ჯაშუშები ჩვენს გვერდით?! - არიან თუ არა უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში? - კვირის პალიტრა

ჯაშუშები ჩვენს გვერდით?! - არიან თუ არა უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში?

ესტონეთისთვის და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის უზარმაზარ შოკად იქცა რამდენიმე დღის წინ ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის -"კაპო"-ს მიერ ორი ადგილობრივი მოქალაქის-მამა-შვილის დაკავება, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობაში ედებათ ბრალი.

შოკი კი იმან გამოიწვია, რომ შვილი -38 წლის დენის მეტსავასი ესტონეთის თავდაცვის ძალების მაიორი იყო და ხელი მიუწვდებოდა ბევრ სამხედრო და სახელმწიფო დონის საიდუმლოებაზე, როგორც მთავარი შტაბის ოფიცერს.

დენის მეტსავასი ჩვეულებრივი ოფიცერი არ ყოფილა, მას კარგად იცნობდა ესტონეთის საზოგადოება, რადგან ხშირად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუშებში და მაყურებელს თავი ანტირუსული გამოსვლებით დაამახსოვრა, თუმცა წარმოშობით რუსი იყო.

მამამისი, პეტრე ვოლინი (რომელიც ასევე დაკავებულია) საბჭოთა სასაზღვრო ჯარების (რომელიც კე-გე-ბე-ს დაქვემდებარებაში იყო) ოფიცერი გახლდათ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონეთში დარჩა. შვილმა კი გვარიც გამოიცვალა, რათა ესტონეთის არმიაში ემსახურა და ოფიცრის კარიერას საკმაოდ წარმატებით იკეთებდა, ვიდრე ყველაფერი არ გასკდა...

"კაპო"-ში მიაჩნიათ, რომ მკვეთრად გამოხატული რუსოფობური პოზიციის ქვეშ, მამა-შვილი ბოლო ხუთი წელი რუსულ გრუ-ზე ფულის გამო მუშაობდა - შვილის მიერ ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარი შტაბიდან გამოტანილ საიდუმლო მასალებს (რომლებიც თავად ესტონეთის გარდა, მთლიანად ნატო-ს უსაფრთხობასაც შეეხებოდა), მამა რუსულ სამხედრო დაზვერვას სამალავების საშუალებით აწვდიდა - სხვათა შორის, მამა-შვილის ჯაშუშური დუეტი სწორედ სამალავის მორიგი მონახულების დროს გაიშიფრა... ესტონეთში ჯაშუშობისთვის დაკავებული მამა-შვილი

ესტონეთის, ისევე, როგორც მთლიანად ნატოს უსაფრთხოების სისტემას, ეტყობა ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი რუსული ჯაშუშობისგან თავდასაცავად, მაგრამ ჩვენ ალბათ ის უფრო უნდა გვაწუხებდეს, თუ რამდნად დაცულია საქართველოს, როგორც სახელმწიფო, ისე სამხედრო საიდუმლოებები?

რატომღაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ქართული არმია ესტონეთზე და მთლიანად ნატოზე უკეთესად იცავდეს თავის საიდუმლოებებს, თუკი ვცდებით, ძალიან გაგვიხარდებოდა...

21-ე საუკუნეში, როდესაც კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრიდან მიწაზე ლამის მანქანის ნომრის წაკითხვა შეიძლება, ხოლო ათასი ჯურის ჰაკერს, შენი პერსონალური კომპიუტერის "გატეხვა" წამებში შეუძლია, საიდუმლო თემების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად იცვლება - ის, რაც ადრე შეიძლება მართლაც უდიდეს სამხედრო საიდუმლოებად იყო მიჩნეული, დღეს ნებისმიერ ობივატელს "გუგლიდან" შეუძლია დაწვრილებით ნახოს.

ამ ბლოგის ავტორს, სამიოდე წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიწვეული სპეციალისტის დარგში მოუწია მუშაობა საქართველოს კანონის "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალ პროქტზე. კანონიდან ამოღებული იქნა საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი ის დრაკონული შეზღუდვები, რომლებსაც აზრი ჰქონდათ დაკარგული, სამაგიეროდ დაემატა ახალი დეტალები, რასაც დღევანდელობა ითხოვდა.

კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ცუდი არ არის და ის იმუშავებს, თუკი კონტრსადაზვერვო სამსახურები თავის მხრივ ძალღონეს არ დაიშურებენ უცხო ქვეყნების გავლენის აგენტების მოსაძებნად სახელმწიფო, პირველ რიგში კი, ძალოვან სტრუქტურებში.

არადა, რამხელა ეჭვია, რომ არა მარტო სამხედრო, არამედ სახელმწიფო საიდუმლოება ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან შეიძლება იჟონებოდეს.

ასე იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს, ასე გაგრძელდა შევარდნაძის პრეზიდენტობისას, სააკაშვილის დროს აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომაც, საიდუმლო ინფორმაცია, დიდი ალბათობით, მაღალ დონეზე გაედინებოდა და რა შეიცვლებოდა დღეს?

არის გამორიცხული, რომ ესტონელი გრუ-ს აგენტის მაგვარი ჩვენს არმიაშიც, ან უფრო უარესი, გენშტაბშიც არ იჯდეს? თუ არ დაუმტკიცე, რა თქმა უნდა, ვერავის ვერაფერს დააბრალებ, რადგან უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს... მადლობა ღმერთს, თორემ აგენტობის დაბრალების ტალღა საბედნიეროდ გამოვიარეთ.

მეორე მხრივ, თითქმის ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს მის ქვეყანაში მყოფი სხვა სახელმწიფოს სტუდენტების, სამხედროების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა თუ მეცნიერების "ყურით" დაჭერას და თავისი გავლენის აგენტად გადაქცევას, რისთვისაც სამშობლოში დაბრუნებულებს წარმატებული კარიერის შექმნაშიც კი ეხმარება.

არავინ იფიქროს, რომ საქართველოში მხოლოდ იმ რუსეთის დაზვერვა აქტიურობს, რომელთანაც ათი წლის წინ ღია ომი გვქონდა, ბევრი, მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურიც დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების მაღალი ეშელონებისთვის თავისი გავლენის აგენტები გამოზარდოს...

ის კი, ვინც სხვა ქვეყნის, თუნდაც მეგობრულად მიჩნეულის, ინტერესებს მალულად ემსახურება და მას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდის, დამნაშავეა...

პ.ს. გამსახურდიას ხელისუფლების დროს ძალზე "პოპულარული" გახდა ყველასთვის აგენტის "წოდების" მინიჭება.

მე და ჩემმა მეგობარმა პაატა შეშელიძემ, ერთი კონტრმეთოდი მოვიფიქრეთ - სუფრასთან, ფეხზე წამომდგარი განსხვავებულით "ყველა ნამდვილი აგენტის" სადღეგრძელოს ვსვამდით, ვიდრე ნასვამი და თვალებამღვრეული თანამეინახეები სუფრიდან საჩხუბრად წამოიზლაზნებოდნენ, ვასწრებდით დამატებას - საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლ ყველა "სამშობლოს აგენტს" გაუმარჯოსო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს