აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომის სიმართლის დადგენას ცდილობდა... - კვირის პალიტრა

აფრიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომის სიმართლის დადგენას ცდილობდა...

ომებში ჟურნალისტებიც იღუპებიან

31 ივლისს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს.

ის დამოკიდებულება, რაც რუსულმა მედია-პროპაგანდამ შექმნა საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებას დადებითად ვერ განაწყობს რუსი ჟურნალისტებისადმი, მაგრამ გამონაკლისი ყველგან არის.

აფრიკაში მოკლული რუსული სამკაცინი გადამღები ჯგუფის უფროსი, სამხედრო ჟურნალისტი ორჰან ჯემალი სწორედ ასეთი გამონაკლისი გახლდათ, რისი თქმის უფლებას მისი პირადი ნაცნობობა მაძლევს.

ის, რუსულენოვანი ჟურნალის Newsweek-ის ჟურნალისტის რანგში, ორჯერ იყო მოსული "კვირის პალიტრის" რედაქციაში ჩემთან ინტერვიუს ასაღებად, როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორთან და დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტთან.

პირველი ინტერვიუ აგვისტოს ომამდე შედგა, მეორე კი ომიდან ცოტა ხანში.

განსაკუთრებით მეორე ინტერვიუ დამამხსოვრდა, რადგან ორჰან ჯემალმა არ დამიმალა, რომ ცხინვალში ჩეჩნურ ბატალიონ "ვოსტოკს" შემოჰყვა და ზემო ნიქოზის იერიშის დროსაც გამოჰყვა სამხედრო ჟურნალისტის ამპლუაში.

მან ბევრი ისეთი დეტალი მოჰყვა, რომლებიც რუსი სამხედროების და ამ ჩეჩნური ბატალიონის სისასტიკეზე მეტყველებდა და რაც მთავარია თავისი გადაღებული რამდენიმე ასეული ციფრული ფოტო ჩამიტვირთა, სადაც ეს სისასტიკე (მათ შორის, ცხინვალთან "დუბოვაია როშჩაში" საავიაციო კასეტური ბომბების ნამსხრევევებით დაღუპული მე-4 ბრიგადის ბიჭები) და სხვა საინტერესო დეტალები იყო გამოსახული.

შეხვედრისას ის გაოცებას გამოხატავდა, თუ რატომ შეუშვა ქართული არმიის სარდლობამ ცხინვალში ტანკები ქვეითების დაცვის გარეშე და რატომ ააფეთქებინა ასე ადვილად მოწინააღმდეგეს ყუმბარსატყორცნებიდან. ჩეჩნური ბატალიონი ვოსტოკი, რომელიც აგვისტოს ომში გვებრძოდა მან აგვისტოს ომზე მოგვიანებით წიგნიც დაწერა, რომლის ზოგიერთ ასპექტს შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ მასში აღწერილია მეორე მხრიდან დანახული ომის საშინელებები. ის ცდილობდა დახმარებოდა ცხინვალში დაჭრილ და დატყვევებულ ქართველ ჟურნალისტს, ასევე ქართველ სამხედრო ტყვეებს.

ორჰან ჯემალი არ ტოვებდა სხვა რუსი პროპაგანდის-ჟურნალისტების შთაბეჭდილებას და არც თავისი ხელისუფლებისა და სამხედროების მკაცრ კრიტიკას ერიდებოდა, რადგან კარგად იცოდა, თუ რა დიდი ხნით ადრე ემზადებოდა რუსეთი ამ ომისთვის.

ასეთი შეხედულების რუსი კოლეგისთვის ინტერვიუს მიცემა, რომელშიც აგვისტოს ომის ხედვის ქართული პოზიცია იყო დაფიქსირებული, ერთგვარი პატარა წარმატება გახლდათ, იმ საინფორმაციო ომის ფონზე, რომელიც რუსეთთან ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ღამით "გრადების" ცეცხლის გახსნით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველივე წუთებში წააგო, რადგან რუსულ პროპაგანდას "მძინარე ცხინვალის" დაბომბვისა და 2 ათასი მშვიდობიანი მოსახლის დახოცვის" დეზინფორმაციის გავრცელების საფუძველი მისცა.

ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი განსხვავებული პოზიციის გამო ორჰან ჯემალს რუსეთში პრობლემები შეიძლება შეჰქმნოდა და ასეც მოხდა. რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მისი "მოწამვლა" დაიწყო, მას რამდენიმე რედაქციის გამოცვლა მოუწია, ხოლო 2011 წელს ლიბიაში, ტრიპოლზე შეტევის გაშუქებისას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის 14,5 მმ-იანი ტყვია მოხვდა ფეხში და მძიმე ჭრილობა მიიღო.

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე ორჰან ჯემალი თავისი უკვე მერამდენე ომის გასაშუქებლად ჩავიდა აფრიკაში, მაგრამ ის მისთვის სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა.

მაგრამ,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ გზაზე ორჰან ჯემალისა და მისი ორი კოლეგის (რეჟისორისა და ოპერატორის) დახვრეტამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ჯგუფი აფრიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" მებრძოლების საქმიანობაზე აპირებდა საგამომძიებლო დოკუმენტური ფილმის გადაღებას.

"ვაგნერის კომპანია" პრეზიდენტ პუტინის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენ ვგენი პრიგოჟინის მიერაა შექმნილი და კრემლი მას მსოფლიოს იმ კუთხეებში აგზავნის, სადაც რუსული არმიის ოფიციალურად გამოყენების დაფიქსირება არ სურს.

ასე იყო უკრაინის დონბასში, ასე არის დღეს სირიაში და ასე დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც.

თავად ის მცირერიცხვოვანი რუსი ჟურნალისტები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოქცეულან კრემლის პროპაგნდისტული მანქანის გავლენის ქვეშ, არ გამორიცხავენ, რომ ორჰან ჯემალი და მისი ორი კოლეგა აფრიკაში სპეციალურად იმიტომ დახვრიტეს ავტომატებით, რომ მათ არ გადაეღოთ ფილმი "ვაგნერის კომპანიაზე" და სიმართლე არ მოეფინათ ამ დაქირავებული რუსი მებრძოლების მიერ დონბასსა და სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს