"აპაჩები" ქართულ ცაში, "აბრამსები" ქართულ მიწაზე...
31-07-2018
"აპაჩები" ქართულ ცაში, "აბრამსები" ქართულ მიწაზე...
ნატო-მ საქართველოში თავისი საბრძოლო ტექნიკის ძირითადი ნიმუშები ჩამოიტანა

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე ქართულ გზებზე და ცაში რუსულის ნაცვლად ამერიკული ტანკები მოძრაობენ და შვეულმფრენები დაფრინავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატომ თავისი "თავდაცვის ქოლგა" გადმოგვაფარა...
1 აგვისტოს ვაზიანში გაიხსნება მორიგი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2018", რომელშიც რეკორდული, 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
მათ შორის, პირველად ერთად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებიც, რაც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების ისტორიაში ძალზე იშვიათად ხდება.
მაგალითად, გასულ წელს საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე სომხურმა მხარემ ბოლო მომენტში თქვა უარი და მათ ნაცვლად აზერბაიჯანული ოცეული ჩამოვიდა.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს გარდა ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო
დანაყოფები და ასევე საბრძოლო ტექნიკაც.
საინტერესოა, რომ პირველად ამ საუკუნეში ქართულ პოლიგონზე გამოჩნდება გერმანული საბრძოლო მანქანები "მარდერები". საუკუნე იმიტომ დავაზუსტე, რომ ზუსტად ასი წლის წინ, 1918 წლის ივნისში გერმანულმა კაიზერის არმიამ დამოუკიდებლობა გამოცხადებულ საქართველოში სხვა შეიარაღებასთან ერთად ექვსი ჯავშანმანქანაც შემოიტანა, რომელთა ნაწილი შემდეგ ქართულ გვარდიას დაუტოვა.
გერმანული "მარდერების" გარდა სწავლებაში მონაწილეობას ტრადიციულად მიიღებენ ამერიკული "აბრამსები", "ბრედლები" და "სტრაიკერები", რომლებიც ფოთის პორტში ბორანებიდან ჩამოიტვირთა და ვაზიანამდე ბორბლებიანი ჯავშანტექნიკა თავისი სვლით ჩავიდა, მუხლუხიანები კი რკინიგზით ჩაიტანეს.

სწავლების რაიონში "ბლექ ჰოუკის" ტიპის ამერიკული მრავალდანიშნულების შვეულმფრენებიც იფრენენ.
ასევე, პირველად ქართულ ცაში გამოჩნდებიან ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენები "აპაჩები", რომლებსაც "ცივი ომის" დროს დასავლეთ ევროპის დაცვა "ევალებოდათ" საბჭოთა სატანკო არმადების ლა მანშისკენ გაჭრის შემთხვევაში.

სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

"ღირსეული პარტნიორი-2018"-ს წმინდა სამხედროს, გარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ის რუსული სამხედრო აგრესიის ზუსტად ათი წლისთავზე ტარდება.
სწავლებაზე პირველად წარმოდგენილი იქნება გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანები მარდერები

თუკი ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ქართული არმია მარტო უპირისპირდებოდა რუს ოკუპანტებს და მის მხარდამჭერ ოს და აფხაზ სეპარატისტებს, დღეს ქართულ მიწაზე ათზე მეტი ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნის მებრძოლი იმყოფებიან.
ეს პოლიტიკური თუ პიარის თვალსაზრისით რა თქმა უნდა მომგებიანია, მაგრამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან, რაც არ უნდა "ღირსეული პარტნიორები" გვყავდეს, ხელს არავინ გაანძრევს, ხვალ მოულოდნელად რუსი სამხედროები შეტევაზე რომ გადმოვიდნენ, პირიქით მთელი ყურადღება ამ სწავლებაში მონაწილეებისა და მათი საბრძოლო ტექნიკის საქართველოდან სასწრაფო ევაკუაციაზე იქნება გადატანილი(როგორც ეს 2008 წლის საერთაშორისო სამხედრო სწავლების დამთავრების შემდეგ მოხდა, როდესაც ფოთის სავაჭრო პორტში რუსული 45-ე სპეცდანიშნულების პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა სწავლებაში მონაწილე სამი ამერიკული "ჰამვი" ალაფად წაიღო და დღემდე არ დაუბრუნებია პენტაგონისთვის) და მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიება მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქართულ არმიას მოუწევს.
ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენების აპაჩების მთავარი ამოცანა ჯერ საბჭოთა, შემდგომ კი რუსული ტანკების განადგურება იყო
ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ამერიკელი თუ პოლონელი სამხედროები მშიშრები არიან(პირიქით, ბევრი უკრაინელი თუ ესტონელი სამხედრო უარს არ იტყოდა ქართველების გვერდით საერთო მოწინააღმდეგესთან შებრძოლებაზე), უბრალოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ამას არ დაუშვებენ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო დღემდე არ არის ალიანსის სრულუფლებინი წევრი და მასზე არ ვრცელდება კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტი.
ასე, რომ გვინდა თუ არა, უახლოეს მომავალში ეტყობა მხოლოდ ასეთ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს უნდა დავჯერდეთ, რადგან საქართველოს თავის რიგებში მისაღებად მზად, თავად ნატო არ არის. გარდაუვალ რუსულ "ადეკვატურ პასუხს" სამხედრო აგრესიის განახლების სახით ქართულ მიწაზე, ალიანსი ვერ და არ დაუპირისპირდება...



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს