რა წვლილი შეიტანა თემქამ ჰიტლერის დამარცხებაში?.. - კვირის პალიტრა

რა წვლილი შეიტანა თემქამ ჰიტლერის დამარცხებაში?..

იცით, რომ "თემქაში" აწყობილი ППС-43 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები დღემდე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საუკეთესო იარაღად ითვლება?

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში თავისი წვლილი "თემქაში" აწყობილმა ცეცხლსასროლმა იარაღმაც შეიტანა.

სწორედ იმ "თემქაში", რომელიც თბილისის ერთ-ერთ რაიონია (თუმცა ბოლო წლებში ცდილობენ მისი სახელი "ზღვის უბნად" შეცვალონ).

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, სად "თემქა" და სად ჰიტლერი, მაგრამ ფაქტია, რომ "თემქის" პროდუქციამ ჰიტლერის ათასობით (შეიძლება ათიათასობითაც კი) ჯარისკაცი იმსხვერპლა და დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის დამთავრება.

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად - მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი უპირატესობა შაშხანებთან და კარაბინებთან შედარებით. ვიდრე წითელი არმიის ჯარისკაცი "მოსინის" შაშხანას ხელით ერთხელ გადატენიდა, მისი გერმანელი "კოლეგა" MP-40 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან თითქმის ნახევარი მჭიდის დაცლას ასწრებდა.

GППС-43 განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მეორე მსოფლიო ომში სტალინის სპეციალური ბრძანებით დაიწყო საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიმფრქვევების ახალი მოდელების შექმნა და მათი მასიური წარმოება საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილებში.

თუკი ომის დაწყებას წითელი არმია შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით ППШ-41 -ით შეხვდა, 1943 წლისთვის სხვა მეიარაღემ, სუდაევმა ახალი ნიმუში ППС-43 შექმნა, რომელიც არამარტო ППШ-ს სჯობდა, არამედ გერმანულ MP-40 -საც (რომელსაც ბევრი დღემდე შეცდომით "შმაისერად" მოიხსენიებს, თუმცა გუგო შმაისერს მის კონსტრუირებაში წვლილი არ მიუძღვის) ტოლს არ უდებდა და ზოგიერთი მახასიათებლით ჯაბნიდა კიდეც.

მეორე მსოფლიო ომის დროს წითელმა არმიამ შეიარაღებაში სულ 765 373 ცალი სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მიიღო, საიდანაც 46 102 ცალი თბილისში დამზადდა.

ППС-43 -ს თბილისში ორ ქარხანაში აწყობდნენ - ინსტრუმენტალურში და ორთქმავალვაგონშემკეთებელში. ეს უკანასკნელი 1939 წელს გაიხსნა, მაგრამ საამქროების გაფრთობასთან დაკავშირებით 1942 წელს თბილისის გარეუბანში გადავიდა და 1957 წლიდან, ელმავლების სერიულად გამოშვების დაწყების გამო, სახელად თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, შემოკლებით "თემქ" ეწოდა. თბილისში აწყობილ სუდაევის ავტომატზე არც ვერმახტის ჯარისკაცები ამბობდნენ უარს

გამოდის, რომ ჩვენს პაპებსა და ბებიებს (მაშინ საამქროებში უფრო მეტი ქალი მუშაობდა, რადგან კაცებს ომში იწვევდნენ) არცთუ მცირე გამოცდილება ჰქონიათ, თუკი ომის დროს იმდენი პისტოლეტ-ტყვიმფრქვევი ააწყვეს, რომლებიც თავისუფლად გვეყოფოდა დღევანდელი ქართული არმიის სრულ შესაიარაღებლად და კიდევ დარჩებოდა რეზერვისტებისთვის.

ППС-43 განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა მზვერავებსა და პარტიზანების რიგებში,თუმცა ნაალაფარი ამ პისტოლეტ-ტყვიმფრქვევებით შეიარაღებას არც ვერმახტის ჯარისკაცები თაკილობდნენ.

ამ პოპულარობას განაპირობებდა სუდაევის პისტოლეტ-ტყვიმფრქვევის (რომელსაც წითელ არმიაში ოფიცილურად ავტომატს ეძახდნენ) შედარებით მცირე გაბარიტები და მასა, დასაკეცი კონდახი და საიმედოობა. ამასთანავე ტექნოლოგიურად მისი დამზადება ბევრად ადვილი იყო, ვიდრე შპაგინის ППШ-41-სა, შესაბამისად, სერიული წარმოების თვითღირებულებაც მნიშვნელოვნად იკლებდა.

საბჭოთა არმიის შეიარაღებიდან სუდაევის პისტოლეტ-ტყვიმფრქვევი ППС-43 მხოლოდ 1950-ინი წლების შუახანებში გამოდევნა "კალაშნიკოვის" ავტომატმა, თუმცა პპს-მა მოასწრო კორეის ომის გავლა და მას შემდეგ თითქმის ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში გამოიყენებოდა.

ჩვენი დოსიე: სუდაევის პისტოლეტ-ტყვიმფრქვევი ППС-43 ვაზნების გარეშე 3 კგ-ს იწონის.მისი სიგრძე გაშლილი კონდახით 820 მმ-ს უტოლდება, დაკეცილით კი 615 მმ-მდე მცირდება.სროლის ტემპი წუთში 700 გასროლას შეადგენს. მჭიდში "ტე-ტე"-ს 7,62 მმ კალიბრის 35 ვაზნა ჩადის.მისი ავტომატიკა საკეტის თავისუფალ მოძრაობაზეა დაფუძნებული.სროლა ღია საკეტის მდგომარეობაში ხდება.დამრტყმელ-დამშვები მექანიზმი მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში სროლაზეა გათვლილი,თუმცა ნავარჯიშებ მსროლელს თითო-თითო გასროლების განხორციელებაც შეუძლია.