ცხინვალში აფეთქებული ტანკიდან ბრძოლით გამოსული ქართველი ტანკისტის საოცარი ისტორია...
ცხინვალში აფეთქებული ტანკიდან ბრძოლით გამოსული ქართველი ტანკისტის საოცარი ისტორია...
1992 წლის გაზაფხულიდან ათი ათასამდე სტატია მაქვს გამოქვეყნებული სამხედრო თემაზე, მათ შორის ბევრი იყო რეპორტაჟი ამა თუ იმ ომის ფრონტის ხაზიდან, უფრო მეტი ანალიტიკური მასალები და ძალზე ცოტა ინტერვიუები.

მაგრამ ეს ინტერვიუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემს წინ იჯდა ბევრ ტანჯვა გადატანილი, მაგრამ ისევ საბრძოლო სულით სავსე ქართული არმიის ნამდვილი ჯარისკაცი, რომელმაც თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოაღწია და თანაც ვაჟკაცურად, ბრძოლით, თავისივე იარაღით.

გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკის
მექანიკოს-მძღოლი კაპრალი ავთანდილ (ჯონი) ლომიძე აგვისტოს ომის იმ ნამდვილ გმირად შეიძლება ჩაითვალოს, რომლის საბრძოლო სულისკვეთება გადამდები უნდა გახდეს ქართული არმიის სხვა სამხედროებისთვისაც.

"ჩემს ტანკს უკვე ცეცხლი ეკიდა და შეიძლება წუთი-წუთზე აფეთქებულიყო, უნდა გამომეღწია, ტყვედ ჩა­ბარებას არ ვაპირებდი, ავტომატი და მჭიდები ავიღე, გარეთ უკვე მოწინააღმდეგე მელოდა..."

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს ქართველი მებრძოლების არაერთი გმირობა ახსოვს, თუმცა, მათ შორისაც გამორჩეულია ყოფილი გორის ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკისტის, მძღოლ-მექანიკოსის, კაპრალ ავთანდილ (ჯონი) ლომიძის საბრძოლო სულისკვეთება.

- 8 აგვისტოს დილის 4 საათზე დაიძრა ჩვენი სატანკო კოლონა საქაშეთიდან ზემო ნიქოზისკენ, - იხსენებს ჩემთან საუბარში ჯონი ლომიძე, - ზემო ნიქოზიდან "შანხაის" გავლით ცხინვალში უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ შუა გზაზე რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის ტერიტორიიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, ყუმბარსატყორცნებსა და ნაღმსატყორცნებს გვესროდნენ. ჩემს ტანკს ნაღმსატყორცნის ნაღმების ნამსხვრევებმა ფარები ჩაუმსხვრია. ჩვენს გეგმაში არ შედიოდა შუა გზაზე შეყოვნება, მაგრამ იძულებული გაგვხადეს საპასუხო ცეცხლი გაგვეხსნა. პოზიციებს ვიცვლიდით და ისე ვესროდით. თითქმის მთელი საბრძოლო კომპლექტი მივახარჯეთ და მოგვიწია ისევ ზემო ნიქოზში დაბრუნება, რათა ჭურვების მარაგი შეგვევსო.

მეორედ ცხინვალისკენ 8 აგვისტოს, დღის ორი საათისთვის დავიძარით. ჩვენი კოლონა შვიდი ტანკისგან შედგებოდა და ცხინვალის გავლით თამარაშენში უნდა გავსულიყავით.

ცხინვალში სატანკო ქვემეხების ჭურვები არ გვისვრია, ჩვენი კოლონის მეთაურ გია რომელაშვილს ჰქონდა ნათქვამი, ეს ჩემი მშობლიური ქალაქია, აქ დაბრუნება და ცხოვრება მოგვიწევს და გავუფრთხილდეთო. მხოლოდ რამდენჯერმე გავუშვით ქვემეხთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევის ჯერები.

ვაგზლისა და გმირთა ქუჩის გადაკვეთაზე მექანიკოს-მძღოლის ტრიპლექსიდან დავინახე, რომ ტანკის ლულას რაღაც მოხვდა და გახვრიტა, მემიზნეს გადავეცი, ჭურვი არ გაესროლა, რადგან დაზიანებულ ლულაშივე შეიძლებოდა აფეთქებულიყო. ტანკმა თავისი მთავარი საბრძოლო შესაძლებლობა დაკარგა, ჭურვების გასროლა აღარ შეეძლო, ამიტომაც მანევრი გავაკეთე, რათა კოლონაში ჩვენი მეორე ადგილი სხვა ტანკისთვის დამეთმო, როდესაც მარჯვნიდან მოულოდნელად დარტყმა ვიგრძენით. თავდაპირველად იმის გაფიქრება მოვასწარით, კოლონაში სხვა ტანკს ხომ არ დავეჯახეთ, როდესაც ჩვენი ტანკი კიდევ ორმა უძლიერესმა დარტყმამ შეაზანზარა, თავით ხელსაწყოთა პანელს შევეჯახე და გონება დავკარგე...

არ ვიცი, რამდენ წუთში მოვედი გონს, სუნთქვა ჭირდა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩართული იყო, თუმცა, მოწინააღმდეგის ნასროლ კუმულაციურქობინიან ჭურვებს ტანკის ჯავშანი ვერ გაერღვია, მარჯვენა ბორტზე განთავსებულ საწვავის ავზებს ცეცხლი ეკიდა...
ტანკის ამუშავება ვცადე, არაფერი გამოვიდა, უკან მოვიხედე, არც მეთაური და არც მემიზნე კოშკურაში არ ისხდნენ, ლიუკები ღია იყო.
მძღოლ-მექანიკოსის ლიუკი ოდნავ ავაღე და ცეცხლის ნაპერწკლები შემომეყარა თვალებში, ჩემს ტანკს უკვე ცეცხლი მთლიანად ეკიდებოდა, ტანკში პლასტმასის დეტალები ლღობას იწყებდნენ და შეიძლება ტანკი წუთი-წუთზე აფეთქებულიყო...

მეუღლის ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარი მოვიხსენი, "მამაო ჩვენო" წავიკითხე და უფალს შევთხოვე, აქედან ცოცხალი გამიყვანე-მეთქი...
ტყვედ ჩაბარებას არ ვაპირებდი, მოკლელულიანი ავტომატი და ოთხი მჭიდი ავიღე. ტანკი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ჩემი ლიუკიდან ვერ ამოვიდოდი, წინ ცეცხლი ეკიდა. მეთაურის ან მემიზნის ლიუკებიდან კოშკურის თავზე აძრომა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, რადგან აუცილებლად მესროდნენ. გადარჩენის ერთადერთი გზაღა რჩებოდა, მძღოლ-მექანიკოსის სკამის ქვეშ არსებული საავარიო ლიუკი გამომეყენებინა. არ ვიცი, რა ძალა მეყო სკამის მოსახსნელად და ლიუკის გასაღებად, მაღალი კი ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, გამხდარი, რომ ამ ვიწრო ლიუკში მოვახერხე გაძრომა.

ტანკის ქვეშ აღმოვჩნდი და შემეძლო სამშვიდობოს გამეღწია, თუკი ორიოდე მეტრი წინ გავცოცდებოდი, მაგრამ ტანკის წინ სამი წყვილი ფეხი დავინახე, დავაკვირდი, ჩრდილოკავკასიელებს წააგავდნენ, წინ გზა მოჭრილი იყო. უკან გავცოცდი, ტანკის უკანა მხარიდან გამოვძვერი და სირბილით თავი იქვე მდგომ სახლის გვერდს შევაფარე. სანამ გადავრბოდი, შევამჩნიე, რომ ჩემი ტანკის გვერდზე მეორეც იწვოდა.
სახლის ქვეშ ვდგავარ და ვფიქრობ, რომელ მხარეს გავიქცე, როდესაც მეოთხე სართულის აივნიდან რუსულად დამიძახეს და ტყვიებიც მოაყოლეს. ხეს ამოვეფარე და საპასუხო სროლა დავუწყე. მთელი მჭიდი დავაცალე და სტადიონის მხარეს გავიქეცი, არ ვიცი, მოვარტყი თუ არა, მაგრამ აივანზე მყოფი ორი მსროლელისგან ერთის იარაღი ჩაჩუმდა.

სამაგიეროდ, მათ დამხმარეები გამოუჩნდათ (შეიძლება ისინიც, ვინც აფეთქებული ტანკების წინ იდგნენ) და ჩემკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა. სროლა-სროლით მივრბოდი, ხეს ამოვეფარე, რომ მჭიდი შემეცვალა, როდესაც მარცხენა ხელის ცერის მწარე წვა ვიგრძენი, ტყვია მომხვედრია. გადის რამდენიმე წამი და კიდევ ერთი ტყვია მხვდება, ამჯერად ბარძაყთან...
ქართული ტანკი აგვისტოს ომში
სასწრაფოდ პოზიცია უნდა შემეცვალა, თორემ ჩამცხრილავდნენ, ასე მეგონა, მთელი ქალაქი ჩემზე ნადირობდა. ბოსტნისკენ გავიქეცი, სახლი დავინახე და შიგ შევვარდი. დრო უნდა მომეგო, სული მომეთქვა, ჭრილობები გადამეხვია. სახლის პარმაღზე ახალგაზრდა ქალი შემეფეთა, დავამშვიდე, არაფერს დაგიშავებ, ჭრილობებს გადავიხვევ და მალე წავალ, ოღონდ არავის უთხრა, აქ რომ ვარ-მეთქი.
ოთახში მაგიდის ქვეშ დავიმალე და შევეცადე, სისხლდენა შემეჩერებინა. მოულოდნელად იატაკის ჭრიალმა გამომაფხიზლა და ავტომატის ლულამ შემოყო ოთახში თავი, დავასწარი და გრძელი ჯერი მივუშვი, ვიღაც მძიმედ დაეცა... ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი. ვგრძნობდი, მომდევდნენ, მესმოდა ყვირილი და სროლის ხმა.

რკინის ჭიშკარი დავინახე და ამოფარება ვცადე, როდესაც ჭიპთან საშინელი წვა ვიგრძენი, ტყვია მომხვდა. ინერციით ოცდაათიოდე მეტრი გავირბინე და ხესთან ჩავიკეცე. გონი არ დამიკარგავს, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი მორჩა, სამშვიდობოს ვეღარ გავიდოდი.
ჩემებს დავემშვიდობე, ცრემლი მომადგა... ვიცოდი, რომ მტერს ცოცხალი არ ჩავბარდებოდი. წვალებით დავითვალე, ბოლო მჭიდში ოციოდე ვაზნა დამრჩენია, ერთი პატარა შებრძოლებისთვის კიდევ მეყოფოდა, ბოლო კი ჩემი იყო, მას არც ერთი მტრისთვის არ გავიმეტებდი...
ხეს ზურგით ვარ მიბჯენილი და უკვე ვემშვიდობები სიცოცხლეს, როდესაც წინ, შენობის ფანჯრებში მოულოდნელად ორ ნაცნობ მოხაზულობას ვამჩნევ, გონებას ვძაბავ და ნელ-ნელა ვხვდები, რომ ეს ქართული ასოების, ი-სა და ა-ს ანარეკლია... უკან ვიხედები და ბუნდოვნად ვხედავ ქუჩაში ჯავშნიანი "კობრა" დგას წარწერით "პოლიცია"...

ჭიშკრისკენ მივბობღავ და თან ვხავი, მიშველეთ-მეთქი, ოცდაათიოდე მეტრის ბოლომდე გადალახვის თავი აღარ მაქვს, ვხვდებოდი, რომ ძალა მეცლება და გადარჩენის შანსიც ქრება, ხელს მაღლა ვწევ, ვიქნევ, შემამჩნიეს, ჩვენიანი არისო, ბუნდოვნად ჩამესმის ქართული საუბარი.

გადავრჩი...

"კობრის" სალონში მოვდივარ გონს, ისევ გვესვრიან, ჩვენებიც პასუხობენ, ბორბლების თითოეული ჩარტყმა საშინელ ტკივილს მაყენებს. სალონის ძირზე ჩემ გარდა კიდევ ორი სამხედრო წევს. ვეხმაურები, პასუხი არ არის, ვხვდები, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან. პირდაპირ ჩემ წინ ლამაზი ბიჭი წევს გახელილი თვალებით, თვალებს ვუხუჭავ და ვფიქრობ, რა ბედნიერი ხარ, რომ ჩემნაირად აუტანელი ტკივილი არ გაწუხებს-მეთქი და გონებას ვკარგავ...

თვალებს ვახელ, ნელ-ნელა ვხვდები, რომ საავადმყოფოს პალატაში ვარ, მეუღლე, ორივე ვაჟკაცი, ახლობლები ჩემ გვერდით არიან. რა დროა, ვკითხულობ - 42 დღე-ღამე უგონოდ ვყოფილვარ, აპარატზე მიერთებული.

8 ოპერაცია გადავიტანე, თითქმის ხუთი თვე ვიწექი ჰოსპიტლებში, სამი მოხვედრილი ტყვიიდან ერთმა, მუცელში მოხვედრილმა, თითქმის მთელი შიგნეულობა დამიზიანა, რომ არა ქირურგ დავით მახაშვილის, პროფესორ ნოდარ ლომიძისა და მათი მედპერსონალის გმირობა, ვერ გადავრჩებოდი. წინა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც დიდი პატივი მცა, "წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების" ორდენით დამაჯილდოეს, ბინა მომცეს.

სხვათაშორის, როდესაც ორდენი ჩემს უფროსს ბიჭს, იურის გადასცეს (მე მაშინ საავადმყოფოში უგონოდ ვიწექი და ჯერ კიდევ უცნობი იყო, გადავრჩებოდი თუ არა), 14 წლის ბიჭმა დაიფიცა, რომ აუცილებლად სამხედრო გამოვიდოდა და გააგრძელებდა მამის საქმეს სამშობლოს დასაცავად, დღეს იური ლეიტენანტია და ქართულ არმიაში მსახურობს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (20)
...
25 სექტემბერი 2018 08:39
,,უკან მოვიხედე, არც მეთაური და არც მემიზნე კოშკურაში არ ისხდნენ, ლიუკები ღია იყო,,
Maxos
15 აგვისტო 2018 00:27
8 shen sad iyavi tuici adamiano, 8 rogor iyo simshvide da ras edzaxi simshvides shen.
treneri
15 აგვისტო 2018 00:05
ქარტველი რამბო ხარ რაა..
DUDU
14 აგვისტო 2018 23:19
და გირჩისტები რა შუაშია????
ეაია
14 აგვისტო 2018 21:08
.....უფალმა დაგლოცოს......იხარე ოჯახით ორტავ სოფელსა შინა.....
nin
14 აგვისტო 2018 16:45
ვტიროდი, არ ვიცი სიხარულისგან რომ გადარჩა თუ სიბრალულისგან რაც გამოიარა,შეიძლება სიამაყისგან,ალბათ ეს განცდებირამდენმა განიცადა ვინც ვერ გადარჩა და ვერ მოყვა თავისი ისტორიები. ბატონო ავთანდილ ჯამრთველობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ,თქვენს შვილიშვილებს მოუყევით და შვილთაშვილებს ეს ამბავი.ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულს ვეძახით საქართველოში ესეთ ადამიანებს
რევაზი
14 აგვისტო 2018 16:15
ეს სტატია წააკითხეთ გირჩისტებს...
რევაზი
14 აგვისტო 2018 16:09
წააკითხეთ ,,გირჩისტებს,,
...
14 აგვისტო 2018 15:53
თუ დღეს საქართველო ისევ არსებობს, ეს ჯონი ლომიძის და მისი დარი ადამიანების დამსახურებაა. პრესა ,ტელევიზია, სკოლა სისტემატურად უნდა აშუქებდეს მსგავსი გმირობის მაგალითებს და ნაკლებ დროს უთმობდეს ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას და ნარკოტიკის ლეგალიზაციას
kix
14 აგვისტო 2018 15:13
გაიხარე ჯონი, მოშენდი და მომრავლდი ამ ქვეყანაში! მინდა ყველა ემიგრანტს მივმართო ძმური სიყვარულით, შეეცადეთ თავიდან ამოიგდოთ აზრი, რომ ,,ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრება'', მაქსიმალურად მონახეთ ძალა საკუთარ თავში, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ საქართველოში, თორემ სამშობლოს დამცველები ფიზიკურად აღარ დავრჩებით, აი, მერე კი აღმოხდება რომელიმე არაკაცს: ,,ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო''. ასევე, უმორჩილესად მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომლის ძალიან მცირე ნაწილსაც მეც წარმოვადგენ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი სამშობლოში ქართველთა დაბრუნებას, ვიმეორებ, ქართველთა, თორემ აქ მცხოვრები უცხოტომელები, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ქართველთა მიწის დასაცავად თავს არ იკლავენ, ეს მწარე რეალობაა. ჩვენი დალოცვილი მიწა ყველას თავისი ისტორიული სამშობლოდან უსამართლოდ წართმეულად მიაჩნიათ. ასეა ეს და ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები