"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ვერ უბრაზდებოდა!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ვერ უბრაზდებოდა!"

"ბიძინამ შეიძლება იყიდოს განწყობა, მადლიერება, მაგრამ მეგობრობას ვერასოდეს იყიდის..."

"მტრისას გაბრაზებული ბიძინა! საშიში სანახავია"

"მას შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა შეუძლია!"

"ნაკლი აქვს, რა თქმა უნდა, ეჭვიანია"

"ბევრი ფული რომ არ ჰქონდეს ბიძინას, ერთი ჩვეულებრივი, კარგი კაცია!"

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური გეგმები გაამჟღავნა, მასზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. თავად ბიძინა ივანიშვილმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მაგრამ საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესოა, როგორია მისი მეგობრის თვალით დანახული ბიძინა ივანიშვილი. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ანსამბლ "ქართული ხმების" წევრთან, თემურ ჭკუასელთან:

- 14 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. "ქართული ხმების" წევრებმა ბიძინა 1997 წელს შემთხვევით გაიცნეს თბილისში, სტუმრად იყო ჩამოსული. მაშინ საქართველოში არავინ იცნობდა. მერე ბიძინა ივანიშვილს კანში შევხვდი, "ქართულ ხმებს" გასტროლები გვქონდა ევროპაში. ბიძინას სან-ტროპეში აქვს სახლი და რომ გაიგო, "ქართული ხმები" კანში კონცერტს მართავდა, ოჯახთან ერთად ჩამოგვაკითხა. ბიძინას ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, განსაკუთრებით - "ჩაკრულო". გვეხვეწება ხოლმე, ბიჭებო, იქნებ კიდევ იმღეროთო. სან-ტროპედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და აგერ 14 წელი გავიდა მას შემდეგ.

ბევრი იფიქრებს, რა თქმა უნდა, "ქართული ხმების" წევრები ივანიშვილის მეგობრობას დაიჩემებენ, რადგან მათ ბიძინა პატრონობსო. ბიძინას მილიარდერობა ჩვენს ურთიერთობაში დაბრკოლება უფროა, ვიდრე ხელის შემწყობი ფაქტორი. ეტყობა, ამაზე ბიძინასაც უფიქრია. ერთხელ სევდიანმა მითხრა, ჭოტიკა (მეტსახელია ჩემი), ასე მგონია, რომ მეგობრობას ვყიდულობ და ამის გამო ძალიან ვწუხვარო. მაშინ ვუთხარი და ახლაც მთელი საქართველოს წინაშე გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება იყიდოს განწყობა, მადლიერება, მაგრამ მეგობრობას ვერასოდეს იყიდის, მილიარდები უძლურია! არც ერთი თეთრი არ მინდა მისგან, არც მასთან მეგობრობაზე ვიტყვი უარს. ამ კაცმა ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვალა.

- რა შეცვალა?

- ადამიანის ერთ-ერთი თვისებათაგანია სამაგიეროს გადახდის, შურისძიების სურვილი. ვფიქრობდი, რომ "კბილი კბილის წილ" მისაღები საქციელი იყო. არადა, ბიძინა თავისი ქცევით სულ საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა. ხშირად გავღიზიანებულვარ, რომ ბიძინა ბევრს უპატიებელს პატიობდა. ვეკითხებოდი, ამას როგორ ითმენ-მეთქი. მუდმივად ერთსა და იმავეს მპასუხობდა, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი არ შეიძლებაო.

მე რომ იმ ამბების მოყოლის უფლება მქონდეს, რაც ჩემ თვალწინ მომხდარა... იმდენ უმსგავსობას სჩადის ხალხი, რომ ფული გამოსძალონ, გაგიკვირდებათ.

მე ამას ვერ მოვითმენდი. ბიძინას სამი უახლოესი მეგობარი ჰყავს, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობები. ერთი მისი კლასელია, ორი კი - კურსელი და მერე ჩვენ, "ქართული ხმების" წევრები.

- როგორია მისი დამოკიდებულება ნივთებისადმი?

- ერთხელ შევნიშნე, ხორკლიანი ქამარი ეკეთა. რა მაგარი ნიანგის ტყავის ქამარია-მეთქი! დახედა. ეგ ნიანგის კი არა, დერმატინისაა, შარვალს მოჰყვაო. ხელზეც ჩვეულებრივი, გაუგებარი ფირმის საათი უკეთია. სამაგიეროდ "იდეინი" საჩუქრები უყვარს ძალიან.

თუ რაიმეს აჩუქებ, ძალიან ხალისობს. ძვირფას საჩუქრებს ვერ იტანს. ამას წინათ ღვინის მაღაზიაში სასმისს გადავაწყდი. სავსეს როგორც კი მოიყუდებდი, სიმღერას იწყებდა. ვიფიქრე, ეს ბიძინას მოეწონება-მეთქი. სასმისის სიმღერა "ჩაკრულოთი" შევცვალეთ და საჩუქრად მივუტანეთ. დიდი სასმისით არასოდეს დაულევია სასმელი, მაგრამ დავიწყეთ თუ არა ქეიფი, დავუჟინეთ ბიძინას, აი, ამით უნდა დალიო სადღეგრძელო-მეთქი. ძალიან დიდხანს გვეწინააღმდეგებოდა, რატომ უნდა დავლიოო, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნია და მოიყუდა თუ არა, დაიწყო "ჩაკრულო"! ხელიდან გაუვარდა მოულოდნელობისაგან სასმისი, მაგრამ გადარჩა. ძალიან გაახარა ამ საჩუქარმა.

ბიძინა საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნივერსიტეტის შექმნაზე ოცნებობს. ბევრჯერ უთქვამს, ვიცი, ძალიან ძვირი დაჯდება, შეიძლება მთლიანად ვერ გავწვდე ამ პროექტს და სურათების კოლექციას გავყიდიო, კოლექცია კი მართლაც შესანიშნავი აქვს: რენუარი, პიკასო, ლუსიენ ფროიდი (ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი) და ა.შ.

- ბიძინა ივანიშვილს ამერიკული სოფლის დანგრევაში ადანაშაულებენ..

- კარგია, რომ გამახსენეთ ეგ ამბავი. ბიძინას მაგ სოფლის გამო ჩემი 600.000 დოლარი მართებს. ხუმრობა იქით იყოს და, ბიძინა ივანიშვილის მიწაზე, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა ნაყიდი, ბიზნესმენ ვასილ ცოტაძის ამერიკელმა მეუღლემ მშენებლობა წამოიწყო. ბიძინამ ხალხი მიუგზავნა და გააფრთხილა, რომ ეს მისი მიწა იყო, მაგრამ ყური არავინ დაუგდო და ააშენეს ეგრეთ წოდებული ამერიკული სოფელი. ცოტაძის მეუღლე ამბობდა, მამაჩემი ბუშის მეგობარიაო და ეტყობა, ეგონა, საქართველოში ისე მოიქცეოდა, როგორც გაუხარდებოდა. მშენებლობა რომ დაასრულეს, ბიძინამ შეუთვალა, მშენებლობა 3 მილიონი დაჯდა, მე ექვსს გადაგიხდით, ოღონდ ეს დავა სასამართლოს გარეშე გადავწყვიტოთო. ბიძინამ ეს ადგილი იმიტომ იყიდა, რომ სარეკრეაციო ზონის გაშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. შემოუთვალეს, ამ წინადადებაზე ფიქრს 10 მილიონიდან დავიწყებთო. ბიძინა ფილანთროპი კი არის, მაგრამ ძალიან პრინციპულიცაა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ამიტომ სასამართლოს მიმართა. ბუშთან მეგობრობის მიუხედავად, საქმე მოიგო - სახლები უნდა დანგრეულიყო. ცოტაძემ ერთი ამბავი ატეხა პრესაში, ივანიშვილი ბარბაროსულ აქტს სჩადის, ამერიკულ სოფელს ანგრევსო. მაშინ მე ვრცელი წერილით საზოგადოებას ვამცნე, სინამდვილეში რა მოხდა. როგორც კი წერილი დაიბეჭდა, ცოტაძემ ხალხი მომიგზავნა, თანახმა ვართ 6 მილიონზე და თუ ამ საქმეს მოაგვარებ, 10%-ს შენ მოგცემთო. ბიძინას ხასიათი ვიცი და ამ წინადადებაზე წინასწარ ვიცოდი პასუხი. ვუთხარი, დამაბარეს შენთან, წინასწარ ვიცი, ცოტაძეს რომ არაფერს გადაუხდი, მაგრამ ჩემი 600.000 უნდა მომცე-მეთქი! გულიანად ვიცინეთ ამ 600.000-ზე. არ გაინტერესებთ ამ საქმის გაგრძელება? დაინგრა ის სახლი და ბიძინა ივანიშვილმა მოგებული სასამართლოს მიუხედავად, მაინც გადაუხადა 6 მილიონი ცოტაძეს...

- ბრძანეთ, პრინციპულიაო, ხელისუფლებასთანაც ასეთი იყო?

- როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ბიძინას მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეხმარები და ფულს უხდი, ჩვენ დაგვიჭირონ მხარიო. ამაზე ბიძინამ საკადრისი პასუხი გასცა, ამ ადამიანებს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ ისინი  თავისუფლები იყვნენ. თქვენ მთხოვთ, რომ მათ თავისუფლება და ღირსება წავართვა, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.

- არ გაბრაზდა სააკაშვილი?

- პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ვერ უბრაზდებოდა!

- კრიტიკას როგორ ხვდება?

- ზოგიერთმა ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის წერილების მერე დაასკვნა, რომ ბიძინა ვერ იტანს კრიტიკას. კრიტიკის მეტი რა მოუსმენია ჩემგან! ნარდის თამაშის დროს ხომ ვხოცავთ ერთმანეთს. ახლაც უნდა გავაკრიტიკო: ბიძინას ნარდის თამაში ჩემთან, გია ჭირაქაძესა და გოგი ჭიჭინაძესთან უყვარს. თვითონ კი თქვა ეს ინტერვიუში, მაგრამ მაინტერესებს, ის რატომ არ თქვა, პირველი ჩემპიონი რომ მე ვარ! ეტყობა, იმიტომ არ მახსენა, რომ მეორე ჩემპიონი თვითონ გახდა. მე მისგან განსხვავებით არ დავმალავ ამ ამბავს და ვიტყვი, პირველად ჩემპიონი მე გავხდი, მეორედ - ბიძინა! უნდა გენახათ, თვითონ რომ გახდა ჩემპიონი, რას ხარობდა!

ბიძინასთან მიჩხუბია კიდეც და რაღაცებიც მწყენია. მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტი ერთგულების დემონსტრირებას ცდილობენ. ამიტომ ბიძინას ნებისმიერი სიახლოვე სხვა ადამიანებთან ამ ხალხის გაღიზიანებას იწვევს. მომხდარა ჩვენ შორის ისეთი რამ, რომელიც ჩემთვის არ იყო მისაღები. ამის გამო ბიძინასთან ძალიან ცხარე კამათი მქონია. როცა მიხვდა, რომ არ იყო ჩვენი ჩხუბის მიზეზი სიმართლესთან ახლოს, დამირეკა და მომიბოდიშა.

- როგორია გაბრაზებული ივანიშვილი?

- მტრისას! საშიში სანახავია. ვერ იტანს უპასუხისმგებლობას. ღიზიანდება, როცა ვინმეს სიხარბეს შეამჩნევს. იმდენად ცუდად გადააქვს, რომ გარე სამყაროსთან  ურთიერთობას წყვეტს.

გაკეთებული სიკეთის აფიშირება არ უყვარს. მე მისმა ბოლოდროინდელმა ორმა საქმემ მომხიბლა. მოგეხსენებათ, ამერიკულმა პეპელამ შეჭამა დასავლეთი საქართველო.  ბიძინამ შვეულმფრენი გამოყო და სამი თვე წამლავდნენ დასავლეთის რეგიონს. მეორე შვეულმფრენი სწრაფი რეაგირების სამსახურს აჩუქა იმისათვის, რომ ავტოკატასტროფებში მოყოლილი მოქალაქეები დროულად მიეყვანათ საავადმყოფომდე.

ვერ იტანს მადლობებსა და მეხოტბეებს. მინდოდა, ბიძინაზე წიგნი დამეწერა, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვუთხარი, თუ შენი სახელის გამოჩენა არ გინდა, პროტოტიპი იქნები-მეთქი. კატეგორიული უარი თქვა.

რა თქმა უნდა, სისუსტეებიც აქვს. მე ლამაზი პერანგები მიყვარს. ბიძინასთან რომ მივდიოდი, ვახარბებდი, შენს პერანგებს ჩემი ჯობს-მეთქი. მერე უეცრად გამოაჩინა მაგარ-მაგარი პერანგები, რამდენჯერმე ჩაიცვა. ეკამ მითხრა, ამას შენს ჯიბრზე აკეთებს, მუდმივად რომ ჩაგრავ, ჩემი ჯობსო. ახლა ერთი რამ მაწუხებს, ჩვენი ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს, თორემ სუყველას წავართმევდი. ერთი პულოვერი იქით ვაჩუქე, პატარა მომივიდა. დიდი სიამოვნებით იცვამს. ბევრი ფული რომ არ ჰქონდეს ბიძინას, ერთი ჩვეულებრივი, კარგი კაცია! სხვათა შორის, არც იუმორის გრძნობა ღალატობს. ძალიან უყვარს ანეკდოტები. ამას წინათ ბიძინაზე ანეკდოტი მიამბეს და სასწრაფოდ მივურბენინე.

- ჩვენც მოგვიყევით.

- ბიძინას პინგვინი მოუკვდა. დაიბარა ხალხი და დაავალა მიზეზის გარკვევა, სხვებს ხომ არაფერი ემუქრებათო. გაკვეთეს პინგვინი და აღმოაჩინეს, რომ პინგვინს მკვდარი მერცხალი გაუძიძგნია. აღშფოთდა ივანიშვილი, კი მაგრამ, რა უნდოდა იქ მერცხალსო? ვერ გავიგეთ, ბატონო ბიძინა, ჭორვილაში მერცხალს რა უნდოდა თუ პინგვინსო? - გაკვირვებულან ვეტერინარები.

ხშირად გვისაუბრია მილიარდერების ავადმყოფობაზე. ერთხელ მითხრა, ამდენ ფულს რომ იშოვი, უკან დასაბრუნებელ გზას იჭრიო. იმ პერიოდში ბერეზოვსკის პუტინთან დაძაბული ჰქონდა ურთიერთობა. ბერეზოვსკიზე მითხრა, წარმოიდგინე, ბერეზოვსკი რას არ გადაიხდიდა, რომ ისეთივე ადამიანი იყოს, როგორიც შენ ხარ, აბსოლუტურად თავისუფალი და ლაღი, მაგრამ ამის საშუალება არ აქვსო. არ უყვარს "ტუსოვკები" კოლეგა მილიარდერებთან. უყვარს რამდენიმე კაცთან ჩამოჯდომა, საუბარი და თითო ჭიქის აწევა.

KvirisPalitra.Ge- ხშირად თამადობს?

- არასოდეს გამოუთქვამს თამადობის სურვილი. ისე კი უყვარს, მაგრამ თუ არ დავაძალებთ, არ თამადობს. როგორც ყველა საქმეს ამქვეყნად, თამადობასაც საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდება. როცა თავის პირველ წერილში სოფლის მეურნეობაზე ილაპარაკა, ზოგმა დასცინა, რა დროს კარტოფილზე ლაპარაკიაო. სინამდვილეში ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ დაჩაჩანაკდა და გამათხოვრდა ქართველი გლეხი. ალბათ, სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად, როგორ განიცდის ამ ამბავს. თვითონ გლეხის ოჯახიდან არის და გული სტკივა ამის გამო. სულ მეუბნებოდა, იცი, ჭოტიკ, არაფერი გამომდის ამ დახმარებით, აუცილებელია სიტუაციის შექმნა, რომ ადამიანებმა საკუთარი ძალითა და შრომით ნორმალურად იცხოვრონო.

ზედმეტად თავმდაბალი კაცია. არც ისეთი გრაფი მონტე-კრისტოა, როგორც  წარმოუდგენიათ. ხშირად მდგარა რიგში ხალხთან ერთად, უბრალოდ, ვერ წარმოიდგინეს, რომ მათთან რიგში შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილი მდგარიყო.

ბაკურიანში ვიყავით. საბაგირო გზაზე, რომელიც მან ააშენა, ასვლა გვინდოდა. უზარმაზარი რიგი იდგა. კარგა ხანს ვიდექით. არც უფიქრია, ეთქვა, რომ მის აშენებულ საბაგიროზე ურიგოდ გაეშვათ. ჩვენ ბაკურიანში დანჯღრეული რაფით ვიყავით ჩასული. უკან ერთად დავბრუნდით და არაფრით არ ჩაჯდა თავის დაჯავშნულ მანქანაში. ბიძინამ ეკასა და პატარა ცოტნესთან ერთად ჩვენი დანჯღრეული რაფით იმგზავრა თბილისამდე. აი, ასეთია.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ნაკლი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

- გგონიათ, ერთი პარლამენტარივით ვიტყვი, მისი ნაკლი ის არის, რომ ნაკლი არ აქვსო?! ღმერთმა დამიფაროს, ასე დამებინდოს გონება! ნაკლი აქვს, რა თქმა უნდა, ეჭვიანია, ვფიქრობ, ეს უფრო გარემოების შედეგია, ვიდრე ხასიათის თვისება. უკვე ვთქვი, რომ მის ირგვლივ იმდენი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ტრიალებს, იმდენმა ატკინა გული, რომ გამიკვირდებოდა, ასე რომ არ იყოს. მაგრამ მას შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდაც შეუძლია!