ნატო-ს შიდა პრობლემები აწუხებს, საქართველოსთვის ჯერ ვერ იცლის... - კვირის პალიტრა

ნატო-ს შიდა პრობლემები აწუხებს, საქართველოსთვის ჯერ ვერ იცლის...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტმა ნატო-ს მთავარი პრობლემა გამოავლინა - უფულობა...

თუკი აშშ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3,57%-ს იმეტებს სამხედრო ხარჯებისთვის, რატომ ენანება ალიანსის წევრ გერმანიას 1,2%-ზე მეტის დახარჯვა თავდაცვის მიზნებისთვის? რატომ არის, რომ ალიანსის 29 წევრიდან 21 მათგანი საჭირო 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს თავისივე არმიებზე? როდემდე უნდა უზრუნველყოს მხოლოდ შტატებმა ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოება?

აი ის ძირითადი კითხვები, რაც მკაცრად დაუსვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს.

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ნატო-სთვის, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია.

ვარშავის პაქტის დაშლისა და საბჭოთა კავშირის "დაქუცმაცების" შემდეგ, დასავლეთმა თითქმის ნახევარსაუკონოვან "ცივ ომში" თავი გამარჯვებულად ჩათვალა და დამოუკიდლობაგამოცხადებული რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის უგულებელყოფა მოახდინა, რისი შედეგიც გახდა სამხედრო ბიუჯეტების უკიდურესად შემცირება და შესაბამისად, არმიების საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად დაკლება.

ერთ დროს ევროპაში, ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ძალა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერი თავისივე ძალის კარიკატურას დაემსგავსა, უკეთეს დღეში არც იტალიისა თუ ესპანეთის არმიებია, რომ აღარაფერი ვთქვათ ალიანსის წევრ უფრო პატარა ქვეყნებზე.

ერთადერთი, თურქეთის არმიამ შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის პერიოდში, რომელიც წარმოუდგენლად დაუახლოვდა რუს კოლეგას და შესაბამისად დაუპირისპირდა ამერიკელ კოლეგას, უკვე საეჭვო ხდება, ანკარა ნატო-სთანაა თუ კრემლთან...

ნატო-ს სჭირდება გადაიარაღება და სწრაფი რეაგირების ტაქტიკის შემუშავება ჰიბრიდული ომების ხანაში, მაგრამ ყოველივე ამას დიდი თანხები სჭირდება (სხვათაშორის, სამიტზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც ალინსის იმ წევრმა ქვეყნებმა, რომელთა არმიების შეიარაღებაზე კვლავ რჩება საბჭოთა და რუსული წარმოების შეიარაღება, ის სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლონ დასავლურით).

ნატო-ს სწრაფი რეაგირების გაზრდის მიზნით ბრიუსელის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს 4X30 "ფორმულა", რაც ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის 30 მექანიზირებულ ბატალიონს, 30 საავიაციო ესკადრილიას და 30 საბრძოლო ხომალდს 30 დღეში შეეძლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან სწრაფად შეთანხმება ხშირად უჭირთ...

ნატო-ს ამ დიდ შიდა პრობლემის ფონზე საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსექტივა კვლავ ბუნდოვანი დარჩა, თუმცა შექებები და შეპირებები კვლავ უხვად გაიცემოდა.

საქართველო დიდი ხანია აკმაყოფილებს ალიანსის ყველა იმ მოთხოვნას, რაც გაწევრიანებისთვისაა საჭირო (ჩვენზე ნაკლებ დემოკრატიული და უარესი არმიის მქონე ქვეყნები მიუღია ალინსს ბოლო წლებში თავის რიგებში), თავდაცვაზეც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ვხარჯავთ, აქედან 20% შეიარაღების განახლებაზე მიდის), მაგრამ მთავარი ბარიერი უცვლელია - მეზობელი რუსეთის ფაქტორი, რომელსაც ვერანაირად ვერ გადააბიჯა ალიანსის რამდენიმე ძირითადმა ევროპულმა ქვეყანამ - გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და კიდევ რამდენიმემ.

ათი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ფრაზა "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი", რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.

წელს, ბრიუსელის სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ და ეს ყბადაღებული "მაპ"-ი კვლავ ვერ მივიღეთ, რაღაც დადებითი მაინც დაიგეგმა.

კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით "მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე, რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორციელებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან".

ნატო-ს ერთი დიდი უპირატესობა აქვს - კოლექტიური თავდაცვა, როდესაც მის ერთ წევრზე თავდასხმა, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს და ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს აგრესორის მოსაგერიებლად.

მაგრამ ნატო-ს ეს უპირატესობა მისი უდიდესი პრობლემაცაა - ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის ერთ შეთანხმებაზე დაყოლიება, დროში გაწელილ დისკუსიებს მოითხოვს და შეიძლება კონსენსუსი ვერც იქნეს მიღწეული. მაშინ როდესაც კრემლში ერთ კაცს გადაწყვეტილების მიღება წუთებში შეუძლია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს