სიცოცხლის უბრალოდ დათმობას არ ვაპირებდი, იარაღი უნდა ამეღო ხელში - სოხუმის დაცემის რამდენიმე ეპიზოდი სამხედრო ჟურნალისტის მოგონებებიდან - კვირის პალიტრა

სიცოცხლის უბრალოდ დათმობას არ ვაპირებდი, იარაღი უნდა ამეღო ხელში - სოხუმის დაცემის რამდენიმე ეპიზოდი სამხედრო ჟურნალისტის მოგონებებიდან

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ ამ პირად მოგონებებს,რომლებიც იმ მძიმე მოვლენებთან მაკავშირებს, საჯაროდ პირველად ვაქვეყნებ, შეიძლება იმიტომაც, რომ "კვირის პალიტრის" სტატიებში საკუთარ თავზე ვერ დავწერდი, ბლოგი კი იძლევა იმის საშუალებას, ჟურნალისტმა გადაუხვიოს აკადემიურ ჩარჩოებს და უფრო ემოციურად დაწეროს თავისი შეგრძნებებისა და მოგონებების შესახებ.

ეპიზოდი I

სოხუმში 1993 წლის 19 სექტემბერს ჩავფრინდი. აფხაზებმა მორიგი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრადიციულად დაარღვიეს და 16 სექტემბერს შეტევა ორი მიმართულებიდან დაიწყეს - შეუტიეს სოხუმს და გადაკეტეს ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი გზა.

თბილისიდან დრანდის აეროპორტში ჩაფრენისთანავე ვიგრძენი, რომ ამჯერად საქმე ბევრად უფრო სერიოზულად იყო - პირველად ფრონტის ხაზზე 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის დაკარგვის შემდეგ მოვხვდი (მანამდე ორი თვე ცხინვალში, ქართულ სამშვიდობო ბატალიონთან ერთად ზემო ნიქოზის შტაბში ვიყავი), მას შემდეგ სოხუმში კიდევ ხუთჯერ მომიწია ჩაფრენა (მათ შორის ტამიშის გზის გახსნაზე), მაგრამ არასოდეს ესე კრიტიკული არ ყოფილა სოხუმის ბედი...

ფრონტის ხაზი, რომელიც მანამდე მდინარე გუმისთაზე გადიოდა, დარღვეული იყო, მოწინააღმდეგის მცირერიცხოვანი ჯგუფები თითქმის ყველა მხრიდან უტევდნენ სოხუმს...

ჩვენი მთავარი "მოკავშირე", "ომის ღმერთი" - არტილერია, რომელმაც არაერთხელ გვიშველა სოხუმზე მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიებისას, აღარ გვყავდა - 27 ივლისის მოლაპარაკებების თანახმად მთელი ქართული არტილერია სოხუმიდან ფოთში გამოვიტანეთ რუსული სადესანტო ხომალდებით (და თანაც ამაში რუს მეზღვაურებს ფულიც გადავუხადეთ!).

სოხუმის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, მოიშალა ერთიანი მეთაურობა, სიტუაცია დაამძიმა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა მოუფიქრებელმა ნაბიჯმა - სკოლაში სწავლა სოხუმში მაიცდამაინც 1-ლ სექტემბერს დაეწყოთ, რის გამოც ბევრმა ადგილობრივმა, მანამდე ომს გარიდებული ბავშვები სოხუმში დააბრუნა და მძიმე არჩევნის წინ დადგა - სოხუმის ქუჩებში ებრძოლა თუ ახლობლების სამშვიდობოზე გაყვანაზე ეზრუნა... სოხუმის დამცველების ბოლო ტანკმა ჩვენს საგუშაგოსთან, მაჭარკის ხიდთან ჩაიარა...

ჩემი, როგორც ყოველკვირეული გაზეთის "7 დღის" სამხედრო კორესპონდენტის როლი აზრს კარგავდა - თბილისთან სატელეფონო კავშირის გაწყვეტის გამო, რედაქციაში ინფორმაციებს სოხუმში ბრძოლების შესახებ ვეღარ ვაწვდიდი (მაშინ ვინ იოცნებებდა ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონზე), მენაღმეებთან ერთად რამდენიმე დროებით პოზიციაზე მომიწია გასვლა, რაღაც მასალა დამიგროვდა და იმის იმედით თბილისში როგორმე დამერეკა, კელასურში, შტაბში მივედი, რომელიც სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის შენობაში იყო განთავსებული.

იქ ერთი მომენტი დამამახსოვრდა. კიბეებზე ვიდექით, როდესაც შევარდნაძე თეთრი "ჟიგულით" მოვიდა (უკან წითელი "ტაბლეტკა-უაზი" და გაზ-66 აცილებდა დაცვით). ჯაბა იოსელიანი შეხვდა და ეუბნება - დრანდის აეროპორტში ჩვენი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს, ბევრი დაღუპულია, მათ გადასვენებას ვერ შევძლებთ, აეროპორტი დაიკეტაო. შევარდნაძემ მცირე დაფიქრების შემდეგ უპასუხა - დროებით დავასაფლაოთ აეროპორტის მიდამოებში, მოვიგერიოთ შეტევა და მერე გადავასვენოთო...

შტაბში ყოფნის დროს უცბად შეძახილები გაისმა - ჩამოაგდე, ჩამოაგდესო! ყველანი გარეთ გამოვცვივდით - ორი მოიერიშე "სუ-25" მოფრინავდა ერთს რაკეტა მოხვდა და ახლოს ჩამოვარდა, მეორემ კი თავი უშველაო! - იძახდა თვითმხილველი. ჩამოგდებული სუ-25

მაშინვე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილისკენ სირბილით წავედი, მთაზე იყო ასასვლელი, საცალფეხო ბილიკზე ადგილობრივი მაცხოვრებელი შემხვდა ხელის ურიკით, რომლითაც "სუ-25"ის პილოტის კაბინის წინა შეჯავშნული მინა მოჰქონდა, რომელიც გახვრეტილი იყო. 55 მმ სისქის ჯავშანშუშის გახრეტა კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს მოიერიშეს რუსული საზენიტო რაკეტა წინ აუფეთქდდა...

ის, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი ქართული იყო უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მოასწრო თუ არა პილოტმა კატაპულტირება და გადარჩენა .იმიტომ განვიცდიდი, რომ მოიერიშეების პილოტებთან მეგობრობა მაკავშირებდა და მათთან ერთად ომის დროს რამდენიმე საინტერესო სიტუაციაში მოვხვდი, მათ შორის კოპიტნარის აეროდრომზე, საიდანაც ქართული მოიერიშეები აფხაზეთის ომში საბრძოლო გაფრენებს ახორციელებდნენ.

რამდენიმე წუთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ავედი. საზენიტო რაკეტის აფეთქების ძალა ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ შეჯავშნული მოიერიშეც კი ჰაერში ნაწილებად დაშალა (ეჭვი მაქვს,რომ რუსებმა "ბუკ"-ის რაკეტა გამოიყენეს), თვითმფრინავის მსხვილი ფრაგმენტები, მათ შორის კუდი, აქეთ-იქით ეყარა. თავად ჯავშანკაბინა, საბორტე ნომრით-04 , მიწაზე იდო, პილოტის სავარძელი კატაპულტირებული იყო, იმედი გაჩნდა,რომ მფრინვი გადარჩა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოშორებით ნარინჯისფერი გასაბერი ნავი დავინახე,რომელშიც ჩასვენებულ ცხედარს თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული.ვთხოვე მეჩვენებინათ - იზანი ცერცვაძე, პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი აღმოჩნდა... ჩამოგდებული სუ-25-ის ჯავშანკაბინა, საბორტე ნომრით-04

არადა, ერთი წლით ადრე, 1992 წლის 19 სექტემბერს თბილისის საავიაციო ქარხნის "ველის" აეროდრომზე, სამეთაურო-სადისპეჩერო პუნქტიდან ვუყურებდი, თუ როგორ განახორციელეს პირველი გაფრენა "სუ-25" თვითმფრინავით იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ. ეს დღე ქართული სამხედრო ავიციის (რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ გვყავს) დაბადების დღედ იქცა... ჩამოგდებული სუ-25-ის პილოტი, პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე აღმოჩნდა

კელასურის შტაბში უკვე იგრძნობოდა, რომ სოხუმი ბოლო დღეებს ითვლიდა, სრული ქაოსი სუფევდა...

გაურკვევლობაში მყოფი შტაბის წინ, გზაზე გამოვედი და დავინახე - სოხუმიდან მომავალმა სატვირთო "ურალმა" გააჩერა, კაბინიდან მომცრო ტანის, ავტომატიანი სამხედრო გადმოვიდა, მანქანამ კი გზა გააგრძელა. ახლოს მივედი, სამხედრო არც მეტი არც ნაკლები,ერთ-ერთი ჩვენი საარმიო კორპუსის სარდალი აღმოჩნდა. კარგად ვიცნობდი,მივესალმე, - ბატონო გენერალო, როგორ არის ჩვენი საქმეები-მეთქი, გენერალმა დაკვირვებით შემომხედა და მირჩია, - ირაკლი, სჯობს თავს მიხედო, აქაირობას გაერიდოო...

როდესაც "პოპუტნი" სატვირთო ურალიდან ჩამოსული სარდალი ასეთ მამა-შვილურ რჩევას გაძლევს, ჩანს საქმე მართლაც ძალიან ცუდათაა...

რა დამრჩენოდა? შემოვტრილდი სოხუმისკენ ზურგით და თავჩაქინდრული ფეხით გზას ოჩამჩირისკენ დავადექი...

ეპიზოდი II

როგორც სამხედრო ჟურნალისტს, მანამდე ცხინვალშიც და სოხუმშიც, თითქმის სულ მარტო მიმუშავია, მაგრამ ახლა, როდესაც სრულიად გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, დაცემის წინ მყოფ სოხუმში არავის სჭირდებოდა (და რედაქციასთან კავშირი არ მქონდა),რაღაც სხვა გზა უნდა მეპოვნა - იარაღი უნდა ამეღო ხელში...

ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, რადგან მაშინ მიმაჩნდა და დღეს ამაში დარწმუნებული ვარ - ჟურნალისტი ომში იარაღს არ უნდა გაეკაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე მებრძოლ მხარედ იქცევა.

მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს რამდენჯერმე ჩემმა მეგობარმა არტილერისტებმა შემომთავაზეს დ-30 ჰაუბიციდან გასროლა, რაზეც ყოველთვის უარს ვეუბნებოდი - ჯერ ერთი ჟურნალისტმა არავის უნდა ესროლოს და მეორეც, ხუმრობით დავაყოლებდი, თქვენი დამიზნებული ვინ იცის სად მოხვდება - მეთქი. (არადა, სწორედ ამ არტილერისტი, ჩემი კბილა, პატარა ბიჭების ოსტატობამ მანამდე არაერთხელ იხსნა სოხუმი).

მაგრამ სიტუაცია უკვე ისეთი კრიტიკული იყო, რომ თავის გადარჩენაზე უნდა მეფიქრა - ჩემი სიცოცხლის უბრალოდ დათმობას კი ნამდვილად არ ვაპირებდი.

ფრონტის ხაზზე, ჩემი მთავარი იარაღი ჩემი ძმის ნაჩუქარი "აგატის" მინიატურული ფოტოაპარატი იყო, რომელიც ფოტოფირის 36 კადრს 72-ად ყოფდა, ვხუმრობდი - თქვენ, თუკი "კალაშნიკოვზე" იზოლენტით გადაბმულ ორ მჭიდში 60 ვაზნა გაქვთ, ჩემი "აგატი" 72-ჯერ "ისვრის" მეთქი.

ფოტოაპარატის გარდა, პაპაჩემის ნაჩუქარი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანის ხიშტ-დანაც დამქონდა, რომელიც პირდაპირ მისწრება იყო სანგარში კონსერვების გასახსნელად.

გარდა ამისა, ქამარზე ყოველთვის მეკიდა რგდ-V და ფ-1 ტიპის ორი ხელყუმბარა, რათა ტყვედ ცოცხალი არ ჩავარდნოდი და ჩემი სიცოცხლე ძვირად დამესვა მათთვის, ვინც ტყვედ აყვანას დამიპირებდა. თუ რამდენად შევძლებდი ჩემი ამ დანაქადნის სისრულეში მოყვანას ასეთ კრიტიკულ მომენტში, საფიქრებელია...

ამხელა შესავლის დაწერა იმიტომ დამჭირდა, რომ სოხუმიდან პირქცეული, გზაზე ერთ-ერთი საძმოს შეიარაღებულ ჯგუფს წამოვეწიე, დავილაპარაკეთ, ზედმეტი, რუმინული "კალაშნიკოვი" მომცეს ორი მჭიდით და ფაქტობრივად, მათ რაზმში "ჩავეწერე" - ჟურნალისტური საქმიანობა შეჩერდა, იწყებოდა ფიქრი სიცოცხლის გადარჩენაზე და თბილისში, ოჯახში დაბრუნებაზე...

საძმოს ჯგუფმა პოზიცია მაჭარკის ხიდდთან დაიკავა, იქ სადაც ადრე "გაი"-ს პოსტი იყო. ამ ადგილს იმ მომენტში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან აქედან ადიოდა გზა მერხეულისკენ და საერთოდ კოდორის ხეობისკენ.

ჩვენი ამოცანა გახლდათ დაგვეცა ეს გზაგასაყარი მოწინააღმდეგის შესაძლო დივერსიისგან, რადგან მაჭარკასთან გზის ჩაკეტვის შემთხვევაში მოსახლეობა ევაკუირებას კოდორის ხეობის მიმართულებით ვეღარ შესძლებდა, ეს კი კატასტროფას და საშინელ მსხვერპლს გამოიწვევდა.

ჩვენ პოსტზე ჯაბა იოსელიანი და ირაკლი ბათიაშვილი მოვიდნენ, გვთხოვეს, ფხიზლად ვყოფილიყავით, რათა მოწინააღმდეგის დივერსანტებს აფეთქებები არ მოეწყოთ.

გარდა ამისა გვევალებოდა იარაღი დროებით ჩამოგვერთვა იმ მებრძოლებისთვის, რომლებსაც ოჯახები კოდორის ხეობისკენ სამშვიდობოზე გაჰყავდათ, უკან დაბრუნებულებს, ხელწერილით ჩაბარებულ იარაღს უკან ვუბრუნებდით.

ეპიზოდი III

ერთ ღამეს, მაჭარკის ხიდზე მორიგეობისას ჩვენი მიმართულებით სროლები განხორციელდა. დამიზნებითი სროლა არ ყოფილა (ან შეიძლება უბრალოდ აგვაცილეს), მაგრამ დილით გადავწყვიტეთ, ფერდობზე ახლომდებარე კერძო სახლი შეგვემოწმებინა, რადგან იქიდან შესაძლო სროლის სექტორში ვხვდებოდით.

სამნი წავედით. დავაკაკუნეთ, კარები გაგვიღეს, ადგილობრივი სომეხი ეროვნების ოჯახი აღმოჩნდა. ზრდილობინად ავუხსენი სტუმრობის მიზეზე და სახლის შემოწმება ვსთხოვე, განსაკუთრებით გვაინტერესებდა აივანი, საიდანაც ჩვენი საგუშაგო მოჩანდა.

მიგვიპატიჟეს, სასადილო ოთახის გავლისას სამივეს ნერწყვი ღიად წამოგვივიდა - რამდენიმე დღე მხოლოდ პური ნატეხებით თუ ვითქვამდით სულს, მაგიდაზე კი ოჯახური კარაქი და თაფლი იდო...

მასპინძელმა შეამჩმია ჩვენი "შიმშილის რეაქცია" და სუფრასთან მიგვიწვია, მაგრამ თავს ვძლიე, ბიჭებს თვალით ვანიშნე - არა და სახლის შემოწმება გავაგრძელეთ და აივნის ქვეშ მართლაც აღმოვაჩინეთ "კალაშნიკოვის" 7,62 მმ კალიბრის გასროლილი ვაზნების მასრები.

ოჯახის პატრონმა დაფიცება დაიწყო,რომ მისი ბიჭი ქართველების მხარეზე იბრძოდა და ეს ადრე, ქეიფის დროს აქვს აივნიდან ნასროლიო. არადა, მასრების ნაწილს ჯერ არ მოსდებოდა ჟანგი.

რა უნდა გვექნა? სიმართლის დამტკიცებას სრულფასოვანი ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება სჭირდებოდა, ამიტომაც მკაცრდ გავაფრთხილეთ - იქნება ამ მიმართლებიდან ჩვენსკენ კიდევ სროლა, მაშინ თქვენ თავს დააბრალეთ თქო.

სახლიდან ისევ სასადილო ოთახის გავლით გამოვედით,დიასახლის სუფრა განეახლებინა და სასმელიც შემოგვთავაზეს, მაგრამ სული არ წაგვიცდა. უკანა გზაზე ბიჭები მებუზღუნებოდნენ, - რა მოხდებოდა თითო თაფლ-კარაქიანი პური  დაგვეგემოვნებინაო...

ეპიზოდი  IV

დილით, მაჭარკის ხიდი მორიგეობიდან მოვიხსენით და ორნი ზღვისკენ წავედით, ხელ-პირის დასაბანად. ორღობეში მალულად რამდენიმე სიმინდის ტარო მოვტეხე, მაგრად გვშიოდა - რა ჩუმად ტეხავ სიმინდს, ხალხი სასახლეებს ტოვებს, ვიღას ახსოვს სიმინდიო, - დამცინა თანმხლებმა.

ჩავედით ზღვის პირას, ხელ-პირი დავიბანეთ, თან ზღვის სიღრმეს დაფიქრებული დავცქეროდი, - რა გველის წინ? გადავრჩებით?

მოულოდნელად ჰორიზონტზე შვიდი წერტილი შევმჩნიე.

ვხედავ, საკმაოდ სწრაფად მოცურავენ. წერტილები იყოფა, ხუთმა სოხუმისკენ "გადაუხვია", ორმა კი პირდაპირ ჩვენსკენ აიღო გეზი.

გადის მცირე დრო და ჩვენს წინ ორი უზარმაზრი სამხედრო ხომალდი აღიმართა. ორივე პლიაჟზე ჩავიმალეთ, ავტომატები გადავტენეთ - აი, ის რისიც გვეშინოდა,მოწინააღმდეგე საზღვაო დესანტს გადმოსხამს კოდორისკენ მიმავალი გზის ჩასახერგად და სოხუმის ორმაგ ალყაში მოსაქცევად!

მართლაც, პლაჟზე ჯერ ერთი ხომალდი ამოდის სანახევროდ, მერე უკან გადის და მეორეს უთმობს ადგილს. მეორემაც ცხვირი ამოჰყო, ვცნობ, შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდია - აღებს აპარელს, საიდანაც ორი ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ-80 (საზღავაო დესანტის ვარიანტი) გადმოდის, აქეთ-იქით დგებიან და ტყვიმფრქვევიან კოშურებს დასაშინებლად ატრილებენ.

ჯავშანტრანსპორტიორებს რუსი საზღვაო მედესანტეების ოცეული გადმოყვა და თავდაცვის პოზიციები დაიკავა.  უზარმაზარმა რუსულმა სადესანტო ხომალდმა, რომელიც ჩვენს წინ სანახევროდ ამოვიდა ნაპირზე, აპარელი გააღო, საიდანაც ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდა

რა ვქნათ? ვესროლოთ? ჩვენებს ხიდზედ უკვე ეცოდინებათ საზღვაო დესანტის შესახებ, რადაგან ამ უზარმაზარი ხომალდების შემოსვლას ყველა ხედავდა, უბრალოდ, ჩვენზე ახლოს დესანტის გადმოსხმის ადგილზე არავინ იყო...

თავი შევიკავეთ სროლისგან და...მოვიგეთ - თურმე შეთანხმების თანახმად ამ სადესანტო ხომალდებს იძულებით დევნილები უნდა გაეყვანათ სამშვიდობოზე.

ადვილი წარმოსადგენია რა სისულელეს ჩავიდენდით ცეცხლი რომ გაგვეხსნა - ჩვენ კი მალევე "ჩაგვაჩუმებდნენ", მაგრამ უარესი ის იქნებოდა, დევნილების ევაკუაცია თუ მთლიანად არ ჩავშლიდით, სერიოზულად შევაფერხებდით...

საფარიდან გამოვედით, ხალხში შევერიეთ.მოულოდნელად ვიღაც გადამეხვია - ცოცხალი ხარ, ირაკლი! - კოლეგა ჟურნალსტები აღმოჩნდენ. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა.

აქ რას აკეთებ? შენ ხომ ჟურნალისტი ხარ, წამოდი, რუსების ეს ხომალდი ფოთში უპრობლემოდ ჩაგვიყვანს, იქიდან კი თბილისში დაბრუნება რაღა პრობლემაა, - დაჟინებით მთავაზობდნენ კოლეგები.

მართლაც, რაღას ვაკეთებ ახლა აქ? თუკი ჟურნალისტი ვარ, მაშინ ვალდებულება მაქვს უკვე მოპოვებული მდიდარი მასალა, რაც შეიძლება მალე ჩავიტანო რედაქციაში, რათა მკითხველმა თვითმხილველი ჟურნალისტისგან დროულად გაიგოს იმ ტრაგედიის დეტალების შესახებ, რაც სოხუმის დაცემას უძღოდა წინ, - შემიჩნდა ეშმაკი.

კი მაგრამ, შენ იარაღი აიღე ხელში და ბიჭებთან ერთად ხიდსა და გზას იცავ! - მეუბნება სინდისი.

ავტომატი ხომ შენი არ არის, დაუბრუნე პატრონს, ჩაჯექი ხომალდში და დაუბრუნდი ოჯახს, რომელიც ერთი კვირაა დაკარგულად გთვლის, რაც შეგეძლო გააკეთე, შენ სახლში დაბრუნება დაიმსახურე... - უკან არ იხევს ეშმაკი, მაგრამ...

გაოგნებული ვუყურებდი, როგორ დაიხურა აპარელი. სადესანტო ხომალდმა უკან სვლა დაიწყო, ზღვაში გავიდა და გეზი ფოთისკე - გადარჩენისკენ აიღო, კოლეგა ჟურნალისტები დასამშვიდობებლად ხომალდის გემბანიდან ხელს მიქნევდნენ...

დავრჩი. მაშინ არ ვიცოდი, წინ რა მელოდა...

მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან მაშინ ეშმაკს არ დავუჯერე - ხომალდზე არ ავედი, ეს ჩემი პატარა პირადი გამარჯვებაა, რომლითაც ყოველთვის ვიამაყებ...

ეპიზოდი V

ისევ მაჭარკის ხიდს ვიცავთ. ჩვენს წინ სოხუმისკენ სწრაფად გაიარა გია ყარყარაშვილის დამხმარ ძალმა რამდენიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანით, გვიხარია - დამხმარე ძალამ მოახერხა ბლოკირებული მდინარე კოდორის გადმოლახვა, მაგრამ ეს რაოდენობა ხომ არასაკმარისია, სად არიან დანარჩენები?

...საღამოს პოზიციიდან ვიხსნებით, ჯგუფის მეთაური გვიბრძანებს სოფელ მერხეულისკენ დავიძრათ, რადგან შეიძლება ალყაში მოვხვდეთ...

მერხეულიდან უკან, კვამლში გახვეული სოხუმისკენ ვიყურები. ქალაქის თავზე, არანაკლებ 10 კმ სიმაღლეზე, გუდუთის, ბომბორას აეროდრომიდან აფრენილ რუსულ "სუ-27"-ს გამარჯვების, თეთრი ინვერსიული წრე აქვს შეკრული...

დავბრუნდებით გამარჯვებით, - ვიქადნები გულში...

საკენისკენ ჩავჩაქინდრული მივდივართ, დანა პირს არ გვიხსნის, თუმცა ზოგიერთი ძალიან ბედნიერია - გადავრჩით, მალე სახლში ჩავალთ...

თქვენი ასე და ისე, ვეღარ ითმენს ერთი მებრძოლი და გემრიელად, გულით, ნამდვილკახურად უკურთხავს ძალზე გახარებულებს - დავმარცხდით, წავაგეთ, შევრცხვით, რა გიხარიათ, თქვენი...

გაგრძელება