"დრონი-ტერორისტები" მსოფლიო ჩემპიონატზე "პენალტების" დასარტყმელად ემზადებიან? - კვირის პალიტრა

"დრონი-ტერორისტები" მსოფლიო ჩემპიონატზე "პენალტების" დასარტყმელად ემზადებიან?

რუსეთში 14 ივნისს ფეხბურთში 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. თუ როგორ მოიპოვა ამ ჩემპიონატის ჩატარების უფლება კრემლმა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფეხბურთის სტადიონები მაყურებლებთან და თავად ფერბურთელებთან ერთად შეიძლება "დრონი-ტერორისტების" სამიზნეები გახდნენ.

ათასი ჯურის საერთაშორისო ტერორისტები არაერთხელ დაიმუქრნენ რუსული სტადიონების აფეთქებით და მათ შორის დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

ეს რომ შეუძლიათ, მათ არაერთხელ აჩვენეს, როდესაც დრონებიდან ჩამოგდებული მინი-ბომბები ერაყული "აბრამსების" პირდაპირ ღია ლუკში ვარდებოდა, ერთხელ კი ერაყში ფეხბურთის სტადიონზე მოწყობილი იარაღის საწყობიც კი ააფეთქეს დრონიდან ზუსტად ჩამოგდებული მინი-ბომბით.

ერთი ასეთი პატარა ბომბი დიდ სტადიონს და ათი ათასობით მაყურებელს ბევრს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ საშინელ პანიკას გამოიწვევს, რასაც მასიური ჭყლეტვა შეიძლება მოჰყვეს სტადიონიდან ხალხის დიდი მასის გაქცევის პროცესში.

რუსული სპეცსამსახურები მსოფლიო ჩემპიონატის მიმღები 11 ქალაქის 12 სტადიონის თავზე არასფრენ ზონას აცხადებენ, სპეციალური ელექტრომაგნიტური თოფებით იარაღდებიან და დრონების შესაძლო უკანონო ფრენების შემთხვევაში, მათ ჩამოგდებას ეცდებიან.

რუსეთის ხელისუფლებამ თავის მოქმედებების გამო, რომელსაც ხშირად საერთაშორისო ტერორიზმის ელფერიც კი დაკრავს, მსოფლიოში მილიონობით მტერი შეიძინა, მაგრამ ძალზე დასანანი იქნება სტადიონებზე თუ რაიმე ტერორისტული აქტი განხორციელდება და ფეხბურთის მოყვარულებს ეს დიდი ზეიმი ჩაეშლებათ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს