ერთი გამარჯვების მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია
09-07-2018
ერთი გამარჯვების მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია
ერთი ფოტოს ისტორია...

25 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო…


ეს ფოტოსურათი 1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან გადავიღე.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომიდან ბევრი არაფერი დამრჩენია - მხოლოდ რამდენიმე გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოსურათი, მაგრამ ამ პატარა სურათზე 25 წლის შემდეგაც ჩანს მთავარი - ომის ტრაგედია და პატარა გამარჯვება.

ტრაგედია იმიტომ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, მოწინააღმდეგემ მოახერხა დაბა ტამიშთან
დაახლოებით 300 კაციანი საზღვაო დესანტის გადმოსხმა, რომელმაც ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იქ განთავსებულ ბლოკპოსტებზე მყოფი მძინარე ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი ამოხოცა...

პატარა გამარჯვება კი იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად მსხვერპლისა, მაინც მოვახერხეთ დესანტის ნაწილის განადგურება (ნაწილმა კი ჩრდილოეთით, ტყვარჩელისკენ დაიხია) და ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ორი
თვის შემდეგ, 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგემ უკვე ტყვარჩელიდან შემოგვიტია და მდ. კოდორთან ისევ გადაგვიკეტა ოჩამჩირიდან სოხუმისკენ მომავალი გზა. მაშინ სოხუმში ალყაში მყოფნი ამაოდ ველოდით დამხმარე ძალის მოსვლას, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა სოხუმის დაცემა...
მაშინ კი, 1993 წლის 9 ივლისს, ტამიშის აფეთქებულ ხიდთან ოჩამჩირიდან მომავალი შინაგანი ჯარების ჯავშანკოლონას შევხვდით.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან გზა გაიხსნა, სოხუმი ალყაში აღარ იყო! მართალია, მარჯვნიდან ისევ გვიტევდა მოწინააღმდეგე, რომლის უკან მაშინაც მშვენივრად ვხედავდით რუსი გენერლების აჩრდილს, მაგრამ მან საწადელს ვერ მიაღწია და ისევე, როგორც 1993 წლის 16 მარტს, გუმისთიდან სოხუმზე შეტევის მცდელობისას, ამჯერადაც პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.

სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ უდიდესი დარტყმა არა ტამიშთან, არამედ სოხუმის ჩრდილოეთით, სოფელ შრომის დაკარგვისას მოგვადგა. ამით მოწინააღმდეგემ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა, რაც წარმატებით გამოიყენა 16 სექტემბერს სოხუმზე მოულოდნელი შეტევის დაწყებისას...
დავუბრუნდეთ ამ ფოტოსურათის ისტორიას...

ქართველი გვარდიელები თანამებრძოლის ნეშტს მოასვენებენ, რომელიც (თუ არ მეშლება) დუშეთის ბატალიონის წევრი იყო და მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის პირველ წუთებში დაიღუპა.
სურათის უკანა პლანზე მოჩანს ორი T-55 ტიპის ტანკი. მათგან ერთი (მარცხენა) აფეთქებულია, მეორე კი შინაგანი ჯარების კოლონას მოჰყვა. რამდენიმე წუთში შინაგანი ჯარების ტანკი მარჯვნივ შემობრუნდება, მოწინააღმდეგის პოზიციებისაკენ, საიდანაც სროლა არ წყდება, 100 მმ-იან "საჩუქრებს" გაუშვებს და მტერს დროებით დაადუმებს...
ამავე დროს, ახალი კინდღის ტყის მასივიდან, სადაც თერმული წყლები ამოდიოდა, ჩვენი "გრადი" რაკეტების ზალპით გვიჭერდა მხარს...…

25 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო, ისეთი, დღეს რომ ასე გვაკლია...

P.S. ტამიშის ოპერაციის შემდეგ დავინტერესდი, რატომ და როგორ მოახერხა მოწინააღმდეგის თითქმის 300-კაციანმა საზღვაო დესანტმა რამდენიმე მცურავი საშუალების უჩუმრად მოყენება ტამიშის სანაპიროსთან და ჩვენი ბლოკპოსტების ასე სწრაფად დაპყრობა.

როგორც გაირკვა, მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტი ჯერ კიდევ სოხუმის ტრავერსზე დააფიქსირა ქართულმა რადიოლოკატორმა და ქართულ სამხედრო დაზვერვას ინფორმაცია ტამიშთან დესანტირებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა, მაგრამ რატომღაც ამას ოპერატიული მოქმედება არ მოჰყოლია. დეტალურად და ობიექტურად არის გამოსაძიებელი, ჰქონდა თუ არა ეს ინფორმაცია ოჩამჩირე-სოხუმის გზის მონაკვეთის დამცველი ქართული სამხედრო დანაყოფების მეთაურობას და თუ ჰქონდა, რატომ არ მოხდა დროული და სათანადო რეაგირება.

არადა, საზღვაო დესანტის განადგურება ყველაზე ადვილია მისი დესანტირების დროს, როდესაც ის მცურავი საშუალებიდან სანაპიროზე გადასვლას ცდილობს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Vep 1963
14 ივლისი 2018 06:20
ყველამ თავის ზრდილობას მიხედოს ირაკლი ბატონო. ხოლო რაც შეეხება დანარჩენს მშვენივრად ვიცი რომელ პერიოდში სად იყვნენ ეგ არამზადა ხალხი და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ მშვენივრად ვიცი რომ კარგი სპეციალისტი ბრძანდებით და შესანიშნავად გესმით რისი თქმა მინდოდა ამით.რა ჩემგან გესწავლებათ რომ ეს ომი რუსული სცენარით გაათამაშეს ქართველმა და აფხაზმა რუსის მონებმა გასუბედურეს და ჩახოცეს ამდენი გულუბრყვილო ხალხი.ვინ თუ არა თქვენ იცით რომ ამ ომში ქართველები ვერასგზით ვერ გაიმარჯვებდნენ რადგან მათ ყოველ მოქმედებას რუსის მითითებით მართავდნენ.ერთხელ მაინც დაწერეთ ანაც თქვით ამის შესახებ ეხლაწერთ ბლოგებში ლოკალურ ბრძოლებში როგორ ლომებივით იბრძოდნენ გულანთებული ქართველები მაგრამ აქვე იმას არ აყოლებთ რომ ეს ქართველები წინასწარ გაყიდული და ამიტომ განწირულები იყვნენ ჰოდა მეც მინდა ვარ და ჩემი ტონი თქვენთან მიმართებაში სწორედ ამიტომაა ასეთი..რა ,თქვენთვის შესანიშნავი გამოცდილი სამხედრო ჟურნალისტისთვის ნათელი არ იყო მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე დატოვებულ სოხუმს რომ მტერი იოლად აიღებდა.? ანაც სოხუმის დაცემის შემდეგ Dევსრდნაძე გველი და მთელი მისი გველები ბალტინის ტანკებს ამოფარებული რომ შემოიძურწნენ ამაზე რატომ არაფერს არ წერთ.კარგი მაშინ ისეთი დრო იყო შეიძლება რამე რომ დაგეწერათ მიეცხრილეთ კიდეც მაგრამ ეხლა რა გიშლით ხელს?აგერ გვერდში გვყავს კიტოვანი გველი ტრისტანა წითელაშვილი და ემზარა კვიციანისნაირი ნაძირალები ყველა ამათ თავისი ხელი ურევიათ ამ ბოროტებაში ამოიღეთ ხმა .მაგრამ თქვენ ამას არ გააკეთებთ რადგანაც თქვენც მათსავით მოსვრილი გაქვთ ერთი ადგილი და ამას დრო კიდევ უფრო გამოაჩენს.
ირაკლი ალადაშვილი
12 ივლისი 2018 20:12
vep1963-ს

თქვენი კომენტარი არც ზრდილობით გამოირჩევა და არც ლოგიკურობით,მაგრამ მაინც გიპასუხებთ:

მე 1992 წლიდან ვარ სამხედრო ჟურნალისტი,მომიწია შვიდი ომის(ცხინვალი.აფხაზეთი,ჩეჩნეთი,ერაყი) გაშუქება ომის ჟურნალისტის რანგში და არავისთვის არ მისვრია(ჩემს მიმართულებით რამდენჯერაც გინდათ),რადგან ჟურნალისტი და მებრძოლი სხვადასხვა მცნებაა.
როდესაც კომენტარში წერთ ----„ტავდაცვის მინისტრი ნადიბაიძე,უშიშროების მინისტრი გიორგაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი კვირაია ნუ შევარდნაძეზე აღარაფერს ვამბობ ეხლა მიპასუხეთ როგორც მეომარი ამ ხალხის გვერდით როგორ იბრძოდით რუსების წინააღმდეგ თუ ამათი მოაზრე არ ბრძანდებოდით “---
ეს ხალხი მე აფხაზეთის ომში,ფრონტის ხაზზე არ მინახავს,მათთან საერთოდ შეხებაც არ მქონია ,რადგან ისინი იმ პერიოდში აფხაზეთის ომში (1992 წლის აგვისტო-1993 წლის სექტემბერი) არავითარ გადამწყვეტ როლს არ თამაშობდნენ(ნადიბაიძე საერთოდ ამიერკავკასისა სამხედრო ოლქის სარდლობაში მსახურობდა).
ამიტომაც,გეთაყვა, სანამ კითხვას დამისვამდეც,გთხოვ გაერკვეთ ზუსტ თარიღებსა და ჩინოვნიკების მიერ სხვადასხვა დროს დაკავებულ თანამდებობებში.
ისე,რომ იცოდეთ მე სამხედრო ექსპერტობის არავითარი სურვილიი არ მაქვს,ვარ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ბოლო 14 წლის განმავლობაში,რაც სრულიად მაკმაყოფილებს...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი

პ.ს. უნდა ებრძოლო ნებისმიერ იმ ძალას,რომელიც შენს სამშობლოს დაპყრობას ცდილობს---საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,ბოლო 27 წელია ამას ჯიუტად ცდილობს რუსეთი,ამიტომაც ის ბუნებრივია ჩემს თვალში აღიქმება რეალურ საფრთხედ.მის ადგილზე,რომ ყოფილიყო ირანი,თურქეთი,ჩინეთი თუ აშშ-ები,მაშინ ისინიც აღქმული იქნებოდნენ,როგორც სავარაუდო და რეალური მოწინააღმდეგები.
vep1963
11 ივლისი 2018 20:35
ირაკლი პატივცემულო სამხედრო ექსპერტი რომ ბრძანდებით იქნებ მიპასუხოთ - ტავდაცვის მინისტრი ნადიბაიძე,უშიშროების მინისტრი გიორგაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი კვირაია ნუ შევარდნაძეზე აღარაფერს ვამბობ ეხლა მიპასუხეთ როგორც მეომარი ამ ხალხის გვერდით როგორ იბრძოდით რუსების წინააღმდეგ თუ ამათი მოაზრე არ ბრძანდებოდით .ეხლა მთლად ნუ გამიცრუებთ თქვენზე შთაბეჭდილებას და ნუ მაგრძნობინებთ რომ ან ავადმყოფურად მიამიტი ანაც არაპროფესიონალი ბრძანდებით.