"ადამიანის მხატვარი" გენიალური ხეიბარი - კვირის პალიტრა

"ადამიანის მხატვარი" გენიალური ხეიბარი

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი დაიბადა 1864 წლის 24 ნოემბერს ალბიში, საფრანგეთის ერთ-ერთ ცნობილ არისტოკრატიულ ოჯახში - ტულუზ-ლოტრეკების საგვარეულო ათასწლეულზე მეტს ითვლიდა. მისი დედ-მამა ბიძაშვილები იყვნენ. მამა - გრაფი ალფონსი ცნობილი ექსცენტრიკული პიროვნება იყო, დედა - ადელი კი წყნარი და ღვთისმოშიში. თავის მხრივ, გრაფ ალფონსის და ადელის ძმას მისთხოვდა. ახლო ნათესავების ქორწინება ცუდად აისახა შთამომავლობაზე - ანრის 14 ბიძაშვილისგან 3 მემკვიდრეობითი დაავადებებით იყო შეპყრობილი. გენეტიკური დაავადება სჭირდა ანრისაც. 1878 წელს ის სკამიდან ჩამოვარდა და მარცხენა ფეხი მოიტეხა, ერთი წლის შემდეგ იგივე განმეორდა მარჯვენა ფეხზეც და სწორედ მემკვიდრეობითი დაავადების გამო შეწყვიტა ორივე ფეხმა ზრდა. ანრი მთელი სიცოცხლე ხეიბრად დარჩა.

მომავალ მხატვარს იმ დროის არისტოკრატთა ტრადიციის მიხედვით ჯირითი და ძაღლებით ნადირობა უყვარდა, ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა ხატვამაც. ანრი თავის ხეიბრობას არასდროს მალავდა და თავად დასცინოდა საკუთარ ფიზიკურ ნაკლს. შედეგად კი ჩამოყალიბდა პიროვნებად, რომელიც არავის ნაკლს არასდროს მალავდა - ეს იყო მისი შემოქმედების კრედო.

მშობლები ანრის ხელოვნებით გატაცებას აღარ უშლიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მათი შვილი მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში ვერასდროს ჩაებმებოდა. მხატვრობის პირველი გაკვეთილები მან ბიძის, შარლისგან, მოყვარული მხატვრისგან მიიღო. შემდეგ ასწავლიდა მხატვარი და მოქანდაკე რენე პრენსტო. 1882 წელს დედასთან ერთად პარიზში გადავიდა და ნატიფი ხელოვნების სკოლის პედაგოგის, პოპულარული მხატვრის, ლეონ ბონას სახელოსნოში მოხვდა. იმავე წელს მხატვარ ფერნან კორმონის სახელოსნოში ვან გოგს დაუმეგობრდა. ამ პერიოდში მხატვარზე დიდი გავლენა მოახდინა დეგამ და იაპონურმა გრავიურამ.

KvirisPalitra.Geადრეულ ნამუშევრებში, ძირითადად, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ხატავდა, მოგვიანებით კი მეგობრებს. ხშირად იყენებდა იმპრესიონისტების ტექნიკას, მაგრამ მისი დაუოკებელი ჟინი, გადმოეცა პერსონაჟის ხასიათი შეუნიღბავად, ქმნიდა ადამიანის გამოსახვის ლოტრეკისეულ მანერას.

მას ეჯავრებოდა პეიზაჟი, რადგან სძულდა ბუნება - თვლიდა, რომ მის ხეიბრობაში ბუნება იყო დამნაშავე, ამიტომ იყო მხოლოდ "ადამიანის მხატვარი", რაშიც გენიალურ სიმაღლეს მიაღწია.

1884 წელს  ლოტრეკმა მონმარტრზე სახელოსნო გახსნა და იქვე დასახლდა. ამ ბოჰემურ უბანში მხატვრები სახლობდნენ, რადგან იაფი იყო. ანრის არისტოკრატ მშობლებს კი მიაჩნდათ, რომ ამ უბანში ცხოვრება სამარცხვინო იყო. მამის დაჟინებული თხოვნით ანრიმ ფსევდონიმით "ტრეკლო" რამდენიმე სურათიც კი შექმნა, თუმცა საბოლოოდ ფსევდონიმზე უარი თქვა. ლოტრეკი მალე მთელმა მონმარტრმა გაიცნო. სულ 150 სმ სიმაღლის იყო, მამაკაცის თავი და ტორსი ბავშვის ფეხებზე იყო მიზრდილი, ამიტომ უცნაურად დადიოდა, მიუხედავად ამისა, ყველას უყვარდა და მხიარული თავყრილობების სული და გული იყო. არც ქალების ყურადღება აკლდა.

მხატვარი სულ უფრო დაოსტატდა თავისი მოდელების ხასიათის გადმოცემაში, რასაც ხელს უწყობდა მისი ნიჭი, სატირულად დაენახა პარიზის არტისტული ბომონდი. თავის ცნობილ ტილოში "ცეკვა მულენ-რუჟში" იყენებს გროტესკსაც. თანამედროვეებისთვის კი ლოტრეკი უპირველესად ფსიქოლოგიური პორტრეტის ოსტატი იყო, მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ადამიანის სულიერი სამყარო.

მის წრეში შედიოდნენ არა მარტო მწერლები და მხატვრები, არამედ ხელმოცარულებიც, მაწანწალებიცა და მეძავებიც. მხატვარი მათ დიდი თანაგრძნობით ეკიდებოდა, რადგან თავი მათსავით დაჩაგრულად მიაჩნდა. არასდროს არავინ გაუნაწყენებია და არც არავისთვის უგრძნობინებია თავისი წარმოშობისა და ნიჭის უპირატესობა. მართალია, ლოთობის გამო თანდათან ხასიათი შეეცვალა და როცა მთვრალი იყო, აუტანელი ხდებოდა, მაინც კვლავინდებურად უყვარდა ყველას.

ლოტრეკს ფული არ აკლდა, მაგრამ მხატვრის დიდებაზე ოცნებობდა, ცდილობდა ნამუშევრები გაეყიდა. ერთ-ერთი პირველი მყიდველი ვან გოგის ძმა, თეო იყო.

კრიტიკოსებს მოსწონდათ მისი ფერწერა, გარდა ამისა, აფორმებდა ყდებს სანოტო გამოცემებისთვის, ქმნიდა დეკორაციებსა და კოსტიუმებს სპექტაკლებისთვის, სარეკლამო პლაკატებს...

მხატვარი მეტად თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა, 30 წლისა უკვე ლოთი იყო და ათაშანგითაც დაავადდა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებოდნენ, რამდენჯერმე ლონდონშიც გაგზავნეს გარემოს გამოსაცვლელად, მაგრამ დაბრუნებისას ძველებურად განაგრძობდა ცხოვრებას. 1899 წელს დედამ ორი მომვლელი მამაკაცი დაუქირავა, თებერვალში კი თეთრი ცხელების გამო ფსიქიატრიულ კლინიკაშიც დააწვინა, სადაც მხატვარი 3 თვეს მკურნალობდა.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხნით სამოგზაუროდ წავიდა და ისევ დაიწყო სმა. ბორდოში ორი წელი გაატარა და 1901 წლის აპრილში პარიზში ორი კვირით საქმეების მოსაწესრიგებლად დაბრუნდა, ჩანს, გრძნობდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. სასწრაფოდ დაასრულა რამდენიმე სურათი, ხელი მოაწერა იმ ნახატებს, რომლებსაც ამის "ღირსად" თვლიდა და საგვარეულო მამულში წავიდა. აგვისტოში ტულუზ-ლოტრეკს დამბლა დაეცა. 36 წლის მხატვარი 1901 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