რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ეშმაკური ტაქტიკა 2 ათასი რუბლის "გამოსასყიდის" მოსაპოვებლად - კვირის პალიტრა

რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ეშმაკური ტაქტიკა 2 ათასი რუბლის "გამოსასყიდის" მოსაპოვებლად

საოკუპაციო "საზღვარს" იქით გადატყუებულნი  - როგორ იტაცებენ ქართველებს საოკუპაციო ზონის საზღვრიდან

17 ივნისს გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან კიდევ ერთი ადამიანი - მწყემსი, 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს, რის თაობაზეც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც, გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

კვირა არ გავა, რომ შიდა ქართლში საოკუპაციო ზონის საზღვართან საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც არ დააკავონ, უფრო სწორედ კი, მოიტაცონ ოსმა სეპარატისტებმა თუ რუსმა სამხედროებმა.

შემდგომი პროცედურა ცნობილია: br /> ქართული მხარე დახმარებისთვის მიმართავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ერთ-ორ დღეში გატაცებულ მოქალაქეს ერგნეთის საგუშაგოზე აბრუნებენ, რა თქმა უნდა, ჯარიმა - გამოსასყიდის 2 ათასი რუსული რუბლის გადახდის შემდეგ.

ოსი სეპარატისტები კმაყოფილები არიან - მათ ხომ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს "სახელმწიფო საზღვარი..."

კმაყოფილი არიან რუსი სამხედრო ოკუპანტებიც - "საზღვრის დამრღვევის" დაკავების სტატისტიკა იზრდება, რისთვისაც მეთაურობა მათ ახალ წოდებებს მიანიჭებს...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც არანაკლებ კმაყოფილია: სათაო ოფისში გაგზავნილ ანგარიშებში კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს თუ რა საშიშია მათი მუშაობა კონფლიქტის ზონაში...

უკმაყოფილოები არც ქართული ოფიციალური მხარეა: ხედავთ რა ოპერატიულად დავაბრუნებინეთ გატაცებულებიო...

ერთადერთი წაგებული კი საქართველო რჩება ამ თანამედროვე "ლეკიანობისგან", როდესაც უბრალო ადამიანი დაზღვეული არ არის ასეთი მოტაცებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის არც კი მიახლოვებია ოკუპაციის ზონის ე.წ. გამყოფ საზღვარს.

ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა გამოუმუშავეს მარტივი ტაქტიკა 2-ათასრუბლიანი ქართველი მძევლების ასაყვანად, როდესაც ქართველი მწყემსი თუ გლეხი საოკუპაციო ზონის საზღვრის სიახლოვეს გამოჩნდება, ჩამალული ავტომატიანები საფარიდან გამოდიან, რამდენიმე ათეული მეტრიდან იარაღს უშვერენ და უბრძანებენ მათთან მივიდეს. თუკი ჩვენი გლეხი დაემორჩილა და მათ მიუახლოვდა, ის ძალაუნებურად კვეთს ე.წ. საზღვრის ხაზს და მაშინვე "საზღვრის დამრღვევის "სტატუსით აკავებენ...

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია არ დაემორჩილო, როდესაც შენ, უარაღოს ავტომატის ლულებს გიშვერენ და არ იცი, როდის გესვრიან, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ ასეთ ეპიზოდში, ერთი ადამიანი არ შეუშინდა დამიზნებულ "კალაშნიკოვებს", გაიქცა და დაჭერას გადაურჩა, მეორე მის გვერდით მყოფმა კი ბრძანება შეასრულა და "საზღვრის დამრღვევის" სტატუსით მძევლად აიყვანეს.

ძნელია რაიმე რჩევა მისცე ადამიანებს, რომლებისკენაც ავტომატებია მიშვერილი, მაგრამ თუკი ისინი არ დაემორჩილებიან ოკუპანტების მოთხოვნას და არ მიუახლოვდებიან მათ, შესაბამისად, არც ოკუპაციის "საზღვრის" წარმოსახვით ხაზს გადაკევეთენ და მათ არ მისცემენ დაკავების მოგონილი საბაბის ხორცშესხმის საშუალებას...

ისე კი,  როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, თუკი დაკავების მომენტში მძევლად აყვანილს ჯიბეში 50 ლარი აღმოაჩნდა, ამ თანხის საფასურად მას ადგილზევე უშვებენო. მაგრამ ბევრი ქართველი მწყემსი თუ გლეხი გინახავთ 50 ლარიანით ჯიბეში ძროხების მწყემსვისას ან თოხნის დროს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს