ნიკა არაბიძე: სიყვარული ყვავილსაც კი დაგაჭერინებს ხელში - კვირის პალიტრა

ნიკა არაბიძე: სიყვარული ყვავილსაც კი დაგაჭერინებს ხელში

"ყველაზე დიდი ტანჯვა ის არის, ოცლიტრიან ბოცაში ერთ ჭიქა ღვინოს რომ ჩაასხამენ და იქიდან უნდა დალიო"

"კომედი შოუს" მსახიობი ნიკა არაბიძე მაყურებლის გარდა, როგორც თავად ამბობს, ნადირ-ფრინველსაც ძალიან ჰყვარებია. ქუთაისიდან თბილისში გადმობარგებული ნიკა სათევზაოდ ღამღამობით დადის, ღვინოს ოცლიტრიანი ბოციდან სვამს, სამი თვის შვილს კი ყველა სურვილს უსრულებს...

- ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ნიკა არაბიძე დედაქალაქს როგორ შეეგუა?

- დაბადებული არა (თერჯოლელი გახლავართ), მაგრამ ქუთაისში გაზრდილი ნამდვილად ვარ. დედაქალაქი როგორ შემეწყო და შემეგუა, ესაა საკითხავი, თორემ მე გადასარევად ვგრძნობ თბილისში თავს.

- არ მითხრათ, რომ დედაქალაქში ყველაფერი მოგწონთ... ხშირად გინატრიათ, ნეტავ ახლა ქუთაისში ვიყოო?

- სხვა მძღოლების მსგავსად, ყველაზე მეტად მეც გაუთავებელი საცობები მაღიზიანებს. თუმცა ამ საცობების შექმნაში ჩვენ თვითონაც აქტიურად ვმონაწილეობთ. ქართველ მძღოლს ხომ ყოველთვის სადღაც ეჩქარება და არის მერე ტროტუარზე აძრომა, საპირისპირო ზოლში გადასვლა და ა.შ., რაც უარეს საცობს ქმნის. სხვა რომ არაფერი, ქართული ხასიათი ამაშიც კარგად ჩანს, - შუქნიშანზე ყვითელი ფერი ჯერ ბოლომდე არ არის ანთებული, რომ ავტომანქანების უმეტესობას ნახევარი გზა უკვე გავლილი აქვს. უცხოელი მეგობარი მესტუმრა და როცა ნახა, თბილისის გზებზე რაც ხდებოდა, - მე აქ ვერ ვივლი, ასეთი მოძრაობა არ ვიციო და ან ჩვენ დავატარებდით, ან ტაქსით დადიოდა...

- ავტომანქანებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ავტომობილი ძალიან მიყვარს, ოღონდ ისე კი არა, "სამარიაჟოდ" რომ უნდათ, ჩემთვის ის გადასაადგილებელი საშუალებაა. ბავშვობაში უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობდი, როცა გაშავებული ხელებით მანქანის ნაწილებს ვუკირკიტებდი. მაშინდელი "გამოცდილება" ახლაც მეხმარება. ხელოსანივით ვერა, მაგრამ ავტომანქანის დეტალებში ურიგოდ ნამდვილად არ ვერკვევი.

- ბავშვობაში რაც გყვარებიათ, გასაგებია. ახლა რა გიყვართ მამაკაცური გასართობებიდან, - ნადირობა, ფეხბურთი, ქეიფი...

- ნადირობა მიყვარს და ნადირ-ფრინველსაც ძალიან ვუყვარვარ, რადგან ჯერ არაფერი მომიკლავს. სანადიროდ სულ ერთხელ ვარ ნამყოფი მწყერზე, სამჯერ გავისროლე, თუმცა... სამაგიეროდ, სათევზაოდ დავდივარ ხშირად და ამ საქმეში გაცილებით დიდი წარმატება მაქვს (იცინის). შაორზე მითევზავია, ყვირილაში... ჰო, გერმანიაშიც მითევზავია, ოღონდ არალეგალურად. სპეციალური საბუთის გარეშე იქ ნადირობა და თევზაობა აკრძალულია, არადა, როგორი საყურებელია, ვეებერთელა კურდღელი 3-4 მეტრის სიახლოვეს რომ ჩაგირბენს, მდინარეში კი უზარმაზარი თევზები დაცურავენ. ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინეთ და სათევზაოდ გავიპარეთ. ნებართვის ასაღებად იქ იმდენი საბუთია საჭირო, ჩვენთან მართვის მოწმობის აღებისას არ დაგჭირდება. სათევზაოდ მალულად, ღამით წავედით. ნემსკავს იქ სად ვიშოვიდით, მოვღუნეთ ქინძისთავი და... სამი მოზრდილი თევზი კი დავიჭირეთ. ერთად 12 კილოგრამი გამოვიდა.

