ფრანგული "მისტრალები" ქართველი მეზენიტეებისთვის - კვირის პალიტრა

ფრანგული "მისტრალები" ქართველი მეზენიტეებისთვის

თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთში ნაყიდი საზენიტო კომპლექსები პირველად სახალხოდ გამოაჩინა...

1-ლ ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, ალექსეევკის საჰაერო ბაზაზე ქართული სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა, თუმცა ეს დღე აქამდე ყოველთვის 19 სექტემბერს აღინიშნებოდა - 1992 წლის 19 სექტემბერს მოიერიშე თვითმფრინავებით ქართველი სამხედრო პილოტების პირველად გაფრენის საპატივცემულოდ.

მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის გახლავთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა საფრანგეთში ნაყიდი "მისტრალის" ტიპის ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მაღალი გამავლობის ავტომობილების ძარებზე იყო დამონტაჟებული.

წლის დასაწყისში, როდესაც ამ ბლოგის ავტორმა დაწერა, რომ საფრანგეთიდან სავარაუდოდ, მანქანებზე დამონტაჟებულ საზენიტო "მისტრალებს" ვიყიდიდით, გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, არ შევმცდარვარ...

ფრანგული "მისტრალი" ისეთივე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, როგორც რუსული "იგლა" ან ამერიკული "სტინგერი" და გამოიყენება 3-3,5 კმ სიმაღლემდე მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დასაზიანებლად.

ჩვენს შემთხვევაში, ნაყიდია "მისტრალ-2"-ის მოდიფიკაცია "ატლასი", რომელიც მანქანის ძარაზე დამონტაჟებულ ორ, შეწყვილებულ გასაშვებ დანადგარს წარმოადგენს, რომელთა შორის მეზენიტე-მსროლელი ზის. ამის მსგავსი, სახელწოდებით, "ჯიგიტი" რუსებმაც დაამზადეს, სადაც "იგლას" ორი რაკეტაა შეწყვილებული (მისი დეტალურად გაცნობის საშუალება ოცი წლის წინ ჟუკოვსკში, ავიაკოსმოსურ გამოფენაზე მომეცა).

"მისტრალ-ატლასის" უპირატესობა მისი მაღალი მობილურობა და ამასთანავე, თითქმის ერთდროულად ორი საზენიტო რაკეტის გაშვების შესაძლებლობაა, რაც ორმაგად ზრდის საჰაერო სამიზნის დაზიანების ალბათობას.

"მისტრალის" საზენიტო რაკეტა მართალია რუსულ "იგლაზე" ცოტათი მძიმეა, სამაგიეროდ მისი საბრძოლო ქობინი 3 კგ-ს იწონის, "იგლასი" კი მხოლოდ 1,3 კგ-ს, ამასთან "მისტრალის" საბრძოლო ქობინის აფეთქებისას (რაც როგორც წესი საჰაერო სამიზნესთან ერთ მეტრში დაახლოებისას ხდება) გაიტყორცნება 1 500 გამზადებული ვოლფრამის ბურთულა, რაც საფრენი აპარატის ფიუზელაჟს ცხაურად აქცევს - მაგალითად, თუკი "იგლასა" და "გრომის" ("იგლას" პოლონური კლონი, რომელიც აგვისტოს ომამდე შევისყიდეთ) რაკეტების თვითმფრინავების ძრავებში მოხვედრის მიუხედავად სამმა რუსულმა სუ-25 მოიერიშემ მაინც მოახერხა აეროდრომებზე დაბრუნება (მოგვინებით ისინი მაინც ჩამოწერეს, აღდგენის მცდელობის გარეშე), "მისტრალის" აფეთქება მათ ამ შანსს არ დაუტოვებდა...

"მისტრალები" საჭირო შენაძენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ახლო მოქმედების რადიუსის საზენიტო საშუალებებია და მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებთან ბრძოლა მხოლოდ 3 კმ სიმაღლემდე და 6 კმ-ის მანძილამდე თუ შეუძლიათ, საჰაერო სივრცის საიმედოდ დასაცავად კი აუცილებელია საშუალო, 30-50 კმ-ის რადიუსში მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების არსებობა შეიარაღებაში, შორი მოქმედების, 100-150 კმ-ზე მოქმედი საზენიტო სისტემები კი პირდაპირ დაგვხატავდა...

პ.ს. ხომ არ აჯობებდა, საფრანგეთში "მისტრალ-ატლასის" მხოლოდ დანადგარი გვეყიდა და მანქანაზე, იმავე "ფორდის" პიკაპზე, რაზეც "დიდგორებს" ვაწყობთ, ჩვენ თვითონ "დელტაში" დაგვეყენებინა? სავარაუდოდ, იაფიც გამოგვივიდოდა, ხალხსაც დავასაქმებდით და საზენიტო გათვლაც ჯავშანავტომობილში უფრო დაცულად იგრძნობდა თავს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს