ქუთაისში საბჭოთა "რემბოებს" წვრთნიდნენ - კვირის პალიტრა

ქუთაისში საბჭოთა "რემბოებს" წვრთნიდნენ

1973 წელს იმერეთში ამერიკელი რეინჯერების მიბაძვით, ექსპერიმენტის სახით ჩამოყალიბებული პირველი საბჭოთა სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, 35 წლის შემდეგ ცხინვალთან, აგვისტოს ომის დროს გვიტევდა...

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ვიეტნამის ომი გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისში, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ და გენერალიტეტმა იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიულად მოქმედი სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბება დაიწყეს.

ვიეტნამის ომში პენტაგონმა პირველად გამოიყენა აერომობილური დივიზია, რომელიც ქვეითი შენაერთებისგან იმით განსხვავდება, რომ დივიზიის დანაყოფებისა და შეიარაღების გადასროლას ბრძოლის ველზე არა ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არამედ შვეულმფრენები უზრუნველყოფენ.

ამერიკული აერომობილური დივიზიის საბრძოლო მოქმედებამ მსოფლიოს სამხედრო ანალიტიკოსები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ შვეულმფრენმა (ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის უნარის მქონე საფრენი აპარატი, რომელსაც არ სჭირდება აეროდრომების მომზადება) მთლიანად შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა, განსაკუთრებით, ანტიპარტიზანულ ოპერაციებში.

ვიეტნამის ომში ამ ამერიკული გამოცდილების გადაღების მიზნით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო რამდენიმე ექსპერიმენტული

სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბება, რომელთა დანიშნულება მოწინააღმდეგის ახლო ზურგში, ანუ ტაქტიკურ სიღრმეში, დესანტირება და საიერიშო ტიპის ოპერაციის ჩატარება იქნებოდა. ამ მიზნით გადაწყდა სამი-ოთხი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის შექმნა და მათგან ერთ-ერთის 21-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფორმირება საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისში.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადა სადესანტო იყო, იგი არ შედიოდა საბჭოთა კავშირის საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში. ბრიგადის პირად შემადგენლობას არ ეცვა მედესანტეების ფორმა და სამხრეებიც წითელი ჰქონდა, როგორც სახმელეთო ჯარების ქვეითებს. ამასთან, თითქმის 10 წლის განმავლობაში, 1982 წლამდე, ქუთაისის სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის პირადი შემადგენლობა არ ასრულებდა ხტომებს პარაშუტებით.

ყოველივე ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ბრიგადის პირად შემადგენლობას, ძირითადად, შვეულმფრენებიდან დესანტირებისთვის ამზადებდნენ და თან დამატებითი ტვირთის, პარაშუტების წაღებას, მეთაურობის აზრით, ბევრად სჯობდა მებრძოლების დესანტირება შვეულმფრენების მიწაზე დაჯდომის ან დაბალ სიმაღლეზე (1-2 მ-ზე) ჩამოკიდების შემდეგ.

დესანტირებისთვის ქუთაისის ბრიგადას მიამაგრეს 1171-ე საავიაციო ჯგუფი, რომლის განკარგულებაში Ми-8 და Ми-6 ტიპის სატრანსპორტო და Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები იყო, რომლებიც მაშინდელ წულუკიძეში (ხონში) ბაზირებდა.

როგორც იმ დროს ქუთაისის ბრიგადაში მომსახურე სამხედროები იხსენებენ, მათ 70-იან წლებში ხშირად უწევდათ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა. სროლაში, ძირითადად, სიმონეთის პოლიგონზე ვარჯიშობდნენ, ხოლო დესანტირებას ახდენდნენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა პოლიგონზე, მათ შორის - თბილისის გარეუბანშიც, დღევანდელი გლდანისა და მუხიანის მიდამოებში.  ქუთაისის 21-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა მუდმივად გადიოდა სამთო მომზადებას შოვში და მამისონის უღელტეხილზე

უფრო მასშტაბური სწავლებები ყარაიაზის პოლიგონზე (აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე) ტარდებოდა.

ამ ბრიგადის ერთი ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი ქუთაისის ნაცვლად წულუკიძეში იყო განთავსებული მოქმედების ოპერატიულობის გასაზრდელად, რათა იქვე მდგარი სატრანსპორტო შვეულმფრენებით უფრო სწრაფად გადაესროლათ.

1988 წლისთვის ქუთაისის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, ისევე, როგორც სხვა ანალოგიური სამხედრო შენაერთები, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შემადგენლობიდან საჰაერო-სადესანტო ჯარებს გადაეცა, სახელიც შეეცვალა და ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა ეწოდა. შესაბამისად, შეიცვალა ბრიგადის შეიარაღებაც, ოპერატიულობის ასამაღლებლად მას ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი ჩამოერთვა.

რა ძირითადი საბრძოლო ამოცანები ჰქონდა ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას?

მისი დისლოკაციის ადგილის გათვალისწინებით, ბრიგადის დესანტირების ადგილი შეიძლება თურქეთის ან ირანის მიმართულება ყოფილიყო, ფრონტის ხაზიდან არა უმეტეს 50-60 კმ-ის სიღრმეში, ოპერატიულ-ტაქტიკური საჰაერო დესანტის სახით.

მოწინააღმდეგის ზურგის ამ სიღრმეში ბრიგადის ძირითადი საბრძოლო დავალება შეიძლება ყოფილიყო მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურება, კავშირგაბმულობის დარღვევა და მომარაგების მოშლა. ბრიგადას დამოუკიდებლად ორი დღე-ღამე შეეძლო ემოქმედა და ხელი შეეშალა ფრონტის ხაზისკენ მოწინააღმდეგის დამატებითი ძალების გადაადგილებისთვის.

ბრიგადა მოქმედებდა, ძირითადად, სახმელეთო ჯარების ინტერესების შესაბამისად და მოწინააღმდეგის ახლო ზურგში საკუთარი ტანკების შეჭრამდე უნდა გაეძლო.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ომის დაწყების შემთხვევაში საბჭოთა სამხედრო დოქტრინა არ გამორიცხავდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვერ შეძლებდა თავდაცვითი ზღუდეების შეკავებას, რისთვისაც თავდაცვის მთავარ ხაზად კავკასიის ქედი განიხილებოდა. თუმცა, კრემლი, ბუნებრივია, უბრძოლველად არ აპირებდა სამხრეთ კავკასიის დატოვებას, რისთვისაც შეტევაზე გადმოსულ NATO-ს ჯარებთან სამხრეთ კავკასიაში გააფთრებული ბრძოლის გამართვას აპირებდა.

ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქართულ მიწაზე შეტევაზე გადმოსული NATO-ს (უპირველესად კი - თურქეთის) ჯარების ზურგში სადივერსიო - პარტიზანული ქმედებებიც დაევალებოდა.

მაგრამ ისტორიამ ინება, რომ ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე (ბოლო წლებში კი საჰაერო-სადესანტო) ბრიგადას თავისი გამოცდილება NATO-ს კი არა, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოეყენებინა.

ქუთაისის ბრიგადის დანაყოფები 80-იანი წლების ბოლოს ცხინვალში გადაისროლეს და, ბუნებრივია, ისინი იქ ქართულ ინტერესებს არ ემსახურებოდნენ. წულუკიძის პოლკის შვეულმფრენები დაფრინავდნენ გუდაუთიდან ტყვარჩელში მოსახლეობის გადმოყვანის საბაბით, თუმცა, ცხადია, ტყვარჩელელ აფხაზებს შეიარაღებითა და ტყვია-წამლითაც ამარაგებდნენ.

1992-93 წლებში ქუთაისიდან ბრიგადა რუსეთში გაიყვანეს, სადაც ის მალევე ჩაერთო ჩეჩნეთის პირველ ომში.

1998 წელს 21-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა შეამცირეს და მის ბაზაზე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი ჩამოაყალიბეს. ამ სახით მას ჩეჩნეთის მეორე ომში მოუხდა ბრძოლა.

ამჟამად 247-ე კავკასიური კაზაკური სადესანტო-მოიერიშე პოლკი ქ. სტავროპოლშია დისლოცირებული. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამ პოლკის დანაყოფები ბრძოლებში მონაწილეობდნენ და ოკუპირებულ ცხინვალში ოქტომბრამდე დარჩნენ, სანამ მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება არ მიიღეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს