პუტინის ახალი მუქარა ათი წლის წინანდელის "შესრულების" ფონზე...
პუტინის ახალი მუქარა ათი წლის წინანდელის "შესრულების" ფონზე...
კრემლის მთავარი ბინადარი საქართველოს ნატოს-თან ორმხრივ თანამშრომლობაზე "თვალს ხუჭავს", მაგრამ ალიანსში გაწევრებისთვის ღიად გვემუქრება...

ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ღიად განაცხადა, რომ ის ვინც ფიქრობს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრებას, უნდა დაფიქრდეს მოსკოვის საპასუხო ადეკვატურ პასუხზეო!
რა არის ეს - ბირთული, ერთ-ერთი ზესახელმწიფოს ლიდერის მორიგი შემაშინებელი სიტყვიერი დამუქრება, თუ ამ მუქარის უკან რეალური საფრთხე ჩანს?

გავიხსენოთ უახლესი ისტორია:
2008 წლის დასაწყისში კოსოვოს დამოუკიდებლობის
გამოცხადებისა და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ მისი აღიარების შემდეგ, პუტინი ღიად დაიმუქრა, რომ დასავლეთი ადეკვატურ პასუხს მიიღებდა და იმავე წლის აგვისტოში საქართველოში შემოიჭრა...
2014 წლის დასაწყისში, კიევში მეიდანის რევოლუციის დროს, პუტინი ინუკოვიჩის მთავრობის ჩამოგდების გამო კვლავ დაიმუქრა და ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში შეიჭრა...

რა
გამოდის?

იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თავის დამუქრებებს ასრულებს და მისი ახალი მუქარა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრებასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, შეიძლება შესრულდეს?!
ნუთუ არ არსებობს მსოფლიოში ძალა, თუნდაც იმავე ნატო-ს ან საერთაშორისო სანქციების სახით, რომელიც კრემლის გამგებელს ახალი სამხედრო-პოლიტიკური აგრესიებისგან ხელს ააღებინებდა?
როგორც ჩანს, ასეთი ძალა ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ჩამოყალიბებული, რომელიც საქართველოსა და უკრაინს გამო რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე წავიდოდა.
იმავე ბრიუსელის სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არ დამალა, რომ მონტენეგროს გამო მესამე მსოფლიო ომში ჩაბმისა და იქ ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის არავითარი სურვილი არ აქვს.

ინფორმაციისთვის:
ნატო-მ პირველად თავის ისტორიაში მე-5 პუნქტი სწორედ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმის გამო აამოქმედა და მას შემდეგ ალიანსი მე-17 წელია ავღანეთში იბრძვის, მათ შორის იმ ქართველი სამხედროების დახმარებითაც, რომელთა სამშობლოს ამ ალიანსის არაწევრ და ბევრ წევრ ქვეყანაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში და 9 წლის განმავლობაში იქ 32 მებრძოლი დაეღუპა და 200-მდე დაეჭრა.


რა გამოდის, თუკი ნატო თავის წევრ მონტენეგროს დაცვაზე ალიანსის მე-5 პუნქტის (კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება ,როდესაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატო-ზე თავდასხმას ნიშნავს) ამოქმედებაზე დაფიქრდება, რატომ შეიწუხებს თავს ალიანსის არაწევრი და უფრო შორს მყოფი საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ძალებით დახმარებაზე? მითუმეტეს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიების ნაწილები რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული და სამხედრო ბაზები განთავსებული, რაც ძალზე რეალურს გახდის ნატო-რუსეთის საბრძოლო დაპირისპირებას.
ნატო-ს ხელმძღვანელობა მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მის რიგებში ახალი ქვეყნების გაწევრების საქმეს მოსკოვს არავინ კითხავს, მაგრამ ეს მხოლოდ დიპლომატიაა, რადგან რეალურად სწორედ რუსეთის ფაქტორი მთავარი იმაში, რომ საქართველო ვერ გახდა ალიანსის სრულუფლებინი წევრი და არა ქართული ჯარისა თუ დემოკრატიის ჯერ კიდევ არასაკმარისი მზადყოფნა ამისთვის.
მონტენეგროს ნატო-ში გაწევრების წინ ბალკანეთის ამ პატარა ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურებმა კინაღამ გადატრიალება და პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რაც, რა თქმა უნდა, გადადებდა ან სულაც შეუძლებელს გახდიდა მონტენეგროს ალიანსში გაწევრებას.

დღეს დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს მაკედონიაშიც, სადაც რუსული სპეცსამსახურები თავისი ბიზნესმენებისა და დაქირავებული ფეხბურთის ფანატების საშუალებით ცდილობენ ჩაშალონ რეფერენდუმი, რათა მაკედონია ვერ გახდეს ნატო-ს 30-ე წევრი (რეფერენდუმი ითვალისწინებს მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობის მიღება, რათა ქვეყანას სახელი გადაერქვას და დაერქვას "რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია", რადგან საბერძნეთი, რომელსაც ასევე აქვს მხარე მაკედონია, წინააღმდეგია ამავე სახელწოდებით ალიანსის ახალი წევრი იხილოს).
თუკი კრემლის მეტ-ნაკლებად შეუძლია სიტუაცია არიოს ევროპის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ასობით კმ-ითაა დაშორებული რუსეთიდან, რატომ გაუჭირდება უფრო აქტიურად შეეწინაღმდეგოს იმ საქართველოს და უკრაინას, რომელთანაც არათუ საერთო საზღვარი აქვს, არამედ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული.
ყველაზე უკიდურესი სცენარით, თუკი ცხინვალის რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზა დედაქალაქ თბილისზე შეტევის დაწყების პლაცდარმად აქციეს, აფხაზეთიდან ფოთის პორტის ჩაკეტვა და მთლიანად დასავლეთ საქართველოზე შეტევის დაწყება იქნება შესაძლებელი, ხოლო ოკუპირებული ყირიმიდან შესზლებელი იქნება უკრაინაზე სამხრეთის მიმართულებიდან შეტევა და ყველა უკრაინული პორტის (პირველ რიგში ოდესისა და ნიკოლაევის) ბლოკირება.

პრეზიდენტი პუტინი წამსვლელია ახალი "აგვისტოს ომისა" თუ ახალი "ყირიმის" მოსაწყობაზე? - რთული სათქმელია...

ერთი კია, მას ვერც გაეროს უშიშრობის საბჭო (რუსეთს, როგორც ამ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ნებისმიერი იმ რეზოლუციის დაბლოკვა შეუძლია, რომელიც მას არ აწყობს) და ვერც ნატო აქტიურად ვერ შეეწინაღმდეგება, პოლიტიკური "დატუქსვა" და მორიგი საერთაშორისო სანქციები კი როგორც რეალობამ აჩვენა, კრემლის მთავარი მობინადრისთვის ნაკლებად საშიშია.

პუტინი მართალია ღიად დაგვემუქრა საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში შესაძლო გაწევრებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ის "უშვებს ამ ქვეყნების ალიანსთან ორმხრივ ურთიერთობებს".

ძალიან ცუდია, როდესაც მეზობელი, თუნდაც ძალიან ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით, გისაზღვრავს ვისთან იმეგობრო და რა დონეზე, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა და როგორც იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს, ასე, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს დავჯერდეთ მხოლოდ "ორმაგ თანამშრომლობას" ნატო-სთან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბასლი
01 აგვისტო 2018 14:53
ყველა მმართველი გამსახურდიას მერე მარიონეტული გყვავს და აბა რას უნდა ველოდოთ ამათგან?მანამ არ გვეშველება სანამ პარტიოტი მმართველობა არ გვეყოლება
nino
29 ივლისი 2018 01:10
rusets imdeni autvisebeli mica akvs,raga jandaba ginda sakartvelosgan da ukrainisgan she urjulo.
თემო
28 ივლისი 2018 09:27
არაფრის თავი არა აქავთ ამ ნატო ნატო რით ვეღარ მიგვიღეს,იმიტომ რომ რუსების ეშინიათ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები