1984 - წარსული, აწმყო თუ მომავალი - კვირის პალიტრა

1984 - წარსული, აწმყო თუ მომავალი

"ორუელი ყოველთვის "პოლიტიკური მწერალი" იყო და ამას სიტყვითაც ამტკიცებდა და საქმითაც"

"ჩვენთან ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი სხვაზე მეტად თანასწორია", - ეს ფრაზა მთელმა საბჭოთა კავშირმა იცოდა და ძალიან პოპულარულიც გახლდათ, თუმცა თითქმის არავინ იცოდა, რომ ის ჯორჯ ორუელის რომანიდან ("ცხოველთა ფერმა") იყო.

არადა, 70-80-იანი წლების "ზასტოის" დროინდელ კომუნისტურ იმპერიასა და მისი "პარტიული ნომენკლატურის" ცხოვრების წესზე ზედგამოჭრილი იყო ეს განსაზღვრება და, ალბათ, ამიტომაც აიტაცა ხალხმა. თუმცა, ცხადია, ეს "ატაცება" სამზარეულოში ჩურჩულს იშვიათად გასცდებოდა ხოლმე.

არადა, ჯორჯ ორუელმა თავისი ორი უკანასკნელი და ყველაზე პოპულარული რომანი "ცხოველთა ფერმაც" და "50 წიგნის" პროექტში თქვენთვის ამჯერად შემოთავაზებული "1984"-ც, მართლაც 30-40-იანი წლების საბჭოთა კავშირში არსებული რეალობის გავლენით დაწერა, მაგრამ, ალბათ, ვერც თვითონ წარმოიდგენდა და მისი თანამედროვე კრიტიკოსებიც ამას საყვედურობდნენ: მსოფლიო დალაგდება, ეს წიგნები აქტუალურობას დაკარგავს და ათიოდე წლის შემდეგ აღარავის დააინტერესებს, არათუ 1984 წელსო ("1984" სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1949 წელს დაწერა).

არ გამართლდა კრიტიკოსთა და სკეპტიკოსთა პროგნოზი: აგერ, XXI საუკუნეა და თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", განხორციელდა, ორუელის ამ ორი რომანიდან ერთ-ერთი მაინც მოხვდა რჩეულ ნაწარმოებთა შორის. სამწუხაროდ, ეტყობა,  XXI საუკუნის ადამიანებსაც მწარედ გვხვდება გულზე "1984"-ში აღწერილი ოკეანიის ზესახელმწიფოს მთავარი ლოზუნგები: "ომი მშვიდობაა", "მონობა თავისუფლებაა", "უმეცრება ძალაა" და მთავარი ლოზუნგი-გაფრთხილება, რომელიც ოკეანიის ყველა მკვიდრს ბავშვობიდანვე ებეჭდებოდა გონებაში: "დიდი ძმა გითვალთვალებს".

არ მინდა პოლიტიკის სფეროში შევიჭრე (თუმცა, როდესაც ორუელზე საუბრობ, სხვანაირად არ გამოვა), მაგრამ როდესაც მკითხველი ამ წიგნს გადაშლის და დასაწყისშივე "მიმღებ-გადამცემი ტელეეკრანისა" (ფარული კამერის ორუელისეული ფანტაზიის ანალოგი) და "მოთვალთვალე დიდი ძმის" შესახებ წაიკითხავს, შეუძლებელია უსიამოვნო ანალოგიამ არ გაჰკრას გულში.

უნდა ითქვას, რომ იმის მიუხედავად, ორუელი არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირში, მაინც "პირადი მტრობა" ჰქონდა მასთან და ფაშისტურ-კომუნისტურ მმართველობას მხოლოდ სიტყვით კი არა, იარაღითაც ებრძოდა, ოღონდ მოსკოვიდან შორს, ევროპის მეორე ბოლოში. თუმცა, თავიდან დავიწყოთ: ბრიტანეთის უკიდეგანო იმპერიის ყველაზე დიდი კოლონიის - ინდოეთის ერთ მიყრუებულ სოფელში, ნეპალის საზღვართან ახლოს, კოლონიური ადმინისტრაციის რიგით მოხელეს რიჩარდ ბლერსა და  მის ფრანგ მეუღლეს 1903 წლის 25 ივნისს ვაჟი შეეძინათ - ერიკ არტურ ბლერი.

რიჩარდ ბლერი ძველი არისტოკრატიული, მაგრამ გაღარიბებული გვარის შთამომავალი იყო. ინდოეთში ჩინოვნიკობას ხანდახან კომერციასაც უთავსებდა, მაგრამ სიმდიდრე მაინც ვერ დააგროვა. სამაგიეროდ, წარმომავლობამ საშუალება მისცა, ნიჭიერი ვაჟისათვის კარგი განათლება მიეცა - 1912 წელს პენსიაში გავიდა, ინგლისში დაბრუნდა და სასექსის საგრაფოში კარგ სკოლაში მიაღებინა შვილი, როგორც დიდგვაროვანთა ჩამომავალი. რაც მთავარია, ბიჭმა გაამართლა: 1917 წელს სტიპენდია მოიპოვა და იტონის კოლეჯში ჩაირიცხა - მთელ ინგლისში საუკეთესო და ძვირად ღირებულ სასწავლებელში, რომელიც ამავდროულად "ვიზა" იყო კემბრიჯში ან ოქსფორდში. იტონიც წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ 1922 წელს 19 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა, ნაცვლად იმისა, საუნივერსიტეტოდ მომზადებულიყო, "დაჰკრა ფეხი" და აზიაში დაბრუნდა - სამეფო პოლიციაში ჩაეწერა და კოლონიურ ბირმაში გაემგზავრა. ხუთი წელი დაყო იქ და ინგლისში მტკიცე გადაწყვეტილებით დაბრუნდა - მწერლობა გადაწყვიტა.

თუმცა, არა: უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, 5 თუ 6 წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მწერალი უნდა გავმხდარიყავიო. მიუხედავად ბავშვობაში თუ მოგვიანებით მიღებული მტკიცე გადაწყვეტილებისა, სერიოზულად ეკიდებოდა ამ საკითხს - მის ასაკში ბევრი მწერალი უკვე მწერალი იყო, ორუელმა კი ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება გადაწყვიტა (ჰო, მართლა, ფსევდონიმი ასე შეარჩია: ჯორჯი - ინგლისის მფარველი წმინდა გიორგი, ორუელი - პატარა მდინარე, რომელზე გადებული ხიდითაც ყოველდღე დადიოდა სკოლაში).

გამოცდილებაც არის და გამოცდილებაც: როგორც არც ბირმაში წასვლა უკითხავს მშობლებისთვის, ახლაც ჯიბეცარიელი ჯერ ლონდონის უღარიბეს უბანში - პორტობელო როუდში დასახლდა, მერე კი პარიზში გაემგზავრა, მაგრამ არა ბოჰემის საძებნელად, არამედ იქაური "ფსკერის" ცხოვრების გასაცნობად. ჭურჭლის მრეცხავადაც იმუშავა, ფერმაში სვიასაც კრეფდა და არც სხვა მძიმე სამუშაოს მორიდებია. ეს ყველაფერი კი 1934 წელს გამოცემულ თავის პირველ წიგნში აღწერა, რომელსაც "ბირმის სადაგი დღეები" ერქვა. ერთ წელიწადში მეორე რომანი - "მღვდლის ქალიშვილიც" გამოსცა (სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ პირველ წიგნებსა და სტატიებში აღწერილი "მათხოვრული" ცხოვრების გამო მის მშობლებს რომ არ ენერვიულათ, ფსევდონიმით სწორედ ამიტომ ისარგებლა. იფიქრა, ასე ვერაფერს შეიტყობენო).

ორუელი ყოველთვის "პოლიტიკური მწერალი" იყო და ამას სიტყვითაც ამტკიცებდა და საქმითაც, ანუ კალმითაც და თოფითაც. დიახ, თოფითაც - 1936 წელს ბი-ბი-სიმ და ლონდონის გაზეთმა "ობსერვერმა" ესპანეთში სამოქალაქო ომის გასაშუქებლად გაგზავნეს, მაგრამ როგორც კი ბარსელონაში ჩავიდა, ხელში იარაღი აიღო და აჯანყებულთა რიგებში ჩადგა.

იქაც გულიანად იბრძოდა და მძიმედაც დაიჭრა. ისე მძიმედ, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მოხალისედ ჩაწერილს უარი უთხრეს ფრონტზე გაგზავნაზე. უსაქმოდ მაინც არ დარჩა, სამოქალაქო თავდაცვის რაზმის სერჟანტი გახდა და ბი-ბი-სიზე ანტიფაშისტური გადაცემაც მიჰყავდა.

კალამიც ძველებურად უჭრიდა - 1943 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1944 წლის გაზაფხულზე უკვე მზად ჰქონდა თავისი ყველაზე უცნაური წიგნი "ცხოველების ფერმა" - იმდენად უცნაური, რომ არც სამშობლოში და არც დემოკრატიის ციტადელად შერაცხილ ამერიკაში არ დაუბეჭდეს, არ უნდოდათ მოკავშირე სტალინისა და საბჭოთა კავშირის გაღიზიანება. არადა, ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო იგავ-არაკი სწორედ სტალინსა და საბჭოთა იმპერიაზე.

"ცხოველების ფერმა" 1945 წელს მაინც დაიბეჭდა, როდესაც მოკავშირეთა შორის თავი იჩინა უთანხმოებამ.

იმავე წელს ორუელს მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე. ეს დიდი დარტყმა იყო მისთვის. ლონდონში ვეღარ გაჩერდა და გერთან ერთად ინგლისის სამფლობელოში, ერთ მიყრუებულ კუნძულზე ფერმერის ძველი სახლი იქირავა. სწორედ იქ დაიწყო "1984"-ის წერა, რომელიც 1949 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე ფურორი მოახდინა.

თუმცა ტრიუმფით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა - ექვს თვეში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. წიგნი კი უფრო "ჯანმრთელი" გამოდგა - სულ მალე 62 ენაზე ითარგმნა (ცხადია, არა რუსულ ან რომელიმე სხვა საბჭოთა რესპუბლიკის ენაზე), ხოლო მოგვიანებით "ნამდვილი" 1984 წელი იუნესკომ ჯორჯ ორუელის წლად გამოაცხადა.

მაშ ასე, მკითხველო, ინებეთ კიდევ ერთი საჩუქარი "მედიაპალიტრისაგან" და თავად განსაჯეთ, რა არის მსოფლიოსთვის და მათ შორის - საქართველოსათვის 1984 - წარსული, აწმყო თუ მომავალი.