"სუპერ პუმას" პირველი ავარია საქართველოში - კვირის პალიტრა

"სუპერ პუმას" პირველი ავარია საქართველოში

კახეთში, მაღალმთიან საგუშაგოსთან მესაზღვრეების შვეულმფრენმა ავარია განიცადა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

"მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან" ავარიული დაშვება განახორციელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ".

შსს-ს ამ სამწუხარო ინფორმაციით დაიწყო 12 ივლისის დილა, არადა, მესაზღვრეების ამ "სუპერ პუმამ" მანამდე ერთი საათით ადრე ჩემი სახლის წინ ჩაიფრინა...

ავარიაგანცდილ შვეულმფრენში მყოფნი, საბედნიეროდ, გადარჩნენ, რაც უმთავრესია, თუმცა ეს საჰაერო ინცინდეტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ რთული და სახიფათოა მაღალმთიან რეგიონში შვეულმფრენების ფრენა და განსაკუთრებით მათი დაფრენა-აფრენის პროცესი.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის სასახელოდ უნდა აღინიშნოს,რომ მათ ეს ფაქტი არ დამალეს და შსს-მ ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია,რადგან ინფორმაციის დამალვა უარესია და მხოლოდ ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს.

მასმედია, რა თქმა უნდა, გააშუქებს ამ ფაქტს და მათთან ერთი დიდი თხოვნა მექნება - ამ საავიაციო შემთხვევას არავითარ შემთხვევაში კატასტროფა არ უწოდონ! ავარიაგანცდილი

მსოფლიოში მიღებული წესების მიხედვით, საავიაციო შემთხვევა კატასტროფის რანგს მხოლოდ მაშინ იღებს თუ საფრენ აპარატში ან მიწაზე ვინმე დაიღუპა, სხვა შემთხვევაში ის ავარიის კატეგორიას მიეკუთვნება!

როგორც წესი, საავიაციო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი სამი მიზეზი არსებობს-რთული მეტეოროლოგიური პირობები (მაგალითად ქარის მოულოდნელი დაბერვა შვეულმფრენის დაჯდომის მომენტში), ტექნიკური გაუმართაობა(მაგალითად ძრავების ან რედუქტორის ბრუნვების დაცემა) და ეკიპაჟის შეცდომა (ქარის მიმართულების არ გათვალისწინება,ხრახნებით ხის ან მიწის წამოდება და ა.შ.), შეიძლება აქედან ორი მიზეზიც ერთმანეთს დაემთხვეს.

რა თქმა უნდა, წავა ათასი მარჩიელობა თუ რატომ განიცადა ავარია შვეულმფრენმა, მაგრამ საბოლოო დასკვნის დადება მხოლოდ სპეცილურ კომისიას შეუძლია საფრენი აპარატის ობიექტური კონტროლის სისტემის გაშიფვრის, დამტვრეული შვეულმფრენის დეტალური დათვალიერებისა და ეკიპაჟის გამოკითხვის შემდეგ.

ავარიის შემდეგ რადგან ამდენი დაშავებულია, სავარაუდოთ "სუპერ პუმის" აღდგენა ძალიან რთული იქნება, თუმცა ეს სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილზე მისი დეტალური დათვალიერების შემდეგ უნდა განსაზღვრონ.

ეს "სუპერ პუმა", ისევე როგორც მისი "თანამოძმე", ბევრად უფრო ძვირადღირებულიანი "ვიპ" ვარიანტი, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში იქნა შეძენილი, რასაც ბევრი სკანდალი უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ისინი "მოიშორა" (შეიძლება ძვირადღირებული ექსპლუატაციის გამოც) და ორივე "სუპერ პუმა" მესაზღვრეების მისახედი გახდა.

ერთი წლის წინ ბორჯომის ხეობაში ავარიაგანცდილი მესაზღვრეების Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი

ისე სასაზღვრო პოლიციის ავიაციას ბოლო დროს არ უმართლებს-2017 წლის 27 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, სოფელ დაბასთან მდინარე გუჯარეთისწყალში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი ჩავარდა.

ეს სწორედ მაშინ მოხდა,როდესაც შვეულმფრენი დაგუბებული მდინარიდან სახანძრო კალათით წყალს იღებდა დარჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად. წყალში შვეულმფრენი დაახლოებით 10-12 მ-ის სიმაღლიდან ჩავარდა, საბედნიეროდ, ეკიპაჟის სამივე წევრი და ერთი მაშველი ცოცხალი გადარჩა, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და მათი სწრაფი ევაკუაცია მოხდა თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში.

მაშინ ამ ავარიის მიზეზად ორივე ძრავის სიმძლავრეების მოულოდნელი დაცემა დასახელდა.შვეულმფრენი აღდგენას აღარ დაექვემდებარა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დაშავებული მესაზღვრეები მალე გამოჯანმრთელდებიან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს