ჰოლივუდური ბლოკბასტერების მფრინავი "გმირის" ქართველი "მამა"
21-06-2018
ჰოლივუდური ბლოკბასტერების მფრინავი "გმირის" ქართველი "მამა"
რა აერთიანებთ ჰოლივუდის მეგავარსკვლავებს ნიკოლას ქეიჯს, ბრიუს უილის, მელ გიბსონსა და რობერტ დაუნი-უმცროსს?
არა, ისინი ერთად რომელიმე რეჟისორს არ გადაუღია-ისინი ცნობილ ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში, "საჰაერო ციხე", "კერკეტი კაკალი-2" და "ეარ ამერიკა" მართავენ ასევე ცნობილ ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს C-123 Provider -ს, რომლის კონსტრუქტორი არანაკლებ ცნობილი მაიკლ გრეგორი გახლავთ.
მაგრამ რატომ უნდა დაინტერესდეს ქართველ მკითხველს ეს დეტალები?

შეიძლება იმიტომაც, რომ რუსეთის, აშშ-ისა
და განსაკუთრებით კი კანადის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი მაიკლ გრეგორის ნამდვილი სახელი და გვარი მიხეილ გრიგორაშვილი იყო.
ის არა მარტო ავიკონსტრუქტორი, არამედ წარმატებული პილოტიც გახლდათ და პირველ საჩვენებელ ფრენებს ჯერ კიდევ 1908 წელს, ანუ 110 წლის(!) წინ აწყობდა რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქალაქების თავზე.

გრიგორაშვილი ითვლება რუსეთის ავიაციის პირველი საჰაერო ხრახნების "მამად", რომლებითაც რუსულმა თვითმფრინავებმა მთელი პირველი მსოფლიო
ომი იფრინეს.
1917 წელს ბოლშევიკური გადატრილების შემდეგ გრიგორაშვილმა თავს უშველა, დამოუკიდებლობა გამოცხადებულ საქართველოში ჩამოვიდა და მუშაობა რკინიგზაში დაიწყო.

1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრის შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრაციაში ამერიკაში წასულიყო. აშშ-ში საკუთარი საავიაციო ფირმაც ჩამოაყალიბა და ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი GR-1 შექმნა, მაგრამ ეკონიმიკური კრიზისის გამო მალევე კანადაში გადაბარგდა.
კანადელები მას სამამულო ავიაციის პიონერად მიიჩნევენ. 1938 წელს გრიგორაშვილის მიერ კანადაში კონსტრუირებული გამანადგურებელ-ბომბდამშენი FDB-1 , მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ საბრძოლო ბიპლანად იქცა (მას პილოტის ჰერმეტული კაბინა და ასაწევი შასი ჰქონდა), მაგრამ მას მომავალი აღარ ჰქონდა, რადგან ავიმშენებლობაში მონოპლანის კონსტრუქციამ გაიმარჯვა.

მიხეილ გრიგორაშვილის საკონსტრუქტორო ბენეფისად იქცა ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123 Provider -ი, რომელიც აშშ-ში დაბრუნებულმა ქართველმა ინჟინერმა "ჩეიზ ეირკრაფტის" ფირმაში 1949 წელს შექმნა.
"პროვაიდერი" ვიეტნამის ომის ამერიკულ სიმბოლოდ იქცა, რადგან საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამერიკული არმიის პირადი შემადგენლობა და საბრძოლო საჭურველი სწორედ მას გადაჰყავდა და გადაჰქონდა...

წელს, რუსეთის აშშ-ისა და კანადის საავიაციო წრეებისთვის კარგად ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიხეილ გრიგორაშვილის დაბადებიდან 130, ხოლო გარდაცვალებიდან კი 65 წელი შესრულდა და კარგი იქნებოდა თუ მის შესახებაც საქართველოშიც ბევრს ეცოდინებოდა...

ავტორისგან: წლების წინ გაზეთ "კვირის პალიტრაში" და ჟურნალ "არსენალში" მიხეილ გრიგორაშვილზე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, ასევე გადავიღე დოკუმენტური ფილმი მის საკონსტრუქტორო მოღვაწეობაზე, რომელიც ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში გადაცემა "არსენალში" 8-9 წლის წინ გადიოდა. ამ სტატიით კი მსურს ჩემი ბლოგის მკითხველიც გაეცნოს და თუ მათი მხრიდან იქნება დაინტერესება, ბლოგში სხვა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქართველ კოსტრუქტორებსა და სამხედრო მოღვაწეებზეც დავწერ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიორგი
26 ივლისი 2018 10:52
გთხოვთ დაწერეთ სხვა მოღვაწეებზეც. გმადლობთ.
ნინი
26 ივლისი 2018 10:31
ბატონო ირაკლი,უღრმესი მადლობა ,აუცილებლად გააგრძელეთ ძიება ჩვენი თანამემამულეთა სახელოვან ცხოვრებაზე.დღეს როგორც ჰაერი ,ისე ჭირდება ქართველ ახალგაზრდებს წინაპართა ისტორიები.რანი ვიყავით და რანი ვართ.
ლელა
21 ივნისი 2018 21:46
აუცილებლად გააგრძელეთ,ჩემი შვილი მომავალი ავიაკონსტრუქტორია და მსგავსი ინფორმაციები მისთვის აუცილებელი და სტიმულისმიმცემია!