ერთი გამარჯვების მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია
09-07-2018
ერთი გამარჯვების მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია
ერთი ფოტოს ისტორია...

25 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო…


ეს ფოტოსურათი 1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან გადავიღე.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომიდან ბევრი არაფერი დამრჩენია - მხოლოდ რამდენიმე გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოსურათი, მაგრამ ამ პატარა სურათზე 25 წლის შემდეგაც ჩანს მთავარი - ომის ტრაგედია და პატარა გამარჯვება.

ტრაგედია იმიტომ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, მოწინააღმდეგემ მოახერხა დაბა ტამიშთან
დაახლოებით 300 კაციანი საზღვაო დესანტის გადმოსხმა, რომელმაც ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იქ განთავსებულ ბლოკპოსტებზე მყოფი მძინარე ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი ამოხოცა...

პატარა გამარჯვება კი იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად მსხვერპლისა, მაინც მოვახერხეთ დესანტის ნაწილის განადგურება (ნაწილმა კი ჩრდილოეთით, ტყვარჩელისკენ დაიხია) და ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ორი
თვის შემდეგ, 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგემ უკვე ტყვარჩელიდან შემოგვიტია და მდ. კოდორთან ისევ გადაგვიკეტა ოჩამჩირიდან სოხუმისკენ მომავალი გზა. მაშინ სოხუმში ალყაში მყოფნი ამაოდ ველოდით დამხმარე ძალის მოსვლას, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა სოხუმის დაცემა...
მაშინ კი, 1993 წლის 9 ივლისს, ტამიშის აფეთქებულ ხიდთან ოჩამჩირიდან მომავალი შინაგანი ჯარების ჯავშანკოლონას შევხვდით.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან გზა გაიხსნა, სოხუმი ალყაში აღარ იყო! მართალია, მარჯვნიდან ისევ გვიტევდა მოწინააღმდეგე, რომლის უკან მაშინაც მშვენივრად ვხედავდით რუსი გენერლების აჩრდილს, მაგრამ მან საწადელს ვერ მიაღწია და ისევე, როგორც 1993 წლის 16 მარტს, გუმისთიდან სოხუმზე შეტევის მცდელობისას, ამჯერადაც პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.

სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ უდიდესი დარტყმა არა ტამიშთან, არამედ სოხუმის ჩრდილოეთით, სოფელ შრომის დაკარგვისას მოგვადგა. ამით მოწინააღმდეგემ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა, რაც წარმატებით გამოიყენა 16 სექტემბერს სოხუმზე მოულოდნელი შეტევის დაწყებისას...
დავუბრუნდეთ ამ ფოტოსურათის ისტორიას...

ქართველი გვარდიელები თანამებრძოლის ნეშტს მოასვენებენ, რომელიც (თუ არ მეშლება) დუშეთის ბატალიონის წევრი იყო და მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის პირველ წუთებში დაიღუპა.
სურათის უკანა პლანზე მოჩანს ორი T-55 ტიპის ტანკი. მათგან ერთი (მარცხენა) აფეთქებულია, მეორე კი შინაგანი ჯარების კოლონას მოჰყვა. რამდენიმე წუთში შინაგანი ჯარების ტანკი მარჯვნივ შემობრუნდება, მოწინააღმდეგის პოზიციებისაკენ, საიდანაც სროლა არ წყდება, 100 მმ-იან "საჩუქრებს" გაუშვებს და მტერს დროებით დაადუმებს...
ამავე დროს, ახალი კინდღის ტყის მასივიდან, სადაც თერმული წყლები ამოდიოდა, ჩვენი "გრადი" რაკეტების ზალპით გვიჭერდა მხარს...…

25 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო, ისეთი, დღეს რომ ასე გვაკლია...

P.S. ტამიშის ოპერაციის შემდეგ დავინტერესდი, რატომ და როგორ მოახერხა მოწინააღმდეგის თითქმის 300-კაციანმა საზღვაო დესანტმა რამდენიმე მცურავი საშუალების უჩუმრად მოყენება ტამიშის სანაპიროსთან და ჩვენი ბლოკპოსტების ასე სწრაფად დაპყრობა.

როგორც გაირკვა, მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტი ჯერ კიდევ სოხუმის ტრავერსზე დააფიქსირა ქართულმა რადიოლოკატორმა და ქართულ სამხედრო დაზვერვას ინფორმაცია ტამიშთან დესანტირებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა, მაგრამ რატომღაც ამას ოპერატიული მოქმედება არ მოჰყოლია. დეტალურად და ობიექტურად არის გამოსაძიებელი, ჰქონდა თუ არა ეს ინფორმაცია ოჩამჩირე-სოხუმის გზის მონაკვეთის დამცველი ქართული სამხედრო დანაყოფების მეთაურობას და თუ ჰქონდა, რატომ არ მოხდა დროული და სათანადო რეაგირება.

არადა, საზღვაო დესანტის განადგურება ყველაზე ადვილია მისი დესანტირების დროს, როდესაც ის მცურავი საშუალებიდან სანაპიროზე გადასვლას ცდილობს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს