"ივანიშვილმა ფინთ პადხალიმებს ალიყური უნდა გააწნას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ფინთ პადხალიმებს ალიყური უნდა გააწნას"

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ყველაზე მეტად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს"

ქიზიყიდან გურჯაანის ყოფილი რაიკომის პირველი მდივანი ბიჭიკო სინჯიაშვილი შემოგვეხმიანა, სათქმელი მაქვს და მათქმევინეთო:

- 1981 წელს შევარდნაძემ მთელი საბჭოთა კავშირიდან მოიწვია ხალხი, რომ ენახვებინა, როგორ ააყვავა საქართველო. 35 კაცი გურჯაანში ჩამოვიდა. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები: მიხეილ ულიანოვი, ლიდია ფედოსეევა-შუკშინა, ევგენი ლეონოვი... ჭავჭავაძეების სახლში ვისხედით სუფრასთან. კაკო ძიძიგური და რეზო თაბუკაშვილიც იყვნენ. მოკლედ, მთელი საბჭოეთის ელიტური ინტელიგენცია იქ იყო. 21 დეკემბერი იყო, სტალინის დაბადების დღე. ჭიქა ავიღე ხელში და ვთქვი, სტალინის დაბადების დღეა-მეთქი და ულიანოვმა შემაწყვეტინა, სატანის სადღეგრძელოს არ დავლევო. წამოხტა სუფრიდან, ლეონოვი წაიყოლა და თოვაში ეზოში ბოლთას სცემდნენ. გვერდით ლიდია შუკშინა მეჯდა, დავინახე, რომ დაიძაბა, ვინ იცის, იქნებ იფიქრა, ხანჯლებს დააძრობსო. სადღეგრძელო არ დავლიე, დაველოდე, სანამ ლეონოვი და ულიანოვი დაბრუნდებოდნენ. მერე ავიღე ჭიქა და ვთქვი, მინდა დიდი ებრაელი ხალხის შვილის, სტალინის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ-მეთქი.

თვალებდაჭყეტილი მომაჩერდნენ. კაკო ძიძიგური ფეხს მაჭერდა, ეგენი სუყველა ებრაელები არიან, გაჩუმდიო. ებრაელები რომ არიან, ამას იმიტომაც ვამბობ-მეთქი. სტალინმა ებრაელებს შორეულ აღმოსავლეთში ავტონომია გაუკეთა და საფრანგეთისხელა ადგილი მისცა, მაგრამ რადგან იქ აღარ გაჩერდნენ, ისრაელის სახელმწიფო შეუქმნა, 8 მილიონამდე ებრაელი სიკვდილს გადაარჩინა, ჰიტლერის დევნილი ხალხი შეიფარა და მათი მკვლელი დასაჯა, საქართველოსთვის კი არაფერი გაუკეთებია-მეთქი. მიყურა ულიანოვმა და ყანწი მოითხოვა, სტალინის სადღეგრძელო დალია და ყანწი ლეონოვს გადასცა. გავიდა წლები და 2000 წელს ლიდია შუკშინას ვესტუმრე მოსკოვში. თამადა მოვიდაო, შესძახეს. ჩემს პატივსაცემად სამი ბოთლი ღვინო "გურჯაანი" ეყიდათ. მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვსო და ულიანოვი შემომიყვანა. გადავეხვიეთ ერთმანეთს. ულიანოვმა მითხრა, მოვინათლე და სტალინის დიდი თაყვანისმცემელი გავხდიო. ეს იმის სათქმელად მოგიყევით, რომ დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს და ასევე მინდა პარალელი გავავლო Dდღევანდელობასთან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ყველაზე მეტად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, თორემ ეგ კაცი მე არც დამსჯის და არც დამაწინაურებს.

ივანიშვილი ლოიალური, სიკეთით სავსე კაცია, არავის დასჯას არ ეცდება და მართალიცაა.  მთელ საქართველოში მიტევების დღე უნდა დადგინდეს. ხელი არავის უნდა ახლონ, Aარც სააკაშვილს. გგონიათ, მისი ბრალია ყველაფერი? გარე ძალები ამოძრავებდნენ სააკაშვილსაც და მერაბიშვილსაც. 2002 წელს "ვაშინგტონ პოსტში" მერაბიშვილის ინტერვიუ რომ წავიკითხე, აღვფრთოვანდი, რა კარგად აქვს გაანალიზებული შევარდნაძის მოღვაწეობა-მეთქი. ეგენი ხელისუფლებაში არიან, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება.

არასოდეს მითქვამს ცუდი სააკაშვილსა და ამ ბალღებზე. ჩემი შვილები არიან და რა უნდა ვთქვა? ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამერიკელები მიხვდნენ, საქართველო ზიმბაბვე არ არის. როგორ ფიქრობთ, არ არის შეთანხმებული ივანიშვილის კანდიდატურა რუსეთსა და ამერიკასთან? დამიჯერეთ, ორივეს მოწონებული კანდიდატურაა.

- ამბობთ, ხელისუფლება გარედან მიცემულ დავალებებს ასრულებდაო, თუ ასეა, რატომ ენდომებათ უცხოელებს ივანიშვილი?

- ბევრი რამ ვერ გათვალეს. აშშ-ის პოლიტიკა ყველაზე უკეთ საქართველოში გაიშიფრა, რუსებთან ომი გაგვაჩაღებინეს. ვშიშობ, უფრო დიდი ვერაგობა არ ჰქონდეთ ჩაფიქრებული: საქართველოსა და სომხეთის დაჯახება ან საქართველოში სამოქალაქო ომი, ეს კავკასიის დაღუპვასა და ჩვენი კულტურის მიწაში ჩადებას უდრის.

- ხელისუფლებაში მოსვლა ივანიშვილისთვის იოლი არ იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" სულაც არ აპირებს პოზიციის დათმობას.

- ეგ კაცი გამარჯვებულია უკვე. არ მეგულება ისეთი ვერაგი კაცი, რომელიც ივანიშვილს ტყვიას ესვრის. ბადრი რომ მოკლეს, თქვენს გაზეთთან პირველმა მე ვიყვირე, ეს კაცი მოკლულია-მეთქი. ივანიშვილს კი ვერ მოკლავენ. ხელისუფლებას ისღა დარჩენია, ივანიშვილს მიტევება სთხოვოს და მანაც არ უნდა დასაჯოს არავინ. ღმერთი მიუზღავს ყველას საკადრისს.

ხელისუფლებამ ან სამოქალაქო ომისკენ უნდა გვიბიძგოს, ან ივანიშვილის მოსვლას უნდა შეეგუონ. ამერიკაც იტყვის, ხედავთ, რა დემოკრატიული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე დავუჭირე მხარი სააკაშვილს, ხალხმა მაინც თავისი ქნა და მე ქართველი ხალხის ნებას დავყევიო. ივანიშვილის მოსვლა სააკაშვილის გადარჩენის ღონისძიებაა და მეც მომხრე ვარ, რომ ჩემზე პატარა გადარჩეს. პატარას გამოსწორების საშუალება უნდა მისცე. 74 წლისა ვარ და ამ პრინციპით მიცხოვრია. რაიკომის მდივნობის დროს მხოლოდ სამი ახალგაზრდა გავიმეტე დასჯისთვის, - გამაუპატიურებელი, მკვლელი და ყაჩაღი. მკითხეს, რა ვუყოთო. რა უყოთ და, მაგათი ნეკნების ტკაცანის ხმა უნდა გავიგონო-მეთქი. ორს 6 კაცი ჰყავდა მოკლული, მესამეს კი 14 წლის პოლიომიელიტიანი გოგონა - გაუპატიურებული. როგორც შემდეგ გავიგე, სამივე ციხეში მოკლეს. ამასაც ბიძინას გასაგონად ვამბობ. კაცი, რომელიც 10 კაცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, უნდა მოიკვეთოს. ყველაფრის მპატიებელი ხელისუფალი არ ივარგებს, მაგრამ უკანონო დასჯა და ძველის გახსენებაც არ ვარგა.

თუ ივანიშვილს მოქალაქეობა არ დაუბრუნეს, ხალხი საარჩევნო ბიულეტენში ყველას გვარს წაშლის, ივანიშვილს ჩაწერს და საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოდ გადაიქცევა. ხალხში ისეთი იმედი გაჩნდა, ვერ წარმოიდგენთ. მე ვანო მერაბიშვილის იმედი მაქვს, აზრიანი კაცია და ნორმალურ პოზიციას დაიკავებს.

- რას გულისხმობთ?

- არჩევნებში ხალხის ნება უნდა გამოისახოს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა ჩაერიოს. ვანოს ძალიან ბევრი რამ შეუძლია.

სააკაშვილი საქართველოს გარეშეც ძალიან კარგად იქნება. უნდა წაიყვანონ, თორემ საფრთხე მერე შეექმნება. ფულის შოვნა ყველაზე იოლია, მაგრამ ფულის ხარჯვას ჭკუა უნდა და ბიძინამ იცის, ფული სად დახარჯოს.

ძალიან გვჭირდებოდა ურმის თავის დამჭერი ხარივით კაცი, რომ არ გადაიჩეხოს. ახლა კი ციკნები და მოზვრები ტლინკაობენ ურმის წინ. ცეტებივით დარბიან და კლდეებზე თხებივით თამაშობენ. დაიღუპებიან, თუ ურმის თავის დამჭერი ხარი არ შეხვდა. ეგრე მესახება მე ბიძინა.

1983 წელს შევარდნაძემ დამიძახა, ამბავი მომივიდა, ქურდები შენს სადღეგრძელოს სვამენო. მართალია და ამით ვამაყობ-მეთქი. გაუკვირდა. აბა, ყველა რომ ილია ჭავჭავაძე გვყავდეს, იმაი რაიკომის მდივანი რად უნდა-მეთქი. ქურდი ვინც კი დავიჭირე, მათ ოჯახებს დახმარებას ვუწევდი. აბა, ერთი ქურდი დამეჭირა და მის  სახლში სამი ქურდი კიდევ გამეზარდა? ერთი ყაჩაღი დავიჭირე, გვარად შავლიაშვილი, მის ოჯახს ისე ვპატრონობდი, კაცი ციხიდან რომ გამოვიდა, ტირილი დაიწყო. გურჯაანში აღარ დაედგომებოდა, რუსთავში წავიდა საცხოვრებლად და იცით, რა გააკეთა? ყარაულად დაუწყია მუშაობა და იმ ობიექტზე ღამით ხანძარი გაჩენილა. ლაბადა აუღია და ცეცხლის ჩასაქრობად მივარდნილა. ზედ დააკვდა ხანძრის ჩაქრობას ნაციხარი კაცი. ბოროტებას ბოროტებით ვერ მოერევი. მხოლოდ სიკეთით თუ გამოასწორებ.

როდესაც გარიბალდის აჯანყება მოხდა, აკაკი წერეთელმა დაწერა "დღეს მერცხალი შემოფრინდაო". დღეს მერცხალი მართლაც შემოფრინდა საქართველოში და მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ საქართველო გადარჩა.

ყველას Mმოვუწოდებ, არ გვინდა ძველის გახსენება. როგორც თამარ მეფემ აპატია დასავლეთ საქართველოში აჯანყებულებს, ისე უნდა მოიქცეს ივანიშვილიც. მჯერა, ყველას შეარიგებს.

ახლა ბიძინას ბევრი დაუწყებს პირფერობას, მასთან შეძრომით მოინდომებენ განდიდებას და შეიძლება ამით დაღუპონ. ივანიშვილმა ერთი-ორ ფინთ პადხალიმს ისეთი მაგარი ალიყური უნდა გააწნას, ჩემს სოფელში მე გავიგონო. ასეთები უნდა მოიცილოს. ბიძინას ჩემგან რა ესწავლება, მაგრამ ამავე დროს, საყოველთაო პატიება უნდა გამოაცხადოს. საქართველოდან ახლა ბევრი ფულიანი კაცი გაიქცევა და ეს ფული საქართველოსთვის დაიკარგება... ბიძინას იმიტომ დავუჭირე მხარი, ფულის ჭკვიანური ხარჯვა იცის. გიჟია ის, ვისაც ფული სახლში უდევს. სახლში დადებული ფული ნაღმივითაა, როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის.