"თუ გინდა რეალურად ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის ჰოსპიტალში უნდა ჩახვიდეთ" - კვირის პალიტრა

"თუ გინდა რეალურად ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის ჰოსპიტალში უნდა ჩახვიდეთ"

ათი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი (დაჭრილების ზუსტ რაოდენობას თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს), - ასეთია ამ დროისთვის სტატისტიკა, რომელიც ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის შედეგებს ასახავს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ქართველი ჯარისკაცების მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გაგზავნა, ამაზე საზოგადოებას არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვს. თუმცა, უნდა იტვირთოს თუ არა სახელმწიფომ სრული პასუხისმგებლობა დაღუპულ თუ დასახიჩრებულ ჯარისკაცებზე, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს.

"ჩადით გორის ჰოსპიტალში, ჩვენს ბიჭებს უკვე წელია, პროთეზებს ჰპირდებიან და არაფერს უკეთებენ. იქ სანახაობაა, მტერს არ ვუსურვებ" - ასეთი კომენტარი გავრცელდა ინტერნეტში...

ერთი კვირის წინ გორის ჰოსპიტალში შესვლა მოვახერხე. კითხვა-კითხვით მივაგენი ავღანეთში დაჭრილი ბიჭების პალატებს და ერთ-ერთის კარზე დავაკაკუნე. ოთახში 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე დამხვდა. პატრულირებისას ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ფეხების გარდა, ნაღმმა ორივე ხელზე შვიდი თითიც წააცალა. 30 წლის ოფიცერი ასპინძიდან არის, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იქვე, პალატაში სათამაშოები შევნიშნე. თურმე, ცოლ-შვილი დიდ დროს ატარებს ალუდასთან ჰოსპიტალში.

KvirisPalitra.Geის საბედისწერო დღე, 2010 წლის 26 თებერვალი, არ ახსოვს. სხვების ნაამბობიდან იცის, რომ პატრულირებისას ნაღმს ფეხი დაადგა და... მთელი თვე კომაში იყო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახის ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა. 27 ოპერაცია გაუკეთეს გერმანიის სამხედრო კლინიკაში, სადაც ის ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ მოინახულა. "ჩემი აფეთქება სატელიტურმა კამერამ გადაიღო. დეტალურად ჩანს ყველაფერი, ამიტომ მე არ მაჩვენებენ. თუმცა მომხდარის მიუხედავად, ავღანეთში წასვლა ერთხელაც არ მინანია. იქ ყველა ჯარისკაცი გმირია. ავღანეთში სამშვიდობო მისია დიდი პრაქტიკაა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის", - ამბობს ალუდა. მეექვსე თვეა, რაც გორის ჰოსპიტალში წევს. ჰპირდებიან, რომ პროთეზირებისთვის ამერიკაში წაიყვანენ. ლაპარაკია თანამედროვე ტექნოლოგიის პროთეზის მორგებაზე, რომლითაც უფეხო ბიჭები არა მარტო სიარულს, არამედ სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებენ. "როგორც გვეუბნებიან, რაც უფრო კარგად მოშუშდება ჭრილობა, მით შედეგიანი იქნება რეაბილიტაცია", - ამბობს ალუდა.

როგორია პირველი ნაბიჯების მოლოდინში გატარებული ყოველი დღე? ამბობს, რომ რამდენადაც მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე, მაინც მშვენიერია. გორგოლაჭებიანი სავარძლით ხშირად გადის პალატის "მეზობლებთან", ჰოსპიტლის ეზოში და ზოგჯერ შინ წასვლის უფლებასაც აძლევენ.

ალუდასგან გამოსული მის გვერდით პალატის კარზე ვაკაკუნებ, მაგრამ ხმას არავინ მცემს. ამასობაში ჩქარი ნაბიჯით თეთრხალათიანმა მამაკაცმა ჩამიარა და მომაძახა, საბაშვილი სტომატოლოგიურ განყოფილებაში ჩაიყვანესო.

KvirisPalitra.Ge "ავღანელ" ბიჭებს ჰოსპიტალში ყველა იცნობს, მით უფრო, კაპრალ საბაშვილს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში აგერ უკვე წელიწადზე მეტია მკურნალობს. მორისიც ნაღმზე აფეთქდა, მან ქვედა კიდურები და მარჯვენა ხელი დაკარგა. ამავე სართულზე, ერთ-ერთ პალატაში, კაპრალი ალეკო გითოლენდია წევს, მასაც აღარ აქვს ორივე ქვედა კიდური. გითოლენდიაც თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ეს სწორედ ის აფეთქება იყო, რომელსაც 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და 26 წლის კაპრალი დღემდე ელოდება თავის რიგს ამერიკაში რეაბილიტაციისთვის გასამგზავრებლად.

ამასობაში საბაშვილიც ბრუნდება და ავღანეთგამოვლილი სამივე ჯარისკაცი ალუდა სეთურიძის პალატაში იყრიან თავს.  მათ შორის მორის საბაშვილი ყველაზე უმცროსია, 24 წელი გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობისას შეუსრულდა.

KvirisPalitra.Geმის სანახავად თვით ამერიკის პირველი ლედი, მიშელ ობამა მისულა, ტკბილეული მიუტანია საჩუქრად და დაუიმედებია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მორისი არც ამ მდგომარეობაში ნებდება ბედს და ავტომობილის საჭესთანაც კი ჯდება თურმე. "როგორ და, გვერდით მჯდომი მათხოვებს ხოლმე ფეხს", - ღიმილით მპასუხობს. იხსენებს, რომ ამერიკელი ექიმის პროფესიონალიზმმა გადაარჩინა სიკვდილს, რამდენიმე წამში გადაუჭირა ლახტები მოწყვეტილი კიდურების ადგილას. ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია თავის დაბადების დღეს სხვადასხვა ქვეყანაში უწევს ყოფნა. 22 წლის ერაყში გახდა, 23-ის - ავღანეთში, 24-ის კი გერმანიაში. ახლა იმედი აქვს, რომ 25 წელი ამერიკაში შეუსრულდება, სადაც ფეხზე უნდა დადგეს და საქართველოში თავისი ფეხით დაბრუნდეს. აქ კი მანამდე საცოლე დაელოდება.

ზაალ გაბაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგი: "სამი კაცი უკვე წაიყვანეს რეაბილიტაციისთვის ამერიკაში. ძალიან ძვირად ღირებული პროგრამაა, დიდ თანხასთან არის დაკავშირებული თითოეული პაციენტის პროთეზირება. შესაბამისად, ყველას ერთდროულად ვერ გაუკეთდება, თან ყველა ჯერ მზად არ არის ამისთვის. შეხორცება უნდა დასრულდეს, ჩამოყალიბდეს ნაწიბურები ისე, რომ ჩაცხრეს ქსოვილები, რათა შემდგომშიI ფორმა აღარ შეიცვალოს. ალუდა უკვე მზად არის პროთეზირებისთვის, ველოდებით, როდის წაიყვანენ. კარგი იქნება, თუ პროთეზირების ცენტრი საქართველოშიც გაიხსნება. ჩვენ გვყავს წინა ომებში დაზარალებულები, მათაც სჭირდებათ პროთეზირება.

- რატომ გაჭიანურდა ალუდას გამგზავრება?

- ვერ გეტყვით. ამ საკითხზე თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოთ.

სალომე მახარაძე, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი: "ეს დამოკიდებულია პაციენტების როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე. ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო მომსახურებას სახელმწიფო მთლიანად ანაზღაურებს და ჩაუტარდებათ მაშინ, როდესაც ექიმები გადაწყვეტენ.

- გადაწყვეტილება ჩვენმა ექიმებმა უნდა მიიღონ თუ ამერიკის კლინიკამ?

- რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის გარდა, საქმის კურსში უნდა იყოს ის ექიმიც, რომელიც გააგრძელებს მათთან მუშაობას.

ბადრი კალანდია, საპროთეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდის ექიმი: "ზოგიერთ ჯარისკაცს შეგვიძლია აქვე გავუკეთოთ პროთეზი, მაგრამ ვფიქრობთ, თავად ჯარისკაცებს ამერიკაში უნდათ გამგზავრება. ისინი ნატოს მისიას ემსახურებოდნენ და სურთ, ამერიკაში გაიარონ რეაბილიტაცია.

- რა ვადაში უნდა გაკეთდეს პროთეზირება, რომ შედეგიანი იყოს?

- რაც მეტი დრო გადის, ძვლებში კალციუმი ილევა და ძვლები დატვირთვას ვერ უძლებს. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება პროთეზი, უკეთესია".

P. S. ბოლო დროს სულ ის სატელევიზიო რეკლამა მიდგას თვალწინ, ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს აეროპორტში მოქალაქეები აპლოდისმენტებით რომ ხვდებიან. არადა, თუ გინდა რეალურად ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის ჰოსპიტალში უნდა ჩახვიდეთ.