ქართველი პილოტი, რომელსაც ბირთვული ბომბებიც უტარებია და სადამ ჰუსეინის მრჩეველიც იყო - კვირის პალიტრა

ქართველი პილოტი, რომელსაც ბირთვული ბომბებიც უტარებია და სადამ ჰუსეინის მრჩეველიც იყო

ჟურნალისტის პროფესია მართლაც საოცარი და საინტერესოა, მოულოდნელობითაც არის სავსე. შეიძლება საინტერესო თემას ცხრა მთას იქით ეძებდეთ და ყურისძირში კი იყოს.

ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მეზობელი წლების განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სამხედრო მრჩეველი იყო...

83 წლის პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს: პირველად 1955 წელს მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, ხოლო ბოლოს შვეულმფრენი 2004 წელს მართა, ანუ ნახევარი საუკუნე დაფრინავდა.

თუმცა, რაც მთავარია, ის ერთ-ერთი პირველი (ან შეიძლება პირველიც) ქართველი სამხედრო პილოტი იყო, რომელსაც სპეციალური საიდუმლო ბრძანებით უფლება ჰქონდა მინიჭებული, თავისი გამანადგურებელ-ბომბდამშენით გადაეტანა ტაქტიკური ბირთვული ბომბი და საჭიროების შემთხვევაში ჩამოეგდო NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე!

- ბატონო დარვინ, რომელ წლებში და რომელი ტიპის თვითმფრინავით უნდა ჩამოგეგდოთ ბირთვული ბომბი, თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა? - 1960-იანი წლების შუა ხანებში უკვე მეორე კლასის მფრინავი ვიყავი და წითელი ვარსკვლავის ორდენით დამაჯილდოეს, რადგან იმ დროისათვის ახალი რეაქტიული ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-7Б სრულყოფილად ავითვისე. ეს ძალზე რთული და სარისკო საქმე იყო, ახალ თვითმფრინავს ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, მარტო 1964 წელს ჩვენს პოლკში ოთხი მფრინავი დაიღუპა ავიაკატასტროფებში.

პოლკის შემადგენლობიდან ბირთვული ბომბის გამოყენების თეორიული სწავლება მხოლოდ ოთხმა მფრინავმა დავძლიეთ, მათ შორის მე ერთადერთი ქართველი ვიყავი.

პოლკი ბელორუსიაში, გომელის ოლქის ქ. ბობროვიჩში იდგა. მის შეიარაღებაში СУ-7Б და СУ-7БМ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები იყო, რომლებსაც მოწინააღმდეგის სახმელეთო სამიზნეების განადგურება ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბით შეეძლოთ. ერთი ასეთი ბომბი თვითმფრინავის ფიუზელაჟის ქვეშ ეკიდა. ფორმით საწვავის დამატებით ავზს წააგავდა და 5 მ სიგრძისა იყო. ბომბის აფეთქების სიმძლავრე 2 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტს უტოლდებოდა, შემდგომ მისი სიმძლავრე 20 კილოტონამდე გაზარდეს.

- ქართული წარმოშობის სამხედრო პილოტს როგორ განდეს ასეთი საშინელი დამანგრეველი ძალის იარაღის გამოყენება?

- მანდეს... პირადად მე 40-50 ასეთი ბომბი მაქვს ჩამოგდებული, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა საბრძოლო, ბირთვულმუხტიანი, არამედ საიმიტაციო. მისი აფეთქებისას წარმოიქმნება ისეთივე "სოკო", როგორიც ნამდვილი ბირთვული აფეთქებისას, თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია, რადგან აფეთქებისას არ წარმოიქმნება არც რადიაცია, არც ელექტრომაგნიტური იმპულსი და მძლავრი დარტყმითი ძალა.

ჩვენ ბირთვული საავიაციო ბომბის გამოყენების რამდენიმე ვარიანტს ვხვეწდით.

პირველ შემთხვევაში ბომბს კაბრირების (როდესაც თვითმფრინავი სიმაღლეს იღებს და ცხვირი აწეული აქვს) მომენტში მიზნიდან 6 კმ-ზე ვაგდებდით. ჩამოგდების შემდეგ ბომბი ინერციით ბალისტიკური ტრაექტორიით აგრძელებდა ფრენას.

ერაყის პრეზიდენტი რჩევას ქართველ პილოტსაც ეკითხებოდა...

მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა ბომბის ჩამოგდებისთანავე მკვეთრ ვირაჟს, ფორსაჟის ჩართვას და დიდი სიჩქარით გაქცევას, თუმცა ბომბის აფეთქების მომენტში მხოლოდ 12-15 კმ-ით თუ ვასწრებდით დაშორებას, რაც ნამდვილი ბირთვული აფეთქებისას ჩვენთვის მეტად სახიფათო იქნებოდა.

- იმიტირების გარდა, ნამდვილი ბირთვული ბომბებიც თუ წაგიღიათ?

- მართალია, საბედნიეროდ, ბირთვული ბომბების გამოყენებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ბობროვიჩიდან სხვა აეროდრომზე არაერთხელ გადავფრენილვარ ჩემი СУ-7БМ-ით და ფიუზელაჟის ქვეშ, პილონზე, ნამდვილი ბირთვული ბომბი მეკიდა.

ასეთ ბირთვულ ბომბებს საგანგებო საცავებში ინახავდნენ. თვითმფრინავი გადაჰყავდათ ცალკე სადგომზე, ჩამოჰკიდებდნენ ბირთვულ ბომბს და მფრინავებს ხელს გვაწერინებდნენ სპეციალურ აქტზე, რის შემდეგ უკვე პილოტი აგებდა პასუხს ამ საშინელი დამანგრეველი ძალის მქონე ბომბზე.

- საზღვარგარეთ თუ გიწევდათ მივლინებები?

- 1967 წელს ეგვიპტეში მიმავლინეს იმ საბჭოთა СУ-7Б ტიპის (და მისი მოდიფიკაციების) გამანადგურებელ- ბომბდამშენების გამოსაცდელად, რომლებსაც ეგვიპტე საბჭოთა კავშირისგან ყიდულობდა. სწორედ იმ წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ომი დაიწყო და საბრძოლო მოქმედებებში ჩემ მიერ გამოცდილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

1968 წელს მიმავლინეს ერაყში, სადაც 36 ერაყელი სამხედრო მფრინავი გადავამზადე СУ-7БМ-ზე საფრენად. ერაყში მუშაობა რთული იყო, რადგან ტემპერატურა დღისით 50 გრადუსამდეც კი ადიოდა, არადა, ინსტრუქციით +35-ზე ფრენა იკრძალებოდა, ამიტომაც იქაურებს ფრენას დილის საათებში ვასწავლიდით.

ერაყის ტუ-22 ტიპის ბომბდამშენები, რომლებითაც სადამ ჰუსეინი თეირანის დაბომბვას აპირებდა

ისე, ერაყის მთავრობა რატომღაც არ ენდობოდა თავის სამხედრო პილოტებს. მათ აკრძალული ჰქონდათ ბომბებით ფრენა, რომ რომელიმე მორიგი სამხედრო გადატრიალების დროს, პოლიგონის ნაცვლად, მთავრობის რეზიდენცია არ დაებომბათ. დიდი წვალება დამჭირდა, რომ მათთვის ნება დაერთოთ, ბომბებით ეფრინათ. სხვანაირად, გამანადგურებელ-ბომბდამშენის მთავარი საბრძოლო არსის გაზიარებას ვერ შევძლებდი.

1968 წლის აპრილში ქურთები აჯანყდნენ და ქირქუქის აეროდრომთან ნავთობის საცავი ააფეთქეს, შეიძლება ჩვენც დაგვსხმოდნენ თავს. ბრძანება მოვიდა, თვითმფრინავები სასწრაფოდ გადაგვეყვანა ბაღდადის ცენტრალურ აეროდრომზე. ღამით ფორსაჟის ჩართვით ავფრინდით ქირქუქის აეროდრომიდან. თვითმფრინავების რეაქტიული ძრავებიდან გამოტყორცნილმა ცეცხლის ალმა ჩანს, შეაშინა ამბოხებულნი, რომლებიც სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

- თუ გქონიათ ჰაერში რთული სიტუაცია, როცა საქმე კატაპულტირებამდე მისულა?

- ერთხელ, ერაყში, დაშვებისას, თვითმფრინავის შასის მარჯვენა ძირითადი დგარი არ გამოვიდა. სიტუაცია ძალიან სახიფათო იყო, მიწიდან სასწრაფო კატაპულტირების რადიობრძანება მოვიდა, მაგრამ არ დავემორჩილე და ჩემი თვითმფრინავი მაინც დავსვი აეროდრომზე, მარცხენა ძირითად დგარზე. სიჩქარის შემცირებასთან ერთად თვითმფრინავმა მარჯვნივ დაფერდება დაიწყო და ფრთით ბეტონს შეეჯახა, თუმცა უმნიშვნელოდ დაზიანდა.

ბაზის ერაყელმა მეთაურმა, გახარებულმა, რომ რამდენიმემილიონიანი თვითმფრინავი გადავურჩინე, 10 ათასი ერაყული დინარის ჩემთვის გამოწერა დააპირა. მაშინ 1 დინარი 2,5 მანეთს უდრიდა და მეტად სოლიდური თანხა იყო. საბჭოთა მფრინავებს კატეგორიულად გვქონდა აკრძალული ერაყელებისგან რაიმე საჩუქრის მიღება. ამიტომაც ბაზის მეთაურს ვუთხარი, ჯობს მაგ ფულით აეროდრომის კეთილმოსაწყობად საჭირო ინვენტარი იყიდოთ-მეთქი...

- ერაყში სადამ ჰუსეინს ხომ არ შეხვედრიხართ?

- 1981 წელს მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების უშიშროების სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, - ერაყში უნდა მიგავლინოთ, ოღონდ ამჯერად ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების მრჩევლადო.

ბაღდადში ჩასვლისას ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი ჩემთან მოიჭრა და გადამეხვია. დავიბენი, თურმე სარდალი აბდულ თარიქი იმ ოცდათექვსმეტ სამხედრო პილოტთაგანი იყო, რომლებიც 11 წლით ადრე ერაყში პირველი მივლინების დროს მოვამზადე.

სარდალმა თარიქმა მითხრა, - სასწრაფოდ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან უნდა წავიდეთ, შენი რჩევა სჭირდებაო. საქმე ის არის, რომ მაშინ ერაყი ირანს ეომებოდა. ერაყელებმა საბჭოთა კავშირში, საშუალო სიშორის ТУ-22 ტიპის ბომბდამშენები შეიძინეს და იმით უნდოდათ თეირანის დაბომბვა, მაგრამ არ იცოდნენ, ეყოფოდათ თუ არა საწვავის მარაგი ბომბდამშენებს უკან დასაბრუნებლად.

სადამ ჰუსეინი გულთბილად შემხვდა, ხელი გადამხვია და მკითხა, როგორც ბრძანდებით, მისტერ დარვინ?

ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო. 1968 წელს, როდესაც ერაყში სამხედრო პილოტებს ვამზადებდი, მათ შორის სადამ ჰუსეინის ძმისშვილი აბდულ სადამიც იყო. ერთ საღამოს მის სანახავად ბაზაში გვეწვია სადამ ჰუსეინი, რომელიც მაშინ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ მალე ერაყში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ის ქვეყნის სათავეში მოვიდა.

პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა გამიმხილა, რომ ТУ-22 ტიპის ბომბდამშენებით თეირანის დაბომბვა სურდა და ამაზე ჩემი აზრი აინტერესებდა. შესაბამისი გამოთვლების შემდეგ დავუდასტურე, რომ ამ ბომბდამშენებს ეყოფოდათ საწვავის მარაგი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და უკან, ბაზაში დასაბრუნებლად.

საბჭოთა ტაქტიკური საავიაციო ბირთვული ბომბი

- როგორ წარიმართა თქვენი შემდგომი კარიერა?

- 1984 წელს ერაყიდან თბილისში დავბრუნდი, ერთ წელიწადში პენსიაზეც გავედი. ერთხანს ერთ-ერთ საავიაციო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, 1990 წლიდან - დოსააფში, მაგრამ მერე, მოგეხსენებათ, ცხოვრება აირია.

- ქართულ სამხედრო ავიაციას თუ მოახმარეთ თქვენი მდიდარი გამოცდილება?

- 1992 წელს საქართველოს შინაგანი ჯარების ავიაციის უფროსად დავინიშნე. დოსააფიდან ხუთი ცალი МИ-2 ტიპის შვეულმფრენი დაგვრჩა. არეულობის დროს მათ ვმალავდით, მაგრამ ორი მაინც წაგვართვეს.

როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მოიერიშე СУ-25 ხელახლა შევისწავლე (პირველად СУ-25-ით 1979 წელს ვიფრინე) და თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე ქართველ პილოტებს ვასწავლიდი ამ მოიერიშეებზე ფრენას. СУ-25-ით ბოლოს 1994 წელს ვიფრინე.

ამავე პერიოდიდან დავიწყე შვეულმფრენების პილოტირება და МИ-8 ტიპის შვეულმფრენს ვმართავდი.

- საერთო ჯამში რამდენი საათი გაატარეთ ჰაერში?

- მარტო საბჭოთა პერიოდში, თუ არ ჩავთვლით მოდიფიკაციებს, 6 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით 4500 საათი მაქვს ნაფრენი. 1991 წლის შემდეგ საფრენოსნო წიგნი აღარ მქონია, თუმცა შვეულმფრენებით მთელი საქართველო მაქვს მოფრენილი და თან არაერთხელ...

(ამ ბლოგის ავტორს არაერთხელ უფრენია დარვინ რუხაძის შვეულმფრენით, განსაკუთრებით 1998 წლის გალის მოვლენების დროს და თავად დარწმუნებულა მის მაღალ საფრენოსნო ოსტატობაში).

იხილეთ ასევე: რას ყვება ქართველი მფრინავი, რომელმაც აგვისტოს ომში რუსული ტანკები დაბობმა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს