პოლიციელი თუ მოძალადე რობოტი?! - კვირის პალიტრა

პოლიციელი თუ მოძალადე რობოტი?!

ყური მქონდა მოკრული, რომ საპატრულო პოლიციაში თათბირებზე აქტუალურია დავალება "ზევიდან" - რაც შეიძლება მეტი გადასახადი ამოიღონ მძღოლებისგან, გამოვლინდეს მოძრაობის წესების დარღვევის მრავალი შემთხვევა, რათა საპატრულო პოლიციამ ბიუჯეტში შესატანი "წილი" მოაგროვოს. დავალების ჩამგდებს საყვედური არ ასცდება და შესაძლოა, სამსახურიც დაკარგოს... ამბობენ, ამ გასაჭირის გამო პოლიციამ თავად დაიწყო დარღვევით მუშაობა და ჯარიმებს ფაქტების გარეშეც წერენო. ამის მოწმე ორიოდე დღის წინ თავად გახლდით.

რამდენიმე "პალიტრელი" ერთ-ერთ რაიონში მივდიოდით დაქირავებული მიკროავტობუსით. უკან დაბრუნებულებს გორთან საპატრულო პოლიციამ გვანიშნა, შევჩერებულიყავით. პოლიციელმა, რომელიც ასე 25 წლისა იქნებოდა, აგდებული ტონით ჰკითხა მძღოლს, გეჩქარებაო? დიახ, ღამეა და გვეჩქარებაო, ღიმილით უპასუხა მძღოლმა. ჰოდა, ახლა 50-ლარიან ჯარიმას რომ მოგარტყამ, მერეც იჩქარეო.

- რა დავაშავეთ? - ვკითხეთ მძღოლს, რადგან ვერ მივხვდით, რომელი წესი დავარღვიეთ. მძღოლმაც მხრები აიჩეჩა, თქვენც ხომ ხედავთ, როგორ მოვდივარო. შევეცადეთ, გაგვერკვია, რა მოხდა და მძღოლს პოლიციელების გასაგონად ვკითხეთ:

- რა დააშავე?

პასუხი კი პოლიციელმა გაგვცა: - მთელი გზა დარღვევებით მოდიოდით, უკან მოგდევდით და გაკვირდებოდით. ბოლოს კი გორში, ხიდზე ""ფორდის" მარკის ავტომობილს გადაუსწარით და ღერძულა ხაზი გადაკვეთეთ. ხიდზე გადასწრება არ შეიძლება, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე კი რუსეთში სამთვიანი "ლიშენიაა".

მძღოლმა გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღო, მერე ხელი ჩაიქნია და ბურდღუნით მიუჯდა საჭეს, აქაოდა, კიდევ არ დამიმძიმონ დაუმსახურებელი სასჯელიო. არადა, პოლიცია მთელი გზა - ტყიბულიდან გორამდე - ვერ დაგვედევნებოდა, რადგან ყველა ეკიპაჟს თავისი საპატრულო კვადრატი აქვს. ამასთან, ჩვენ რუსეთში არ ვართ. სწორედ ეს შევახსენე დემოკრატიული პრინციპების ერთგულ ქართველ პოლიციელს და ვთხოვე, აეხსნა, როგორ შეეძლო დარღვევის ფაქტის დადასტურება, რომელსაც ჩვენ - ათი კაცი ვერ ვიხსენებდით და როგორ დაგვისაბუთებდა თავის ბრალდებას - იმ ადგილზე, სადაც გაგვაჩერეს, ხომ ვიდეოკამერები არ იყო?! პოლიციელმა ამაყად მიპასუხა,  მე ვამბობ, მეტი რაღა მტკიცებულება უნდა წარმოვადგინო(?!) და საერთოდ, ვალდებული არ ვარ, თქვენ გელაპარაკოთო. განვუმარტე, რომ მე, საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუციით მაქვს უფლება, კითხვა დავსვა და პასუხი მივიღო, ის კი ვალდებულია, მიპასუხოს, დამარწმუნოს, რომ მძღოლი ჩვენს უსაფრთხოებას არ იცავს... თქვენ უფლება არ გაქვთ, ხელი შემიშალოთ, თორემ 400-ლარიან ჯარიმას გამოგიწერთო... მძღოლს ქვითარი შეაჩეჩა, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.

ხუთ წუთში სხვა ეკიპაჟმა გაგვაჩერა და -  საბუთები წარმოადგინეთო, უთხრა მძღოლს. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ წინა ეკიპაჟთან უსიამოვნო საუბრის გამო შეგნებულად გაგვაჩერეთ  და იქნებ გვითხრათ, კიდევ რამდენ დროს დაგვაკარგვინებთ-მეთქი, ვუთხარი პოლიციელს, რომელმაც მკვახედ მომახალა, შენ მგზავრი ხარ და კითხვის დასმის უფლება არ გაქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც უნდა იყოო.

პოლიციელებს, რომელთაც არ იციან, რომ მოქალაქეებს ასე არ უნდა ელაპარაკონ, პოლიციელები არ უნდა ერქვათ. ჩემი ეჭვი, რომ წინა ინციდენტის გამო გაგვაჩერეს, მალევე დადასტურდა. თურმე მძღოლსაც უსაყვედურეს, სხვებს რატომ ალაპარაკებ შენს საქმეზეო... ჩვენი მძღოლი უსიტყვოდ დაემორჩილა (ალბათ, მძღოლების უმრავლესობის მსგავსად) პოლიციას,  თუმცა ჩვენთან დარღვევის ფაქტს კატეგორიულად უარობდა.

ვცადეთ, გაგვერკვია, რისი უფლება და რა ვალდებულებები აქვთ პოლიციასა და მოქალაქეებს.

კახა კოჟორაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი: "კანონის თანახმად, პოლიციელს ავტომობილის გაჩერების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და ეჭვი, რომ ამ მანქანით სამართალდარღვევა მოხდა, ან მას გადაჰყავს ძებნილი. ნებისმიერ შემთხვევაში გაჩერების უფლება არ აქვს. ასევე აქვს დაჯარიმების უფლება, თუ ჩადენილი დანაშაული აშკარაა. მძღოლს შეუძლია, ადმინისტრაციულ საქმეთა დარღვევის აქტი სასამართლოში გაასაჩივროს და მოსთხოვოს მას მოწმედ იმ ხალხის დაკითხვა, ვინც დაჯარიმების პროცესში მასთან ერთად მგზავრობდა. როგორ უნდა მოიქცეს სასამართლო, რას უნდა დაეყრდნოს - პოლიციელის ჩვენებას თუ მოწმეთა ჩვენებებს? კანონმდებლობის თანახმად, ზოგადი პრინციპი ასეთია: მას, ვინც უკეთესად დაასაბუთებს თავის პოზიციას. მძღოლი არ არის ვალდებული, უდანაშაულობის მამტკიცებელი ფაქტები წარმოადგინოს, მტკიცებულების წარმოდგენა პოლიციელის ვალდებულებაა. ეს, შესაძლოა, იყოს მაკონტროლებელი ვიდეოკამერების ჩანაწერები და სხვა, თუმცა, კამერების მონაცემებს პოლიცია, ძირითადად, არ იყენებს და სასამართლოც ასეთი მასალების 90%-ს არ ითვალისწინებს. გვქონდა შემთხვევა, წარვადგინეთ ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი, სასამართლომ კი  საქმეს ეს მასალა საერთოდ არ დაურთო. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რადგან ასე შეიძლება ადამიანს ნებისმიერი დანაშაული დააბრალო. პოლიციამ თქვა და კანონია! აი, ასე მუშაობს სასამართლო.

ზოგადი პრინციპების თანახმად, პოლიციელი ვალდებულია, დაადასტუროს, რომ დაჯარიმებულმა ნამდვილად ჩაიდინა სამართალდარღვევა. თუ სამართალდამრღვევისა და მასთან მყოფი პირებისთვის გაუგებარია პოლიციელის მოქმედება, ის ვალდებულია, ახსნას, რა და როგორ დაარღვია მოქალაქემ. ამასთან, უნდა შეეცადოს, არ დაძაბოს სიტუაცია უხეში გამონათქვამებით და მოპყრობით".

კარგად ვიცით, რომ კანონის თანახმად,  პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისათვის. დიახ, მისი კანონიერი მოთხოვნები და არა - უცერემონიო და აგდებული ტონი. კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არც ჩავრეულვართ, მხოლოდ განმარტებას ვითხოვდით. კმაყოფილი ვართ, როდესაც დანაშაულისგან გვიცავს პოლიცია, მაგრამ უფრო კმაყოფილი ვიქნებით, თუ კულტურული და კანონის მცოდნე პოლიციელი დაგვიცავს და არა - მოძალადე რობოტი, რომელსაც რასაც ავალებენ, მხოლოდ იმას აკეთებს და უვიცობის დასაფარად ძალადობასაც არ ერიდება.

P.S. ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებით, კანონის თანახმად, პოლიციელმა დამრღვევი პირველ ჯერზე უნდა გააფრთხილოს და მისი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გამოუწეროს  ჯარიმა. როდესაც საპატრულო პოლიციელი პირველივე შემთხვევისას წერს ჯარიმას, ეს ამყარებს ეჭვს, რომ საპატრულო პოლიციაში ბიუჯეტის შესავსებად თათბირები მართლაც ტარდება და ხელმძღვანელები პატრულს დანაშაულისკენ უბიძგებენ.