სირიის ჩამოგდებული რუსული "მზვერავისთვის" პასუხს ისრაელს სთხოვენ - კვირის პალიტრა

სირიის ჩამოგდებული რუსული "მზვერავისთვის" პასუხს ისრაელს სთხოვენ

ებრაელმა სამხედრო პილოტებმა უაღრესად დახვეწილი საჰაერო იერიში განახორციელეს - ამოცანაც შეასრულეს. უდანაკარგოდაც დაბრუნდნენ და თანაც რუსული საჰაერო თავდაცვის ორგანიზების უსუსტესი წერტილებიც გამოავლინეს...

ცხოვრებაში გასაოცარი დამთხვევები ხდება - 17 სექტემბერს ვერ მოასწრო დამთავრება პრესკონფერენციამ, რომელზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოგდებულ მალაიაზიურ "ბოინგთან" დაკავშირებით ახალი უკრაინული "კვალის" თაობაზე ილაპარაკა, რომ სირიაში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ჰეიმიმის რუსულ სამხედო ბაზაზე დაშვებისას რადიოელექტრონული დაზვერვის Ил-20 ტიპის თვითმფრინავს მოულოდნელად საზენიტო რაკეტა მოხვდა და ჰაერშივე დაიშალა. მის ბორტზე მყოფი 15-ივე რუსი ოფიცერი დაიღუპა.  საჰაერო ინცინდენტის სქემა

ყველაზე გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი სირიელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს თავად რუსეთის მიერ მიცემული და მოდერნიზებული С-200 ტიპის მძლავრი საზენიტო რაკეტით.

რატომ გაიმეტეს ბაშარ ასადის გენერლებმა მთავარი მოკავშირე რუსეთი, რომლის სამხედრო დახმარების გარეშეც ასადის რეჟიმი აქამდე დიდი ხნის დამხობილი იქნებოდა, ასეთი მსხვერპლისთვის?

როგორც ირკვევა, ამაში სირიელ მეზენიტეებს იმ ებრაელმა პილოტებმა "უბიძგეს", რომლებმაც იმ მომენტში ლატაკიაში წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს.

თუკი ვენდობით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ სქემას, რუსულმა მზვერავმა Ил-20 –მა სადაზვერვო ფრენა განახორციელა იდლიბის რაიონის თავზე და უკვე ჰმეიმიმის აეროდრომზე დასაშვებად ემზადებოდა, როდესაც ოთხმა ებრაულმა F-16-მა ხმელთაშუა ზღვის მხრიდან ძალიან დაბალ სიმაღლეზე მართვადი ბომბებით იერიში მიიტანა ლატაკიაში განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე.  სირიელების С-200, რომლითაც რუსული მზვერავი ჩამოაგდეს

ისრაელის გენშტაბში, სავარუდოდ, წამების გათვლით დაგეგმეს ეს უნიკალური საჰაერო იერიში - დაელოდნენ როდის დააპირებდა აეროდრომზე დაჯდომას ოთხძრავინი რუსული მზვერავი თვითმფრინავი, რომ მისი რადიოლოკაციური არეკვლის ფონის ქვეშ "დამალულიყვნენ" ებრაული გამანადგურებელ-ბომბდამშენები.

დაბომბვის შემდეგ სირიელმა მეზენიტეებმა რადიოლოკატორებზე რუსული მზვერავის დიდი რადიოლოკაციური ანარეკლი დააფიქსირეს და გაშვებული С-200 -ის თვითდამიზნების სისტემამაც ებრაული F-16-ების ნაცვლად რუსი მზვერავი Ил-20 "ჩაიჭირა"...

საგულისხმოა, რომ პუტინი-ნეთანიაჰუს ბოლო დროს ასე გახშირებულ შეხვედრებზე არაერთხელ განხილულა ამგვარი საჰაერო ინცინდენტის შესაძლებლობა, ამიტომაც მათ შორის მოქმედებდა "ცხელი ხაზის" ტელეფონი და ებრაელ სამხედროებს შეიძლება არაერთხელ წინასწარ უცნობებიათ ჰმეიმიმის ბაზაზე მყოფი რუსი გენერლებისთვის სირიის ამა თუ იმ სამხედრო ობიექტზე საჰაერო შეტევის შესახებ წინასწარ, რათა დაბომბვაში რუსი სამხედროებიც არ მოყოლილიყვნენ.

მაგრამ ბოლო დაბომბვების დროს სირიის საჰაერო თავდაცვის მოქმედებები უფრო შედეგიანი გახდა, რის გამოც ისრაელში არც თუ უსაფუძვლოდ იეჭვიანეს, რომ ებრაელების წინასწარ შეტყობინებას დაბომბვის შესახებ, რუსები სირიელებს მაშინვე უმჟღავნებდნენ.

ბოლო შემთხვევაში, ებრაელმა ოფიცერმა მხოლოდ ერთ წუთით ადრე შეატყობინა "ცხელ ხაზზე" რუსულ მხარეს მორიგი საჰაერო დარტყმის შესახებ და რუსებს დრო არ ეყოთ თავისი მზვერავი "ილი" სახიფათო ზონიდან გაეყვანათ - სირიელმა მეზენიტეებმა "იმარჯვეს"...  ისრაელის F-16

ზუსტად სამი წელი სრულდება, რაც რუსეთის არმია ღიად ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში და ამ ხნის განმავლობაში იქ 6 შვეულმფრენი და 8 თვითმფრინავი დაკარგა.

ყველაზე რეზონანსული 2015 წლის 24 ნოემბერს თურქული F-16-ის მიერ რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М-ის ჩამოგდება იყო, რამაც მოსკოვი და ანკარა ლამის სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანა (თუმცა თურქეთში სამხედრო პუტჩის მცდელობის ჩაფუშვის შემდეგ, პუტინ-ერდოღანის ურთიერთობები გასაოცრად დათბა).

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ირიბად მონაწილეობდა რუსული მზვერავი თვითმფრინავის დაღუპვაში, პუტინ-ნეთანიაჰუს ურთიერთობები უკიდურესად არ დაიძაბება და ყველაფერი უბედურ შემთხვევას დაბრალდება, რადგან არც რუსეთისა და არც ისრაელის ხელისუფლებას სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირება არ სურთ.

მეორე მხრივ, იდლიბის რაიონში განვითარებული მოვლენების კვალზე, რუსეთის, თურქეთის, ქურთების, ისრაელის, ირანის, "ჰესბოლას" (და კიდევ ვინ იცის ვისი) ინტერესები სირიაში ადრე თუ გვიან ერთმანეთს მაინც დაეჯახება, რაც შეიძლება ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს