, კარლოს ოჯახშიც ვცხოვრობდით... ედიშერ მაღალაშვილთანაც... ეროსის მეზობლებმა  უჩამ და ოლიკომ,  ორი წელიწადი შეგვიფარეს.

ხომ ხედავთ, რამდენ წელს გაუძლო სიყვარულმა. სახლიც ავაშენეთ. მეგობრებიც დამეხმარნენ. მათი მადლიერი ვარ სამარადისოდ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ოპერის პირდაპირ. ამინდიც სხვანაირი იყო, ზამთარი ზამთარს ჰგავდა, ზაფხული - ზაფხულს. თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები ჰყავდა. ვინა? - გამყიდველები. ჩამოივლიდნენ და მუსიკალურად გაიძახოდნენ: - ხართუთააა! ააკოშკის შუშებიი! სამოვარნი პიესოკ! სულ სხვადასხვა ტონალობით იძახდნენ. ყველაფერი ნატურალური იყო. ახლა ყველაფრის გეშინია, აღარ იცი, რას მოგატყუებენ და რას მოგყიდიან. ხალხი იქამდე მივიდა, წამალსაც კი ტყუილს ამზადებენ. მე რომ თბილისს ვიხსენებ, სხვანაირი იყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა! ბიძაჩემი - ვანო ჯაბუა აფთიაქის გამგე იყო. ის როგორ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მოშხამულ წამალს მისცემდა ხალხს! მშვიდი, წყნარი ცხოვრება იყო. აბა, ახლა არის ცხოვრება? ხალხს ვერ გაუგია, რა ქვეყანაში ცხოვრობს, რა ცხოვრება ექნება. 81 წელს გადავცილდი, ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა"...

83 წლისა გარდაიცვალა... სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მისი გემი ორი დამანგრეველი ტალღის ქვეშ მოჰყვა. ერთი იყო დიდი რეჟისორის, რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვების ამბავი... მეორე - ცხოვრების მეუღლის, ნატაშას გარდაცვალება, ქალის, რომლის სიყვარულიც, რაც უნდა ზღაპრულად მოგეჩვენოთ, გემზე იპოვა და მერე 52 წელი გვერდიდან არ მოუცილებია...

ყველაფერი ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და განსაკუთრებით იმიტომ სტკიოდა, რომ აქ, საქართველოში უნდოდა ღუზის ჩაშვება, რადგან უცხოეთში გადასახლებაზე არც ოცნებობდა...

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს და უსამძიმრებს დიდი ქართველი მსახიობის ოჯახსა და ქართველ საზოგადოებას რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო.