რა ხდება 53-ე სკოლაში? - კვირის პალიტრა

რა ხდება 53-ე სკოლაში?

გასულ კვირას თბილისის 53-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა - მოსწავლეები მეთერთმეტეკლასელების მიკა ალექსიძისა და ირაკლი მჭედლიშვილის სკოლიდან გარიცხვას აპროტესტებდნენ.მოსწავლეებს დირექტორთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც დირექტორმა პაატა შავშიშვილმა  პოლიციაში იჩივლა(?!). ბავშვებს ხულიგნობის ბრალდებით 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. მოგვიანებით, 53-ე სკოლის დირექტორმა განაცხადა, გამოძიებასთან ვითანამშრომლებ, რათა მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდონ, სკოლაში კი აღარ დავაბრუნებო. მოსწავლეები კი ჯიუტად აცხადებდნენ, მოსწავლეებს დევნიან, ეს  გარიცხვის პირველი შემთხვევა არ არისო. თავად მიკა ალექსიძემ განაცხადა: "ირაკლი მჭედლიშვილი ქიმიის გაკვეთილზე ლაპარაკის გამო გარეთ გააგდეს. მოგვიანებით დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს და უთხრეს, მოძველბიჭო ელემენტი ხარ და სკოლიდან გრიცხავთო. ვთხოვე დირექტორს, ირაკლის ნუ გარიცხავთ-მეთქი. "შენ არავინ გეკითხება, შენც ეგეთი ხარ და უკან მიჰყვებიო!"  მიპასუხა. ჩვენი მშობლებიც მოვიდნენ და დირექტორს დაელაპარაკნენ. უცებ  დირექტორის კაბინეტიდან მომესმა დედაჩემის ტირილი.  შევედი, დირექტორმა მიბრძანა, კაბინეტი დატოვეო. ვუთხარი, დედაჩემს ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ-მეთქი.დედას ვაწყნარებდი, რომელმაც თავად მთხოვა, გადი კაბინეტიდანო. რომ გავედი, დირექტორს მანდატურებისთვის დაურეკავს და უთქვამს, მლანძღა და მაგინაო. არადა, ასეთი არაფერი მომხდარა!".

KvirisPalitra.Geშეგახსენებთ რომ, პაატა შავშიშვილი საზოგადოებას სხვა გახმაურებული ამბითაც ახსოვს, კერძოდ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერით, სადაც სამი მამაკაცის ხმა ისმის. ერთ-ერთი მე-14 სკოლის დირექტორია, მეორე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მესამე - პაატა შავშიშვილი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ის #14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილს არწმუნებდა, რომ  მისთვის აჯობებდა, თუ თანამდებობას დატოვებდა, რომ ეს საკითხი განათლების მინისტრ შაშკინსა და გენერალურ ინსპექციასთანაც იყო შეთანხმებული. მაშინ დაიწერა, რომ ჩანაწერი "თავისუფლების ინსტიტუტმა" გაავრცელა, რაც შიდასახელისუფლებო დაპირისპირებაზე მიანიშნებდა. "ქურდების საშუალებით ვერა, მაგრამ სამართლებრივად გავარკვევ, რას მერჩიან, რას მემართლებიან", - ამბობდა მაშინ ზვიად მიმინოშვილი. ახლა კი თავად შავშიშვილი უწუნებს მოსწავლეებს "ქურდული გარჩევის სტილს". ისიც გახდა ცნობილი, რომ დირექტორს სანიმუშო მასწავლებლებიც გაუგდია სკოლიდან.

"საქართველოს განათლების ლიგის" ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი:

- როგორც მასწავლებლებმა მითხრეს, შავშიშვილს 16 პედაგოგი დაუთხოვია. იმ ბიჭსაც ისეთი არაფერი ჩაუდენია. მასწავლებლების თქმით, დირექტორს ამგვარი სიმკაცრე მოსწავლეების დასაშინებლად სჭირდება. შედეგად, ზოგი სხვა სკოლაში გადავა, ზოგს გარიცხავენ და მოსწავლეთა კონტინგენტი შემცირდება. როგორც ვიცით, შავშიშვილს ხელისუფლების საფარქვეშ მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა და ე.წ. პროფკავშირების ეგიდით საქმიანობდა, მერე ხელისუფლებამ  პროფკავშირები ჩამოაცილა და დაჰპირდა, კერძო სკოლას გაგიხსნითო. მალე 53-ე სკოლის დირექტორად მოგვევლინა. მასწავლებლები ეჭვობენ, რომ მოსწავლეთა კონტინგენტისა და მასწავლებელთა შემცირებით გამოთავისუფლდება სკოლის ერთ-ერთი ფლიგელი, რომელსაც კერძო სკოლა დაიკავებს. არაერთი სკოლა გაიყიდა ამ ზაფხულში, მათ შორის  - რეგიონებში. ცარიელი სკოლები კი არ  იყიდება, არამედ მოქმედი! უკვე ჩაიდო "განათლების შესახებ" კანონში ნორმა, რომ სკოლას, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, 2012 წლიდან  უფლება მიეცემა, ზოგადი განათლების კანონის თანახმად სტატუსი შეეცვალოს და კერძო სამართლის იურიდიული პირი გახდეს. თბილისში 40-მდე სკოლას ისედაც აქვს შეცვლილი სტატუსი. მალე სახელმწიფო სკოლები აღარ დაგვრჩება. როგორც ჩანს, ამ პროცესში 53-ე სკოლის დირექტორიც აქტიურად არის ჩართული.

P.S.განათლების სამინისტროს მუშაკებთან დაკავშირება ვერ შევძელით. თუ რომელიმე მხარეს ჩვენთან საუბარი მოესურვება,  ამ თემას  ყურადღებას ისევ დავუთმობთ.