შეიძლებოდა თუ არა, მალაიზიური "ბოინგი" მართლაც საქართველოდან ნაალაფარი რაკეტით ჩამოეგდოთ?! - კვირის პალიტრა

შეიძლებოდა თუ არა, მალაიზიური "ბოინგი" მართლაც საქართველოდან ნაალაფარი რაკეტით ჩამოეგდოთ?!

17 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონბასის თავზე მალაიზიური "ბოინგის" ჩამომგდები საზენიტო რაკეტა, საბჭოთა კავშირის დროს, 1986 წელს დამზადდა და ის "ბუკების" იმ საბჭოთა საზენიტო პოლკს გაეგზავნა, რომელიც დასავლეთ უკრაინაში იყო დისლოცირებული და მას შემდეგ ეს რაკეტა დამოუკიდებელი უკრაინის შეირაღებაში დარჩა, შესაბამისად, "ბოინგი" უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდესო.

2018 წლის 24 მაისს გაერთიანებულმა საგამომძიებლო ჯგუფმა, რომელშიც ნიდერლანდების, ბელგიის, ავსტრალიის და უკრაინის წარმომადგენლები შედიან, გამოაქვეყნა უტყუარი დოკუმენტებით გამაგრებული დასკვნა, რომლის თანახმადაც "ბოინგის" ჩამომგდები რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგარი "ბუკი" ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო ბრიგადას, რომელიც მალულად შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე და "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ, ისევ მალულად გაიყვანეს რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც ერთნიშნად მიანიშნებს რუსეთის ბრალეულობის კვალს ამ საშინელ დანაშულში, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, რუსეთის ხელისუფლება პერიოდულად ახალ ვერსიებს იგონებს დროის გასაყვანად თუ თავის დასაძვრენად.

თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსი გენერლების განცხადებაში შეიძლება სიმართლის კვალიც იყოს, ოღონდ სანახევროდ.

"ბოინგის" ჩამომგდები "ბუკის" რაკეტის ძრავის საქშენისა და კორპუსის ფრაგმენტებიდან საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფმა ჯერ კიდევ ა.წ. მაისში მოახერხა საზენიტო რაკეტის საბორტე ნომრის - 8868720 ამოკითხვა და შესაბამისი ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ რაკეტის წარმოშობის გასარკვევად.

ეს ფოტოები რუსმა მზვერავ-დივერსანტებმა, უკრაინაში ნაყიდ ქართულ 'ბუკებს', სენაკის ბრიგადიდან ალაფად წაღების წინ გადაუღეს...

რუსეთის გენერალიტეტში რატომღაც ოთხი თვე დასჭირდათ იმის დასადგენად, რის გასარკვევად ოთხი საათიც კი არ იყო საჭირო -"ბუკის" რაკეტებს მხოლოდ დოლგოპრუდნის სამეცნიერო - სამრეწველო საწარმო ამზადებს, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც რამდენიმე ათეულ კილომეტრშია.

1986 წელს ეს კონკრეტული საზენიტო რაკეტა, შეიძლება მართლაც გაიგზავნა დოლგოპრუდნის ქარხნიდან დასავლეთ უკრაინაში დისლოცირებულ საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო პოლკში და მართლაც დარჩა შემდეგ დამოუკიდებლობა გამოცხადებულ უკრაინის არმიის შეიარაღებაში, მაგრამ ეს ყველაფერი არათუ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფის დასკვნას, არამედ შეიძლება უფრო ამაგრებს - მალაიზიური "ბოინგი" ამ უკრაინული რაკეტით რუსმა მეზენიტეებმა მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც... საქართველოდან ალაფის სახით წაიღეს!

საქმე ის არის, რომ უკრაინამ 2007 წელს საქართველოს მოჰყიდა "ბუკის" ერთი დივიზიონი (ექვსი საბრძოლო მანქანა) და 48 საზენიტო რაკეტა.

აგვისტოს ომის დროს, როდესაც ერთი ქართული "ბუკი" რუსულ "ტუ"-ს ბომბდამშენს შიდა ქართლის თავზე აგდებდა, "ბუკის" ოთხი დანადგარი (ორი თვითმავალი საცეცხლე დანადგარი რადიოლოკატორებით და ორიც გამშვებ-დამტენი დანადგარი ლოკატორების გარეშე) რუსული 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ქართული არმიის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ალაფად აიღო და ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ეშელონით რუსეთში გაიტანეს (მანამდე კი ზუგდიდთან ნაალაფარ კოლონას, ქართული შსს-ს ერთ-ერთმა სპეცრაზმმა ჩასაფრება მოუწყო და "ბუკებს" ყუმბარსატყორცნებიდან ესროლა, თუმცა მხოლოდ ერთი "ბუკი" თუ დაზიანდა).

საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფმა მალაიაზიური 'ბოინგის' ჩამომგდები 'ბუკის' საზენიტო რაკეტის ფრაგმენტები გამოფინა

უკრაინიდან ნაყიდი "ბუკებისა" და საზენიტო რაკეტების ნაწილი მანამდე უკრაინის არმიის 223 საზენიტო-სარაკეტო ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც დასავლეთ უკრაინაში დისლოცირებული იმ საბჭოთა ნაწილის ბაზაზე შეიქმნა, რომელმაც, რუსი გენერლების მტკიცებით, 1986 წელს სწორედ ეს "დათარსული" რაკეტა მიიღო.

ასე რომ, არსებობს ალბათობა, რომ მალაიზიური "ბოინგი" უკრაინიდან საქართველოსთვის მოყიდულმა და ჩვენგან რუსების მიერ ნაალაფარმა "ბუკის" რაკეტამ ჩამოაგდო...

ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ამაგრებს შემდეგი ფაქტიც - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო პორტიდან რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წაღებული "გრომის" ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ერთმა რაკეტამ 2014 წლის 18 მაისს უკრაინაში, დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "ამოყვინთა". პრორუსი დივერსანტები მისი საშუალებით კრამატორსკის აეროდრომთან უკრაინული შვეულმფრენის ჩამოგდებას გეგმავდნენ, სანამ ისინი უკრაინულმა სპეცდანიშნულების რაზმმა არ გააუვნებლა.

თუკი რუსმა გენერლებმა დონბასელ სეპარატისტ-ტერორისტებს საქართველოდან ნაალაფარი "გრომის" რაკეტები მისცეს, რატომ არ შეიძლებოდა კურსკის 53-ე რუსული საზენიტო-პოლკის "ბუკს", რომელიც ერთი დღით გადაისროლეს უკრაინის ტერიტორიაზე, სამგზავრო "ბოინგი", ასევე აგვისტოს ომის დროს საქართველოდან ნაალაფარი "ბუკის" რაკეტით ჩამოეგდო?

საყურადღებოა, კიდევ ერთი მომენტი-საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფის თხოვნით, 2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნიდერლანდებში გააგზავნა "ბუკის" ერთი საზენიტო რაკეტა, რომელიც ასევე 2007 წელს შეძენილი "ბუკების" პარტიიდან იყო, სავარაუდოდ, საგამომძიებლო ჯგუფს მისი შედარება "ბოინგის" ჩამომგდებ რაკეტის ფრაგმენტებთან სურდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს