"პალიტრობა" მარტყოფში - კვირის პალიტრა

"პალიტრობა" მარტყოფში

16 ოქტომბერს საგამომცემლო სახლი "პალიტრა" საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს, მარტყოფს ეწვია.სოფლის კულტურის სახლის შესასვლელში წიგნის მინიფესტივალი გაიმართა, სადაც საგამომცემლო სახლ "პალიტრის" ჟურნალ-გაზეთებთან ერთად, "პალიტრა L" -ის გამოცემული წიგნებიც იყიდებოდა, თანაც, მარტყოფელთათვის 20%-იანი ფასდაკლებით. სოფლის მოსახლეობამ წინასწარ იცოდა, რომ გამოფენა-ფესტივალზე საჩუქრებიც დარიგდებოდა, ამიტომ დამთვალიერებელთა უმრავლესობა ბავშვი იყო; ზოგმა გამოფენაში მონაწილეობისთვის საკუთარი ნახატები მოიტანა, ზოგმაც - ნაქარგები და ნაქსოვები, ბევრმა ლექსი თქვა და ბევრმაც იმღერა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე გამოიჩინა თავი და "პალიტრის" დახმარებით შეეცადა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

მარიკა  დარჩია, საგამომცემლო სახლ "პალიტრის" კრეატიული დირექტორი: - ”ჩვენ გვსურს, დავუმეგობრდეთ სოფლების მოსახლეობას, ამიტომ გადავწყვიტეთ, დროდადრო შევხვდეთ მათ. "კვირის პალიტრა" რეგიონებთან ისედაც ცდილობს ურთიერთობას, მაგრამ ჩვენი მეგობრობა მხოლოდ გაზეთის წაკითხვითა და "კვირის პალიტრის" საფოსტო ყუთებით რომ არ შემოიფარგლოს, ამ მიზნით სპეციალური აქცია -  წიგნის მინიფესტივალი მოვიფიქრეთ და მის განხორციელებაში მთელი საგამომცემლო სახლი ჩავრთეთ. მოგეხსენებათ, "პალიტრა" არ არის ერთი-ორი გაზეთი ან ჟურნალი, ის უზარმაზარი მედიაჰოლდინგია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებს ახორციელებს. თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ გამოფენაზე არ უნდა წარგვედგინა მხოლოდ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები და წიგნები, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. ქალები თავიანთი ხელსაქმის ნიმუშებს მოიტანდნენ, ბავშვები ნახატებს შემოგვაშველებდნენ და მინიფესტივალი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცეოდა, რომელსაც "პალიტრობას" დავარქმევდით.

KvirisPalitra.Ge ფესტივალის განუყრელი ატრიბუტი იქნებოდა ოცნებების სკივრი, რომელშიც სოფლის მცხოვრებლები საკუთარი საფიქრალ-სატკივრით სავსე წერილებს ჩაყრიდნენ და თავიანთ ოცნებებსაც გაგვიმხელდნენ; ისინი შეხვდებოდნენ ჩვენს ჟურნალისტებსაც და მწერლებს, რომელთა წიგნებსაც"პალიტრა L" გამოსცემს.

პირველად ჩავედით თბილისთან ახლოს მდებარე ყველაზე დიდ სოფელ მარტყოფში. მზადება სამი კვირით ადრე დავიწყეთ - შევხვდით სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს, გამგეობის თანამშრომლებს, გავუმხილეთ ჩვენი ჩანაფიქრი, სკოლებში დავარიგეთ  საინფორმაციო ფურცლები, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოფენა-ფესტივალი წვიმიან ამინდშიც კი არ ჩაიშლებოდა. ხალხი სიხარულით შეხვდა ჩვენს შეთავაზებულ სიახლეს, თუმცა, გვირჩიეს, კარგი იქნება, თუ ფესტივალს არა დასვენების, არამედ სამუშაო დღეებში ჩაატარებთო. ამჯერად მათი რჩევა არ გავითვალისწინეთ... აღმოჩნდა, რომ სოფელს შაბათ-კვირას უფრო სხვა საქმეები აქვს.

მარტყოფელების ვარაუდი გამართლდა -  შუა კვირის რომელიმე დღეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სიხარულით გვავსებდა იმ დღეს ნანახი ბედნიერი სახეები. ბავშვები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლექსის წაკითხვას და სიმღერას, რომ საჩუქრად წიგნი მიეღოთ. ბედნიერებაა, რომ მოდის თაობა, რომელსაც წიგნი უყვარს, ლექსს კითხულობს. მომავალში მინიფესტივალები სხვა სოფლებში, სხვა რაიონებში გაიმართება; ამის შესახებ წინასწარ გაცნობებთ და იმედი გვაქვს,"პალიტრობა" ტრადიციად დამკვიდრდება".

სოფელში ოდესღაც უზარმაზარი წიგნის მაღაზია ყოფილა, რომელიც, ქვეყანა რომ აირია, გაუქმებულა, თუმცა შენობა ძველისძველი, ჟანგმოკიდებული აბრით კვლავაც დგას. წიგნის მაღაზია ფინანსური პრობლემების გამო დაიხურაო, ამბობენ მარტყოფელები, ხალხს პურის ფული რომ აღარ ჰქონდა, აბა, წიგნს როგორ იყიდდაო. საბედნიეროდ, ამ ფაქტს წიგნის სიყვარული ვერ გაუნელებია და კულტურის სახლში განთავსებულ ბიბლიოთეკას მაინც ჰყოლია მრავალრიცხოვანი მკითხველი.”

მარტყოფში ორი საჯარო სკოლაა. თითოეულში 500 ბავშვზე მეტი სწავლობს.

KvirisPalitra.Ge ამ ბავშვებიდან ძალიან ბევრი მღერის, ხატავს, ლექსს წერს ან კითხულობს მაინც, თანაც მხოლოდ ქართულად კი არა, ინგლისურადაც,  მაგალითად, დათო ჯერენაშვილს თავის გამოჩენა სწორედ ინგლისურად მოუნდა და”ვაჟა-ფშაველას კრებულიც” მიიღო საჩუქრად. მანამდე თავი ისახელეს გიგა და თეონა გორდაშვილებმა, ნათია სინჯიკაშვილმა, ელენე სახლთხუციშვილმა და სხვებმა. ბოლოს ბექა მათიაშვილმა და მისმა მეგობარმა თორნიკემ დაგვატკბეს ხალხური სიმღერით, გიორგი და მარიამ ფრეწუაშვილებმა ფერწერული ნამუშევრებით, ნინო პატივაძემ კი თავისი ნაქარგები მოიტანა გამოსაფენად და თანასოფლელებს განუცხადა, თუ სურვილი გაქვთ, ამ ხელობას სიამოვნებით გასწავლითო.

ფესტივალის მიწურულს წახემსება რომ გადავწყვიტეთ და მარტყოფელმა ჯამალ ბერუაშვილმა თავის ხელით დაწურული ღვინო შემოგვაშველა, თითო ჭიქით დალოცეთ ჩვენი სოფელიო, ვიგრძენით, რომ უკვე მეგობრები ვიყავით.

ფესტივალის ყველაზე პოპულარული სახე "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღმოჩნდა. მასთან საუბარი განსაკუთრებით  სურდათ მამაკაცებს და საჩუქრად დასარიგებელი "არსენალიც" თვალის დახამხამებაში გაქრა.

თბილისში რომ ვბრუნდებოდით, სოფლიდან გამოსვლისას ძველისძველ, კედლებჩამორღვეულ ციხესთან ცხენოსნები შეგვხვდნენ. ესეც თითქოს იმის ნიშანი იყო, რომ აქ წარსული და აწმყო ერთად ცხოვრობს და ერთი წამითაც არ წყდება კავშირი, რომელიც მარტყოფისა და საქართველოს მომავალს ქმნის.