ჟღალთმიანი გოგონა "ჟღალსახურავებიანი" ქალაქიდან
ჟღალთმიანი გოგონა "ჟღალსახურავებიანი" ქალაქიდან
"პიერ რიშარი: "ნუთუ 40 წელი უნდა მეთმინა, რომ საქართველოში მოვხვედრილიყავი! პირველად მივხვდი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა!.."

"ჩემი სახლი ჩანთაშია, რომელიც ბორბლებზეა, სულ გზაში ვარ"


ყოველთვის, როცა ნანა ჯორჯაძის ფილმებს ვუყურებ, ერთი წერილი მახსენდება, სადაც რეჟისორი თავის სახლსა და სახურავებზე გატარებულ ბავშვობაზე ჰყვებოდა... ყოველთვის მეგონა, იმ სახლების სახურავები ჟღალი უნდა ყოფილიყო. აი, ისეთი, რომელთა არშემჩნევა შეუძლებელია. ამ "ანთებულსახურავებიანი" წარსულიდან მოჰყვება ურჩი ხასიათი და თმა - ჟღალი და განსაკუთრებული. იქიდანვე მოდიან ფილმის
პერსონაჟები, ინტერიერი. რაც უნდა თანამედროვე და გინდაც მომავალი დროის კალენდრით იყოს ფილმის სიუჟეტი განვითარებული, მასში მაინც იქნება  ტკივილი, რომელსაც ჯორჯაძეების ოჯახი ატარებდა; იქნება ქალაქიც, რომლის სახლებსაც შეიძლება სულაც არ ჰქონდა მოწითალო სახურავები, მაგრამ მაინც გიზგიზებდა. და სწორედ იმიტომ, რომ ბავშვობაშივე ჰქონდა სითამამე, ქართულ კინოში მოვიდა
სულ სხვა ხედვით და სხვა ხასიათით.

ჩემი დილა

დედა 7 თვის ორსული იყო, ჩემი ძმა მიჰყავდა საოპერაციოდ, ეგონა, მოასწრებდა წასვლასა და დაბრუნებას. ვერ მოასწრო... თვითმფრინავში დავიბადე... მგონი, ამან განსაზღვრა კიდეც ჩემი ხასიათი.
პლეხანოვზე, მთავარი ფოსტის მანსარდში ვცხოვრობდით.  მახსოვს ოთახი, რომელიც სავსე იყო თვითმფრინავებით: ქაღალდის, მუყაოს, დახატული თუ ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტოებით... დილით გავიღვიძებდი. ფეხშიშველი, ნახევრად გახელილი თვალებით ფანჯრიდან სახურავზე ვძვრებოდი, სახურავიდან სახურავზე დავხტოდი, სადღაც ხე ამოდიოდა, სადღაც მერცხლების ბუდეები მქონდა შეგულებული და ვაკვირდებოდი, როდის გამოიჩეკებოდნენ ბარტყები ხეზე. 4 თუ 5 წლისას ჩემი მეზობელი მხატვარი შემიყვარდა.  26 წლის იყო. სახურავზე ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა სადარბაზოდან და წავიდოდა სამხატვრო აკადემიაში. მერე მოვირბენდი შინ ჭუჭყიანი, გაწეწილი. დამიჭერდა ბებია და შემაგდებდა დასაბანად. საშინელება იყო თმის დავარცხნა, რადგან ხვეული და ურჩი მქონდა. ამიტომაც გაზაფხულზე თავს მხოტრავდნენ, დავარცხნას ყველაფერი მერჩივნა.

ბიჭებში გავიზარდე. მიყვარდა ველოსიპედი, მოტოციკლეტი, ფეხბურთი, კალათბურთი... ვთამაშობდი "კაზაკი რაზბოინიკის". ჩემთვის თოჯინებით თამაში წარმოუდგენელი იყო.
მე რომ ჩემნაირი შვილები მყოლოდა, არ ვიცი, როგორ ავიტანდი. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ხულიგანი ვიყავი. შატალოებზე დავდიოდი, ორშაბათსა და ხუთშაბათს გაკვეთილების ნაცვლად კინოში ვიყავი. არაფერი ჭრიდა: არც დასჯა, არც კუთხეში დაყენება,. გაცდენების გამო გამკიცხავდნენ, დავდგებოდი, თავს ჩავქინდრავდი, ვიტირებდი და მერე ისევ გავაცდენდი.
სკოლა მედალზე დავამთავრე. ბევრს ვკითხულობდი, ღამით  წიგნებს მართმევდნენ. შუქს მიქრობდნენ, მაინც ვახერხებდი.

დედასთვის არასოდეს  არსებობდა მატერიალური ღირებულებები. თუ ფული გვქონდა, ან წიგნები უნდა გვეყიდა, ან მუზეუმებში გვევლო, ან გვემოგზაურა. დედა მთამსვლელი იყო, ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად იყო ჯგუფში. მეც დავდიოდი მთაში. მამა სულ მღეროდა, ყველას ეგონა, მთვრალი დადისო, არადა, არ სვამდა. მოდიოდა შინ სიმღერით, დედას აიტაცებდა, ატრიალებდა, უმღეროდა, არადა, საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.
ჯორჯაძეებისგან არავინ მახსოვს. ყველა დახვრეტილი და გადასახლებული იყო. ბებია მამის მხრიდან ფრანგი იყო. როცა მამა და ბიძა 5- 6 წლისანი იყვნენ, არეულობა დაიწყო და ბებია საფრანგეთში წავიდა. გემზე დაჯდა ბათუმში, უმცროს შვილთან ერთად, რომელიც სულ ჩვილი იყო, უფროსი ბიჭები კი ხალხის ტალღაში დაიკარგნენ. ბიძაჩემი ვახტანგი და მამაჩემი - გივი ქუჩაში დარჩნენ. ენგელსის ქუჩაზე, სადაც მათი ყოფილი სახლი იყო,  დერეფნის ბოლოს, ფანჯარასთან რაფაზე ეწყოთ ნივთები, შლიდნენ სკამსაწოლებს და ასე ეძინათ.

ბიძაჩემი "თეთრი გიორგის" წევრი იყო, მუსტაფა შელიასთან, ამირან მორჩილაძესთან, ჭაბუა ამირეჯიბსა და სხვებთან ერთად. მუსტაფა ბიჭებთან გამოსამშვიდობებლად რომ დადიოდა, ვისთანაც მივიდა, ყველა აიყვანეს. ბოლოს ბიძაჩემთან მოვიდა. ატყდა სროლა ენგელსის ქუჩაზე, მუსტაფამ კა-გე-ბეს თანამშრომლები დახოცა, კლდისკენ გასასვლელი იყო და გაიქცა, თუმცა მაინც მოკლეს... ბიძაჩემი, როგორც მისი მეგობარი და თანამოაზრე, აიყვანეს და 25 წლით გადაასახლეს. 1956 წელს ჩამოვიდა. თბილისში გაჩერების უფლება არ ჰქონდა და სიღნაღში დასახლდა. იქაური საავადმყოფოს მთავარი ქირურგი იყო.

დედის მხრიდან ბაბუა, მიხეილ ნევეროვსკი, პოლონელი იყო. საქართველოში მან ააშენა დეპო და ელმავალმშენებელი ქარხანა. 1937 წელს დახვრიტეს, ბევრი წლის მერე ვნახეთ მისი საქმე, საქაღალდეში ერთი ფურცელი იდო: "რასტრელენ ნა დევიატი დენ ბეზ სუდა, იზ ზა ნეიმენიემ მესტა ვ კამერე".

KvirisPalitra.Geჩვენ ქვემოთ სახანძრო იყო. ვგიჟდებოდი წითელ მანქანებსა და პრიალა ჩაფხუტებზე. ჩავდიოდით, ჩაფხუტებს ვაპრიალებდით, მანქანებს ვრეცხავდით... 14 წლამდე  მფრინავობა მინდოდა.  მუშტაიდში დავდიოდი და პარაშუტით  ვხტებოდი. ერთ დღეს კი შატალოზე წასულმა ვნახე ფილმი "სანამ ჩემთან ხარ". მარია შელი და ოტო ფიშერი თამაშობდნენ. ეს იყო ფილმი ფილმის გადაღებაზე... გამაგიჟა ოტო ფიშერმა და რეჟისორობა გადავწყვიტე, მაგრამ თბილისში არ იყო კინოსკოლა, თანაც 18 წლისას უკვე შვილი მყავდა. მოსკოვში ვერ წავიდოდი სასწავლებლად და ამიტომაც სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. როცა 1974 წელს გაიხსნა სარეჟისორო ფაკულტეტი, გადავწყვიტე, ჩამებარებინა.

ჩემი შუადღე

რაკი სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე მქონდა დამთავრებული, მხოლოდ სპეციალობაში უნდა ჩამებარებინა გამოცდები. იმ დღეს კი, როცა გამოცდაზე უნდა გავსულიყავი, ავად გავხდი. მაშინ გამოცდა სამ დღეს გრძელდებოდა. მესამე დღეს დაგვირეკეს. დედას ჰკითხეს, ნანა რატომ არ მოდის გამოცდაზეო, უთხრა, ავად არისო, ახლავე ადგეს და მოვიდესო. როცა ჰკითხა, ვინ ბრძანდებითო, ირაკლი ვარ, კვირიკაძეო. მაშინ სარეჟისორო ფაკულტეტზე ორი ჯგუფი იყო, ერთი - თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის, მეორე - ლანა ღოღობერიძისა და ომარ გვასალიასი. წამოვხტი სიცხიანი, გავვარდი. ბურანში ვარ. რას ვაბარებ, არაფერი ვიცი.

II კურსიდან ოთარ ჯაყელმა, ჩემმა პედაგოგმა, თავის სახელოსნოში წამიყვანა. ის მარტო პედაგოგი კი არ იყო, იყო ადამიანი, რომელმაც ჩემს ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა. იყო უსაზღვრო ფანტაზიის, ნიჭიერი პიროვნება. მითხრა, შე მოღალატე, იცოდე, არქიტექტურა რეჟისორობაში დაგეხმარებაო. მართლაც,  კინოს მსგავსად არქიტექტურაც ხომ სამყაროს მოწყობაა...
პირველ ლექციაზე 1-ელ ოქტომბერს მივედი და 27 ოქტომბერს მე და ირაკლი დავქორწინდით. ცოტა დროა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ 37 წელი ერთად გვეცხოვრა. ირაკლი მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია. არ გვწყინდება ერთმანეთი.

ბავშვები, ბექა (ბუბა) და მიხო, ჩემმა მშობლებმა გამიზარდეს. ისეც ხდებოდა, რომ ორივე  მიმყავდა გადაღებაზე. ერთი ხელჩაკიდებული მყავდა, მეორე გულზე აკრული, ამბობდნენ, მოვიდა "ციგანსკი ტაბორიო".

რეჟისორობა არაადამიანური შრომაა - ფიზიკური, ინტელექტუალური. როცა შენი გონების ყველა უჯრედი მხოლოდ კინოთია დაკავებული, დღე-ღამეში 3-4 საათი გძინავს.  
მშობლები თუ მოესწრნენ ჩემი ფილმის პრემიერას? - "რობინზონიადა" ნახეს. მამა ჟან გაბენს ჰგავდა. პირველ ფილმში მამა გადავიღე. მოხეტიალე მუსიკოსებს თამაშობდნენ გივი სარჩიმელიძე, გოგი დადიანი და მამა.

"შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" გადაღება როგორ მახსოვს?
მახსოვს, პიერ რიშარის ჩამოსვლისას რა სიბნელე იყო აეროპორტში... მაგრამ ის იმდენად უბრალოა, აბსოლუტურად არ აღელვებდა ეს სირთულეები. საათობით იჯდა და ჭადრაკს ეთამაშებოდა ლია ლორიას. ლია ჩემი მამიდაშვილია, ფრანგული იცოდა და ამის გამო ვთხოვე დახმარება.
პიერ რიშარი რომ წავიდა, ინტერვიუში თქვა: ნუთუ 40 წელი უნდა მეთმინა, რომ საქართველოში მოვხვედრილიყავი! პირველად მივხვდი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა!.. ისეთი დაბადების დღე მქონდა იქ, როგორიც არასოდეს მქონია! მახსოვს ყველაფერი და როდის ვმუშაობდი, ეს არ მახსოვსო. ფანტასტიკური პარტნიორები ჰყავდა: რამაზ ჩხიკვაძე - ჩემი საყვარელი არტისტი და ადამიანი და კახი კავსაძე.

ნინო კირთაძე, რომელმაც პარტნიორობა გაუწია რიშარს, ქუჩაში ვიპოვე.  ღამით სტუდიიდან საბურთალოზე ავტობუსით წავედი. ვხედავ, პეკინის ქუჩაზე რაღაცამ ჩაიქროლა. წამოვხტი, გავაჩერებინე ავტობუსი და გავეკიდე. შემოვაბრუნე, არც შევხედე სახეზე, ისე ვუთხარი: ფილმში მინდა გადაგიღოთ-მეთქი. მე ჟურნალისტი ვარ, მსახიობი არა ვარო, მაგას არა აქვს მნიშვნელობა-მეთქი. წავედით სტუდიაში, სინჯი ფორმალურად გადავუღეთ და მეორე დღესვე შევიდა კადრში.
"27 დაკარგული კოცნა" გერმანელებთან ერთად გადავიღე. რიშარმა დამირეკა, როგორ ფილმი უჩემოდ დაიწყეო? ამიტომ ფილმში ახალი ხაზის გამოგონება მომიხდა, რიშარმა კაპიტანი ითამაშა.

ჩემი საღამო

ბუნებით მაწანწალა ვარ. იმ დღეს მეგობრის დედა მეკითხებოდა, სად არის შენი სახლიო. ჩემი სახლი ჩანთაშია, რომელიც ბორბლებზეა, სულ გზაში ვარ. მთელი ცხოვრება სხვის დივანზე გავატარე. ასეთი ცხოვრება თავად ავირჩიე.

ოთხი შვილიშვილი მყავს. ერთხელ კედებში, ზურგჩანთით ვარ. ნანა, იცი, რას გეტყვი, ძალიან არასერიოზულად გამოიყურებიო, მითხრა ჩემმა 6 წლის შვილიშვილმა. ასე არასერიოზულად მიყურებენ, მაგათი ძმაკაცი ვარ!

იშვიათად ვიყურები სარკეში, არ ვაკვირდები მეტამორფოზებს, რომლებსაც სახე  განიცდის. ჩემი შვილების მეგობრები ჩემი მეგობრები არიან. სტუდენტებთან მიხდება ურთიერთობა... სულ მათთან რომ ვარ, ჩემს ასაკს ვეღარ ვგრძნობ. თავი მოხუცი თუ წარმომიდგენია? - ყველაფერი უფლის ხელშია, ვიცოცხლებ იმდენ ხანს, სანამ მუშაობას შევძლებ და მაწანწალა ვიქნები. როგორც კი ამაზე უარს ვიტყვი, დამთავრდება ჩემი ცხოვრება.
nata metreveli
11 ნოემბერი 2011 00:43
ქალბატონო ნანა, საოცარი ფერებით ავსებთ კინემატოგრაფიის სივრცეს, უზადო გემოვნება და უსასრულო ფანტაზია გაქვთ, მადლობა უფალს რომ აქ გაგაჩინათ, ვამაყობ თქვენით
tamuna
09 ნოემბერი 2011 11:03
ძალიან,ძლიან ნიჭიერი ქალია!!ვგიჟდები ამ ქალზე!ფილმებზე ხო საერთოდ ვაბოდებ!!სიტყვებით ვერ გამოვხატავ ისე ვარ ამ ქალბატონით აღფრთოვანებული!!
tamaz
08 ნოემბერი 2011 17:52
ნანა, მე თამაზ კალაძე ვარ, თემურის მეგობარი! უცბად შენზე ამ სტატიას წავაწყდი და ძალიან გამიხარდა, დიდი ხანია არ მინახიხარ და სულ გნატრულობდი! გისურვებ ყოველივე კარგს!
შენი ბავშვობის მეგობარი
თამაზი

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები