"სტინგერებიც" გვეღირსა... - კვირის პალიტრა

"სტინგერებიც" გვეღირსა...

1997 წლის იანვრის დასაწყისში რამდენიმე კოლეგასთან ერთად მომიწია მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ვარდიკო ნადიბაიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში ჩასვლა. საბერძნეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მასპინძლებმა ერთ-ერთი ადგილობრივი სამხედრო ქარხანა დაგვათვალიერებინეს, სადაც ამერიკული ლიცენზიით გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს "სტინგერებს" აწყობდნენ.

დღესაც მახსოვს რა ოცნების თვალით შევყურებდი ახალთახალა "სტინგერებს", ეს მაშინ, როდესაც ქართულ არმიას აფხაზეთის ომის შემდგომ თითო-ოროლა მოძველებული "სტრელა" თუღა ჰქონდა დარჩენილი ...

და 21 წლის შემდეგ ეს ოცნება სრულდება:

"ანტისატანკო სისტემების - "ჯაველინების" გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრინციპში ლოგიკურადაც მოჩანდა და მოსალოდნელიც იყო, რომ ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" შემდეგ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაცია აღარც საზენიტო "სტინგერებს" მოუჭერდა ხელს, რადგან საქართველოს სავარაუდო (თუმცა ყველასთვის ნათლად წარმოსადგენი) მოწინააღმდეგე შეტევაზე ერთდროულად ხმელეთზე და ცაშიც გადმოდის. ის,ე არც ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა უნდა დაგვავიწყდეს, რადგან საზღვაო დესანტის (განსაკუთრებით ფოთის პორტში) გადმოსხმის დიდი ალბათობა რჩება და ტანსაწინააღმდეგო და საზენტო სარაკეტო სისტემებს გასამება ხომალდსაწინააღმდეგოთით, არ აწყენდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს "სტინგერებს". ამერიკული "სტინგერები" ავღანეთის ომის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც სწორედ ამერიკელების მიერ გადაცემული ამ ეფექტიანი საზენიტო საშუალებებით ავღანელმა მოჯაჰედებმა საბჭოთა სამხედრო პილოტებს შავი დღე აყარეს.

პირველი "სტინგერები" ავღანეთში 1986 წლის შემოდგომიდან გამოჩნდა და 1989 წლის თებერვლამდე, საბჭოთა საოკუპაციო არმიის ავღანეთის ტერიტორიიდან გამოსვლამდე, მათი შიშით საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავები 4 კმ-ზე დაბლა აღარ ეშვებოდნენ, ხოლო შვეულმფრენები კი ძალინ დაბლა, რელიეფის მიყოლებით მიფრინავდანენ. პირველ შემთხვევაში, მოიერიშეების საჰაერო დარტყმების სიზუსტემ მკვეთრად იკლო ფრენის სიმაღლის მომატების გამო,ხოლო დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენები კი ხშირად მთებს ეჯახებოდნენ.

ანუ "სტინგერების" გამოჩენამ ავღანეთის ცაში საბჭოთა საბრძოლო ავიაციის მოქმედება ნაკლებად ეფექტიანი გახადა, რაც აშშ-ების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი მიზანი გახლდათ. ავღანელი მოჯაჰედი

იგივე ფუნქცია "სტინგერებს" 1992-92 წლების აფხაზეთის და მითუმეტეს 2008 წლის ცხინვალის ომში შეიძლება შეესრულებინათ,მაგრამ მაშინდელმა აშშ-ს პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა ეს არ გააკეთეს ძირითადათ ორი მიზეზის გამო.

პირველი, მათ არ სურდათ გაეღიზინებინათ კრემლი პატარა სართველოსთვის ასეთი ეფექტიანი საზენიტო საშუალებების გადაცემით.

მეორე მიზეზი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო - ამერიკელები არ იყვნენ დარწმუნებუნი, რომ 1,5 მ სიგრძის კომპაქტური "სტინგერები" ქართული არმიის საწყობებიდან ერთ მშვენიერ დღეს არ "გაქრებოდა" და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების ხელში არ აღმოჩნდებოდა... ავღანეთში "სტინგერით" დაზიანებული, თბილისში აწყობილი "სუ-25"

დღეს ქართველი მეზენიტეების შეიარაღებაში საბჭოთა "იგლები" და პოლონური "გრომებია" და მათთვის ამერიკული "სტინგერების" დამატება მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრავი სამხედრო კოლონებისა და სატაციონალური ობიექტების საჰაერო თავდაცვას 3,5-4 კმ რადიუსისა და 3,5-3,8 კმ სიმაღლეების ზონაში.მთის მწვერვალზე ასულ ორკაციან გათვლას კი მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავების დაზიანება 7 კმ სიმაღლემდეც კი შეეძლებათ...

პ.ს. ერთი ისტორიული პარალელი - 1986 წლის სექტემბრიდან, რაც ავღანეთში "სტინგერებიდან" საბჭოთა "სუ-25" მოიერიშეების ჩამოყრა დაიწყეს, თბილისის საავიციო ქარხანაში თითქმის აღარ ეძინათ - უკვე აწყობილ მოიერიშეებს სასწრაფოდ უყენებდნენ "სითბური ხაფანგების" გასაშვებ დამატებით მოწყობილობებს "სტინგერების" თვითდამიზნების მოწყობილობის მოსატყუებლად, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ შველოდა,რადგან "სტინგერის" თვითდამიზნების სისტემა, როგორც ინფრაწითელ, ისე ულტრაისფერ დიაპაზონში მუშაობდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს