სიკეთის ნაკვალევზე - კვირის პალიტრა

სიკეთის ნაკვალევზე

"გიგას პირველმა ნაბიჯებმა გამაბედნიერა, მაგრამ მარის სევდიანმა სიტყვებმა გული მომიკლა"

"სასწაული მოხდა, გიგამ გაიარა"

"ჩემი შვილები მძიმე ავადმყოფები არიან. ორივე ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. მე კი უმძიმესი სოციალური პირობები მაქვს. იქნებ დაეხმაროთ ჩემს პატარებს. გემუდარებით, არ გამწიროთ", - ასე მთავრდებოდა ბელა უბილავას წერილი, რომელიც ორი თვის წინ მივიღეთ. სასოწარკვეთილი დედის თხოვნას, "კვირის პალიტრა" რამდენიმე პუბლიკაციით გამოეხმაურა და დაიწყო ბრძოლა პატარა მარიამისა და გიგას სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ საბანკო ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა, არაერთმა შეჭირვებულ ოჯახს საჩუქარი ისე გაუკეთა, ვინაობაც არ გაუმხელია. რედაქციას დაუკავშირდა კლინიკა "ორთოჯორჯიის" დირექტორი, გუტა ვაშაძე, რომელმაც მარიამ და გიგა ზარიძეებს უსასყიდლოდ დაუმზადა კორსეტი და ორთეზი, რათა მარიამს გამართულად ჯდომა მაინც შესძლებოდა, გიგას კი ფეხის სწორად დადგმა.M მეტის მოლოდინი არც ექიმებს ჰქონიათ და არც  მშობლებს, მაგრამ... რამდენიმე დღის წინ პატარების დედამ, ბელა უბილავამ აღელვებულმა დამირეკა, სასწაული მოხდა, გიგამ გაიარაო...

ბელა უბილავა: "მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" წერილი გამოქვეყნდა, ჩვენს თავს სასწაული ხდება. საოცარი ძალა ჰქონია სიკეთეს. გიგასა და მარიამის ანგარიშზე უკვე 7 ათას ლარამდეა ჩარიცხული. ბატონი გუტას ნაჩუქარი ორთეზის ჩაცმიდან ერთ თვეში შევამჩნიე, რომ გიგამ ფეხზე დგომა შეძლო. იმდენად მყარად იდგა ფეხზე, რომ ხელსაც აღარ ვაშველებდი. ერთ საღამოს კი მაგიდიდან სათამაშოს აღება უნდოდა და თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე გადადგა ხუთი ნაბიჯი. მოულოდნელობისაგან გავშეშდი, ეს ისე უცებ მოხდა, ხელის შეშველებაც ვერ მოვასწარი. არ ვიცოდი, სიხარულისაგან მეყვირა თუ მეტირა. ბავშვს ხელი დავტაცე და მეზობლებთან გავვარდი, მინდოდა, ყველას ენახა გიგას სიარული. არ ველოდი, თუ გაივლიდა, მეუბნებოდნენ ბავშვებს მდგომარეობა არ გაუუმჯობესდებათ, პირიქით, ყოველ ექვს თვეში პათოლოგია უფრო გამოვლინდებაო, მაგრამ სასწაული მოხდა. როდესაც გიგამ გაიარა, მარიამს არ დაუნახავს, ეძინა. რომ გაიღვიძა და გიგას სიარული ნახა, გაიხარა. ჩემი გიგა მალე 5 წლის ხდება, პირველად გადადგა დამოუკიდებლად ხუთი ნაბიჯი. თვითონაც უზომოდ ბედნიერი იყო, რომ ეს შეძლო. მარიამმა ჩაილაპარაკა, ნეტავ მეც შევძლო ეგრეო. Gგიგას პირველმა ნაბიჯებმა გამაბედნიერა, მაგრამ მარის სევდიანმა სიტყვებმა გული მომიკლა.

სანამ გიგა გაივლიდა, ბავშვები ბოდბეში წმინდა ნინოს წყაროზე წაიყვანეს "Palitra TV"-ის ჟურნალისტებმა ხათუნა კიღურაძემ და ავთო სურმავამ. წმინდა ნინოს მადლმა და ამდენმა სიკეთემ აადგმევინა გიგას ფეხი".

გიგამ ჩვენთანაც გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მართალია შიშით, მაგრამ ექიმების შექება დაიმსახურა, ფეხს სწორად ადგამს, ნაბიჯს არ ამრუდებს, ერთ თვეში უკვე შიშსაც დაძლევსო.

გუტა ვაშაძე (კლინიკა "ორთოჯორჯიის" დირექტორი): "ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ გიგა შრომისუნარიანი იქნება. ჩვეულებრივ სკოლაში წავა და ისწავლის".

კახი ნატრიაშვილი (ექიმი): "გიგას იმდენად გაუუმჯობესდა მდგომარეობა, ერთ თვეში თამამად გაივლის. მჯერა, ფეხბურთსაც ითამაშებს".

KvirisPalitra.Geგუტა ვაშაძე: "ამ ბავშვების რეაბილიტაციის საქმეში უპირველესია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თუ ბავშვებს სამოძრაო სივრცე არ ექნებათ, მათი რეაბილიტაცია წარმოუდგენელია. თუ მცხეთის რაიონის ხელმძღვანელობა ყურადღებას გამოიჩენს და ისეთ საცხოვრებელ ფართობს მისცემს, სადაც ბავშვებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ, მათი ჯანმრთელობა გამოსწორდება. ერთოთახიან ბინაში ორი ინვალიდი ბავშვის მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. იქნებ თქვენი გაზეთის დახმარებით მივაწვდინოთ ხმა მცხეთის რაიონის ხელმძღვანელობას.  თუ ბავშვებმა არ იმოძრავეს და კუნთები არ ავარჯიშეს, მხოლოდ ჩვენი დახმარება ვერ უშველით. მალე გიგა და მარიამი სკოლაში მიდიან და იქნებ მოახერხოს რაიონის ხელმძღვანელობამ, სკოლასთან ახლოს გამოუყოს საცხოვრებელი. ვფიქრობ, მარიამის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეიძლება. ჯერ კორსეტის დახმარებით ტანი მყარად უნდა ჩამოუყალიბდეს და კუნთები რომ მოუმაგრდება, მერე შეიძლება განმტვირთავი ორთეზები გაუკეთდეს, რაც ფეხზე დადგომის საშუალებას მისცემს. ეს რთული და ძვირად ღირებული ორთეზია, რომელიც მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და წვივის სახსრებს აფიქსირებს და წელზე მაგრდება. მჯერა, მარიამიც გაივლის, მაგრამ ჯერ მისთვის ოპერაცია იქნება საჭირო ტერფზე, აქილევსის მყესის დაგრძელება დასჭირდება, რომ ტერფმა ნორმალური ფორმა მიიღოს".

წამოსვლისას გიგამ და მარიამმა მადლიერების ნიშნად სათამაშოები გვაჩუქეს. მარიამმა პირობა მოგვცა, რომ ფეხზე დასადგომად იბრძოლებს, გიგამ კი - მომავალში რომ ჩამოხვალთ, უფრო კარგად გავივლიო.

P. S.  ბელა უბილავამ გვაცნობა, ჩემს ლექსზე, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, კომპოზიტორმა ეკა ალიმბარაშვილმა სიმღერა დაწერა. მას სავარაუდოდ, დათო არჩვაძე შეასრულებსო. ამასთან, ზარიძეების ოჯახს დაჰკავშირებია არასამთავრობო ორგანიზაცია "მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის". ორგანიზაციის დირექტორმა ნანა ლეჟავამ გვითხრა, ბავშვებს მედიკამენტებით, პამპერსებითა და საკვებით დავეხმარებითო.

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე

"სიკეთე ის არის, როცა ყრუსაც ესმის და ბრმაც ხედავს" მარკ ტვენი

იქნებ დავეხმაროთ მარიამს და გიგას. სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"

ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502. მიმღების დასახელება: ბონდო ზარიძე

მიმღების ანგარიშის ნომერი:

GEGE47BG 0000000280794400