აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომის სიმართლის დადგენას ცდილობდა...
აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომის სიმართლის დადგენას ცდილობდა...
ომებში ჟურნალისტებიც იღუპებიან

31 ივლისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს.

ის დამოკიდებულება, რაც რუსულმა მედია-პროპაგანდამ შექმნა საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებას დადებითად ვერ განაწყობს რუსი ჟურნალისტებისადმი, მაგრამ გამონაკლისი ყველგან არის.

აფრიკაში მოკლული რუსული სამკაცინი გადამღები ჯგუფის უფროსი, სამხედრო ჟურნალისტი ორჰან ჯემალი სწორედ ასეთი გამონაკლისი გახლდათ, რისი თქმის უფლებას მისი პირადი ნაცნობობა მაძლევს.

ის, რუსულენოვანი ჟურნალის Newsweek-ის ჟურნალისტის რანგში, ორჯერ იყო მოსული "კვირის პალიტრის" რედაქციაში ჩემთან ინტერვიუს ასაღებად, როგორც
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორთან და დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტთან.
პირველი ინტერვიუ აგვისტოს ომამდე შედგა, მეორე კი ომიდან ცოტა ხანში.

განსაკუთრებით მეორე ინტერვიუ დამამხსოვრდა, რადგან ორჰან ჯემალმა არ დამიმალა, რომ ცხინვალში ჩეჩნურ ბატალიონ "ვოსტოკს" შემოჰყვა და ზემო ნიქოზის იერიშის დროსაც გამოჰყვა სამხედრო ჟურნალისტის ამპლუაში.

მან ბევრი
ისეთი დეტალი მოჰყვა, რომლებიც რუსი სამხედროების და ამ ჩეჩნური ბატალიონის სისასტიკეზე მეტყველებდა და რაც მთავარია თავისი გადაღებული რამდენიმე ასეული ციფრული ფოტო ჩამიტვირთა, სადაც ეს სისასტიკე (მათ შორის, ცხინვალთან "დუბოვაია როშჩაში" საავიაციო კასეტური ბომბების ნამსხრევევებით დაღუპული მე-4 ბრიგადის ბიჭები) და სხვა საინტერესო დეტალები იყო გამოსახული.

შეხვედრისას ის გაოცებას გამოხატავდა, თუ რატომ შეუშვა ქართული არმიის სარდლობამ ცხინვალში ტანკები ქვეითების დაცვის გარეშე და რატომ ააფეთქებინა ასე ადვილად მოწინააღმდეგეს ყუმბარსატყორცნებიდან.
ჩეჩნური ბატალიონი ვოსტოკი, რომელიც აგვისტოს ომში გვებრძოდა
მან აგვისტოს ომზე მოგვიანებით წიგნიც დაწერა, რომლის ზოგიერთ ასპექტს შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ მასში აღწერილია მეორე მხრიდან დანახული ომის საშინელებები. ის ცდილობდა დახმარებოდა ცხინვალში დაჭრილ და დატყვევებულ ქართველ ჟურნალისტს, ასევე ქართველ სამხედრო ტყვეებს.

ორჰან ჯემალი არ ტოვებდა სხვა რუსი პროპაგანდის-ჟურნალისტების შთაბეჭდილებას და არც თავისი ხელისუფლებისა და სამხედროების მკაცრ კრიტიკას ერიდებოდა, რადგან კარგად იცოდა, თუ რა დიდი ხნით ადრე ემზადებოდა რუსეთი ამ ომისთვის.

ასეთი შეხედულების რუსი კოლეგისთვის ინტერვიუს მიცემა, რომელშიც აგვისტოს ომის ხედვის ქართული პოზიცია იყო დაფიქსირებული, ერთგვარი პატარა წარმატება გახლდათ, იმ საინფორმაციო ომის ფონზე, რომელიც რუსეთთან ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ღამით "გრადების" ცეცხლის გახსნით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველივე წუთებში წააგო, რადგან რუსულ პროპაგანდას "მძინარე ცხინვალის" დაბომბვისა და 2 ათასი მშვიდობიანი მოსახლის დახოცვის" დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველი მისცა.

ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი განსხვავებული პოზიციის გამო ორჰან ჯემალს რუსეთში პრობლემები შეიძლება შეჰქმნოდა და ასეც მოხდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მისი "მოწამვლა" დაიწყო, მას რამდენიმე რედაქციის გამოცვლა მოუწია, ხოლო 2011 წელს ლიბიაში, ტრიპოლზე შეტევის გაშუქებისას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის 14,5 მმ-იანი ტყვია მოხვდა ფეხში და მძიმე ჭრილობა მიიღო.

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე ორჰან ჯემალი თავისი უკვე მერამდენე ომის გასაშუქებლად ჩავიდა აფრიკაში, მაგრამ ის მისთვის სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა.

მაგრამ,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ გზაზე ორჰან ჯემალისა და მისი ორი კოლეგის (რეჟისორისა და ოპერატორის) დახვრეტამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ჯგუფი აფრიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" მებრძოლების საქმიანობაზე აპირებდა საგამომძიებლო დოკუმენტური ფილმის გადაღებას.

"ვაგნერის კომპანია" პრეზიდენტ პუტინის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენ ვგენი პრიგოჟინის მიერაა შექმნილი და კრემლი მას მსოფლიოს იმ კუთხეებში აგზავნის, სადაც რუსული არმიის ოფიციალურად გამოყენების დაფიქსირება არ სურს.

ასე იყო უკრაინის დონბასში, ასე არის დღეს სირიაში და ასე დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც.

თავად ის მცირერიცხვოვანი რუსი ჟურნალისტები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოქცეულან კრემლის პროპაგნდისტული მანქანის გავლენის ქვეშ, არ გამორიცხავენ, რომ ორჰან ჯემალი და მისი ორი კოლეგა აფრიკაში სპეციალურად იმიტომ დახვრიტეს ავტომატებით, რომ მათ არ გადაეღოთ ფილმი "ვაგნერის კომპანიაზე" და სიმართლე არ მოეფინათ ამ დაქირავებული რუსი მებრძოლების მიერ დონბასსა და სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (9)
ნანა
14 აგვისტო 2018 11:45
ე.ი. გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ის მაინც არ ყოფილა სიმართლის მხარეზე! მაშინ რაღად დასჭირდათ მისი გაქრობა?
გოგი
05 აგვისტო 2018 18:25
3)ქურდი დღეში ცხრაჯერ გამოტყდებაო, ასეა ჩვენი ჯემალის საქმეც. ვითომ გულმოდგინედ ცდილობს, ობიექტური, ნეიტრალური დამკვირვებლის ნიღაბი მოირგოს, მაგრამ სიჩქარეში რამდენჯერმე გასცა თავი, როცა ჩეჩენი და რუსი ჯარისკაცების შესახებ საუბრისას გამოიყენა ნაცვალსახელი ჩვენ (მაგ: ”ვ ეტომ სოსტოიანიი მიროტვორცი ნახოდილის კ მომენტუ, კოგდა დაჟე მნე, ნევოენნომუ, ბილო იასნო: ნაში პობედილი” (გვ. 104); ან კიდევ: ”ია დო სიხ პორ ნე ზნაიუ, კაკ ნაზივალოს ტო სელო, გდე, პრინუჟდაია გრუზინ კ მირუ, პოლეგლო სტოლკო ნაშიხ სოლდატ”)...
არანაკლებ საინტერესოა უშუალოდ ცხინვალის ქუჩებში გამართული ბრძოლების აღწერა (სხვათა შორის, ორხან ჯემალი ასახელებს გენერალ გალ ხირშს ისრაელიდან, რომელმაც, თითქოსდა, უშუალოდ დაგეგმა ცხინვალის ოპერაცია.
და ბოლოს, არ შემიძლია გვერდი ავუარო ერთ დამახასიათებელ ეპიზოდს აგვისტოს ომიდან, რომელიც აღწერილია ამ წიგნში.
ჯემალის თქმით, მან 12 აგვისტოს ღამე იამადაეველებთან ერთად გაათენა ერთ-ერთი ქართული სოფლის განაპირას, გორის სიახლოვეს. დილაადრიან განგაში გამოცხადდა, ტანკები გვიახლოვდებიანო. ბოევიკები საბრძოლველად მოემზადნენ, მაგრამ განგაში ცრუ აღმოჩნდა. ტანკები რუსული იყო.სატანკო კოლონის მეთაურის, ვადიმ ბარანოვის თქმით, მას სიბნელეში გზა აერია და შეცდომით ქართული ტანკების კოლონას შეუერთდა, რომელიც თავისიანებად ჩათვალა. თავის მხრივ, თავიდან ვერც ქართველები მიმხვდარან, ვისი იყო მათ არიერგარდში მიმავალი მძიმე ტექნიკა. ერთხანს ასე უვლიათ, მაგრამ ბოლოს ქართული კოლონის მეთაური დაინტერესებულა, რა ხდებაო, ავტომატისთვის ხელი დაუვლია და კოლონის ბოლოში მყოფი ტანკებისკენ წასულა.
თავის მხრივ, რუსი მეთაურიც ამომძვრალა ტანკიდან. როდესაც ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, რუსმა ნატოს სამხედრო ჩაცმულობაზე იცნო მოწინაარმდეგე, იარაღი გადატენა და დააღირა.
- ”ეტოტ გრუზინ უვიდელ მენია ი ტოჟე ვსიო პონიალ. ვსტალ ნა კოლენი, პოლოჟილ ნა ზემლიუ ავტომატ, კრესტიტსია. ა ია დუმაიუ: ოდინ ზალპ სდელატ უსპეიუ, ა დალშე, ჩერეზ დესიატ მინუტ სტანუ გეროემ როსსიი. პოსმერტნო. ვოტ ია ი გოვორიუ ეტომუ პოლკოვნიკუ: სლუშაი, გენაცვალე, ტი ნაპრავო, ია ნალევო, ი მი დრუგ დრუგა ნე ვიდელი” - ბარანოვის ამ სიტყვებით ამთავრებს ეპიზოდის აღწერას ავტორი.

P.S. ეს წიგნი ბრაზით გულგასიებულმა ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე. ბევრ ეპიზოდზე ვახრჭიალე კბილები, მაგრამ ერთზე სულ ავიჭერი. ფეესბეშნიკი ჯემალი დაუფარავად, ცინიკურად წერს, როგორი პასუხი გასცა ჩეჩენი ბოევიკების შეკითხვაზე, - ქართველებმა ტყვედ რომ ჩაგიგდონ, რას გიზამენო. ჯემალმა უპასუხა, თქვენ იკითხეთ, თორემ მე ამერიკული ჟურნალ ”ნიუსუიკის” ქსივა მიდევს ჯიბეში, ქართველები თავისიანად ჩამთვლიანო.
გოგი
05 აგვისტო 2018 18:24
2)ასეთი მისიისთვის ორხან ჯემალი (იგი იმ დროისათვის ”ნიუსუიკის” რუსულენოვან გამოცემაში მუშაობდა) შემთხვევით არ იქნა შერჩეული. მისი ფიზიონომიის პატრონს აშკარად არ უნდა გასჭირვებოდა ბოევიკთა ნდობის მოპოვება. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ხშირად იმყოფება ხოლმე აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში. ლიბიის ცნობილი მოვლენების დროს ტრიპოლიში დაიჭრა კიდეც.
ფეესბეშნიკი ჟურნალისტის ნაშრომი ბევრი თვალსაზრისით არის საინტერესო. იგი დეტალურად აღწერს იამადაეველთა მონაწილეობით გამართული ყველა შეტაკების დეტალებს, მათ მიერ გამოყენებულ სამხედრო ტაქტიკას, კრიტიკულად განიხილავს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართული შენაერთების ტაქტიკურ მანევრებს, ასახელებს და ახასიათებს ”ვოსტოკის” მებრძოლებს (სხვათა შორის, მათ შორის ორი ქართველიც ყოფილა, ვიღაც ვახტანგი და დათო), აღწერს ჩეჩნების დამოკიდებულებას ტყვეების მიმართ, რომლებიც, ოსებისგან განსხვავებით, ადამიანურად ექცეოდნენ მათ...
საინტერესო ფაქტია, რომ ომის დღეებში გათიშული მობილური კავშირგაბმულობის მიუხედავად, ორხან ჯემალი შეუფერხებლად ეკონტაქტებოდა თბილისში თავის ნაცნობებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მის მიერ აღწერილი სატელეფონო საუბარი გაზეთ ”ჯორჯიან ტაიმსის” რედაქტორ მალხაზ გულაშვილთან.
არანაკლებ საინტერესოა ჯემალის ცნობები ჟურნალისტების, გიგა ჩიხლაძისა და საშა კლიმჩუკის დაღუპვის თაობაზე. იგი, ასევე, აღწერს, როგორ ჩავარდნენ ტყვედ ჟურნალ ”მესენჯერის” წარმომადგენლები უინსტონ ფეზერლი და თეიმურაზ კიღურაძე. ფეესბეშნიკმა ჟურნალისტმა ”მეგობრულად” შესთავაზა ტყვეებს საკუთარი მობილური თბილისსა და ამერიკაში ახლობლებთან დასაკავშირებლად, მაგრამ მათ, ჩანს, გაშიფრეს, რა იდგა ამ შეთავაზების უკან და თავი აარიდეს.
გოგი
05 აგვისტო 2018 18:23
1)ეს ტიპი გაზეთ ”იზვესტიის” ჟურნალისტი, თავისი ისლამისტური შეხედულებებით კარგად ცნობილი ორხან ჯემალია, ეს კი მისი წიგნი - ”ვოინა, ხრონიკა პიატი დნეი”, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში, ომის დამთავრებიდან ორი თვის შემდეგ დაბეჭდა სანქტ-პეტერბურგის გამომცემლობა ”ამფორა 2008”-მ.
ჯემალის წიგნის არსებობის შესახებ აქამდე არ ვიცოდი. რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით, გადავაწყდი ტორონტოს რუსულენოვანი წიგნების მაღაზიაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ორასგვერდიანი ”ნაშრომი” თვითმხილველის ნაამბობს წარმოადგენს. ასეთი ჟანრის თხზულება კი, რამდენადაც ნაბიჭვარი უნდა იყოს ავტორი, მაინც საინტერესოა და, ბუნებრივია, ხელში შემომეკითხა.
ორხან ჯემალი აგვისტოს დღეებში ჩვეულებრივი ჟურნალისტის ამპლუით როდი მოევლინა საქართველოს. ცხრიდან 12 აგვისტოს ჩათვლით იგი თან ახლდა კარგად ცნობილ სულიმ იამადაევის ბატალიონ ”ვოსტოკს” (ეს ის იამადაევია, რომელიც ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში ერთ-ერთ არაბულ ქვეყანაში ჩააძაღლეს კადიროვის მიგზავნილმა ქილერებმა, როგორც დაუმორჩილებელი საველე მეთაური). დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა, როგორ მოხვდა დიქტოფონით და ფოტოაპარატით აღჭურვილი ფეესბეშნიკ-გერეუშნიკი ”ჟურნალისტი” იამადაეველებთან. იგი, აშკარად, რუსული სპეცსამსახურების დავალებით მიამაგრეს ბოევიკებს, რათა ინფორმაციაც მოეპოვებინა და, პარალელურად, თავზეხელარებული ჩეჩნებისთვისაც ედევნებინა თვალი, რომლებსაც მოსკოველი პატრონები ბოლომდე არასოდეს ენდობიან.
ირაკლი ალადაშვილი
03 აგვისტო 2018 13:03
mdaaa-ს

სანამ ამ ბლოგს დავწერდი ყურადღებით წავიკითხე ორჰან ჯემალის წიგნი აგვისტოს ომზე და როგორც ბლოგში ავღნიშნე-
მან აგვისტოს ომზე მოგვიანებით წიგნიც დაწერა, რომლის ზოგიერთ ასპექტს შეიძლება არ დაეთანხმო- მიუხედავად ამისა,ის არ გავდა იმ რუსი ჟურნალისტების უმრავლესობას,რომლებიც აგვისტოს ომს რუსული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აღწერდნენ,რაც უკვე პატარა დადებითი იყო ჩვენთვის.არც ისაა დასავიწყებელი,რომ ორჰან ჯემალი ცხინვალის საავადმყოფოში, ქართველ დაჭრილ ჟურნალისტს ეხმარებოდა,ხოლო დაღუპული ჟურნალისტების ახლობლებს თბილისში ინფორმაცია მოაწოდა.წიგნში ის ასევე აღწერს,რომ ეცადა გამოქომაგებოდა სამ ქართველ სამხედრო ტყვეს,სხვათაშორის ამ ტყვეების შესახებ პირადად ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ მაცნობა და ორი მათგანის სურათიც გადმომცა.ჩვენთვის, რა თქმა უნდა მტკივნეულად ჟღერს,რომ ის ჩეჩნურ ბატალიონ ვოსტოკს შემოჰყვა გორამდე,მაგრამ როგორც თავად აღიარებდა,მას სხვა საშუალება არ ჰქონდა ბრძოლის ველზე აღმოჩენილიყო და რუსულენოვან ჟურნალ Newsweek-ისთვის(Newsweek-ი ამერიკული ჟურნალი იყო,რომელიც 2008 წელს 3 მლნ ტირაჟით 7 ენაზე,მათ შორის რუსულადაც გამოდიოდა) აგვისტოს ომზე დაეწერა.

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი

პ.ს. ისე,რომ იცოდეთ,ეს სტატია ანალიტიკური არ არის
mdaaa
03 აგვისტო 2018 11:52
არ არის კარგი ანალიზი, იმიტომ რომ ამ ტიპმა წიგნი დაწერა სადაც საპირსპირო რაღაცეებს წერს. ორი დღის წინ ვნახე ფეისში წერდა ერთი ქართველი. ჰოდა ჩვენ ვართ ინფორმაციის მომხმარებლები და მოგვაწოდეთ წესიერი ანალიზი თუ შეიძლება, თუ არა და სულ ნუ დაწერთ. იმ ჩანაწერებით ისე გამოდიოდა, რომ ეს ტიპი იყო დაქირავებული ჟურნალისტი და იმავდროულად რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ასეთი ტიპი როგორც უნდა ისე მოგაჩვენებს თავს, ამიტომ დაწერილი უნდა ნახო. გამოდის რომ მერე ხადარკოვსკიმ დაიქირავა, რომაგრამ დის იყო რუსეთი აგენტებს რამეს პატიობდა, ამიტომ გაასაღეს ძვირფასად.
მიშო
03 აგვისტო 2018 11:11
"გამონაკლისი ყველგან არის" მართლა კარგი ჟურნალისტი იყო
halagaji
03 აგვისტო 2018 09:27
ხოდა ამიტომაც მოკლეს. ვინ მოკლავდა ამას დიდი მკითხაობა არ უნდა.
ელისო
02 აგვისტო 2018 23:39
.. ასეთი სიმბოლურია ხანდახან კარმა– აგვისტოს ომიდან ზუსტად 10 წლის თავზე მოკლეს ჟურნალისტი რომელმაც აგვსიტოს ომში რუსეთის ქმედებები "გააპრავა"... ყველას ამ ქვეყნადვე მიეზღვევა მისაზღვევი!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები