ყველაზე ფართომასშტაბიანი... - კვირის პალიტრა

ყველაზე ფართომასშტაბიანი...

მოსკოვმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო სწავლება დაიწყო ჯარების სტრატეგიულ სიშორეზე მასობრივად გადასროლით

დღეს, 11 სექტემბერს რუსეთმა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო მანევრები "ვოსტოკი-2018" წამოიწყო, რომელშიც 297 ათასი სამხედრო, ათასზე მეტი თვითმფრინავი, შვეულმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, 36 ათასამდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, სატვირთო ავტომობილი, 80-მდე სამხედრო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე მცურავი საშუალება მიიღებს მონაწილეობას.

ციფრები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, შედარებისთვის - აგვისტოში საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე "ღირსეული პარტნიორი-2018"-ი 3 ათასი სამხედრო მონაწილეობდა ანუ 100-ჯერ ნაკლები, თუმცა "ვოსტოკი-2018" ამჯერად პატარა საქართველოს კი არა, არამედ მთელი მსოფლიოს დასაფიქრებელ-შესაშინებლად ტარდება, განსაკუთრებით კი იმ იაპონიისა, რომელიც კრემლს კურილიის კუნძულების დაბრუნებას ამაოდ ედავება.

ეს უზარმაზარი მასშტაბის სამხედრო სწავლება რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტარდება, თუმცა რუსეთს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში ამხელა შეიარაღებული დაჯგუფება რა თქმა უნდა არ ჰყავს - კრემლი დასავლეთის, სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან აპირებს ძალების მობილიზებას და მათ ოპერატიულ გადასროლას სტრატეგიულ სიშორეზე.

გარდა ამისა, უშუალოდ დისლოკაციის ადგილებშიც დაიწყება სწავლებები, მაგალითად 10 სექტემბრიდან, სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 200-მდე დანაყოფი პოლიგონებზე გავიდა პრაქტიკული სროლებისა განსახორციელებლად, მათ შორისაა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-7 და მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობაც.

"ვოსტოკი-2018" - ის მანევრირების რაიონებში ჯარების თავმოყრის რუკა

სტრატეგიულ მანძილზე ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადასროლას რუსეთის გენერალიტეტი ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომლის მეთოდებიც სირიაში საჰაერო და საზღვაო ბაზების სწრაფად ამოქმედებისას სერიოზულად დახვეწა.

აღმოსავლეთ მიმართულებაზე ძალების სწრაფად გადასროლას კრემლი იმიტომაც აქცევს ყურადღებას, რომ იქ შედარებით მცირერიცხვოვანი საბრძოლო შენაერთები ჰყავს და კომუნიკაციაც ძირითადად ერთ სარკინიგზო ხაზზეა დაფუძნებული, რომლის გადაკეტვაც შედარებით ადვილია.

ადვილია, პირველ რიგში მეზობელი ჩინეთისთვის, რომლის სახმელეთო ჯარებს სრული უპირატესობა ექნებათ შორეული აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა მოსკოვი არ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

მაგრამ ამჯერად ჩინეთი, პირიქით, "ვოსტოკი-2018"-ის თანამონაწილეა(მონღოლეთთან ერთად) და რუსეთის ტერიტორიაზე სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად 3 ათასზე მეტი სამხედრო, 900 ერთეული ჯავშანტექნიკა და 30 საფრენი აპარატი გააგზავნა.

თუმცა კაცმა არ იცის როდის დაეჯახება ერთმანეთს პეკინისა და მოსკოვის ინტერესები ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ამ რეგიონში და რაში გადაიზრდება ინტერესთა დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრანდიოზული მასშტაბების რუსული სამხედრო სწავლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებიდან ძალიან შორს მიმდინარეობს, ბრიუსელში წესით გულარხეინად არ უნდა იყვნენ, რადგან დასავლეთიდან აღმოსავლეთით სტრატეგიულ სიშორეზე ჯარების ოპერატიულად გადასროლაში დახელოვნებულ რუს გენერლებს მიმართულების შეცვლა საპირისპიროდ, არ გაუჭირდებათ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს