"წონაში დაკლებული" "დიდგორი" ნაღმსატყორცნსა და რაკეტებსაც "აიკიდებს" - კვირის პალიტრა

"წონაში დაკლებული" "დიდგორი" ნაღმსატყორცნსა და რაკეტებსაც "აიკიდებს"

პირადი შთაბეჭდილება:

"დიდგორის" ყველა მოდიფიკაციით მივლია და "დამოკლებული" "დიდგორი-მეომარით" გადაადგილებისას პირველი, რასაც გრძნობ-ახალი ჯავშანმანქანა ბევრად უფრო "მოქნილია", გორაკზეც უფრო მარტივად ადის და მოსახვევშიც უფრო მკვეთრად შედის. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, მან ხომ წონაში თითქმის 2 ტონით დაიკლო!

საინტერესო იქნება მისი ძარის უკანა, ღია ნაწილზე ასაკეცი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის დაყენება. თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, "დიდგორის" მობილურ ნაღმსატყორცნს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე საინტერესო პერსპექტივები გაუჩნდება და იქნებ ქართული არმიის სარდლობაც დაინტერესდეს მისით, რადგან 120 მმ-იანი მცირეგაბარიტიანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი, რომელიც სწრაფად იცვლის საცეცხლე პოზიციებს, საქართველოს(და არა მარტო ჩვენთან) მთაგორიან რელიეფზე საბრძოლველად, პირდაპირ მისწრებაა!

"დელტაში" დამზადებული პირველი ჯავშანმანქანა "დიდგორის" პრეზენტაცია 2011 წლის 26 მაისს შედგა,ზუსტად შვიდი წლის შემდეგ კი "დელტას" კოლექტივმა ამ ჯავშანმანქანის მორიგი მოდიფიკაცია, "დიდგორი-მეომარი" გამოფინა თავისუფლების მოედანზე.

"დიდგორი-მეომარი" საპატრულო ჯავშანმანქანების ტიპსაა მიკუთვნებული, თუმცა მისი ახალი დიზაინი საინტერესო ჩანაფიქრების არსებობას უშვებს.

კერძოდ, "დიდგორი-მეომარი" მისი წინამორბედებისგან "დიდგორი-1"-სა და "დიდგორი-2"-ისგან განსხვავებით მხოლოდ ხუთკაციან ეკიპაჟს იტევს და პიკაპივით უკანა, ღია საბარგული აქვს. საბრძოლო მოქმედების ზონაში ხშირადაა, რომ გადასატან ტვირთს ეკიპაჟივით არ სჭირდება ჯავშნით დაცვა და არაგაბარიტული ტვირთიც ყოველთვის არ ეტევა ჯავშანკაფსულის შეზღუდულ სივრცეში. ასეთი შემთხვევებისთვის "დიდგორი-მეომარი" მისწრებაა, თუმცა მაინც რჩება ეჭვი, რომ კონსტრუქტორებს ღია საბარგულის სივრცის გამოყენება ბევრად უფრო პროდუქტიულადაც შეუძლიათ.

ამ ღია საბარგულის ადგილზე შეიძლება დამონტაჟდეს ასაწევი ანძა სადაზვერვო აპარატურით ან სულაც ტანკსაწინააღმდეგო ან საზენიტო სარაკეტო მოდულები, რაც "დიდგორს" კიდევ უფრო მრავალფეროვანს და შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

მისასალმებელია ისიც, რომ "დელტას" კონსტრუქტორებმა ბოლოს და ბოლოს შეამცირეს "დიდგორის" გაბარიტები და რაც მთავარია მისი მასა-მოჭარბებული "წონა" "დიდგორს" შექმნის დღიდან აწუხებდა. თუკი "დიდგორის" პირველი მოდელის სიგრძე 6 120 მმ-ი იყო, ხოლო საბრძოლო მასა კი 8 855 კგ-ი, ახალი "დიდგორი-მეომარის" სიგრძე 5 640 მმ-მდე, ხოლო საბრძოლო მასა კი 7 000 კგ-მდე შემცირდა.

მასის შემცირება დადებითად უნდა აისახოს "დიდგორი-მეომარის" გამავლობაზე რთულ მთაგორიან რელიეფზე, მითუმეტეს რომ მისი სავალი ნაწილი და ამორტიზაციის სისტემა გადმოტანილია გაუმჯობესებული შეჯავშნული სამედიცინო - საევაკუაციო "დიდგორი-მედევაკიდან", რომელიც ექსპორტზე საუდის არაბეთში იგზავნება.

მოდულური სქემით, "დიდგორი-მეომარზე" ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევებისა თუ ავტომატური ყუმბარსატყორცნების გარდა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო ან საზენიტო სარაკეტო შეიარაღების დაყენება მას ეფექტიან და რაც მთავარია მობილურ ანგარიშგასაწევ საბრძოლო ძალად აქცევს. თავად წარმოიდგინეთ "დიდგორი-მეომარის" უკანა ნაწილში დამონტაჟებულ ტანკსაწინააღმდეგო "სკიფებისა" ან საზენიტო "მისტრალების" 4-6 რაკეტიან ბატარეას რამდენად ოპერატიულად და ზუსტად შეეძლება მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის დაზიანება და საცეცხლე პოზიციის დროულად დატოვება...

პერსპექტივაში არც უფრო კიდევ უფრო დაპატარავებული "დიდგორის" ახალი ვარიანტის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს, რომელსაც მხოლოდ ორკაციანი ჯავშანკაბინა ექნება, ოღონდ აღმოჩენის და დამიზნების ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, რათა მძღოლის გვერდზე მჯდომმა მეთაურმა-დამმიზნებელმა უფრო შორსმსროლელი მართვადი რაკეტებით მოახდინოს მიზნის ზუსტად განადგურება.

ჩვენი დოსიე: 356 ცხ.ძ. სიმძლავრის დიზელის ძრავით აღჭურვილი ახალი "დიდგორი-მეომარი" ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ, 120 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. საწვავის მარაგი 500 კმ დაფარვის საშუალებას იძლევა. მისი ოთხივე ბორბალი წამყვანია, სიჩქარის გადაცემათა კოლოფი კი ავტომატური. ეკიპაჟი მძღოლისგან მეთაურისგან და მსროლელისგან შედგება, დესანტში კი მხოლოდ ორი მებრძოლია. ჯავშანმანქანაზე ყენდება დისტანციურად მართვადი მოდული 7,62 მმ ან 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებით ან 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი. სიახლეს წარმოადგენს მასზე 23 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის დაყენების შესაძლებლობაც.

ახალი ჯავშანმანქანის გაბარიტებია; სიგრძე- 5,64 მ, სიგანე- 2,35 მ, სიმაღლე- 2,23 მ.მისი საბრძოლო მასა ეკიპაჟის 5 წევრით 7 ტ-ას აღწევს.

"დიდგორი-მეომარს" გაძლიერებული აქვს შეჯავშნა, რამაც შიგნით მსხდომი 10 მ-დან ნასროლი ტყვიამფრქვევის 7,62 მმ კალიბრის ტყვიისგან უნდა დაიცვას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს