საქართველოს პრესის ასოციაციის განცხადება - კვირის პალიტრა

საქართველოს პრესის ასოციაციის განცხადება

თბილისის მერიის პროექტთან - "1000 ახალი ჯიხური" - დაკავშირებით

ახლახან ცნობილი გახდა თბილისის მერიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში, მცირე და საშუალო მეწარმეობის წასახალისებლად გამოიყოფა 1000 ადგილი ახალი სავაჭრო ჯიხურების ჩასადგმელად. ქალაქის ადმინისტრაცია ჩაატარებს აუქციონს თითოეულ ადგილზე უფლების მოსაპოვებლად.  უკვე დანიშნულია აუქციონი პირველ 100 ადგილზე ჯიხურების განთავსებაზე. მიგვაჩნია, რომ ასეთი ღონისძიება თავისთავად მისასალმებელია და ვიტოვებთ იმედს, რომ ამ ადგილებსაც ერთი ან რამდენიმე მსხვილი კომპანია არ დაეპატრონება (როგორც, სამწუხაროდ, აქამდე  ხდებოდა). ამასთანავე გვინდა, გაკვირვება და წუხილი გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პრესის გამავრცელებლების, ასევე გამომცემლების მრავალი  მიმართვისა თუ წერილის მიუხედავად, მერიამ ვერ (არ) გამოძებნა  ადგილი გაზეთების, წიგნების, ჟურნალების სარეალიზაციო ჯიხურებისათვის, მაშინ, როდესაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ითვალისწინებენ ამ ტიპის პროდუქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ქმნიან პირობას, რომ ხალხმრავალ ადგილებში ასეთი ტიპის პროდუქცია გაიყიდოს. ასეთი მიდგომა გამოწვეულია ხელისუფლების სურვილით, ხელი შეუწყონ საზოგადოების ოპერატიულ და მრავალმხრივ ინფორმირებას, ასევე მოსახლეობაში ბეჭდვითი პროდუქციის მიმართ მეტი ინტერესის გაჩენას, რაც ზოგადად განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა იკითხოს: გამოცხადდა აუქციონი, მიიღონ პრესის გამავრცელებელმა პირებმა მონაწილეობა და მოიპოვონ უფლება. ცნობილია, რომ პრესითა და ნაბეჭდი პროდუქციით ვაჭრობა ვერასოდეს იქნება ისეთივე მომგებიანი, როგორიც თუნდაც სიგარეტის ან სწრაფი კვებისა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია აუქციონზე პრესის რეალიზატორმა პირმა კონკურენცია გაუწიოს სხვა, გაცილებით რენტაბელური პროდუქციით მოვაჭრეს.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ბეჭდური მედიისა და საზოგადოების ინტერესს და გარკვეულ ადგილებზე ჩაატარებს აუქციონებს სპეციალური პირობით, მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის  გაყიდვის უფლებით. მით უფრო, რომ მათი მხრიდან ასეთი სახის დაპირებები არაერთხელ მოგვისმენია.