- აზარტული ყოფილხართ...

- საკმაოდ აზარტული ვარ. წაგება არ მიყვარს. თუნდაც, ბანქოს უბრალო თამაში იყოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, რომლებიც ჩემზე უარესი მაკვარანცხები არიან, წაგებულს კარგი არაფერი ელის. კაზინოშიც ვყოფილვარ რამდენჯერმე, მაგრამ მხოლოდ მაყურებლის რანგში...

- აღნაგობა და სიტყვა-პასუხი ისეთი გაქვთ, თამადობა და მოლხენა უნდა გიყვარდეთ...

- როგორ გეკადრებათ?! არა მარტო სიტყვა-პასუხი, მიხრა-მოხრა, ცეცხლოვანი მზერა და რა ვიცი, კიდევ (იცინის)... არის ხოლმე სიტუაცია, როცა თამადობის სურვილი მიჩნდება, ისე - ხშირად არა. ვიწრო წრეში, მეგობრები რომ შევიკრიბებით, კი ბატონო, თორემ როგორი საქმეა, რომ დაგირეკავენ, ბატონო ნიკა, მართალია, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ... ქორწილში უნდა გვითამადოო! არავის რომ არ იცნობ, იქ როგორ უნდა გაუძღვე სუფრას?! მთავარია, განწყობა იყოს, თორემ კერძების რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს...

- კერძების რაოდენობას არა, მაგრამ არც "სმის მასშტაბს" აქვს მნიშვნელობა? როგორი სიმთვრალე გაქვთ?

- ახლა აღარ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ყოფილა შემთხვევა, 5-6 ლიტრი ღვინო დამილევია... სიმთვრალეს არ ვუჩივი, - არც მე და არც სხვები.  ნასვამი ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჰა და ჰა, შეიძლება, სიყვარულის ბუშტი გამისკდეს...

- ყველაზე უცნაური სადღეგრძელო, რომელიც გითქვამთ ან სხვისგან გსმენიათ...

- სადღეგრძელოსი რა გითხრათ, აი, უცნაური სასმისებით კი რამდენჯერმე მომიწია დალევამ. მაგალითად, ერთ-ერთ სუფრასთან თამადამ მორიგი სადღეგრძელოსთვის... ხორცსაკეპი მანქანა მოითხოვა. რკინის შიგთავსი ამოაცალა, ორივე მხარეს ხელი მიაჭირა და ღვინით გაალიცლიცებინა. თან, იმ მანქანით ახალი გატარებული იყო ხორცი, მწვანილი, ხახვი და ა.შ. ყველაზე სასაცილო ის არის, ამ სასმისით სიყვარულს გაუმარჯოსო რომ თქვა. მაშინ შეყვარებულიც კი არ მყავდა, მით უმეტეს - ცოლი. ერთი კი ამოვიკნავლე, ასეთი არც სიყვარული მინდა და არც არაფერი-მეთქი, მაგრამ თამადის მოადგილე ვიყავი და... ყველაზე დიდი ტანჯვა მაინც ის არის, ოცლიტრიან ბოცაში ერთ ჭიქა ღვინოს რომ ჩაასხამენ და იქიდან უნდა დალიო...

- როგორი მამა ხართ?

- დემეტრე ჯერ სამი თვისაა... ხუმრობით ვამბობ ხოლმე, საუკეთესო მამა ვარ, შვილი რასაც მეუბნება, ყველაფერს ვუსრულებ-მეთქი (იცინის)... აი, ლაპარაკს რომ ისწავლის, მერე როგორი მამა ვიქნები, ვნახოთ...

- ქალის გულისთვის ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებიათ?

- უცნაური და რომანტიკული ბევრი არაფერი, მაგრამ მეუღლისთვის ყვავილები მიჩუქებია... ჩემგან ეს ძალიან დიდი მსხვერპლის გაღებაა. სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს, ყვავილსაც კი დაგაჭერინებს ხელში.

- ჩაცმულობას თუ აქცევთ ყურადღებას?

- საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, სპორტული სტილის სამოსს ვიცვამ. მენატრება ხოლმე პიჯაკის ჩაცმა. ერთი მეგობარი მყავს, ბანკში მუშაობს. ბანკის თანამშრომლების ჩაცმულობა კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, ქორწილში რომ მივდივართ ერთად, მე კოსტიუმში ვარ გამოწყობილი, მას კი ჯინსი და მაისური აცვია...