ვიეტნამის ჯუნგლებში თბილისში აწყობილი "მიგი" იპოვეს - კვირის პალიტრა

ვიეტნამის ჯუნგლებში თბილისში აწყობილი "მიგი" იპოვეს

47 წლის წინ დაკარგული პილოტების ნეშტებისა და "მიგის" ფრაგმენტების იდენტიფიკაცია შესაძლებელია

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან 80 კმ-ში, გაუვალ ჯუნგლებში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ფრაგმენტები და ორი პილოტის ნეშტი აღმოაჩინეს. მათგან ერთი ვიეტნამელ კურსანტს ეკუთვნის, მეორე კი საბჭოთა პილოტს, რომელიც მას ფრენას ასწავლიდა, რაც შეეხება თავად თვითმფრინავს - МиГ-21У-ს, მას გარკვეულწილად ქართული ფესვები აქვს, რადგან ნახევარი საუკუნის წინ თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო.

ვიეტნამის ომში ამერიკული ავიაციის წინააღმდეგ ფართოდ იყენებდნენ საბჭოთა წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებს, მათ შორის თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ საბრძოლო МиГ-17 –ებსა და სასწავლო-საბრძოლო МиГ-21У-ებს. МиГ-21У

ვიეტნამის ცაში არაერთხელ დაპირისპირებიან ერთმანეთს თბილისელი მუშების მიერ აწყობილი МиГ-17-ის ტიპის გამანადგურებლები და აშშ-ში, ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი F-105 Thunderchief-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები.

რაც შეეხება სასწავლო-საბრძოლო МиГ-21У-ს, მისი სერიული წარმოება თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანამ 1962 წლიდან დაიწყო და 180 ცალი დაამზადა, რის შემდეგ გაუმჯობესებული ვარიანტის МиГ-21УС-ის აწყობაზე გადავიდა (აიწყო 347 ერთეული), ხოლო 1980 წლამდე, ამ სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავის ბოლო მოდიფიკაციას МиГ-21УМ-ს უშვებდნენ (ქარხნიდან ამ მოდიფიკაციის ყველაზე მეტი, 1 133 ერთეული გამოვიდა).

საერთოდ ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ავიაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებს აქცევენ, ისინი ძვირად ფასობენ, რადგან მათ გარეშე ახალბედა მფრინავების მომზადება შეუძლებელია.

ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ თბილისის საავიციო ქარხნის მიერ ოცი წლის განმავლობაში გამოშვებულ 1 660 ერთეულ ორადგილიან МиГ-21У სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავზე, 1960-იანი წლების დასაწყისიდან, თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო მფრინავი გადამზადდა, უფრო მეტიც, თბილისში აწყობილი ორადგილიანი "მიგებით" მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პილოტებმა ისწავლეს ფრენა პროფესიონალურ დონეზე, რადგან საბჭოთა კავშირმა საზღვარგარეთ 907 ასეთი სასწავლო-საბრძოლო "მიგი" გაყიდა. МиГ-21УМ-ი დამოუკიდებელი საქართველოს გერბით

საინტერესოა, რომ 1992 წელს, აფხაზეთის ომის დაწყებისას, ახლად ჩამოყალიბებული ქართული სამხედრო ავიაცია ასევე თბილისის სავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით აღიჭურვა, თუმცა ქარხანაში რჩებოდა ორი МиГ-21УМ-ი ტიპის ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავიც, რომელთა გამანადგურებლებლად გადაკეთება ჩაიფიქრეს, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ამ საჭირო წამოწყებიდან არაფერი გამოვიდა. ორიდან ერთ-ერთი "მიგი" საბოლოოდ სადღაც აფრიკაში გაიყიდა, მეორე კი თბილისში რჩება (ბოლოს სახალხოდ 2014 წლის ავიაშოუზე იყო წარმოდგენილი საავიაციო ქარხნის აეროდრომზე).

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს