"ვხედავ, ჯაბა იოსელიანი მოდის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, სხდებიან შვეულმფრენში, კარს კეტავენ და მეუბნებიან, შენ სხვას გამოყევიო" - კვირის პალიტრა

"ვხედავ, ჯაბა იოსელიანი მოდის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, სხდებიან შვეულმფრენში, კარს კეტავენ და მეუბნებიან, შენ სხვას გამოყევიო"

სოხუმის დაცემის რამდენიმე ეპიზოდი სამხედრო ჟურნალისტის მოგონებებიდან

გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ

ეპიზოდი VI

აი, საკენიც, ჭუბერამდე 42 კმ ფეხით გვაქვს გადასასვლელი. საღამოს მწყემსების სახლში ვათენებთ, ბიჭები კუპონებს ვაგროვებთ, ხბოს ვყიდულობთ - თითო ნაჭერი შეგვხვდა.

თენდება, გზა უნდა გავაგრძელოთ, გუშინდელი ნაჭერისგან ძვალიღა დარჩა, მაგრამ ცარიელი ძვალის გალოკვაც თურმე რა გემრიელი ყოფილა, როცა გშია. არაუშავს ცოტა დამანაყრებს, ქვაბში გაყინული ხორცის ნახარშია, თვალებს ვხუჭავ და ვჭამ, ენერგიას მომცემს (როგორც აღმოჩნდა სწორი გავაკეთე, წყლის სურვილს გზაზე ნაკადულები გვიკლავდნენ.

მრცხვენია, მაგრამ დიდად ვერაფრით ვეხმარები ჩემს გვერდზე მომავალ მოქალაქეებს - ასეთი გამხდარი არასოდეს ვყოფილვარ, ძალა უნდა შევინარჩუნო და უღელტეხილი ბოლომდე გადავიარო...

გზაში ადგილობრივი ცხენოსანი სვანები გვხვდებიან - ბევრი დარჩა ჭუბერამდე? - ვეკითხებით

ორი-სამი კოლომეტრი, აქვეა, - გვპასუხობენ სვანები.

მოვდივართ ერთი საათი, ორი, სამი, ბოლო არ უჩანს.

ისევ გვხვდება ადგილობრივი და კვლავ დარჩენილ ორ-სამ კილომეტრამდე გვეუბნება. მაშინ კი ძალიან გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ადგილობრივები ამ კეთილშობილი ტყუილით იმედს გვაძლევდნენ. აბა, თავიდავე რომ ეთქვათ, კიდევ 20-30 კმ-ია გასასვლელიო, ბევრი შეიძლება სულით დაცემულიყო.

ეპიზოდი VII

მგონი გადავრჩი, ესეც ჭუბერი, სოფლის სიახლოვეს სამახსოვრო სურათს ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ მიყვარდა ფრონტის ხაზზე საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება.

ეს ფოტო დამრჩა სოხუმის დაცემისა და კოდორის ხეობის გამოვლის მოსაგონებლად...

ჭუბერში ვართ. ავტომატს იმ საძმოს მეთაურს ვუბრუნებ, ვისაც შევეკედლე სოხუმთან, მადლობას ვეუბნენი და ვემშვიდობები.

ახლა თბილისში, სახლში სწრაფად დაბრუნებაზე უნდა ვიფიქრო, ჩემები ალბათ გიჟებს ჰგვანან, ათი დღეა არ დავკავშირებივარ, ბოლოს კელასურიდან, საშტაბო მანქანიდან ტელეფონით დავურეკე, ნუ გეშინიათ ცოცხალი ვარ მეთქი.

ჭუბერში ვტრიალებ, თბილისისკენ მიმავალ ტრანსპორტს ვეძებ. მოულოდნელად მეზობელი მხვდება, უხარია ცოცხალი რომ გადავრჩი და იმ საღამოს ახლობლის სახლში ღამის გასათევად მეპატიჟება. სუფრაზე ხაჭაპურს ყველი გადმოსდის, ხორცს ოხშივარი ასდის - ორი კვირაა ნორმალურად არ მიჭამია. გამიმართლა, სხვებს, ვინც ჩემთან ერთად უღელტეხილი გადმოიარა, გარეთ მოუწიათ იმ ღამის გათენება, მე კი ასეთ ვახშამზე მოვხვდი და და გაქათქათებული ლოგინი გამიშალეს...

დილას, შერცხვენილი ეზოში გავიძურწე, ორი კვირის დაუბანელი, რად ვაქცევდი გაქათქათებულ თეთრეულს...

ეპიზოდი VIII

ჩემი თემქელი მეზობელი მეუბნება, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში "სანთელში" მუშაობს და აპირებენ შვეულმფრენით საკენში გადაიტანონ თევზის კონსერვები და პური.

დაუფიქრებლად ვთავაზობ, - გუშინ გადმოვიარე ფეხით უღელტეხილის 42 კმ-ი და სადაც მე გამიჭირდა, სხვებსაც იქ ექენაბთ ალბათ პრობლემები, გამოგყვებით შვეულმფრენში და პილოტებს ზუსტად მივუთითებ იმ ადგილს უღელტეხილის გზაზე, სადაც საკვების ნაწილის დატოვება სჯობს-მეთქი.

მეთანხმებიან, მი-8 ტიპის შვეულფმრენი კილკის კონსერვებითა და "ბუხანკა" პურითაა დატვირთული, ავფრინდით ჭუბერის სკოლის საფეხბურთო მინდვრიდან, უკან მივფრინავ საკენისკენ.

ზემოდან კარგად ჩანს უღელტეხილის გზაზე უწყვეტ ნაკადად მომავალი დევნილები. მფრინავებს ვუთითებ დასაჯდომად ვარგისს ადგილს, ვჯდებით, შვეულმფრენი არ რთავს ძრავებს, ხრახნები ტრიალებს, მიწაზე კონსერვების და პურის ნაწილი ჩამოვტვირთეთ, გზა საკენისკენ უნდა გავაგრძელოთ...

ხალხი მადლიერი თვალით გვიყურებს, საკვებს იღებს და გზას აგრძელებს, მათ შორის მებრძოლებიც არიან. მოულოდნელად ისინი კონსერვებს უკან ყრიან და გვაგინებენ... ბრიტანელი ფოტოგრაფის, მაიკლ გოლდუოტერის ფოტო

რა ხდება? თურმე ჩვენს შვულმფრენში მყოფ ორ უცხოელ ჟურნალისტს მსხვილი პლანით იმის გადაღება დაუწყიათ, თუ როგორ იღებენ სამხედროები კონსერვებსა და პურს, რამაც ამ უკანასკნელების საშინელი გაღიაზიანება გამოიწვია.

ვცდილობ დავწყნარო - ძმებო გუშინ მეც თქვენს დღეში ვიყავი და ნეტავ ასე ვინმეს პური მოეწოდებინა-მეთქი. არ მისმენენ - თქვენი მათხოვრები არ ვართ, რომ ჩვენი გასაჭირი მთელ მსოფლიოში გამოაჭენოთო, ყრიან საკვებს და გზას მშივრები, მაგრამ ამაყი სახით აგრძელებენ...

ეპიზოდი IX

საკენში ვჯდებით. სამხედროები შვეულმფრენის გარშემო რკალს კრავენ, რომ დევნილები შვეულმფრენში არ ამოცვივდნენ. პური და კონსერვები ჩამოვტვრთეთ.

სამხედროების რკალის გარეთ ერთ ლამაზ გოგონას ვამჩნევ, ჩემდაუნებურად ბუშლატის ჯიბეებში ორ კონსერვს ვმალავ, ერთ ბუხანკა პურს მკერდზე ვიხუტებ, გავდივარ რკალის გარეთ და გაკვირვებულ გოგონას პროდუქტებს ხელში ვაჩეჩებ...

დღესაც არ ვიცი რამ მიკარნახა ეს ნაბიჯი ან რატომ უნდა მოვსწონებოდი ორი კვირის წვერგაუპარსავი და ჭუჭყიანი, ლამაზ გოგოა (ან რა დროს თვალების პაჭუნი იყო), მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ამ ჩემმა საქციელმა ჩემი ოჯახი თბილისში გადაარჩინა...

თურმე, როდესაც სამხედროების რკალიდან გავსულვარ ამ ნობათით, "სი-ენ-ენ"-ისა თუ "როიტერის" ვიდეკამერას დავუფიქსირებივარ, თბილისში კი ტელევიზიიდან, ახლობლებმა ჩემს ძმას , რომელსაც მამამ ჩემი ცოცხალის ან მკვდრის ჩამოყვანა დაავალა, აჩვენეს კადრები - ცოცხალიაო!

ჯაბა იოსელიანი - 'მხედრიონის' ლიდერი

ეპიზოდი 10

საკენში შვეულმფრენიდან საკვები გადმოვტვირთეთ, ერთი ორსული ქალი ბავშვიანად ჩავსვით და ოცამდე, ყველაზე გაჭირვებულის შერჩევას ვიწყებთ ჭუბერში გადასაფრენად, რადგან შვეულმფრენში მეტი სხვა აღარ დაეტევა.

მოულოდნელად ჯაბა იოსელიანი მოდის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, სხდებიან შვეულმფრენში და კარებს კეტავენ - შენ სხვას გამოყევიო, - გადმომიგდეს სიტყვა.

რა ვქნა? სროლას ხომ არ დავიწყებ?(თან ავტომატიც პატრონს დავუბრუნე), მომიწევს წინა დღით ფეხით გადასული ოლიმპიური 42 კმ-ის, ხელახლა გამეორება?!

დაბნეული ვდგავარ, მოულოდნელად იღება შვეულმფრენის კარები, მეძახიან - სწრაფად ამოდიო...

შემდეგ ჭუბერში ჩაფრენისას გავარკვიე - პილოტებს გაუბედიათ და უთქვამთ ჯაბა იოსელიანისთვის, მაგ კაცთან ერთად ჩამოვფრინდით და მაგის გარეშე არ გავფრინებითო!

დიდი მადლობა... იხილეთ დასასრული

იხილეთ ასევე: უბრძანეს: დაიჩოქეო! - სოხუმის მერმა უპასუხა: "Никогда в жизни!"