"შემდეგს გამოყევიო, არადა, შემდეგი შვეულმფრენი იმავე დღეს, კლდეს შეეჯახა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"შემდეგს გამოყევიო, არადა, შემდეგი შვეულმფრენი იმავე დღეს, კლდეს შეეჯახა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა"

დასასრული, იხილეთ დასაწყისი

ეპიზოდი XI

შემდეგ შვეულმფრენს გამოყევიო...

შემდეგი შვეულმფრენი იმავე დღის ბოლოს, კოდორის ხეობაში კლდეს შეეჯახა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა...

მანამდე, საკენში ჩაფრენის დროს შევამჩნიე, რომ ჩვენი შვეულმფრენის "ჰაერის ნაკადის მიმღები" ორივე მილი, რომლებიც მი-8-ს ცხვირში "ეშვებივით" უყენია, მიწით იყო სავსე, ეტყობა აფრენის დროს შვეულმფრენი მიწას წამოედო. პილოტებს ვაცნობე პოტენციური საფრთხის შესახებ... ჭუბერ-საკენის უღელტეხილზე. ავტორი: ირაკლი ალადაშვილი

სამი წლით ადრე, საბჭოთა ჯარში ორწლიანი სავალდებულო სამსახურის გავლისას, სწორედ მი-8 ტიპის შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი ვიყავი და ჩემი ესკადრილიის ვერც ერთი შვეულმფრენი ვერ აფრინდებოდა, სანამ აკუმულიატორებს, "შავ ყუთსა" და ხელსაწყოებს არ შევუმოწმებდი.

მიწით გავსებული "ჰაერის ნაკადის მიმღები" მილები კი იმას ნიშნავდა, რომ სიმაღლისა და სიჩქარის გამზომელი ბარომეტრული ხელსაწყოები არასწორ მონაცემებს აჩვენებდნენ ეკიპაჟს...

თუკი იმ საღამოს კატასტროფა სწორედ იმ შვეულმფრენმა განიცადა, რომლის "ჰაერის ნაკადის მიმღები" მილები მიწით იყო სავსე, ეს ნიშნავს, რომ შებინდებისას პილოტები დაზიანებული ხელსაწყოების ჩვენებას ენდნენ, რომლებმაც ფრენის სიმაღლე არასწორად აჩვენეს...

ეპიზოდი XII

ისევ ჭუბერში ვარ, ვერ ვიჯერებ, რომ მეორედ არ მომიწია კოდორის ხეობის ფეხით გადმოვლა...

ჯაბა იოსელიანი,  ამალითურთ, შვეულმფრენით ჭუბერიდან ქუთაისში გადაფრინდა.

მოსაღამოვდა, ორი შვეულმფრენი ჯდება ჭუბერის საფეხბურთო მოედანზე, ისევ პური და კონსერვები ჩამოიტანეს. მათ ეკიპაჟებს აიძულებენ ისევ საკენში გადაფრინდნენ, პილოტებს არ უნდათ - დაბნელება მოგვისწრებს და ღამით მთებში ფრენა საშიშიაო, მაგრამ მათ არგუმენტებს ყურადღებას არ აქცევენ და საკენისკენ მაინც აგზავნიან...

შიმშილგამოვლილი თავს ვიზღვევ, ორ კონსერვსა და პურს მარაგად ვიღებ და უკვე სერიოზულად ვფიქრობ სასწრაფოდ თბილისში როგორმე ჩავიდე.

ჭუბერში შემოსული ხალხის მორიგ ნაკადში ნოდარ ნათაძეს ვამჩნევ, მიხარია, ვეხვევი და მაშინვე კონსერვებს ვთავაზობ (1992 წლიდან ნოდარ ნათაძის თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტთან ვთანამშრომლობდი, როგორც მიწვეული სპეციალისტი და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა), უარს მეუბნება, დაღონებული ჩანს, როგორც მერე გავიგე დევნილი ქალების ნაწილი მიუსიეს სპეციალურად, თითქოს ნოდარ ნათაძის, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგა, ბრალი ყოფილიყოს სოხუმის დაცემა... ნოდარ ნათაძე მებრძოლებთან ერთად, შახ აივაზოვის ფოტო

ბატონი ნოდარი იმ ღამის გათენებას ადგილობრივი მასწავლებლის ოჯახში (თუ არ ვცდები სოზარ სუბარის ახლობლები გახლდნენ) მთავაზობს. მგონი მიმართლებს, მეორე ღამეც ლოგინში და არა გარეთ მომიწევს გათენება, როგორც ბევრ დევნილს.

მასპინძლებმა დაგვანაყრეს, ვიძინებთ. შუაღამისას ბატონი ნოდარი მაღვიძებს - ირაკლი წვიმა დაიწყო, უღელტეხილზე თოვლი იქნება, ცხენები უნდა ვიშოვოთ, უკან დავბრუნდეთ, გზაზე მომავალ დევნილებს დავეხმაროთო...

თავს ვუქნევ, რა თქმა უნდა, წავიდეთ, ბატონო ნოდარ…

გარეთ გამოვდივარ, არა, ბატონო ნოდარ, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არა, კმარა, მესამედ საკენში ვეღარ ჩავალ, არც ცხენზე ჯდომა ვიცი და არავის დამხმარებელი არ ვარ, ჩემი გამჭირვებია, როგორმე თბილისში, ოჯახში უნდა ჩავაღწიო - ვფიქრობ ჩემთვის და რაიმე მანქანას ვეძებ, რომელიც ჭუბერს გამარიდებს...

გამთენიისას ჭუბერში შემოსული დევნილები ყვებიან თუ როგორ შეეჯახა საკენიდან გამოფრენილი ხალხით გადატვირთული შვეულმფრენი სიბნელეში მთას. ნუთუ პილოტების შიში გამართლდა? - ვინ აგებს პასუხს იმისთვის, რომ შვეულმფრენი ღამით, სიბნელეში მთებში საფრენად გაუშვეს?

ეპიზოდი XIII

ვიპოვე, "ზილის" ახალი მოდელის სატვირთო ქუთაისში მიდის. სატვირთო ძარაში ბიჭები თევზებივით ჩავეწყვეთ, ბორბლების თითოეულ ჩარტყმაზე მთელი სხეული გტკივა, მაგრამ ამას ვიღა ჩივის, ყველას სახლში მიგვეჩქარება, ჩვენ ხომ გაგვიმართლა და ცოცხლები გადავრჩით, რაც შეიძლება მალე უნდა ვახაროთ ახლობლებს, ვისაც კი არ გაუმართლა...

ბიჭებს ვაფრთხილებ, რომ ავტომატებს მჭიდები მოხსნან და სავაზნედან ვაზნა გამოიღონ, მგონი, მიჯერებენ.

ჯაყჯაყში დაღლილებმა ჩავთვლიმეთ, მოულოდნელად ძილბურანში, ყურის ძირში გასროლის ხმა მესმის, პირველი რეაქცია - ხელების ფათურით სახესა და ტანს ვიმოწმებ, შვებით ამოვისუნთქე, ამცდა...

ვამჩნევ, რომ სხვებსაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ, გადავრჩით...

…მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომელმაც, მიუხედავად თქმისა, ავტომატს მჭიდე მართალია მოხსნა, მაგრამ სავაზნედან ვაზნა არ გამოიღო და ძილში ინსტიქტურად თითი გამოჰკრა სასხლეტს?

წესით კარგ წათაქებას იმსახურებს - ომში გადარჩენილ ბიჭებიდან ერთს კინაღამ ბოლო მოუღო, მაგრამ ჯანდაბას, მთავარია ყველა გადავრჩით.

მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა სხვა მებრძოლი. გზაში ჩვენს ჯავშანკოლონას დავეწიეთ. ბმპ-2 დგას, მის ცხვირზე დაღუპული სამხედრო ასვენია, თეთრი ზეწარი აქვს გადაფარებული - არ გაუმართლა, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ქვემეხში 30 მმ-იანი ჭურვი იყო ჩატოვებული, ის კი ლულის წინ იჯდა...

ეპიზოდი XIV

ჭუბერიდან ზუგდიდის გავლით ვერ ჩამოვალთ, იქ ზვიადისტების ხელისუფლებაა, მესტიის გავლით გვიწევს წასვლა ქუთაისისკენ.

ერთ სოფელში ადგილობრივი სვანები გვაჩერებენ - ყველანი ძირს ჩამოდით! - ისმის მკაცრი ხმა. მანამდე კოდორის ხეობაში დევნილების გავლისას თურმე ყოფილა მათი გაძარცვის ფაქტები (თუმცა პირადად მე არ შევსწრებივარ), ნუთუ რაღაც ამის მაგვარი მეორდება?! დევნილები, შახ აივაზოვის ფოტო

სატვირთო "ზილის" ძარიდან დაბლა ვხტები და მძიმე საუბრისთვის ვემზადები, მაგრამ რას ვხედავ - ქუჩაში სუფრაა გაშლილი და სვანები არავის არ უშვებენ კუბდარისა და თითო (ვისაც მეტი სურს, არ არის პრობლემა) ჭიქა არყის გარეშე...

თვალზე ცრემლი მადგება, ვილოცები...

ჩვენებიდან, ზოგს ცელოფნის პარკებს, რაღაცით, თუთუნის მსგავსით უვსებენ, მე, რომელსაც სიგარეტიც არ მომიწევია, გვიან ვხვდები, თუ რა არის ამ პარკებში...

იქვე გვერდით აქტიური გაცვლა-გამოცვლა მიდის - ჩემი თანამგზავრი "კალაშნიკოვის" ავტომატს იქაურ სვანს "ნაგანის" რევოლვერში უცვლის, ლოგიკურია, ერთს ავტომატი უფრო გამოადგება მთებში, მეორეს კი რევოლვერი ქალაქში...

ეპიზოდი XV

სახლში ვარ, ცოცხალი გადავრჩი, ნელ-ნელა ვაანალიზებ თუ რა გამოვიარე, ღამით ცივი ოფლი მაღვიძებს, მესიმზრა, რომ ალყაში ვარ, ვაზნები კი თითო ოროლაა დარჩენილი...

ჩემებს გულის გადასაყრელად ქიზიყში, ჯუგაანში მივყავართ რთველში, ყველას უხარია, რომ ცოცხალი გადავრჩი, მილოცავან. სამი საათი გაცხარებული მუშაობის შემდეგ კი ვეღარ ვითმენ - ხალხნო, ალყიდან გამოსვლასა და 42 კმ-ანი უღელტეხილის ფეხით გადმოსვლას გადავრჩი და რა გინდათ ვაზის ამ პლანებში ჩამტოვოთ-მეთქი...

ახალი ცხოვრება იწყება...და როგორც დრომ აჩვენა არანაკლებ ტრაგიკული ჩვენი საქართველოსთვის...

პ.ს. ვინც ბოლომდე გაუძლო და წაიკითხა, ჩემი ეს 25 წლის წინანდელი და პირველად გასაჯაროებული მოგონება, ვთხოვ ძალიან მკაცრად ნუ შემაფასებს, რადგან ეს ჩემს მიერ შეცდომებით თუ წარმატებებით გავლილი ცხოვრების გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, მიუხედავად ამისა, ვამაყობ, რომ ეს გავიარე და დღის წესრიგში ისევ რჩება ის, რაც 25 წლის წინ, მერხეულიდან სოხუმის თავზე მათი გამარჯვების თეთრი წრის დანახვისას ჩემთვის გულში დავიქადნე...

ბლოგის პირველი ნაწილი: სიცოცხლის უბრალოდ დათმობას არ ვაპირებდი, იარაღი უნდა ამეღო ხელში

ბლოგის მეორე ნაწილი:  "ვხედავ, ჯაბა იოსელიანი მოდის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, სხდებიან შვეულმფრენში, კარს კეტავენ და მეუბნებიან, შენ სხვას გამოყევიო"