შეგვიძლია თუ არა ქართული სახანძროს გაკეთება?! - კვირის პალიტრა

შეგვიძლია თუ არა ქართული სახანძროს გაკეთება?!

ერთი წლის წინ თითქმის მთელი საქართველო ტყის ხანძრებმა მოიცვა. წელს ეს თემა აღარაა აქტუალური, რადგან წვიმებმა ტყის ხამძრების საშიშროება შეამცირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს თავი დამშვიდებულად ვიგრძნოთ. საქართველოს ტექნიკური შესაძლებლობები ხანძრებთან ბრძოლებში, სამწუხაროდ, არასახარბიელოა.

სახანძრო მანქანების პარკი უაღრესად მოძველებულია, სახნძრო ავიაციაზე კი ლაპარაკიც არ ღირს - გასულ წელს ბორჯომთან ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავარიაგანცდილი მესაზღვრეების შვეულმფრენის გათვალისწინებით, ახლა კიდევ უარეს სიტუაციაში ვიმყოფებით.

საზღვარგარეთ, ერთი შვეულმფრენის დაქირავება, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა, ამინდს ვერ შეცვლის, ამისთვის საჭიროა იმ "მი-8მტ" ტიპის შვეულმფრენების კაპიტალური რემონტი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროდან შსს-ს დარჩა. საბედნიეროდ ამ მიმართულებით, მგონი, რაღაც გამონათება იკვეთება, რაც ძალინ კარგი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის.

რაც შეეხება მიწაზე ცეცხლთან ბრძოლას, აქაც გამოჩნდა ინტერესთა თანხვედრა ერთი მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მეორე მხრივ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შორის ერთობლივი ძალებით პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის შექმნასა და მის სერიულ წარმოებაზე.

როგორც მსოფლიოს ქვეყნების სახანძრო ტექნიკის ბაზრის დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, თანამედროვე სახანძრო მანქანის შესყიდვა დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საშუალო ზომის ახალი სახანძრო მანქანა, რომელსაც 2 ათას ლიტრამდე წყალი გადააქვს, 200 ათას ევროზე ძვირი ღირს, არადა, საქართველოს 150 სახანძრო მანქანა მაინც სჭირდება. ამიტომაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოთქვა ინიციატივა, დანახარჯების 20-30%-ით შემცირების მიზნით უკვე მზა სახანძრო მანქანა კი არ ვიყიდოთ, არამედ მხოლოდ სპეციალური სახანძრო აღჭურვილობა, რომელსაც მანქანის შასიზე "დელტას" სპეციალისტები დაამონტაჟებენ.

დღეს ქართველი მეხანძრე-მაშველების განკარგულებაში (ძირითადად, რეგიონებში) 250-მდე "ზილის" ტიპის სახანძრო მანქანაა, რომლებიც 1968-2000 წლებშია გამოშვებული. "ზილს" 2-2,5 ათასი ლიტრი წყალი და 150 ლიტრი ქაფი მიაქვს, მაგრამ მისი ბენზინის ძრავა ძალიან არაეკონომიურია. ამასთან, სამაშველო აღჭურვილობა სახანძრო "ზილში" არ ეტევა და გამოძახებაზე საჭიროა "ტოიოტას" პიკაპის (მაშველების განკარგულებაში 95-მდე ასეთი პიკაპია) გაშვებაც, რომელშიც მაშველები სხედან და სპეციალური სამაშველო აღჭურვილობა დევს.

უკვე შერჩეულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ავსტრიული ფირმა "როზენბაუერი", რომლის სახანძრო ტექნიკას მასობრივად იყენებენ მთელს პლანეტაზე ხანძრებთან ბრძოლის დროს.

"როზენბაუერი" ქართულ მხარეს მხოლოდ სპეციალურ სახანძრო ტექნიკას მოაწვდის,რომლის დამონტაჟება "ფორდის" პიკაპის ძარაზე "დელტაში" განხორციელდება.

"დელტას" უკვე რამდენიმეწლინი მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა, ასეთივე "ფორდის" პიკაპის ძარაზე ჯავშნიანი "დიდგორის" აწყობის და წესით სახანძრო მოდულის დამონტაჟება არ უნდა გაუჭირდეთ, მითუმეტეს, რომ "დელტას" სპეციალისტები თავად "როზენბაურში" გადიან გადამზადებას.

"ფორდის" პიკაპს "დიდგორივით" შეჯავშნა არ დასჭირდება, თუმცა მასზე დამონტაჟებულ სპეციალურ სახანძრო მოდულში უნდა განთავსდეს 1 500-ლიტრიანი წყლის და 150-ლიტრიანი ქაფის ავზები, ჩვეულებრივი და მაღალი წნევის ტუმბოები, წყლის სატყორცნი ლაფეტის ლულა, 60 მ სიგრძის შლანგი, 5 მ სიმაღლემდე ასაწევი განათების ანძა, ელექტროჯალამბარი და სხვა აღჭურვილობა. ოთხკარიან კაბინაში მძღოლი და ოთხი მეხანძრე-მაშველი თავსდება, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობის გარდა, სამაშველო ოპერაციების ჩატარებაც შეეძლებათ. "ფორდის" პიკაპის შასიზე "დელტაში" აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა უფრო სწრაფად გააღწევს მანქანებით გადაჭედილ თბილისის ვიწრო ქუჩებში, ვიდრე დიდი სახანძრო მანქანები.

თუკი ეს საინტერესო პროექტი წარმატებით განხორციელდა,ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ, შეიძლება მის ექსპორტზეც ვიფიქროთ,გინდ სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში, გინდაც შუა აზიის პოსტსაბჭოთა სივრცეში...

"დელტაში" "როზენბაუერის" სახანძრო მოდულის "ფორდის" პიკაპზე დამონტაჟების შემდეგ, პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს, რაც ფოტოზაე ასახული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს